Showing posts with label . . . City . . .. Show all posts
Showing posts with label . . . City . . .. Show all posts

Thursday, February 19, 2015

არ გინდა წავიდეთ?

ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე დამთრგუნველი გამოგონება დედამიწაზე არის "მუდმივი სამსახური". მე არ მინდა ოდესმე დარწმუნებით შემეძლოს იმის თქმა, რომ მომავალ ორშაბათს დღის სამ საათზე იგივე ადგილას ვიქნები, სადაც იმის, კიდევ იმის და კიდევ კიდევ იმის მომავალ ორშაბათს.

ზოგადად მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთნები, რომლებისთვისაც შეკითხვა: "არ გინდა წავიდეთ?" ყველაზე მაცდუნებლად ჟღერს ამქვეყნად. ხომ არსებობენ ამქვეყნად ათასნაირი ბედნიერებები, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელია - ზურგჩანთის მოკიდების ბედნიერება. ჰოდა, როცა თინამ წინის წინა პარასკევს დამირეკა და მითხრა - არ გინდა ჩვენთან ერთად ბათუმში წამოხვიდე, აჭარის სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აღწერას ვაკეთებთო, იმ წუთასვე ვიცოდი რომ წავიდოდი. უბრალოდ ცხოვრებაში ვისწავლე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თუ საშუალება გაქვს ერთხელ მაინც უნდა დაიძინო და გაიღვიძო რომ იმპულსურად არ იმოქმედო. ჰოდა მეც დავიძინე, გავიღვიძე და სამშაბათს წავედი ბათუმში : )

ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდი ჩემ ხუთ თანამშრომელთან ერთად ბათუმში, რომელთა საშუალო ასაკიც დაახლოებით 27-ია, დილით ვიღვიძებდით ყველანი რვისთვის, ათისთვის გავდიოდით აჭარის სოფლებში, ველაპარაკებოდი უამრავ ადგილობრივ მოსახლეს, ვსვამდი გაჭყეპამდე შემოთავაზებულ კოფეს და კომპოტს, ერთხელ შუადღისას სოფლის სადღეგრძელებლად ტყემლის არყის დალევაც მომიწია იქაურ ბაბუებთან ერთად  ყანების თავზე : ) ვტკბებოდი ჭოროხის ხეობის უძალიანლმაზესი ხედებით, ვცდილობდი მომეხერხებინა ოღრო-ჩოღრო გზებზე მანქანიდან სურათების გადაღება, დაღამებისას ვბრუნდებოდით ბათუმში ძალიან დაღლილები და მშივრები, ერთად ვამზადებდით საჭმელს და ვსადილობდით, ვუყურებდით ტელევიზორს, ვიცინოდით, ვსვამდით ლუდს და ღვინოს ნება-ნება, მეორე დღის გეგმებს ვაწყობდით და ძლივს ვაღწევდი თორმეტ საათამდე და მეორე დილის რვამდე გათიშულს მეძინა.
აპრილის ბოლოსკენ კი კიდევ შეიძლება მომიწიოს სადმე წასვლა. მერე კი ზაფხულიც მოვა : )
ჰოდა მერე ისევ მკითხეთ - "არ გინდა წავიდეთ?"

მე კი მინდა ცოტა ხნით ბათუმში გადავიდე საცხოვრებლად და ვხატო და ვხატო ფერადი სახლები და თოკებზე გაკიდული სარეცხი : )


ეს სიმღერა კიდევ სულაც არაა ჩემთვის სევდიანი

Friday, November 28, 2014

ჯერ ყავა თუ შეიძლება

ერთი კვირაა უკვე რაც საქართველოში დავბრუნდი და ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ სად ვარ და რას ვაკეთებ. სადღაც ვარ უწონადობასა და არამატერიალურ სამყაროს შორის, ვერც დროს აღვიქვამ და ვერც გარემოს. დავდივარ სხვადასხვა ადგილებში, ვნახულობ ადამიანებს და ყველაფერი ძალიან არარეალურად მეჩვენება.
მოყოლებული აეროპორტიდან თბილისამდე მძღოლიდან, ჩემ აივნამდე ყველაფერი გამაბრუებლად მოქმედებს.
ყველაფერი ხომ თითქოს ისევ ისეა და თან საერთოდ სხვანაირად. ძილი და ჭამა საერთოდ თვითნებურად მოქმედებენ. ამინდები უჟმურია. დროდადრო შუქი ქრება.
ენაზე ჯერ კიდევ ვერ ვეჩვევი, რომ ყველაფერი მესმის რასაც გარშემო ამბობენ და ჩემ ნათქვამსაც ყველაფერს ვაგებინებ. წინადადების თქმისას ვფიქრობ, ესე და ესე რომ ვთქვა თუ გაიგებენ-თქო.  რაც ამ ორი წლის მანძილზე ინტერნეტით ვიღებდი ინფორმაციას და რაც აქამდე მაინც ვირტუალური სამყარო იყო, ახლა უცებ იქ აღმოვჩნდი და ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ : ) სადღაც ჯეტ-ლეგ ლიმბოში ვარ გახირული.
ყავას რაც შეეხება, არანაირი აღარ მომწონს და ვეღარ ვპოულობ როგორი მინდა. ერთადერთი ხინკალია რეალური.
და კიდევ რაც ისევ ისე აღმაფრთოვანებს ღამის ხედი და განათებული ფანჯრებია ჩვენი აივნიდან.


Wednesday, September 3, 2014

when Mari met el Mar

ლისაბონი.
ეს ქალაქი ჩემს ცხოვრებაში ჯერ კიდევ მაშინ შემოიჭრა პეპიდან, როცა დანამდვილებით ქვეყნების და დედაქალაქების ზუსტი მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.

ლისაბონი - ჩემი თეთრქვეფენილებიანი კეთილი ქალაქი. სადაც პირველად შევხვდი ოკეანეს.

ლისაბონი ჯერჯერობით ყველაზე შორეული ადგილია, სადაც ჩემი საწყისი წერტილიდან მოვხვედრილვარ. რაც უფრო სამხრეთით მივდიოდი, ხალხი უფრო და უფრო მეგობრული და უშუალო ხდებოდა. ხალხი უბრალოდ გელაპარაკება ქუჩაში, იმიტომ რომ უბრალოდ ლაპარაკი უნდათ. აქ ყველამ იცის ინგლისური მეტ-ნაკლებად. ლისაბონის გარდა ჯერ არავის გავუჩერებივარ ქუჩაში იმის თხოვნით, რომ რესტორნის ლოგოიანი დროშა ჩამერჭო კედლის სამაგრში, რადგან მეპატრონე პატარა ღიპიანი კაცი თვითონ ვერ წვდებოდა : ) რესტორნებში სპორტად არის ქცეული ხალხის გამოჭერა და ყველაფერს აკეთებენ როგორმე თავიანთ მაგიდასთან რომ მიგიზიდონ და დამჯდარი არ ხარ, რომ უკვე ერთი სული აქვთ როდის შეჭამ შენს კუთვნილ ულუფას და გაათავისუფლებ ადგილს მორიგი მსხვერპლისთვის : ) 
ზოგადად ლისაბონი ცოტა ვერ არის სრულ ჭკუაზე : ) მშვიდად შეშლილი ქალაქია. თბილი კლიმატი და ღვინო ხომ თავისას შვრება მაინც. რაღაცნაირი უდარდელობაა გამეფებული, მოშვებული და მზეს მიფიცხებულია. ქუჩებში შებრაწული სარდინების სუნი ტრიალებს და ყველგან მუსიკა ისმის, ტკბილი ბრაზილიური განწყობით და თან ამას ემატება დროდადრო ტრამვაის ხმა, გამვლელების ლაპარაკი, პორტუგალიური ენის მშვიდი და მელოდიური ჟღერადობა.


ლისაბონი - ყველაზე ჰიპსტერი და ვინტაჟური ქალაქია ევროპაში და ძველი ორნამენტებიანი კერამიკებით მოპირკეთებული სახლებით, თეთრი ქვის საფეხმავლო ქუჩებით, ძალიან ფირუზისფერი წყლით და გულღია მზით, ყველაზე ფოტოგენური ამქვეყნად. ქალაქი მთლიანად ხელით ნახატ ანიმაციას ჰგავს.

Lisbon
ჰო, პირველი პორტუგალიის ყავა დილაადრიან პირველივე შემხვედრ პასტელარიაში დავლიე, ავტობუსში გაცნობილ მხიარულ სევილიელ ელბასთან ერთად.
ჰოსტელში რენატა და ლუკა გავიცანი, რომლებთან ერთადაც საღამოობით ბეირო ალტოს ბარებში ადგილობრივ ღვინოს და კოქტეილებს ვსვამდით და მერე ლისაბონის აღმართ-დაღმართებს მივუყვებოდით და ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდით.


დილით უთენია მე და რენატა ერთად წავედით აეროპორტში, სიმართლე გითხრათ მიხაროდა, რომ იტალიაში წასვლა გადავიფიქრე და გერმანიაში ვბრუნდებოდი, უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი და კიდევ ახალ ქალაქებს და ენას ძნელად გადავიტანდი.
ფრანკფურტში რომ ჩამოვფრინდი, მივხვდი, რომ ყოველი მოგზაურობის მერე გერმანიაში ჩასვლისას უფრო და უფრო მეტად მაქვს სახლში დაბრუნების შეგრძნება. მთელი ის ქვეცნობიერი თვითმფრინავზე და ავტობუსებზე დაგვიანების შიში გამიქრა, უკვე გერმანიის ტერიტორიაზე ვიყავი და აქედან ყველაფერი გაცილებით მარტივია.

ყველაზე მთავარი კი რა არის აქ - თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს ათდღიანი გადარბენითი ტური თავისი ჯანჯღარში გატარებული ძილღვიძილა ღამეებით, დაქანცული და ტურტლიანი ფეხებით, ზურგჩანთისგან ჩაწყვეტილი მხრებით, გამთენიის ქალაქებით და ყავით, სრულიად უცხო ენებით, შემთხვევითი ნაცნობებით, სიცხით, უცნაური საჭმელებით, კილომეტრობით სიარულით და კიდევ ათასი იმ მომენტით, რომელიც მხოლოდ მოგზაურობისას ხდება, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გამიკეთებია.
სინამდვილეში ჩემი კომფორტ-ზონა სწორედ მანდ ვიპოვე და არა დივანზე ჩათბუნული ცხელი ჩაით ფილმების ყურებაში.

Monday, August 18, 2014

ყველაზე ყვითელი მზე - გრანადა


როგორც წესი გამთენიისას რომელიღაც უცხო ქალაქის სადგურზე ჩამოსულს, პირველი საზრუნავი რაც მიჩნდება ყავის დალევაა. ჟენევაში ჩასვლამდე პირველი ყავა ჯერ კიდევ ლაიფციგის ბანჰოფზე დავლიე. ბარსელონაში სადღაც მეტროს სადგურში ორმოცდაათევროიანის დასახურდავებლად ნაყიდი ყავა შემხვდა, გრანადაში კი მივუყვებოდი ქუჩას ცენტრისკენ და ვეძებდი კაფეს, სადაც კარგად მოვკალათდებოდი, მატარებელში ნანჯღრევ ძვლებს დავასვენებდი და ტელეფონს დავტენიდი.

ორი-სამი კილომეტრის გავლის მერე ერთ-ერთი შენობის კუთხეში წავაწყდი იდეალურ კაფეს  ხალისიანი მომსახურე პერსონალით. ჩემი რჩევაა - თუ სადმე უცხოენოვან ქვეყანაში წახვალთ, მითუმეტეს თუ ამ ქვეყნის პროვინციული ქალაქების ნახვასაც აპირებთ, აუცილებლად ისწავლეთ ერთი-ორი სიტყვა იქაურ ენაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემი ათსიტყვიანი ესპანურის მარაგი როგორ გამომადგა.
ვიყავი უზარმაზარ სავარძელში ჩაფლული და ნება-ნება შევექცეოდი უზარმაზარ კრუასანს.
ყავა დალეულია, ჰოსტელამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მოვიკიდე ზურგჩანთა და გავუყევი ქუჩებს. მზე ისე ანათებს და ცა ისეთი მოკრიალებულია, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ სადღაც გერმანიაც არსებობს ამქვეყნად თავისი რუხი ღრუბლებით. გრანადა ძალიან კომფორტული ზომის ქალაქია, ეგრევე რომ უღებ ალღოს და თავს შინაურულად გრძნობ. მივუყვებოდი მარმარილოთი მოპირკეთებულ ტროტუარებს და ვფქირობდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების რაღაც ნაწილს და ვხატავდი და ვხატავდი.


შუადღისას, დაახლოებით პირველიდან ხუთამდე სიესტაა, ყველაფერი დაკეტილია, თითოოროლა ლუდის ბარია ღია და ქუჩაში ორიოდე გადღაბნილი ლანდი მოძრაობს. მე კიდევ ვზივარ ამ დროს ღია ბარში, ვსვამ ადგილობრივ წითელ ღვინოს და ვგრძნობ როგორ უთანაბრდება ჩემი სხეულის და ჰაერის ტემპერატურა ერთმანეთს და ნელ-ნელა როგორ გარდაიქმნება ყველაფერი და მეც მათ შორის ერთ მთლიან მასად და სიზმრისეულ  მდგომარეობაში გადადიხარ.

მშია!..

ყველაზე სახალისო ნაწილი მოგზაურობისას ჭამაა. როცა მენიუში ნახევარზე მეტი არ გესმის რა წერია, პერსონალი შენ ესპანურზე უარესი ინგლისურით ლაპარაკობს და ბოლოსდაბოლოს შეკვეთას როგორღაც აძლევ და ზიხარ და მოუთმენლად ელოდები რა ამოგივა. ვიტყოდი, რომ - "ordering a food in a foreign countries is like a box of chocolates you never know what you're gonna get"
ესპანეთში მიმტანები ისე გემსახურებიან, თითქოს შენს გარდა ათასი საქმე აქვთ კიდევ გასაკეთებელი, თუმცა შენ იმდენად განსაკუთრებულად მიგიჩნიეს, რომ რამდენიმე წუთით ყველაფერი გვერდზე გადადეს და ახლა შენ წინ დგანან სრულ მზადყოფნაში თავიანთი სამხრეთული ღიმილით.


საღამოს მეორე დღე იწყება. მე მივუყვები ვიწრო თეთრკედლებიან საოცრად მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, რომელბიც არასოდეს მთავრდება და აუცილებლად სადმე გაგიყვანს. აქ ძალიან სწრაფად ღამდება. მზის ჩასვლიდან ნახევარ საათში უკვე სიბნელეა. არაბულ ქუჩაზე ვხვდები, მთელ ჩაყოლებაზე პატარა ფერად-ფერადი ნივთებით და ლამპებით სავსე მაღაზიებია. კუთხეებში გიტარაზე უკრავენ. აქაც ყველაფერი სიზმარივითაა.

ოცდაოთხ საათს ატარებ ამ ქალაქში და ხვდები, მარკესმა რისი მიხედვით დაწერა "მარტოობის ასი წელი", თუმცა გრანადას არაფერი აქვს საერთო მაკონდოსთან გარდა სიზმრისეულობისა და სიესტისა. გრანადა ბედნიერია და არაფერი ესაქმება მარტოობასთან და მელანქოლიასთან.
მახსოვს მთელი იქ ყოფნის პერიოდში თავისდაუნებურად წელში გამართული დავდიოდი და სულ მეღიმებოდა, შინაგანად იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

ანდალუსია არის დედამიწის ნაწილი, სადაც დაუნანებლად ანათებს მზე და მზის ჩასვლისას ყველაზე ლამაზი ფერთა გადასვლას ხედავ რაც კი ოდესმე გინახავს, იისფრიდან ყვითლამდე. ცა არის ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი ფერადი ძილბურნების ფერი, თვალმოუწყვეტლად უყურებ და თვალების დახამხამებაც კი გენანება.

Ah Granada! my love...


Thursday, August 14, 2014

Barcelona - nothing personal only business

ბარსელონა. განთიადი. ძალიან წითელი ცა.

ჟენევიდან დაახლოებით ჩვიდმეტი საათი მოუნდა ავტობუსით ბარსელონამდე გზას, დილით დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო რომ ჩავედით და ჰოსტელში როგორც წესი ორ საათამდე ოთახის აღება არ ხდება. მარტო ბარგი დავტოვე და გავედი ისევ გარეთ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ისე მეძინებოდა, სიარულისას წამების მეასედებით მთვლემდა და ფეხები მეკეცებოდა. რამდენიმე საათში შემოვიარე ის ვიწრო ქუჩები, ვიყავი სანაპიროზე, ვნახე კათედრალი და ბოლოს ძალიან მომბეზრდა და ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი ამ ქალაქიდან. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ქალაქი თავისთვის იყო, მე ჩემთვის და ორივეს გვეკიდა ერთმანეთი.

ჰოსტელი ძალიან არ მომეწონა. ფერანის ქუჩაზე, ზუსტად შუაგულ გოთიკურ კვარტალში იყო და აუტანლად ბევრი ტურისტი ირეოდა ქუჩაზე, თან აი ნამდვილი ტურისტები, ჯგუფებად რომ დაბოდიალობენ და ფოტოების გადაღებას რომ ვერ აუდიან. ოთახი იყო პაწაწინა, ბნელი, უსუფთაო და ხალხით და ძირითადად ყაყანა თინეიჯერებით გამოტენილი. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, სამწუხაროდ როგორც მთელი ბარსელონა, ეს ჰოსტელიც იყო "nothing personal only business".

როგორც იქნა შემიშვეს ოთახში, ვახსენე სიესტა და რამდენიმე საათი გაუნძრევლად მეძინა.

საღამოს ქალაქი კიდევ უფრო გადატენილი იყო. ფაქტია ეს არ არის სოლო-მოგზაურებისთვის განკუთვნილი ქალაქი. შენ ნებაზე ვერ სეირნობ. მთელი გზა ჩანთაზე და ჯიბეებზე მქონდა ყურადღება გადატანილი, რამდენჯერაც სადმე დაჯდომა ვცადე, რამდენიმე წუთში ეგრევე გამოჩნდებოდნენ ვიღაც ტიპები და ათასი რაღაცის ყიდვას მთავაზობდნენ. მოკლედ ძალიან გავწამდი : )

ბოლოს საბედნიეროდ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა გადავწყვიტე და პარკ გუელისკენ ავიღე მარშრუტი. მივუყვებოდი ავტობუსით ლამაზ, ფერადსახლებიან აღმართებს და უცებ ერთ-ერთ მოსახვევში თვალი მოვკარი შენობებს შორის ვიწრო კიბეებით ჩამავალ ქუჩებს და ბოლოს მთელი ქალაქის ხედს. და ვიდექი აღმართის თავზე, ვუყურებდი საღამოს ქალაქს და ვფიქრობდი, რომ არაა, მთლად ესე ცუდადაც არაა ყველაფერი : ) აი ეს მომენტი ამ ფილმიდან ყველაზე მეტად ბარსელონაა ჩემთვის. გვიანი საღამოს ქალაქი, ცა რომ ჯერ კიდევ ნათელია, მაგრამ ლამპიონები რომ უკვე ანთია, ეს ხედი, მოტოციკლეტისტები და სკეიტერები ბულვარზე.


საგრადა ფამილიასთან ვიდექი და ვფიქრობდი -"No, you are definitely great, but Kölner Dom is my one and only"

კარგი ნაწილი იყო ზღვა, ძალიან ნათელი დღეები, მზის ამოსვლა-ჩასვლისას ძალიან ლამაზი ცა და ქალაქი, პატარა ბაზარი გვერდით ქუჩაზე გემრიელი ახალთახალი პროდუქტით. 


მოკლედ პოსტის დაწერაც კი მეზარება ბარსელონაზე : )

ზურგჩანთის მოკიდების ბედნიერება!

უცხოენოვან ქვეყნებში ყოველი სწორად ნაპოვნი ბაქანი და წარმატებით გავლილი ბილეთის კონტროლი განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას და სიამაყეს გგვრის.
მატარებელი. საძილე ტომარაში გემრიელად ძილი. გრანადის სადგურზე ბოლო წამებში გადმომხტარი. დილა მშვიდობისა გრანადა!..

Tuesday, August 12, 2014

Off I Go - თავიდან

როცა სამარის შაბათ-კვირამ გადაიარა და გავაცნობიერე, რომ ტყუილად არ მიშრომია და ჩემი პროექტი გამომივიდა, მივხვდი, რომ აი ზუსტად ზურგჩანთის ჩალაგების და ვაიმარიდან სადმე ძალიან შორს წასვლის დრო იყო. რადგანაც უამრავი ადგილის ნახვა მინდოდა, ტურის დაგეგმვა დიდად ტვინის საჭყლეტი ამოცანა აღმოჩნდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ საღამოს მაიკოს მივწერე თუ ყველანი ისევ მანდ ხართ, ჟენევაში ჩამოგივლით-თქო. მაიკომ კი-ო და ავდექი და მაშინვე უბრალოდ ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი ლაიფციგი-ჟენევა და მივხვდი, რომ მორჩა ეგ არის, დაიწყო, უკან დასახევი გზა აღარაა და მივყევი. არანაირი კონკრეტული მიმართულება არ მქონია, უბრალოდ გახსნილი მქონდა ყველანაირი ტრანსპორტის საიტები და ვეძებდი ყველაზე იაფ და დროის მხრივ ხელსაყრელ მიმართულებებს და ქალაქებს. ჟენევიდან ყველაზე მომხიბვლელად ბარსელონასკენ მიმავალი ავტობუსი გამოიყურებოდა, ჰოდა ეგეც მივაყოლე. ბარსელონადან ბევრი ვიფიქრე გრანადამდე მადრიდის გავლით ჩავსულიყავი თუ არა, მაგრამ ბოლოს სამხრეთ სანაპირო ვარჩიე. გრანადიდან ლისაბონამდე ავტობუსი ვიპოვე და ეგეც მივამატე ჩემი ელექტრონული ბილეთების შეკვრას დესკტოპზე. და ბოლოს ლისაბონიდან უკან ფრანკფურტამდე და იქიდან ვაიმარამდე. იტალია ვეღარ გავქაჩე. დაახლოებით ორი დღე მოვანდომე ცალმხრივი ბილეთებით წრიული ტურის შედგენას. მორჩა, გზა გარკვეულია! ღამის გასათევები დარჩა. მივაკითხე ქაუჩსერფინგს, დავგზავნე თხოვნები, ზოგმა უარი მომწერა, ზოგმა საერთოდ არ მიპასუხა, ზოგი მე არ მომეწონა და გადავედი ჰოსტელების ძებნაზე. ეგ ადვილია. დაახლოებით კიდევ ერთი დღე მოვანდომე ღამის გასათევების შოვნას და მორჩა! 28 ივლისს გავდივარ ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა-ბარსელონა-გრანადა-ლისაბონი-ფრანკფურტი-ვაიმარი. აქედან სამ ღამეს ავტობუსებში და მატარებელში ვათევ და განთიადზე ჩავდივარ ქალაქებში. ნაის!
ახლა ჩანთა, რა მიმაქვს, რას ვტოვებ. თავიდან ზურჩანთის ყიდვა მინდოდა, მოზრდილი სამგზავროსი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ჩასაბარებელი ბარგი არ მინდოდა მქონოდა აეროპორტში, ასევე სატარებლად მსუბუქი და კომპაქტური რომ ყოფილიყო, ავიღე ჩემი ფერადი ძველი პატარა ზურგჩანთა და ვეცადე მთელი ათი დღის სამყოფი საჭირო ნივთები ჩამეტია შიგნით + საძილე ტომარა მივამაგრე, რომელიც მოგვიანებით ძალიან გამომადგა.

დავიწყე ნივთების გადალაგება და ხელში ჩემი პასპორტი რომ მომხვდა აი მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან მაგარი რამის გაკეთებას ვაპირებდი და მაშინ ამიკაწკაწდა სული პირველად.

ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა
ყველგან დროულად გადავჯექი და პირველი ბილეთების კონტროლი წარმატებით გავიარე

ჟენევაში კოკისპირულად წვიმს, უაზროდ ძვირია და ბომჟი ახალგაზრდების ადგილი იქ არ არის, შესაბამისად მოსაწყენია იქაურობა.
დიდი ხნის შემდეგ ოჯახის წევრების ნახვა და მითუმეტეს არაჩვეულ ადგილას უცნაური გრძნობაა. რაღაცნაირად არამარტო ოჯახის წევრებად, არამედ ადამიანებადაც აღიქვამ, რომლებსაც თავიანთი ცხოვრება აქვთ : ) ფაქტია, რომ მთელი იმ დროის მანძილზე მეძინა გაცილებით ტკბილად, ვჭამდი გაცილებით გემრიელად და ვლაპარაკობდი ბევრს ჩემი აქცენტაღებული ქართულით
ოცდათერთმეტში შუადღით გავუყევი ბარსელონისკენ გზას. ვიჯექი ავტობუსში ფანჯარასთან მოკალათებული, პირი ჯერ კიდევ მამიდაჩემის გამოტანებული კატლეტებით მქონდა გამოტენილი და  ვცდილობდი გამერკვია გზადშემხვედრი ქალაქების სახელწოდებები.
აჰ! გრენობლი... ქუჩაში ბევრი ხალხია, ლამაზი, ფრანგულაივნებიანი სახლები დგას.
ავინიონის ცენტრალური სადგური...
პროვანსაში ვართ.
ღამდება და მეძინება. დროდადრო ავტობანიდან გადახვევისას პატარა ქალაქების მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ავტობუსის სიარულისას მეღვიძება.
დილის ხუთი საათია, ბარსელონა ნორტე.
კიდევ ნახევარი საათი, ბარსელონა სანტს... ჩავდივარ...

Sunday, April 6, 2014

ხუთი წლის შემდეგ

არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დასმულა, თუ როგორ და სად წარმოგიდგენია შენი თავი ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ? რას გინდა მიაღწიო, რა გქონდეს, სად იყო, ვისთან ერთად იყო და ა.შ.

სინამდვილეში კი რაღაც მომენტიდან უკვე იმ ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ მდგომარეობაში იმყოფები და ხვდები, რომ ეს გაცილებით უფრო მაგარი გამოწვევაა, ვიდრე ოცნების დონეზე მომავალზე ფიქრი.

ოთხშაბათს ვიდექი მაინის სანაპიროზე, ზუსტად იმ ხიდის ქვეშ და სწორედ იმ ხუთი წლის შემდეგ მდგომარეობის განცდას ვყავდი შეპყრობილი.


ფრანკფურტში ავტობუსით წავედი, ღამის ათი საათი ხდებოდა ცათამბრჯენები რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე. ვუახლოვდებოდი და უფრო და უფრო მიხაროდა მათი დანახვა. და როგორც კი ავტობუსიდან გადმოვედი და ჰაუპტბანჰოფზე შევაბიჯე მეტროს ხაზზე ჩასასვლელად, მივხვდი, რომ ბერლინი არ არის ჩემი ქალაქი, რომ ფრანკფურტი გაცილებით მირჩევნია და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კრიმინალურ ქალაქად ითვლება გერმანიაში, იქ გაცილებით მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ბერლინში. ფრანკფურტს სულ სხვა ენერგია აქვს, ახალგაზრდული და მიზანსწრაფული, მეტი ფული, ოფიციალური გარეგნობა და ძალიან საქმიანი და სწრაფი ტემპი.

ჩასვლის მიზანი - ლუმინალეს კვირეული და მის ფარგლებში გამართული მედია არქიტექტურის სამიტი და ვორქშოპი.

დღის განმავლობაში სამიტზე ვიყავი, რომელიც მაინის სანაპიროზე არქიტექტურის მუზეუმში მიმდინარეობდა და შესვენებებს და ზოგადად თავისუფალ დროს მდინარის პირას ბალახზე გაშხლართული ვატარებდი. ამინდი იყო დიდებული! ვიჯექი, ვუყურებდი ცათამბრჯენების ანარეკლს, ამ მუსიკას ვუსმენდი და ამაოდ ვცდილობდი გამომეცნო მდინარე საით მიედინებოდა : )
შებინდებულზე კი ქალაქში დავხეტიალობდი და ქუჩებში გაბნეულ სინათლის ინსტალაციებს ვეძებდი.

ოლივერი, ჩემი მასპინძელი ძალიან საკაიფო ტიპი აღმოჩნდა, დრო თვითონ არ ჰქონდა, რომ ჩემთან ერთად ევლო, მაგრამ სამაგიეროდ ბლომად ღირებული რჩევები მომცა და ჩემი განრიგის მიმართაც ძალიან ლიბერალური იყო.


მთელი ამ ორი დღე-ღემის განმავლობაში ვიარე ძალიან ბევრი ფეხით, ვიმგზავრე ბევრი მეტროთი, სადაც ზოგი ძველი ვაგონი ისეთი ფერადი და საყვარელია, ვეს ანდერსონს რომ ენახა, შემდეგ ფილმს აუცილებლად იქ გადაიღებდა, ვიდექი მთელი წლის სამყოფი დროით შუქნიშნებზე, გადავიღე ორიოდე სურათი, გადავისხი ყავა მაიკაზე, გამოვიტანე ფული დოიჩე ბანკის სათავო ოფისის ბანკომატიდან, ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი სამაგისტრო თემაზე. ხეები ყვაოდნენ და ქუჩებში ფელამუშის სუნი ტრიალებდა.

Sunday, November 17, 2013

ვაიმარის მხარეთმცოდნეობა

 ერთის მხრივ ვაიმარი ძალიან პატარაა და არ მყოფნის და მომწყინდა
აქ რომ ვარ ძირითადად თითქოს ვეჩვევი და ვეღარ ვამჩნევ, მაგრამ საკმარისია სადმე სხვა ქალაქში მომიწიოს წასვლა, რომ ეგრევე ვგრძნობ, რომ ძალიან ძალიან პატარაა, არც არანაირი გამოწვევები, კონკურენცია და ამბიციები არ გააჩნია. აქ არასოდეს ხდება რამე გრანდიოზული და მასშტაბური. ზოგჯერ გავიწყდება კიდეც, რომ გარეთ სხვა სამყარო არსებობს.

მაგრამ მეორეს მხრივ ზუსტად საჩემოდ შექმნილი ესეთი პოხუისტური უნივერსიტეტი, საგნის მიმართულება და ქალაქი მეორე არ არსებობს მსოფლიოში. მახსოვს, დაადში საბუთების შეტანისას რატომღაც ათვალწუნებული ბაუჰაუსი უკანასკნელი ეწერა ჩემი პრიორიტეტების სიაში. საბოლოოდ კი ისე განვითარდა მოვლენები და ჩემმა ბედმა იმდენი იჩალიჩა, რომ მაინც აქ ამოვყავი თავი : )

მესამეს მხრივ თავს უკვე ძალიან შინაურულად ვგრძნობ. ფაქტიურად ყველა ერთმანეთის ნაცნობია და თუ პირადად არა, სახეზე მაინც ცნობ ხალხს. თავიდან ვფიქრობდი, რომ დისკომფორტი იქნებოდა ესეთ პატარა ქალაქში ცხოვრება, სადაც შეუძლებელია დარჩე ანონიმური, მერე და მერე კი მივხვდი, რომ პირიქით, ყველაფერი ისეთი შინაურულია, ერთი უზარმაზი ოჯახის მაგვარი კომუნაა. ოჯახში კი სულაც არ გჭირდება ანონიმურობა, ყველას ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ.

მეოთხე მხარეს რაც შეეხება - იაფია და ფულის დაზოგვა უფრო ადვილია. სამაგიეროდ შოვნა ჭირს. პატარა სტუდენტურ ქალაქებში სამუშაოები მაინცდამაინც არ ყრია. ვიცი, რომ ახლა რაც ყველაზე მეტად მინდა მოგზაურობაა. შესაბამისად ჩემი ყულაბა ისევ ძალაშია : )

მეხუთეს მხრივ 10 წუთი ის საშუალო დროა, რაც ქალაქის ყველა საჭირო ობიექტამდე ფეხით მისასვლელად გჭირდება. შესაბამისად როგორც წესი აქ არავის არსად არ ეჩქარება და არ აგვიანდება. ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე დაახლოებით 7 წუთი მჭირდება, სუპერმარკეტამდე 5, უახლოეს ბარამდე 3, საცხობამდე 1, ყველაზე მეტი დრო 15-20 წუთი ბანჰოფამდე მჭირდება. სამაგიეროდ სეირნობისას იმპროვიზაციაა და მარშუტის სპონტანურად შეცვლა არც ისე ადვილია. ერთ-ორ ქუჩაზე გაუხვევ და ქალაქი მთავრდება უკვე : )

მეექვსე მხარე ამინდებს ეხება. ჩემი ცხოვრება გერმანიის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. ვიცი, რომ დროდადრო მაინც ჩამოვალ ხოლმე აქ და ქუჩებში გერმანული წარწერების დანახვაზე რაღაც თბილი ჩამეღვრება გულში. ისიც ვიცი, რომ ნაცრისფერ ცაზე და სუპერმარკეტებზე ნოსტალგიაც შემომაწვება. თუმცა სულ აქ დარჩენა ვერ წარმომიდგენია.საკმარისია სადმე მზიან ქვეყანაში წავიდე და ეგრევე უჟმურ ამინდებში დროის უაზროდ კარგვის შეგრძნება მეუფლება.

მეშვიდეს მხრივ კი პატარა ქალაქი ძალიან კარგია უცხო კულტურაში ინტეგრაციისთვის, სწავლისთვის, საკუთარ თავზე მუშაობასა და ურთიერთობებისთვის. ყურადღება არ გეფანტება, კონცენტრაცია არ გიჭირს და არ ხარ დაძაბული. თუმცა დროდადრო სტრესი აუცილებელია რომ წინ წახვიდე. ჰოდა მეც კი ვწუწუნებ, მაგრამ ვცდილობ ეს დადებითი მხარეები გამოვიყენო.

სხვა მხრივ კი რას ვერჩი : )

Sunday, October 27, 2013

Closer to Leipzig


მიყვარს ახალ ქალაქში ჩასვლა და დაუგეგმავად იქით სიარული, საითაც მწვანე შუქნიშანი აინთება
არ მიყვარს მუზეუმებში სიარული
მიყვარს დიდი გამოფენა-გაყიდვები

Messe Leipzig - Designer's Open

მიყვარს ყავის სმა სიარულისას
მიყვარს შეღამებულზე რეგიონალბანით მეგობრებთან ერთად მგზავრობა, სულელურ თემებზე ლაპარაკი, ვაშლის ჭამა და ლუდის სმა, გზადჩავლილი ქალაქების სინათლეების ყურება და ახალი მგზავრების თვალიერება

და ძალიან გისწორდება, როცა შაბათ საღამოს სახლში დაბრუნებულს შენი მეზობლები სამზარეულოში გხვდებიან, უბრალოდ მუსიკას უსმენენ, ღვინოს სვამენ და ლაივ-მუსიკის მოსასმენად ბარში წასვლას აპირებენ, და შენც უერთდები, სხედხართ  სამზარეულოში, სვამთ ღვინოს, მერე ცეკვავთ, მერე მიდიხართ, და არის განსაკუთრებული საღამოები, როცა ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ყველაზე მეტად გაგისწორდებოდა იმ მომენტში და ფიქრობ, რომ ისეთი არაფერი, მაგრამ აი ძალიან კარგი დღე იყო დღეს-ო

ლაფციგი კი არის ქალაქი, სადაც შევძლებდი მუშაობას და ცხოვრებას

ეს ჯგუფი კი ამ ბოლო დროის მუსიკაა

Sunday, September 8, 2013

tête-à-tête with Köln

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ჯგუფელმა ერთ მშვენიერ საღამოს მომწერა, თუ გცალია 7-8 სექტემბერს კიოლნში რომ წამომყვე, შენი დახმარება მჭირდება, ყველა ხარჯს მე ავიღებ საკუთარ თავზე-ო.
: )
  რა შეიძლება დამევალოს ამქვეყნად ისეთი, რომ კიოლნში წასვლაზე, მით უმეტეს სხვისი ხარჯებით უარი ვთქვა.
 არ ვიცი რას შევადარო ის შეგრძნება, რაინის სანაპიროს რომ მიუყვები უკვე და რაღაც თბილი რომ გეღვრება და ბონს რომ გასცდები და უცებ აფიქსირებ, რომ კისერწაგრძელებული დამჯდარხარ და ერთი სული გაქვს შორს კათედრალის სამრეკლოებს როდის მოჰკრავ თვალს.

  კიოლნში წვიმა დაგვხვდა, წვიმა და დომი, ისევ ისეთივე დიდებული და შთამბეჭდავი, როგორიც დავტოვე.


  გუანლინგს მივყვებოდი და უკან-უკან ვიხედებოდი, გაფელ კიოლშიდან ჩვეული ღრიანცელის ხმა გამოდიოდა. ვერც კი შევნიშნე თავი ექსელსიორ ჰოტელში როგორ ამოვყავი სხვა ჩინელებთან ერთად. ვახშმამდე ნომერში ავედით, ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა, თუ იმას არ ჩავთვლი, რომ დროდადრო ჩემი სახელი და ჯორჯია მხვდებოდა ყურში. ერთადერთი ინგლისურად მივიღე საჭმელზე შემოთავაზება და კომპლიმენტი, რომ ლამაზი ვარ. გუანლინგმა თავიდანვე მითხრა, რომ ჩინელებს ძალიან მოსწონთ დიდთვალება, თეთრკანიანი, მაღალი გოგოები : )
  მე ვიჯექი ფანჯარასთან სავარძელში, მაგიდა ერთჯერადი ჩინური საჭმლის პაკეტებით იყო სავსე, რამდენიმე გავსინჯე, ვუყურებდი წვიმიან ქუჩებს, მოპირდაპირე შენობებს, საწვიმრიან ტურისტებს და მყუდრო ნაცრისფერ ცას.


  ვახშმად უახლოეს ჩინურ რესტორანში წავედით, ვსინჯავდი ყველანაირ უცნაურ საჭმელს და სულ არ მანაღვლებდა თანამესუფრეების უსაშველო პირის წკლაპუნი.
  უკვე სიბნელე იყო ჩვენი სასტუმროსკენ რომ გავუყევით გზას, ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ წარმოუდგენელი იყო ნოიმარკტამდე ფეხით გასვლა. ისევ მეტროთი გავედით და იქიდან ტრამვაით გავაგრძელეთ გზა. ჩვენი სასტუმრო აღმოჩნდა ისე შორს, რომ სატრანსპორტო რუკის მიხედვით ქალაქის საზღვრებს სცდებოდა და ზუსტად ორი გაჩერების შუაში იყო. უკვე ათს იყო გადაცდენილი ტრამვაიდან რომ ჩამოვედით. სულიერი არ ჭაჭანებდა გარშემო არათუ ტაქსი, გაჩერებაზე რუკაც კი არ იყო გაკრული.
  ჩვენდა ბედად ჩემს ძვირფას სატელეფონო ოპერატორს მაინცდამაინც ამ შაბათ-კვირისთვის მოუნდა ჩემთვის უფასო მობილური ინტერნეტის ჩუქება და გუგლ-მეპის წყალობით უზარმაზარი საავტომობილო საწყობების გასწვრივ ნახევარსაათიანი სიარულის მერე როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო ან ჰოსტელი კი არა, იაფფასიანი მოტელი აღმოჩნდა, სადაც სავარაუდოდ მძღოლები და მანქანით მოვაჭრეები ათევენ ღამეს, სადაც ოთახში ფანჯარას თუ დახურავდი იხუთებოდა და თუ გააღებდი გვიანობამდე ყაყანის ხმა აღწევდა. სველი წერტილები ცალკე საოცრება იყო. საბედნიეროდ ოთახში ხელსაბანი გვქონდა და პირის დასაბანად მაინც არ გვიწევდა გარეთ გასვლა.
  მოკლედ როგორც იქნა გავათენეთ ღამე და გამოვაღწიეთ დილით იქიდან. ისევ მოღრუბლული იყო და ცრიდა. ამჯერად გაჩერებამდე მისვლას მარტო თხუთმეტი წუთი მოვანდომეთ, სამაგიეროდ ტაბლოზე დაგვხვდა, რომ შემდეგი ტრამვაი ოცდაცხრამეტ წუთში მოვიდოდა და იმის შემდეგი ოთხმოცდარაღაცაში. ჰოდა ვისხედით და ვამთქნარებდით ლოდინში. მე უკვე ნახევრად ძილში ვიყავი წასული და ბანჰოფის სტარბაქსის ყავა მელანდებოდა.
  სამწუხაროდ უკვე გვაგვიანდებოდა და რუდოლფპლატცზე ხელთმოხვედრილი რიგითი ყავით მომიწია იოლად გასვლა.

  როდის-როდის მივაღწიეთ დოიც-მესსემდე, სადაც ჩინური წარმოების ბაღის ავეჯის დიდი სავაჭრო გამოფენა ეწყობოდა. ჩემი დავალება იყო კონკრეტული კომპანიის სტენდებთან მივსულიყავი უცხოელი (ამ შემთხვევაში არაჩინელი) საქმიანი ქალის იერით, როგორც ერთერთი გერმანული კომპანიის წარმომადგენელი და კატალოგები, ფასები და  საკონტაქტო ინფორმაციები გამომერთმია.
ორი საათის განმავლობაში მოვიარე მთელი ტერიტორია, ველაპარაკე უამრავ ადამიანს, დიდის ამბით ვფურცლე კატალოგები და ვსინჯე პროდუქციის მატერიები. საბოლოოდ კატალოგებით სავსე ჩემოდნით მივაღწიე ჩვენ სტენდამდე და უკან წამოსვლამდე დარჩენილი ოთხი საათის ქალაქში გატარება გადავწყვიტეთ. მოვიარეთ ახლომახლო ქუჩები, შილდერგასეს ჩავუყევით, სადილად ისევ ჩინურ რესტორანში ამოვყავი თავი დომის გადასწვრივ. და ზოგადად ამ ორ დღეში ძალიან დიდი რაოდენობით ჩინეთი მივიღე.


  წამოსვლამდე ნახევარი საათით მაინც მოვახერხე მარტო დარჩენა ჩემ ქალაქთან, tête-à-tête...
  გარეთ ამშრალი იყო, მოედანი სავსე იყო მოსეირე ხალხით. ჰაერში ფეხმორთხმით მჯდარი კაცი ადგილზე დამხვდა, ბრონზის ადამიანებიც იქვე ისხდნენ, ლუდვიგის მუზეუმისკენ ჩემი კიოლნის პირველ საუნდტრეკსაც კი უკრავდნენ. იმ სანაყინესთანაც ისევ ისე იდგა რიგი. ახლა, გერმანიაში ცხოვრების ერთი წლის მერე სულ სხვა და თან ზუსტად იგივე თვალით ვუყურებდი კიოლნს.


არსებობს ამქვეყნად ერთადერთი ქალაქი, სადაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ ადგილას, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
ისევე, როგორც არსებობს ერთადერთი ბიჭი ამქვეყნად, ვისთანაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ მედ, ზუსტად ისეთად, როგორიც ვარ და ეს ძალიან კომფორტულია.
so far...

ეს ჩემი ქალაქია! ელეგანტური, სუფთა, ჭუჭყიანი, დარტყმული, მდიდარი, ბომჟი, ლამაზი, უშნო,  გონიერი, მეგობრული, აგრესიული, შეშლილი, უდარდელი, სიცოცხლით სავსე, დიდებული, მოუბეზრებელი, თვითმყოფადი, მყუდრო, თავისუფალი, ემოციური, ხმამაღალი... ყველაფერი ერთად...

მე კი აუცილებლად ჩავიყვირებ ჩემ მომავალ დაბადების დღეზე ვაიმარის მერე კიოლნში პრაქტიკის და სამუშაოს პოვნაზე სურვილს...
რაიცი და ახდეს!..

P.S. სხვათა შორის ეს არაა ის ბიჭი, ვიზეც ყველამ გაიფიქრეთ : )
 

Wednesday, July 31, 2013

Tbilisi loves you

როცა ხვდები, რომ თბილისი ძალიან გიყვარს
როცა ხვდები, რომ აქ ყოფნა გიხარია
და ხვდები, რომ არის მასში რაღაც, რაღაც განსაკუთრებული


Girl is back
and She is happy

Thursday, January 10, 2013

ბრეცელების დედაქალაქი

საერთოდ იმისათვის, რომ ქალაქს კარგად გაუგო ორი რამეა საჭირო - პირველი - ვინმე ადგილობრივი, ვინც უკვე იცის სახასიათო ადგილები და შეუძლია გაცილებით მოკლე დროში წაგიყვანოს შეძლებისდაგვარად მეტგან და მეორე - მინიმუმ 24 საათი მაინც უნდა გაატარო ერთიდაიგივე ადგილას, რომ ქალაქის რიტმი იგრძნო, თან როცა სადღაც იცი, რომ თავზე ჭერი და საწოლი გელოდება, გაცილებით უფრო შინაურდება ყველაფერი.

  ბაქანზე ჩამოსულებმა ის-ის იყო აჩისთან დარეკვას ვაპირებდით თუ როგორ მივსულიყავით სახლამდე, რომ უცებ ბაქანზე თვალი მოვკარით ჩვენს მომღიმარე მეგობარს. ეს ერთერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როცა სადმე ჩასვლისას ბაქანზე გელოდებიან.
  ბარგი სახლში მივიტანეთ და წამოვედით შნიცელების საჭმელად. მიუნჰენური ფასებისთვის ისეთი ფსიქოლოგიური მომზადება გვქონდა გამოვლილი, ფრიად ბედნიერად ვიგრძენით თავი მენიუს გადახედვისას : ) ამინდი ბერლინისგან განსხვავებით დებილური იყო, წაუამსტერდამებდა. რა თქმა უნდა ავედით ოლიმპიურ პარკში, რომელიც გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე სურათებიდან ჩანს, ვიყავით იქვე ბმვ-ცენტრში, სადაც ყველგან ჩავსხედით სადაც ღია კარი ვნახეთ : )


და ბოლოს, ნამდვილი ბავარიული სულის ჩასაყლაპად ლუდხანისკენ გავწიეთ : ) აჩიმ - თუ გინდათ ირიბად არ გადმოგხედონ და ჩაინიკად არ ჩაგთვალონ, ერთლიტრიან კათხაზე ნაკლები არ უნდა შეუკვეთოო, ჰოდა ჩვენც დავითრიეთ უზარმაზარი ორი ხელით დასალევი კათხები, რომელსაც ასევე უზარმაზარი ბრეცელები მივუმატეთ და იქით დავუწყეთ ირიბად ყურება ხუთასგრამიანი ჭიქების შემკვეთ ტურისტებს : ) მე თუ მკითხავთ ლუდხანები მაგარი გამოგონებაა, ზის ერთად ასობით ადამიანი და ყველა ძალიან კარგ ხასიათზეა.


  ღამე მე და ელენეს უზარმაზარ გასაბერ ლეიბზე გვეძინა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ გაბერვის მერე მთელი ოთახი დიდ საწოლად გადაიქცეოდა ხოლმე : )
  მეორე დღეს როდის როდის ავდექით და გავედით ქალაქში. საერთო ჯამში არ ვიცი წვიმის ბრალი იყო თუ რისი, მაგრამ მიუნჰენი ჩვეულებრივი ქალაქია, სტუმრად რომ უნდა ჩახვიდე ისეთი. პირადად ერფურტიც კი მირჩევნია გარეგნობაზე თუ მიდგა საქმე : )
  ვახშმად აჩიმ მოამზადა ძალიან გემრიელი სპაგეტი და საღამოს კლუბში წასვლამდე იყო ზუსტად ისე, როგორც მე მიყვარს, ვისხედით ლუდის ბოთლებით იატაკზე და მთელი გულით ვიცინოდით რაღაც სისულელეებზე, დრო და დრო აჩი გიტარაზე უკრავდა და "ვმღეროდით" : )

  დავამატებ, რომ კლუბი იდეალური ადგილია გართობის გარდა კარგა გვარიანად რომ გაცივდე. და კიდევ მოკითხვა მინდა იმ უცნობ ადამიანს შევუთვალო დილის კაცმა არ იცის რომელ საათზე განუწყვეტლივ რომ აზარუნებდა და აკაკუნებდა რომელიღაც მეზობელ კარზე.

  და დილით აჩის დავემშვიდობეთ, ელენე გავაცილე და წამოვედი ვაიმარისკენ თბილი ძილნარევი ემოციებით სავსე.

მიუნჰენზე მახსენდება აჩი, ელენე, აუგუსტინა და ბრეცელები : )

Tuesday, January 8, 2013

მაინც და მაინ იდარ-ობერშტაინი

  ახალი წლის თავდაყირა ღამის მერე, დილით შემთხვევით და საბედნიეროდ ბილეთს დავხედე და აღმოვაჩინე, რომ მატარებელი ნახევარი საათით ადრე გადიოდა, ვიდრე აქამდე გვეგონა, თავპირისმტვრევით ჩავყარეთ ნივთები ჩანთებში, ჩეკ-აუთი გავაკეთეთ ჰოსტელიდან და მეტროსკენ გავიქეცით. სასწაულებრივად ყველა ხაზზე სწორად გადავსხედით და მატარებლის გასვლას სულ რამდენიმე წუთით მივუსწარით. რადგანაც ადგილები არ გვქონდა დარეზერვებული, სამჯერ მოგვიწია გადაჯდომა სანამ ბოლოს ორ სავარაუდოდ იაპონელ გოგოსთან არ ამოვყავით თავი, რომლებიც მობილურით ეროვნულ ესტრადას უსმენდნენ და თან თვითონაც მღეროდნენ.


  როგორც იყო ჩავაღწიეთ ფრანკფურტამდე. რა თქმა უნდა თავისუფალი დრო გამოვიყენეთ და წავედით სახეტიალოდ.
ფრანკფურტი მკვეთრად საქმიანი ქალაქია, რომელშიც აშენებენ და აშენებენ ახალ სავაჭრო ცენტრებს და ცათამბრჯენებს. რადგანაც დრო მაინც ბევრი არ გვქონდა, შორს არ წავსულვართ, სულ რამდენიმე ქუჩით და ფუქსასის მართლაც შთამბეჭდავი სავაჭრო ცენტრით შემოვისაზღვრეთ და გამოვბრუნდით უკან ბანჰოფისკენ.


ბარემ იქ ვიყავით და გადავწყვიტეთ წითელი ფარნების ქუჩით გაგვევლო, ჰოდა როგორც წესი, სადღაც ერთ ქუჩაზე არასწორად შევუხვიეთ და მთელი ორი საათით დაგვიგრძელდა გზა ვაგზლამდე. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ მარი მაინცში კი არა, მაინციდან კიდევ ერთი საათით მოშორებულ პატარა ქალაქში ცხოვრობს. რას ვიზამდით ვიყიდეთ ბილეთები და გავუყევით მატარებლით იდარ-ობერშტაინისკენ.
  საღამოს რეგიონალ-ბანით მგზავრობა ყველაზე სასიამოვნოა, სითბო და სიმყუდროვეა და შეგიძლია მშვიდად იჯდე და ისაუბრო.
ბაქანზე მარი და კრისტიანი დაგვხვდნენ. სახლში მისულებს სურპრიზად ხაჭაპური და ლობიანი დამხვდა, ჰოდა ვჭამე და ვჭამე : ) და იმ ღამეს მეძინა ყველაზე ტკბილად და გემრიელად ბოლო სამი თვის მანძილზე.
  იდარ-ობერშტაინი არის პაწაწინა ქალაქი-სოფელი, მთაში და ხეებში ჩაფლული, კლასიკური სანატორიუმის გარემოთი, ძვირფასი ქვების მაღაროებით. ზევიდან რომ გადმოვხედეთ ზღაპრების წიგნების ილუსტრაციებს ჰგავდა.


საღამოს წავედით მაინცში, რომელიც ჩვეულებრივი საშუალო ზომის გერმანული ქალაქია თავისი მოედნით, რატუშით, ეკლესიით და ტრამვაის ხაზებით. ოღონდ დამატებით აქ ჩამოედინება მდორე და დიდებული რაინი.  
  კრისტიანმა თქვა, რომ მაინციდან კიოლნამდე რაინის სანაპიროზე ველოსიპედით დაახლოებით ხუთი დღე შეიძლება დასჭირდეს და მეც ეგრევე გადავწყვიტე ველოსიპედის ყიდვა და ველოტურის მოწყობა.


  მერე ვნახე ემილი და მივხვდი, რომ ჩემი ინგლისურის დონე საგრძნობლადაა გაუმჯობესბული. ღამე მახსოვს, რომ მე და ელენემ ძალიან ბევრი ვიცინეთ, თუმცა აღარ მახსოვს რაზე, სამაგიეროდ მახსოვს როგორ ვასწავლე ელენეს რამდენიმე გერმანული სიტყვა და რა სასაცილოდ იმეორებდა : )
  დილით შვიდის ნახევარზე გამოვედით, ბილეთი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მქონდა ნაყიდი მაინციდან მიუნჰენამდე ცხრის ნახევარზე. მაინცამდე კრისტიანმა ჩამოგვიყვანა. ჯერ კიდევ დილის სიბნელე და სუსხი იყო, ცხელი შოკოლადი ვიყიდეთ და in the cold light of morning გავუყევით მიუნჰენის გზას.

Monday, January 7, 2013

ბერლინი

  ბერლინი ის ქალქია, რომელსაც ნაცრისფერი ამინდებიც კი უხდება
ჩემი აზრით ერთერთი იმ იშვიათ ქალაქთაგანია, რომელშიც მართლა შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება, თან ისე, რომ ქალაქის გავლენის ქვეშ არ მოექცე.
  მე და ელენე შევთანხმდით, რომ ბერლინში ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება საჭიროც კია.
ჰაუფტბანჰოფიდანაც კი ხვდები, რომ რაღაც დიდ მექანიზებულ ორგანიზმში ამოყავი თავი.
ჩვენი ჰოსტელი პოტცდამერ პლატციდან ორ ნაბიჯზე იყო დაშორებული და ყველა პაპსა ტურისტულ ადგილებამდე ფეხითაც შეიძლებოდა მისვლა, თუმცა სამი დღის მერე მივხვდით, რომ სანამ ფეხები ჯერ კიდევ გვემორჩილებოდნენ, ჯობდა დაგვეზოგა და სატრანსპორტო ქსელის დამუღამება დავიწყეთ, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.
პირველ დღეებში ვერ ხვდები მოგწონს ეს ქალაქი თუ არა, მეოთხე-მეხუთე საღამოს კი ჰოსტელში მილასლასებული აღმოაჩენ, რომ ერთი სული გაქვს მალე გათენდეს და ისევ გააგრძელო ქუჩებში ხეტიალი. ქუჩები სწორია, სასიარულოდ ადვილია.
ჩვენ რომ ჩავედით ზუსტად შობის წინა საღამო დაემთხვა და მთელი ორი დღე კაციშვილი არ დადიოდა ქუჩაში და ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. აი ოცდაშვიდში კი სულ სხვა ქალაქში გავიღვიძეთ. ქუჩები სავსე იყო ხალხით, მაღაზიებს და კაფეებს მოფრიალებული ჰქონდათ კარები, საშობაო ბაზრობები გლინტვეინის და შებრაწული ძეხვის არომატად იფრქვეოდა და დროდადრო ქუჩის მუსიკაც წვდებოდა ჩვენს სმენას.
რეალურად არაფერი დაგვიგეგმავს, მივდიოდით იქით საითაც მწვანე შუქნიშანი აინთებოდა და შევდიოდით იქ, სადაც ჩვენს ფეხებს მოესურვებოდათ. ვსხდებოდით პირველივე შემხვედრ ტრამვაიში და ჩამოვდიოდით სხვადასხვა გაჩერებებზე.
მე ვფიქრობ, რომ ბერლინში რამდენიმე მართლა აუცილებლად სანახავი ობიექტის გარდა არაფერი არ უნდა დაგეგმო. უბრალოდ უნდა იარო და ყოველი ქუჩის კუთხეში მზად უნდა იყო რაღაცის აღმოსაჩენად. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალბათ ებრაელთა მუზეუმმა და ვარშავის ხიდის უბანმა მოახდინა, სადაც ერთ თავისუფალ კვადრატულ მეტრს ვერ იპოვით გრაფიტით მოუხატავს, საიდანაც იწყება ისტ-საიდ გალერეა და ასობით მეტრზე გაყოლებული ბერლინის კედლის ორიგინალის ნახვა შეგიძლია. ფაქტია, რომ ერთი კვირა არაა საკმარისი ბერლინისთვის.


ღამის ბერლინი
ჯერ კიდევ ვგრძნობ ფრიდრიჰშაინ-კროიცბერგის ხმაურიან მოყვითალო შუქებით განათებული გრაფიტიანი კედლების, რკინიგზის ხაზების და ხიდების ქვეშ ხალხით სავსე განწყობას. როცა შეგიძლია ლუდით ხელში იარო და იმ პაბში შეაბიჯო, რომელიც უფრო მეგობრულად მოგეჩვენება.

შეგიძლია მთელ კვარტალს რამდენჯერმე დაარტყა წრე სანამ სასურველი კლუბის შესასვლელს მიაგნებ და ჯობია წინასწარ დაძებნო ინტერნეტში მომავალი ივენთები და გახსნის დრო.
კლუბში გათენებული ღამის მერე, ჰოსტელის საწოლზე საბანში და ძილბურანში გახვეული ვიჯექი და ფანჯარაში არეკლილ მზის სხივებს ვუყურებდი. საჭიროა ყავის დალევა.
მივუყვებოდი ჩეკ-პოინტ-ჩარლისკენ ქუჩას და ერთადერთი საზრუნავი რაც მაწუხებდა ის იყო - ყავასთან ერთად ვაშლის შტრუდელი მეყიდა თუ ვაფლი.

მთავარია არ დაგეგმო ბერლინი, უბრალოდ უნდა იარო და იარო.

ბერლინი ის ქალაქია რომელიც აუცილებლად მოგანატრებს თავს

ჩვენი ბერლინის საუნდტრეკი

Thursday, October 18, 2012

ნოსტალგიების ქალაქი

  უკვე რამდენჯერ გავიმეორე არც კი ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაიმარი არის ძალიან პატარა ქალაქი და თბილისი და კიოლნის მერე განსაკუთრებით გეპატარავება. თუმცა რა თქმა უნდა პატარა ქალაქები მისწრება სწავლისთვის, გინდა თუ არ გინდა გასართობი მაინცდამაინც ბევრი არაფერია და კონცენტრირებული ხარ სწავლაზე. შესაბამისად ზომისა, მაღაზიების რაოდენობაც პირდაპირპროპორციულია და თუ რამის ყიდვა გინდა ჯობია ერფურტში გადახვიდე. ჩვენ ტურინგენელ სტუდენტებს სხვა მრავალ ფასდაკლებასთან ერთად უფასოდ შეგვიძლია მთელ ბუნდესლანდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჰოდა შეგიძლია უბრალოდ თავისუფალ დროს ვაგზალზე აირბინო, რეგიონალბანის მარშრუტი გაარკვიო და 15 წუთში ერფურტში ამოყო თავი.

ჩვენი მთავარი ქუჩა ვაიმარში
  ჰოდა ზუსტად გუშინ გავაკეთე იგივე. ერფურტი აღმოჩნდა ქალაქი, რომელმაც პირღია დამტოვა. არ ვიცი საიდან, როგორ, მაგრამ თუ კი ოდესმე რამის ნოსტალგია გამჩენია, ყველაფერს ამ ქალაქში მოუყრია თავი. არ ვიცი მონაცრისფრო ცის და ჩამავალი მზის ბრალი იყო თუ ნელნელა ანთებული ლამპიონების თუ ტრამვაის გავლისას რელსების ოდნავი სრიალის ხმა თუ ერფურტის ტაძრის დიდი მწვანე სახურავის, მაგრამ მივუყვებოდი ქუჩას და მთელი ჩემი ნოსტალგიები თან დამყვებოდნენ.
  აქ იყვნენ ის ამოუცნობი რუსული ნოსტალგიები, ბავშვობაში წაკითხული წიგნების განწყობები, მზიანი ტყის ფერდობები, აქამდე გავლილი ქუჩები, საღამოს ბინდის მსუბუქი მელანქოლიები, ჭიშკრიანი სახლები, ბებიების ოქროსფერფოთლებიანი კაბების ლანდები, ახლადგამომცხვარი თონის პურის სუნი, გვერდზე ჩავლილი წყნარი ლაპარაკები, გვერდით ოთახში ანთებული სინათლეები და კიდევ ათასი აბსტრაქტული შეგრძნებები.
  კარგა ხანი ვიბოდიალე მაღაზიებს და ნოსტალგიებს შორის და შეღამებულზე სახლისკენ გამოვბრუნდი. აქ ჩამოსულს ვაიმარი კიდევ უფრო მეპატარავა და ის-ის იყო მოწყენას ვაპირებდი, ფბ-ზე ჩემმა ჯგუფელებმა ივენთი დადეს : ) ერთ-ერთთან ვიკრიბებოდით. ჰოდა მეც წამოვავლე პირველ შემხვედრ ლუდს სუპერმარკეტში ხელი და გავწიე მათკენ : )


  და კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის ძალიან მაგარი. წიგნების საცავზე და კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ აქ არის პატარა ოთახები, რომლებიც შეგიძლია დაჯავშნო და წყნარად და აბსოლუტურად კონცენტრირებულმა შენი პროექტის თეორიულ ნაწილს თავი უბრახუნო, თან ხმის საკმაოდ კარგი იზოლაციის წყალობით გვერდით კაბინეტებში მსხდომებიც არ შეაწუხო.
  ჰოდა მოკლედ პაწაწინაა ეს ქალაქი, მაგრამ ვატყობ კიდევ უამრავ საინტერესო რაღაცას შემომთავაზებს.
  ჰოდა ვნახოთ!.. : )

ჰო, ადრეც ვთქვი - "მებრძოლთა კლუბი" ვიყიდე გერმანულად, და როგორც კი დროს ვიხელთებ უნდა წავიკითხო, ისეთი კარგი შრიფტით წერია და ისეთი კარგი სუნი აქვს : )

Wednesday, October 3, 2012

ვაი და მარი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას ვაიმარში

  მოკლედ ვაიმარი ის ქალაქია, რომლის ხსენებისას ყველა გერმანელი ერთიდაიგივე ფრაზას იმეორებს - "Oh, Weimar! Klein aber schön!"
და მართლაც რომ პატარა და მართლაც რომ მშვენიერი გამოდგა, მითუმეტეს რომ შემოდგომა ყველაფერს უხდება  : )

პირველი კადრი ბანჰოფიდან რომ გამოდიხარ
იცით როგორი ქალაქია, შუასაუკუნეების იერი რომ დაჰკრავს და ქუჩებში კლასიკური მუსიკა რომ უნდა ისმოდეს, ქუჩაში სიარულისას გეჩვენება, რომ ცოტაც და ცხენზე ამხედრებული რაინდი გამოჭენდება ხმალშემართული : )
  ცხენები აქ მართლა დადიან, ეტლებგამობმულები და იმ სუნსაც თან დაატარებენ, რომელსაც დრო და ეპოქა არ გააჩნია
  აქ ისეთ დღეში ვარ, რომ დავდივარ და ვფიქრობ ვაი-მარი, ვაი-მარი! ვეძებ ბინას, რომელიც არ არსებობს და წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება ღამის გასათევი ვნახო. ჯერ-ჯერობით პირველი ოთხი ღამე ძალიან კარგ ჰოსტელში მაქვს დაჯავშნული, მაგრამ აი უკვე ხვალიდან მთელ ქალაქში ერთ თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ. აბსოლუტურად ყველა ჰოსტელი და სტუდენტური სასტუმროები დაჯავშნული და გადატენილია.
  ჰოდა კაცმა არ იცის სად მომიწევს შემდეგი ღამეების გათენება
 აქ არის რაღაც ბინები, რომლებზეც უზარმაზარი კასტინგებია და მინიმუმ ორშაბათამდე უნდა მივაღწიო
  ძალიან მიხარია, რომ 12-13 ბონში ვარ ჩასასვლელი და კიოლნშიც გავივლი, რომელიც უკვე ძალიან მომენატრა
  ჯერ ერთი სურათიც კი არ გადამიღია, რასაც ჰქვია არანაირი სურვილი არ გამაჩნია
  ძირითადად საზიზღარ ხასიათზე ვარ, მაგრამ ეს ქალაქი ძალიან საყვარელი აღმოჩნდა და ვერაფრით ვერ შევიძულებ : ) ვატყობ გავუგებთ ერთმანეთს : )
  მგონია, რომ ამ ორ-სამ დღეში ძალიან დიდი დრო გავიდა და ძალიან გავიზარდე და ასევე ვატყობ წონაშიც დავიკელი, რა გასაკვირია - მთელი დღეები ქალაქს წრეებს ვარტყამ და ვნერვიულობ
  შენობები აქ თითქმის ყველა ძველია, ისევე როგორც არქიტექტურის ფაკულტეტის მთავარი შენობა, მაგრამ სახელოსნოებმა, კომპიუტერულმა ცენტრმა და განსაკუთრებით ბიბლიოთეკამ პირდაპირ გული გამინათა, ასევე აქ არის ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც ტანსაცმლის ყიდვა შეგიძლია და ამისათვის სხვა ქალაქში გადასვლა არ დაგჭირდება, და სუპერმარკეტები მართალია ექვსამდე, მაგრამ შაბათსაც მუშაობენ : )
  ჰოდა სხვა რაღა დამრჩენია გარდა დღევენდელი დღით, უფრო სწორად ღამით ცხოვრებისა : )
  უკვე მეორე პოსტია სურათის გარეშე, მაგრამ როცა იქნებაჩავამატებ : ))

Sunday, September 16, 2012

Ein Kölsch, bitte!..



კიოლნი არის ქალაქი, სადაც ჩამოსვლისთანავე შიგ ქალაქის გულში ხვდები და ყველაფერი ერთდროულად გატყდება თავს, იმ თაღებიან ხიდს გადადიხარ, მთავარი ვაგზლიდან გამოდიხარ იმ მოედანზე და შენს წინ უზარმაზარი ტაძარია ცამდე აწვდენილი და ცოტა ხანში ხვდები, რომ დამდგარხარ და მონუსხული შესჩერებიხარ. რამდენიც არ უნდა უარო გარშემო, მაინც არ მოგბეზრდება ცქერა. ქალაქის რა ნაწილშიც არ უნდა იყო, ყველგან ჩანს და როცა საიდანმე ბრუნდები, შორიდანვე ხედავ იმ მაღალ სამრეკლოებს და დაბრუნება გიხარია.

ტაძრის გარშემო დუღს ცხოვრება, მთელი ძველი ქალაქი გამოტენილია კაფეებით,  ლუდის რესტორნებით, საფუნთუშეებით, სანაყინეებით და უამრავი ხალხით. ტაძრის გვერდზეა უზარმაზარი საფეხმავლო სავაჭრო ქუჩა, ტაძრის წინაა უზარმაზარი მოედანი და კიბეები, რომელზეც მთელი დღე შეგიძლია იჯდე და ხალხის მიმოსვლას უყურო, როგორც მთელი დუჟინი ბომჟები აკეთებენ : ) და ეს ყველაფერი სავსეა ქუჩის მუსიკოსებით, დადიხარ ქუჩებში და ყოველი მოსახვევის მერე შენი ცხოვრების ახალი საუნდტრეკი გხვდება.


ზუსტად ორი კვირაღა დაგვრჩა კიოლნში ყოფნის და ყველას ძალიან გვწყდება გული, იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ძალიან კარგი და გულთბილი, და ჩვენც მართლა ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და თავს მართლა კარგად ვგრძნობთ.

ვხვდები, რომ დაძინება არ მინდა, აქ რაღაცნაირად ისეთი საინტერესოა ყოფნა არ მინდა ძილში გავიდეს დრო
ღამე გვიანობამდე არ მეძინება და მიხარია, რომ მეორე დღეს უნდა გავიღვიძო და ახალი დღე დავიწყო, ჰოდა ვცდილობ, რაც შეიძლება ადრე ავდგე დილაობით, თუმცა ეგ ხან გამომდის - ხან არა : )

უკვე იმ ფაზაში ვარ, რომ შინაურდება გარემო და ნელ-ნელა რომ მისი ნაწილი ხდები.

ვგრძნობ, რომ ჩემს ადგილას ვარ, ჩემს საკუთარ თავს ნელ-ნელა ვემთხვევი, ჩემს წრეში ვზივარ თუ როგორც არის და ჩემი კომფორტის ზონას ვგრძნობ. შეცვლას რაც შეეხება - ვიცი რომ შევიცვალე, ეს ჯერ კიდევ წამოსვლამდე დავიწყე, ზოგადად ამ უკანასკნელ 12 თვეში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული  გარდატეხა მოხდა და ძალიან ბევრი გამოცდილება დამიგროვა.
იცით რა არის ყველაზე კარგი - როცა ერთ ადგილას ხარ და სულ ერთ სიტუაციაში ტრიალებ, რეალური ინდივიდი გარემოს გავლენის ქვეშ ექცევა. ჰოდა როცა შორდები ამ გარემოს, ხვდები რეალურად რა გინდა, სხვა თვალით უყურებ საკუთარ თავს და უფიქრდები სინამდვილეში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რა გინდა აკეთო.

Rudolfplatz
ენას რაც შეეხება - რა გასაკვირია და მართლა საგრძნობლად გაუმჯობესდა ჩემი გერმანული, მთელი ჩემი სიტყვების მარაგი წინა პლანზე გადმოლაგდა და ძალიან სწრაფად ვაწყობ საჭირო წინადადებებს, ქუჩაში ხალხის ლაპარაკის თემა უკვე მესმის და აქაურებთანაც თავისუფლად ვლაპარაკობ.

ჰოდა, თქვენ არ იცით რამაგარია, როცა ბევრი ენა იცი და ფაქტიურად ყველასთან შეგიძლია ლაპარაკი, ჰოდა მინიმუმ ინგლისური ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს კარგად უცხო გარემოში ადვილად ინტეგრაციისთვის.

აქ საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ასე, რომ დავხეტიალობ ქალაქში და ათას საინტერესო რამეს ვაწყდები.
გუშინ მაგალითად ჯერ კარგა ხანი ვიხეტიალე ქუჩებში, მერე ერთი ძალიან სასაცილო კაცის წარმოდგენაზე ამოვყავი თავი რაინის სანაპიროზე, გზადაგზა ნაცნობებს გადავაწყდი, ლუდი დავლიეთ, ხიდებზე ვიბოდიალეთ, მერე შემთხვევით ჩინურ ფესტივალს დავესწარი მთელი რიგი შთამბეჭდავი საკონცერტო ნომრებით და ბოლოს ახლადმიწყნარებული სავაჭრო ქუჩის გავლით ჩემს ავტობუსამდე მივაღწიე.

Neumarkt
კაცმა არ იცის კიდევ როდის მომიწევს აქ დაბრუნება, მაგრამ ვნახოთ, მანამდე კი ვატყობ ძალიან, ძალიან ბევრი საინტერესო რამე მელოდება წინ
ახალი ქალაქი, ახალი ჯგუფელებით და ახალი თავგადასავლებით

კიოლნი კი არის ის ქალაქი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი

Sunday, August 26, 2012

- Are you sterdam? - I am sterdam! : )

  თუკი ვინმე მკითხავს ამსტერდამზე აზრს, დაუფიქრებლად მივანიჭებ შეშლილი ქალაქის სტატუსს, აბსოლუტურად ყველაფრით და ვერც ვერავინ შემეკამათება.  ამსტერდამში მართლა ყველაფერი შეშლილია, შენობები, ხალხი, ფასები, ამინდი, განსაკუთრებით ამინდი და ყველაფერი ერთად ერთ დიდ არეულ-დარეულობას ქმნის.


  ჩასვლისთანავე უზარმაზარ ხალხის მასაში ჩავყვინთეთ, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით, გზა გაგვეგნო და დღის გეგმა დაგვესახა, მოკლედ ტიპური ტურისტები ვიყავით რუკებით, ფოტოაპარატებით და დაბნეული სახეებით.
  ამინდი იყო საოცარი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ამქვეყნად ეგეთი უთავბოლო და არანორმალური წვიმა თუ იარსებებდა. აქაოდა ამსტერდამელი წვიმა ვარო და ყოველ ათ წუთში ერთხელ კოკისპირულად უშვებდა, ორ წუთს გაგრძელდებოდა და მერე ისევ მზე გამოანათებდა. კიდევ გასაკვირია ქალაქი ამდენ ხანს რომ არ ჩაიძირა. პირველ დღეს შორტები მეცვა, რომლის გამოცვლაც ვერაფრით ვერ მოვახერხე და რომ არა ცხელი ყავა და მოგვიანებით ლუდი (პირადი აზრით ამსტელი ჯობია ჰაინეკენს), გაცივება არ ამცდებოდა.
  პირველ პუნქტად დასახელდა რაღაც ბაზრობა, რომელიც რაღაც პერიოდში ერთხელ იმართება და ერთ-ერთს ძალიან უნდოდა იქ მოხვედრა. აი სწორედ მანდ ვეზიარეთ პირველ ამსტერდამული წვიმის მადლს. ქუჩის გადაჭრისას, სანამ ერთი მწვანე შუქი გავიარეთ და მეორეს მოლოდინში კნძულზე შევჩერდით, მაშინ დაუშვა შხაპივით წვიმამ და ვიდექით კუნძულზე ქოლგებით შემოჯავშნულები და  წითელი შუქის ჩაქრობამდე წასასვლელი აღარსაით გვქონდა. სანამ ქუჩა ბოლომდე გადავკვეთეთ და ფარდულებს თავი შევაფარეთ მზემაც გამოანათა. ფარდულებში დიდად საინტერესოს ვერაფერს წავაწყდით გარდა მწვანე ჩუპა-ჩუპსებისა.
  მოკლედ, როგორც იქნა ვჭამეთ შედარებით იაფ თურქულ კაფეში და დავიშალეთ ინტერესებისდა მიხედვით.
  პირველი ჩემი მუზეუმი აღმოჩნდა ანა ფრანკის სახლი. გინდ ასე, გინდ ისე აუცილებლად ჩავთვალე მენახა ის ადგილი რეალურად, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩემებურად წარმოსახული არსებობდა და მთელი წიგნის კითხვისას და მერეც ამ წარმოსახულ სივრცეში მიმდინარეობდა მოვლენები. ნეტა ყველა წიგნის ახდენა  ეგრე შეიძლებოდეს, ისიც მეყოფა სალტკროკას და ვილა ყიყლიყოს რომ ვერასოდეს ვეღირსები : )
  შემდეგ იყო ნავით ტური ამსტერდამის არხებში. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ღირდა. ამასობაში არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ ათ, უკეთეს შემთხვევაში თხუთმეტ წუთში ერთხელ ბუნებრივ ცივ შხაპს ვიღებდით.
  ბოლოს უკვე თავიდან ფეხებამდე სველები და გაყინულები, ვისხედით ერთ-ერთ კაფეში ფანჯარასთან, ცხელ ყავას ვსვამდით და ვგრძნობდით როგორ თბებოდნენ ერთმანეთის მიყოლებით ძარღვები.
  და ამის შემდეგ, უკვე შეღამებულზე გავწიეთ ყველაზე დიდ მაგნიტად წოდებულ, ქაოსისა და სიბინძურის ბუდისკენ, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს.  სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგა "კოფი-შოფების" სანაპიროდან იმ ვიწრო შესახვევში და თავს ამოყოფ ათასნაირი ადამიანით შეზავებულ უწყვეტ ნაკადში, ნახევრად განათებულ, პლანის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილ ქვაფენილიან ვიწრო ქუჩებში, კუთხეებში მდგარი ნარკოტიკების გამსაღებლებით და ფანჯრებში გამოფენილი ქალებით.
  მოკლედ, ყველაფერს რომ მივედ-მოვედეთ და მივხვდით, რომ ფეხზე ძლივსღა ვიდექით, წავლასლასდით ჰოსტელისკენ. საბედნიეროდ დაგვხვდა ძალიან სუფთა და კარგი ნომრები, ოღონდ ჭრიალა საწოლებით. მე მაშინვე ფანჯარასთან მდგარი საწოლის მეორე სართულზე მოვთავსდი. ვიჯექი ფეხებშეკეცილი, ლუდს ვსვამდი და ვიყურებოდი ქუჩაში.
  დილით პირველი ადამიანის ადგომისთანავე საწოლის ჭრიალზე გაეღვიძა ყველას : ) ჩავედით სასაუზმოდ, სადაც მთელი დღის სამყოფი ბუტერბროდები ვჭამეთ, ჩეკ-აუთ სასტუმროდან და გაუდგა ყველა საკუთარ გზას. მე რადგანაც ვერავინ ვიპოვე მუზეუმებით დაინტერესბული, გადავწყვიტე - დიდი ამბავი, თუ ბოლო რამდენიმე საათს მარტო გავატარებდი ქალაქში. არაფრით არ მინდოდა ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების გარეშე დარჩენა.
  თავიდან გავწიე ერმიტაჟისკენ, სადაც შესვლისთანავე რენუარის ქალი შემომეგება, გვერდზე მონეს ბაღში გადავუხვიე, როდენის მოალერსე წყვილებს ვუთვალთვალე, გოგენის გოგონებს ღიმილი გავუცვალე და სეზანის "მწეველს" ცოტა ხანი ჩამოვუჯექი.
  და ბოლო ტკბილ ლუკმად ყვავილების ფარდულების და "I am sterdam" -ის გავლის შემდეგ, ჩემს წინ ვან გოგის მუზეუმი აღიმართა.
  ჰმ... აბა რა გითხრათ, ვან გოგის ნახატები ვნახე ორიგინალში
  პირველად ძველი, ჩაბნელებული დროის ნახატები ვნახე, კარტოფილიჭამიების და გამურული ხალხის პერიოდი, შემდეგ გზად რამდენიმე მოგვიანებით დახატული ტილო და უცებ აღმოვჩნდი დარბაზში, რომელსაც ეწერა "არლი 1888-1889" და იქაურობა ნარინჯისფერი მზით, თავთავებით, ვარდისფერი ატმებით და მზესუმზირებით იყო გამოტენილი. ტანში გამცრა და თვალები ამიწყლიანდა, ყველაფერი იქ იყო, მისი ყველაზე ბედნიერი ნახატები. გვერდზე დარბაზში უფრო გვიანდელი, ნერვიული ნახატები იყო, დიდი საღებავის მონასმებით, ჩამუქებული ცით და ყვავებით სავსე. დავდიოდი და გულში ვიმეორებდი "ჩემი შეშლილი, ჩემი შეშლილი". და ბოლოს, სულ ზევით გზად სურპრიზად დახვედრილი ტულუზ-ლოტრეკის, გოგენის და პარიზელი შავი კატის გავლის შემდეგ, მოვხვდი იმ ნაწილში, სადაც ჩემი საყვარელი მწვანედარაბებიანი "Yellow House"-ა.
  აბა მართლა რა გითხრათ, I'm impressed.
  ჰო, იმას გეტყვით, რომ რიგმა არ შეგაშინოთ, 30-40 წუთით ლოდინი, ხან მზეში და ხან ქარიან წვიმაში ნამდვილად ღირს.
  ხუთ საათზე უკვე უნდა შევხვედროდი ბავშვებს, ერთ-ერთ მაღაზიაში ყველი უნდა დაგვეგემოვნებინა და წამოვსულიყავით გერმანიაში.
  ამსტერდამში პირდაღებული ტურისტი არავის უკვირს, ასე, რომ თავისუფლად ვისარგებლე ტრამვაითი და დაგვიანება თავიდან ავიცილე. რა თქმა უნდა გავსინჯეთ უგემრიელესი, გემრიელზე გემრიელი ყველი, ამსტერდამული ჰაერის და წვიმის ბოლო ყლუპები გადავყლაპეთ და ავტობუსში მოვკალათდით.



  და აქვე რამდენიმე რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ უახლოეს მომავალში აპირებთ მანდეთ წასვლას:
- აუცილებლად გადახედეთ ამინდის პროგნოზს და აუცილებლად აიცილეთ თავიდან წვიმიანი ამინდები.
- აუცილებლად წადით ვან გოგის მუზეუმში
- აუცილებლად გაიარეთ ღამე წითელი ფარნების უბანში
- მცენარეებთან ფრთხილად იყავით
- იქირავეთ ველოსიპედი (რაც ჩვენ შესაფერისი ამინდის გამო ვერ გავაკეთეთ)
- წაიღეთ ბევრი ფული
- აუცილებლად იპოვეთ მაღაზია, სადაც ყველის დაგემოვნება შეიგიძლიათ
- შეარჩიეთ ჰოსტელი, სადაც საუზმეც შედის ფასში
- კიდევ ერთხელ ეცადეთ, რომ არ დაგემთხვეთ შეშლილი წვიმიანი ამინდები
- ასევე გირჩევთ, რომ თუ დიდ ჯგუფთან ერთად ხართ და თქვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ადექით და გაუდექით გზას მარტო და თქვენ ნებაზე შეიგრძენით ქალაქი (დაღამებამდე)



და არა, არ არის ამსტერდამი ჩემი ქალაქი

  უკან დაბრუნებისას გერმანიის საზღვარზე რომ გადმოვედით და გერმანული წარწერები დაიწყო ბილბორდებზე, შინ დაბრუნების გრძნობა დამეუფლა
და უკვე კიოლნში, გაჩერებაზე ვისხედით და ვლაპარაკობდით რა კარგია კიოლნი, მშვიდი, სუფთა, მოწესრიგებული და დღეში ერთხელ წვიმაც ჰყოფნის : )
  და სუუულ ბოლოს, სახლში მოსულმა ჯიბეებში ჩარჩენილი ამსტერდამი ამოვალაგე, ჰერკულესის ფაფა გავიკეთე (ერთადერთი საჭმელი, რაც კვირას საღამოსთვის დამრჩა), ცხელი კარამელის ჩაი მოვიდგი გვერდით და ეს პოსტი დავწერე მანამ, სანამ მთელი ემოციები ჯერ კიდევ ძილს არ გაჰყოლია : )


(Kölner) Dom,მილიი Dom

ამსტერდამში დაკარგვა არც ისე ადვილია

Wednesday, June 8, 2011

ორგანიზებული არეულობა

when the sun is shining,
life is really wonderful (c) mylpi
ერთი უცნაური და არაჩვეულებრივად კარგი ჩვევა მაქვს
ყოველ წელს გამოცდების წინ ძირფესვიანად ვალაგებ ჩემს ოთახს, ყველა წიგნს, ფანქარს, ფურცელს თავის ადგილს ვუჩენ და ბოლოს სრულ წესრიგში მყოფ მაგიდასთან მოვკალათდები და ვიწყებ საგამოცდოდ მზადებას.
წელს ყველაზე მსუბუქი საგამოცდო ცხრილი მაქვს :))
მაგისტრატურაზე ფაქტიურად ორ საგანში მაქვს გამოცდა, რომლებსაც სავარაუდოდ ივნისის ბოლოს ჩავაბარებ, 
იტვეტში წესით ივლისის შუა რიცხვებში მოვრჩებით სწავლას და უკვე ბოლოს იქნება საკვალიფიკაციო ნამუშევრების წარდგენა, 3D ში ანიმაცია, მოდელირება და სარეკლამო რგოლი + ფოტოშოპი და + რამდენიმე წვრილ-წვრილი დროისმკარგველი საგნის დებილი ჩათვლები.  
ივლისიდან ალტადან მოვდივარ, და მთელ დროს 3D, ფოტოშოპს, სეირნობას და ქალაქური ზაფხულით ტკბობას ვუთმობ
და უკვე ივლისის ბოლოს მივემართები ბათუმისკენ ამიერკავკასიის ჩემპიონატზე და პირდაპირ იქიდანვე გადავდივარ რაჭაში და მთელ აგვისტოს მზით სავსე მინდვრებზე, გრილ ტყეებში, დილის მსუსხავწყლიან მდინარეში ყვინთვაში, ჰამაკში ჭორაობაში, ვარსკვლავების ცქერაში, აივანზე წიგნების კითხვაში, ბევრ სიცილში, ასფალტზე ფეხშიშველა სიარულში, თავსხმაში სირბილში და კიდევ ათას სხვა სასიამოვნო რაღაცეების კეთებაში გავატარებ.
სექტემბერში ჩამოვალ ისევ თბილისში და მომღიმარი სახით, გახუნებული თმით და მზემოკიდებული ფეხებით ვივლი ქუჩებში და გამიხარდება ხალხის დანახვა :))

უბრალოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ პოსტის დასაწყისთან დაკავშირებით - კი ვალაგებ, მაგრამ ვითვალისწინებ ოქროს სიტყვებს - "ორგანიზებული არეულობა", და ვიცი შესაბამის შედეგსაც მივიღებ

და კიდევ იცით რა? ამ შაბათ კვირას Tbilisi Open Air ია და საშინლად მიხარია
ნეტა ძალიან მზიანი შაბათ-კვირა და მერე ზაფხული იყოს

Sunday, January 23, 2011

მუხიანიდან კოლმეურნეობამდე

თუ მუხიანში ხარ და კოლმეურნეობის მოედნისკენ აპირებ წასვლას, უნდა ჩაჯდე #49 მარშუტკაში და გაიარო ქალაქის უკიდურესი გარე დასახლება, სანზონა, ნახალოვკა, პლეხანოვი, მშრალი ხიდი და მიხვდე, რომ ჯერ კიდევ ძალიან, საშინლად ძალიან ბევრი გვიკლია ევროპულ ქვეყანამდე.

ყველაზე მძაფრად ამას მუხიანიდან სანზონამდე, აი იმ უკიდურეს დასახლების გავლისას გრძნობ.

იქ ჯერ კიდევ 90-იანებია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა აქვთ დენი და პულტიანი ფერადი ტელევიზორი – ცხოვრების წესი, კორპუსები, მანქანები, ფანჯრებზე ფარდები და ყვავილებიც კი წინა საუკუნისდროინდელი აქვთ. ეს ცოტათი ნოსტალგიურიც კია, მაგრამ უფრო დამთრგუნველი.

ცხვირს ხელით იხოცავენ და ტანსაცმელზე იწმენდენ. ჯერ კიდევ უამრავი ძველი ჯიხურია გზის პირას ჩამწკრივებული და ძირითადად დაკეტილი. დადიან ძველმანქანიანი ტაქსისტები დაძველებული სახეებით. იქ ყველაფერი ძველია.
გზისპირას ერთი სკვერი იყო, მაღალი ძველი ბალახით, უკაცრიელი ერთადერთი დაცვის თანამშრომლით და ოთხი ალბათ სკოლიდან გამოპარული ბიჭით.
სადაც ხალხს ტანსაცმელი მხოლოდ იმიტომ აცვიათ, რომ არ შესცივდეთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ ადგას ტანზე. სადაც ეტყობათ, რომ ჩინური დაბალი ხარისხის საცვლები აცვიათ და ისიც ძალიან ძველი. და შავი ფერის ტანსაცმელს ირჩევენ მხოლოდ იმიტომ, რომ შავი ყველაფერზე მიდის, თან მითუმეტეს ყველაფერი მაინც შავი აქვთ და წარმოდგენა არ აქვთ, რომ შავი მოდის სამყაროში კლასიკურ ფერადაა აღიარებული.

მგზავრების ძირითადი ნაწილი აქ ამოდის, არამომღიმარი სახეებით. გოგოები, რომლებიც ძალიან იაფფასიანი მაკიაჟით იპრანჭებიან და მხოლოდ გათხოვებაზე ფიქრობენ. ბიჭები, რომლებიც იზლაზნებიან, ღიპი წამოზრდიათ და მამებს ეჩხუბებიან, თუ მათი მოტანილი საჭმელი არ მოეწონათ ან არ ეყოთ. რაზე ფიქრობენ არ ვიცი, ალბათ ტოტალიზატორში და სლოტკლუბში წაგებულ ფულზე. მამების და დედების დაკარგული თაობა, რომლებიც ვერაფრით და უფრო არაფრით არ ეგუებიან არაფერს ახალს და ჭაობის დინებას მიჰყვებიან. და მოხუცები, ყველაზე საწყლები, ნერვებმოშლილები, უღონოები რომლებიც უბრალოდ ელოდებიან. და ყველაზე ცუდი – საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ, ეს ყველა ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით, ჭორაობენ სხვებზე, უყურებენ სხვებს, შურთ, არ უყვართ სხვები, არ იციან რა გააკეთონ და არც ირჯებიან მაინცდამაინც, წუწუნებენ და თავი უფრო საცოდავი ჰგონიათ,

ბეჩავი – მათი ჩვეულებრივი მდგომარეობაა და თავი უკვე აღარ ჰგონიათ ადამიანობის ღირსად, ახალგაზრდები უკვე ასაკოვნებივით აზროვნებენ.
გურამიშვილზე ახალმა გზატკეცილმა გამამხნევა, წითლად შეღებილმა პროკრედიტბანკის ოფისმა სიცოცხლე შემოიტანა, მანქანების და ხალხის მოძრაობამ გამახალისა. უფრო და უფრო აქეთ, დადიანზე უკვე აქტიური და მომღიმარი ხალხიც შევნიშნე, ფერადად ჩაცმული, ყავისფრად მაინც. პლეხანოვზე, ძველი, მაგრამ ამბიციური შენობებისგან სიამაყე იგრძნობა, აქ ყველაფერი მოწესრიგებულია, თავიდანვე არის გათვალისწინებული საცხოვრებელი, საოფისე და სავაჭრო ზონები მეტნაკლებად. აღმაშენებელი ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი ქუჩაა თბილისში.

თვითონ მარშუტკაც ძალიან ძველია და სკამებს შორის ფეხები არ ეტევა. მოჯანჯღარებს და არც არაფერი არ ანაღვლებს, არც მძღოლს.
მშრალ ხიდზე კვირას გამოფენილ უამრავ სახლიდან გამოტანილ ხარახურას და ძვირფას ნივთებს ასევე სახლიდან გამოსული მოღუშული ხალხი დასტრიალებს. თუმცა ეს ყველაფერი ცოცხალია და საინტერესო, მითუმეტეს თუ მზეც ანათებს. კოლმეურნეობაზეც ამოვედით – ერთერთ ყველაზე ჭუჭყიან მოედანზე, სადაც ტრანსპორტის ლოდინს ვერ ვიტან, ბომჟებითაა გაჟღენთილი.

და ბოლოს – სულ სხვა განზომილებაში – ვგეგმავთ საზაფხულო სკოლას ბათუმში, ცოცხალ, აქტიურ და მზით სავსე ორ კვირას.

მთავარია გრძნობდე, რომ ცოცხალი ხარ, გიხაროდეს არსებობა.
მერე რა, რომ აი ამ წამს 38.5 მაქვს სიცხე და გაჭყეპილი ვარ წამლებით და ათასნაირი სითხით :D
არ მოკვდე სანამ ცოცხალი ხარ