ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ჯგუფელმა ერთ მშვენიერ საღამოს მომწერა, თუ გცალია 7-8 სექტემბერს კიოლნში რომ წამომყვე, შენი დახმარება მჭირდება, ყველა ხარჯს მე ავიღებ საკუთარ თავზე-ო.
: )
რა შეიძლება დამევალოს ამქვეყნად ისეთი, რომ კიოლნში წასვლაზე, მით უმეტეს სხვისი ხარჯებით უარი ვთქვა.
არ ვიცი რას შევადარო ის შეგრძნება, რაინის სანაპიროს რომ მიუყვები უკვე და რაღაც თბილი რომ გეღვრება და ბონს რომ გასცდები და უცებ აფიქსირებ, რომ კისერწაგრძელებული დამჯდარხარ და ერთი სული გაქვს შორს კათედრალის სამრეკლოებს როდის მოჰკრავ თვალს.
კიოლნში წვიმა დაგვხვდა, წვიმა და დომი, ისევ ისეთივე დიდებული და შთამბეჭდავი, როგორიც დავტოვე.
გუანლინგს მივყვებოდი და უკან-უკან ვიხედებოდი, გაფელ კიოლშიდან ჩვეული ღრიანცელის ხმა გამოდიოდა. ვერც კი შევნიშნე თავი ექსელსიორ ჰოტელში როგორ ამოვყავი სხვა ჩინელებთან ერთად. ვახშმამდე ნომერში ავედით, ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა, თუ იმას არ ჩავთვლი, რომ დროდადრო ჩემი სახელი და ჯორჯია მხვდებოდა ყურში. ერთადერთი ინგლისურად მივიღე საჭმელზე შემოთავაზება და კომპლიმენტი, რომ ლამაზი ვარ. გუანლინგმა თავიდანვე მითხრა, რომ ჩინელებს ძალიან მოსწონთ დიდთვალება, თეთრკანიანი, მაღალი გოგოები : )
მე ვიჯექი ფანჯარასთან სავარძელში, მაგიდა ერთჯერადი ჩინური საჭმლის პაკეტებით იყო სავსე, რამდენიმე გავსინჯე, ვუყურებდი წვიმიან ქუჩებს, მოპირდაპირე შენობებს, საწვიმრიან ტურისტებს და მყუდრო ნაცრისფერ ცას.
ვახშმად უახლოეს ჩინურ რესტორანში წავედით, ვსინჯავდი ყველანაირ უცნაურ საჭმელს და სულ არ მანაღვლებდა თანამესუფრეების უსაშველო პირის წკლაპუნი.
უკვე სიბნელე იყო ჩვენი სასტუმროსკენ რომ გავუყევით გზას, ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ წარმოუდგენელი იყო ნოიმარკტამდე ფეხით გასვლა. ისევ მეტროთი გავედით და იქიდან ტრამვაით გავაგრძელეთ გზა. ჩვენი სასტუმრო აღმოჩნდა ისე შორს, რომ სატრანსპორტო რუკის მიხედვით ქალაქის საზღვრებს სცდებოდა და ზუსტად ორი გაჩერების შუაში იყო. უკვე ათს იყო გადაცდენილი ტრამვაიდან რომ ჩამოვედით. სულიერი არ ჭაჭანებდა გარშემო არათუ ტაქსი, გაჩერებაზე რუკაც კი არ იყო გაკრული.
ჩვენდა ბედად ჩემს ძვირფას სატელეფონო ოპერატორს მაინცდამაინც ამ შაბათ-კვირისთვის მოუნდა ჩემთვის უფასო მობილური ინტერნეტის ჩუქება და გუგლ-მეპის წყალობით უზარმაზარი საავტომობილო საწყობების გასწვრივ ნახევარსაათიანი სიარულის მერე როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო ან ჰოსტელი კი არა, იაფფასიანი მოტელი აღმოჩნდა, სადაც სავარაუდოდ მძღოლები და მანქანით მოვაჭრეები ათევენ ღამეს, სადაც ოთახში ფანჯარას თუ დახურავდი იხუთებოდა და თუ გააღებდი გვიანობამდე ყაყანის ხმა აღწევდა. სველი წერტილები ცალკე საოცრება იყო. საბედნიეროდ ოთახში ხელსაბანი გვქონდა და პირის დასაბანად მაინც არ გვიწევდა გარეთ გასვლა.
მოკლედ როგორც იქნა გავათენეთ ღამე და გამოვაღწიეთ დილით იქიდან. ისევ მოღრუბლული იყო და ცრიდა. ამჯერად გაჩერებამდე მისვლას მარტო თხუთმეტი წუთი მოვანდომეთ, სამაგიეროდ ტაბლოზე დაგვხვდა, რომ შემდეგი ტრამვაი ოცდაცხრამეტ წუთში მოვიდოდა და იმის შემდეგი ოთხმოცდარაღაცაში. ჰოდა ვისხედით და ვამთქნარებდით ლოდინში. მე უკვე ნახევრად ძილში ვიყავი წასული და ბანჰოფის სტარბაქსის ყავა მელანდებოდა.
სამწუხაროდ უკვე გვაგვიანდებოდა და რუდოლფპლატცზე ხელთმოხვედრილი რიგითი ყავით მომიწია იოლად გასვლა.
როდის-როდის მივაღწიეთ დოიც-მესსემდე, სადაც ჩინური წარმოების ბაღის ავეჯის დიდი სავაჭრო გამოფენა ეწყობოდა. ჩემი დავალება იყო კონკრეტული კომპანიის სტენდებთან მივსულიყავი უცხოელი (ამ შემთხვევაში არაჩინელი) საქმიანი ქალის იერით, როგორც ერთერთი გერმანული კომპანიის წარმომადგენელი და კატალოგები, ფასები და საკონტაქტო ინფორმაციები გამომერთმია.
ორი საათის განმავლობაში მოვიარე მთელი ტერიტორია, ველაპარაკე უამრავ ადამიანს, დიდის ამბით ვფურცლე კატალოგები და ვსინჯე პროდუქციის მატერიები. საბოლოოდ კატალოგებით სავსე ჩემოდნით მივაღწიე ჩვენ სტენდამდე და უკან წამოსვლამდე დარჩენილი ოთხი საათის ქალაქში გატარება გადავწყვიტეთ. მოვიარეთ ახლომახლო ქუჩები, შილდერგასეს ჩავუყევით, სადილად ისევ ჩინურ რესტორანში ამოვყავი თავი დომის გადასწვრივ. და ზოგადად ამ ორ დღეში ძალიან დიდი რაოდენობით ჩინეთი მივიღე.
წამოსვლამდე ნახევარი საათით მაინც მოვახერხე მარტო დარჩენა ჩემ ქალაქთან, tête-à-tête...
გარეთ ამშრალი იყო, მოედანი სავსე იყო მოსეირე ხალხით. ჰაერში ფეხმორთხმით მჯდარი კაცი ადგილზე დამხვდა, ბრონზის ადამიანებიც იქვე ისხდნენ, ლუდვიგის მუზეუმისკენ ჩემი კიოლნის პირველ საუნდტრეკსაც კი უკრავდნენ. იმ სანაყინესთანაც ისევ ისე იდგა რიგი. ახლა, გერმანიაში ცხოვრების ერთი წლის მერე სულ სხვა და თან ზუსტად იგივე თვალით ვუყურებდი კიოლნს.
არსებობს ამქვეყნად ერთადერთი ქალაქი, სადაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ ადგილას, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
ისევე, როგორც არსებობს ერთადერთი ბიჭი ამქვეყნად, ვისთანაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ მედ, ზუსტად ისეთად, როგორიც ვარ და ეს ძალიან კომფორტულია.
so far...
ეს ჩემი ქალაქია! ელეგანტური, სუფთა, ჭუჭყიანი, დარტყმული, მდიდარი, ბომჟი, ლამაზი, უშნო, გონიერი, მეგობრული, აგრესიული, შეშლილი, უდარდელი, სიცოცხლით სავსე, დიდებული, მოუბეზრებელი, თვითმყოფადი, მყუდრო, თავისუფალი, ემოციური, ხმამაღალი... ყველაფერი ერთად...
მე კი აუცილებლად ჩავიყვირებ ჩემ მომავალ დაბადების დღეზე ვაიმარის მერე კიოლნში პრაქტიკის და სამუშაოს პოვნაზე სურვილს...
რაიცი და ახდეს!..
P.S. სხვათა შორის ეს არაა ის ბიჭი, ვიზეც ყველამ გაიფიქრეთ : )




1 comment:
好女孩
Post a Comment