Showing posts with label me and my Shadow. Show all posts
Showing posts with label me and my Shadow. Show all posts

Tuesday, April 21, 2015

შესაფერისი ამინდის გამო...

არადა მე წვიმიანი დღეებიც ძალიან მიყვარს...
უბრალოდ სიცივეს ვერ ვიტან

ჩემი ძველი ჩანაწერი გამახსენდა ფბ-ზე

"...იცი როგორი ამინდია?! 


სადმე მთაში უნდა იყო და ნისლიან მთებს გასცქეროდე ხის აივნიდან, რამე თბილმოხურული, უნდა გესმოდეს წვიმიანი ამინდის ხმა და უნდა სუნთქავდე სუფთა ჰაერს.
  და საღამოსკენ რვიდან ათ საათამდე, როცა ყველაზე მეტად გწყინდება მარტო ყოფნა, უნდა შემოგიაროს რამდენიმე ახლო მეგობარმა, ერთად უნდა გააკეთოთ რამე გემრიელი საჭმელი და თბილ, განათებულ სამზარეულოში უნდა მომყუდროვდეთ.
  და სულ ღამე, უნდა გახვიდეთ გარეთ, გააცილო მეგობრები, სულ ოდნავ აჩქარებული და ოდნავ დაძაბული ნაბიჯებით უნდა დაბრუნდე სახლში, შენ ძაღლთან ერთად და რბილ სავარძელში ჩაგეძინოს.

შუქის ანთება საჭირო არაა..."





მე კიდევ ახლა ჩვენი ოფისის ფანჯრიდან ვუყურებდი წვიმიან ქუჩას და ვუსმენდი მანქანების ჩავლისას შხრიალა ხმას სველ ასფალტზე. ცხვირი გისოსებს შუა მქონდა გაყოფილი და გრილ სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი. 

წვიმიანი ამინდები ის ამინდებია უბრალოდ რომ უნდა იჯდე ფანჯარასთან, სადღაც შორს იყურებოდე და ფიქრობდე და ფიქრობდე.

მეტი არაფერი


Thursday, February 19, 2015

არ გინდა წავიდეთ?

ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე დამთრგუნველი გამოგონება დედამიწაზე არის "მუდმივი სამსახური". მე არ მინდა ოდესმე დარწმუნებით შემეძლოს იმის თქმა, რომ მომავალ ორშაბათს დღის სამ საათზე იგივე ადგილას ვიქნები, სადაც იმის, კიდევ იმის და კიდევ კიდევ იმის მომავალ ორშაბათს.

ზოგადად მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთნები, რომლებისთვისაც შეკითხვა: "არ გინდა წავიდეთ?" ყველაზე მაცდუნებლად ჟღერს ამქვეყნად. ხომ არსებობენ ამქვეყნად ათასნაირი ბედნიერებები, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელია - ზურგჩანთის მოკიდების ბედნიერება. ჰოდა, როცა თინამ წინის წინა პარასკევს დამირეკა და მითხრა - არ გინდა ჩვენთან ერთად ბათუმში წამოხვიდე, აჭარის სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აღწერას ვაკეთებთო, იმ წუთასვე ვიცოდი რომ წავიდოდი. უბრალოდ ცხოვრებაში ვისწავლე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თუ საშუალება გაქვს ერთხელ მაინც უნდა დაიძინო და გაიღვიძო რომ იმპულსურად არ იმოქმედო. ჰოდა მეც დავიძინე, გავიღვიძე და სამშაბათს წავედი ბათუმში : )

ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდი ჩემ ხუთ თანამშრომელთან ერთად ბათუმში, რომელთა საშუალო ასაკიც დაახლოებით 27-ია, დილით ვიღვიძებდით ყველანი რვისთვის, ათისთვის გავდიოდით აჭარის სოფლებში, ველაპარაკებოდი უამრავ ადგილობრივ მოსახლეს, ვსვამდი გაჭყეპამდე შემოთავაზებულ კოფეს და კომპოტს, ერთხელ შუადღისას სოფლის სადღეგრძელებლად ტყემლის არყის დალევაც მომიწია იქაურ ბაბუებთან ერთად  ყანების თავზე : ) ვტკბებოდი ჭოროხის ხეობის უძალიანლმაზესი ხედებით, ვცდილობდი მომეხერხებინა ოღრო-ჩოღრო გზებზე მანქანიდან სურათების გადაღება, დაღამებისას ვბრუნდებოდით ბათუმში ძალიან დაღლილები და მშივრები, ერთად ვამზადებდით საჭმელს და ვსადილობდით, ვუყურებდით ტელევიზორს, ვიცინოდით, ვსვამდით ლუდს და ღვინოს ნება-ნება, მეორე დღის გეგმებს ვაწყობდით და ძლივს ვაღწევდი თორმეტ საათამდე და მეორე დილის რვამდე გათიშულს მეძინა.
აპრილის ბოლოსკენ კი კიდევ შეიძლება მომიწიოს სადმე წასვლა. მერე კი ზაფხულიც მოვა : )
ჰოდა მერე ისევ მკითხეთ - "არ გინდა წავიდეთ?"

მე კი მინდა ცოტა ხნით ბათუმში გადავიდე საცხოვრებლად და ვხატო და ვხატო ფერადი სახლები და თოკებზე გაკიდული სარეცხი : )


ეს სიმღერა კიდევ სულაც არაა ჩემთვის სევდიანი

Saturday, February 7, 2015

Perfect Morning

იცით როგორია ჩემი იდეალური დილა?! დილით ჩემით რომ მეღვიძება, მთელი ოთახი მზით სავსე მხვდება, ვრთავ რამე მუსიკას ხმამაღლა მაგალითად ამას , ისე, რომ სამზარეულომდეც გააღწიოს ხმამ სანამ ყავას ვიმზადებ, მერე დავდივარ ყავით ხელში მაისურის ამარა მზიან ოთახებში და აივანზე და ვცეკვავ : ) მერე ვჯდები ჩემ მაგიდასთან და წინა საღამოს დაწყებული ნახატის ხატვას ვაგრძელებ და თან ვიცი, რომ საღამოს მეგობრებთან შესახვედრად გავალ სადმე ხმაურიან ადგილას.








Friday, November 28, 2014

ჯერ ყავა თუ შეიძლება

ერთი კვირაა უკვე რაც საქართველოში დავბრუნდი და ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ სად ვარ და რას ვაკეთებ. სადღაც ვარ უწონადობასა და არამატერიალურ სამყაროს შორის, ვერც დროს აღვიქვამ და ვერც გარემოს. დავდივარ სხვადასხვა ადგილებში, ვნახულობ ადამიანებს და ყველაფერი ძალიან არარეალურად მეჩვენება.
მოყოლებული აეროპორტიდან თბილისამდე მძღოლიდან, ჩემ აივნამდე ყველაფერი გამაბრუებლად მოქმედებს.
ყველაფერი ხომ თითქოს ისევ ისეა და თან საერთოდ სხვანაირად. ძილი და ჭამა საერთოდ თვითნებურად მოქმედებენ. ამინდები უჟმურია. დროდადრო შუქი ქრება.
ენაზე ჯერ კიდევ ვერ ვეჩვევი, რომ ყველაფერი მესმის რასაც გარშემო ამბობენ და ჩემ ნათქვამსაც ყველაფერს ვაგებინებ. წინადადების თქმისას ვფიქრობ, ესე და ესე რომ ვთქვა თუ გაიგებენ-თქო.  რაც ამ ორი წლის მანძილზე ინტერნეტით ვიღებდი ინფორმაციას და რაც აქამდე მაინც ვირტუალური სამყარო იყო, ახლა უცებ იქ აღმოვჩნდი და ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ : ) სადღაც ჯეტ-ლეგ ლიმბოში ვარ გახირული.
ყავას რაც შეეხება, არანაირი აღარ მომწონს და ვეღარ ვპოულობ როგორი მინდა. ერთადერთი ხინკალია რეალური.
და კიდევ რაც ისევ ისე აღმაფრთოვანებს ღამის ხედი და განათებული ფანჯრებია ჩვენი აივნიდან.


Tuesday, October 21, 2014

გოგონები ითვლიან მანქანებს

არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელთანაც საკუთარი თავის მერე ჩემი შეგნებული ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი მაქვს გატარებული.

ერთხელ სკოლიდან მოვდიოდით ბავშვები და ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი - "სულ მენატრება-მეთქი, აი ახლაც ხომ ჩემ წინ მიდის, მაგრამ მაინც მენატრება-თქო.."

ეს სიმღერა იმ ჩვენ თბილისის ცისფერშპალერიან ოთახს მახსენებს და პრაიგრივაწელს : ) ძილის წინ ბიტლზს და რობერტინოს რომ ვუსმენდით და შრიალა ტელევიზორს ჩართულს რომ ატოვებინებდა დედას, სინათლეში ძილი მიყვარსო : ))

ტყვიავში რომ ჩავალ, ერთი ის ჩვენი პეპის კუნძულის ნახატები უნდა მოვძებნო კიდევ თუ არსებობენ : )

და მიკვირს - პირდაპირ საიდან ვიგონებდით ამდენ სასაცილო გასართობს : ) რომელი ერთი გავიხსენო - ბოროტი ლილი, სამკურნალო ბაბუშკა, 'კ' გინდა თუ 'ფ', ფერადი მანქანების თვლა თუ ბუხრების შენება ბლოკებისგან : )

თქვენ გყავთ ადამიანი, ვისთან ერთადაც ოცნება შეგიძლიათ და თან დარწმუნებული ხართ, რომ ერთიდაიგივე წარმოდგენით ადგილას იმყოფებით?
მე კი : )

ანუკი, my soulmate,  დაბადების დღეს გილოცავ!..

რაც მთავარია გახსოვდეს, რომ I can always make you smile და 7ობაა, ანათებს მზე, მაგრად ვარ, დავრბივარ! მიუხედავად იმისა, რომ კარაქი გაძვირებულა რამდენიმე კილოთი : )



Wednesday, September 24, 2014

'მყუდრო'

ფანჯარასთან მიჩოჩებულ დივანზე ვარ მოკალათებული, ღამის ორი საათი ხდება, პორტუგალიურ ვარდისფერ ღვინოს ვსვამ, სამაგისტროს ვწერ და ვუსმენ ჩემს უძველეს პლეილისტებს.
ერთადერთი სიტყვა რაც თავში მიტივტივდება არის - 'მყუდრო'
















კიდევ ერთ სიმღერას მოვუსმენ და დავიძინებ!..


Monday, August 18, 2014

ყველაზე ყვითელი მზე - გრანადა


როგორც წესი გამთენიისას რომელიღაც უცხო ქალაქის სადგურზე ჩამოსულს, პირველი საზრუნავი რაც მიჩნდება ყავის დალევაა. ჟენევაში ჩასვლამდე პირველი ყავა ჯერ კიდევ ლაიფციგის ბანჰოფზე დავლიე. ბარსელონაში სადღაც მეტროს სადგურში ორმოცდაათევროიანის დასახურდავებლად ნაყიდი ყავა შემხვდა, გრანადაში კი მივუყვებოდი ქუჩას ცენტრისკენ და ვეძებდი კაფეს, სადაც კარგად მოვკალათდებოდი, მატარებელში ნანჯღრევ ძვლებს დავასვენებდი და ტელეფონს დავტენიდი.

ორი-სამი კილომეტრის გავლის მერე ერთ-ერთი შენობის კუთხეში წავაწყდი იდეალურ კაფეს  ხალისიანი მომსახურე პერსონალით. ჩემი რჩევაა - თუ სადმე უცხოენოვან ქვეყანაში წახვალთ, მითუმეტეს თუ ამ ქვეყნის პროვინციული ქალაქების ნახვასაც აპირებთ, აუცილებლად ისწავლეთ ერთი-ორი სიტყვა იქაურ ენაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემი ათსიტყვიანი ესპანურის მარაგი როგორ გამომადგა.
ვიყავი უზარმაზარ სავარძელში ჩაფლული და ნება-ნება შევექცეოდი უზარმაზარ კრუასანს.
ყავა დალეულია, ჰოსტელამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მოვიკიდე ზურგჩანთა და გავუყევი ქუჩებს. მზე ისე ანათებს და ცა ისეთი მოკრიალებულია, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ სადღაც გერმანიაც არსებობს ამქვეყნად თავისი რუხი ღრუბლებით. გრანადა ძალიან კომფორტული ზომის ქალაქია, ეგრევე რომ უღებ ალღოს და თავს შინაურულად გრძნობ. მივუყვებოდი მარმარილოთი მოპირკეთებულ ტროტუარებს და ვფქირობდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების რაღაც ნაწილს და ვხატავდი და ვხატავდი.


შუადღისას, დაახლოებით პირველიდან ხუთამდე სიესტაა, ყველაფერი დაკეტილია, თითოოროლა ლუდის ბარია ღია და ქუჩაში ორიოდე გადღაბნილი ლანდი მოძრაობს. მე კიდევ ვზივარ ამ დროს ღია ბარში, ვსვამ ადგილობრივ წითელ ღვინოს და ვგრძნობ როგორ უთანაბრდება ჩემი სხეულის და ჰაერის ტემპერატურა ერთმანეთს და ნელ-ნელა როგორ გარდაიქმნება ყველაფერი და მეც მათ შორის ერთ მთლიან მასად და სიზმრისეულ  მდგომარეობაში გადადიხარ.

მშია!..

ყველაზე სახალისო ნაწილი მოგზაურობისას ჭამაა. როცა მენიუში ნახევარზე მეტი არ გესმის რა წერია, პერსონალი შენ ესპანურზე უარესი ინგლისურით ლაპარაკობს და ბოლოსდაბოლოს შეკვეთას როგორღაც აძლევ და ზიხარ და მოუთმენლად ელოდები რა ამოგივა. ვიტყოდი, რომ - "ordering a food in a foreign countries is like a box of chocolates you never know what you're gonna get"
ესპანეთში მიმტანები ისე გემსახურებიან, თითქოს შენს გარდა ათასი საქმე აქვთ კიდევ გასაკეთებელი, თუმცა შენ იმდენად განსაკუთრებულად მიგიჩნიეს, რომ რამდენიმე წუთით ყველაფერი გვერდზე გადადეს და ახლა შენ წინ დგანან სრულ მზადყოფნაში თავიანთი სამხრეთული ღიმილით.


საღამოს მეორე დღე იწყება. მე მივუყვები ვიწრო თეთრკედლებიან საოცრად მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, რომელბიც არასოდეს მთავრდება და აუცილებლად სადმე გაგიყვანს. აქ ძალიან სწრაფად ღამდება. მზის ჩასვლიდან ნახევარ საათში უკვე სიბნელეა. არაბულ ქუჩაზე ვხვდები, მთელ ჩაყოლებაზე პატარა ფერად-ფერადი ნივთებით და ლამპებით სავსე მაღაზიებია. კუთხეებში გიტარაზე უკრავენ. აქაც ყველაფერი სიზმარივითაა.

ოცდაოთხ საათს ატარებ ამ ქალაქში და ხვდები, მარკესმა რისი მიხედვით დაწერა "მარტოობის ასი წელი", თუმცა გრანადას არაფერი აქვს საერთო მაკონდოსთან გარდა სიზმრისეულობისა და სიესტისა. გრანადა ბედნიერია და არაფერი ესაქმება მარტოობასთან და მელანქოლიასთან.
მახსოვს მთელი იქ ყოფნის პერიოდში თავისდაუნებურად წელში გამართული დავდიოდი და სულ მეღიმებოდა, შინაგანად იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

ანდალუსია არის დედამიწის ნაწილი, სადაც დაუნანებლად ანათებს მზე და მზის ჩასვლისას ყველაზე ლამაზი ფერთა გადასვლას ხედავ რაც კი ოდესმე გინახავს, იისფრიდან ყვითლამდე. ცა არის ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი ფერადი ძილბურნების ფერი, თვალმოუწყვეტლად უყურებ და თვალების დახამხამებაც კი გენანება.

Ah Granada! my love...


Saturday, July 19, 2014

ნაშუადღევის პერმანენტული ძილბურანი

გამაბრუებელი მზეა გარეთ, ტომ სოიერის ნაშუადღევის სკოლას მახსენებს...
ნაყინის ჭამის თავიც არ მაქვს. ბოლო ერთი თვის ძილბურნიდან გამოსვლის კვირაა
აივნის თეთრი კედლებიდან არეკლილი სხივებით განათებული ოთახი... როგორმე ლისაბონამდე უნდა ჩავაღწიო... 

Sunday, May 25, 2014

თარიღები - ოთხი თვე

გუშინ შილერშტრასეზე ჩავლისას ერთერთ აბრას მოვკარი თვალი, რომელზეც რაღაც ივენთის თარიღი ეწერა X.08 - X.09.2014 და მივხვდი, რომ სულ მალე გამოჩნდება აბრები თარიღებით X.10.2014


და მერე თბილისში ჩასული, სუპერმარკეტებში შესვლისას ისევ ვიგრძნობ გერმანიის ნოსტალგიას

Alexander - bad bad love აივნის სიმღერა

Sunday, April 6, 2014

ხუთი წლის შემდეგ

არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დასმულა, თუ როგორ და სად წარმოგიდგენია შენი თავი ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ? რას გინდა მიაღწიო, რა გქონდეს, სად იყო, ვისთან ერთად იყო და ა.შ.

სინამდვილეში კი რაღაც მომენტიდან უკვე იმ ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ მდგომარეობაში იმყოფები და ხვდები, რომ ეს გაცილებით უფრო მაგარი გამოწვევაა, ვიდრე ოცნების დონეზე მომავალზე ფიქრი.

ოთხშაბათს ვიდექი მაინის სანაპიროზე, ზუსტად იმ ხიდის ქვეშ და სწორედ იმ ხუთი წლის შემდეგ მდგომარეობის განცდას ვყავდი შეპყრობილი.


ფრანკფურტში ავტობუსით წავედი, ღამის ათი საათი ხდებოდა ცათამბრჯენები რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე. ვუახლოვდებოდი და უფრო და უფრო მიხაროდა მათი დანახვა. და როგორც კი ავტობუსიდან გადმოვედი და ჰაუპტბანჰოფზე შევაბიჯე მეტროს ხაზზე ჩასასვლელად, მივხვდი, რომ ბერლინი არ არის ჩემი ქალაქი, რომ ფრანკფურტი გაცილებით მირჩევნია და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კრიმინალურ ქალაქად ითვლება გერმანიაში, იქ გაცილებით მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ბერლინში. ფრანკფურტს სულ სხვა ენერგია აქვს, ახალგაზრდული და მიზანსწრაფული, მეტი ფული, ოფიციალური გარეგნობა და ძალიან საქმიანი და სწრაფი ტემპი.

ჩასვლის მიზანი - ლუმინალეს კვირეული და მის ფარგლებში გამართული მედია არქიტექტურის სამიტი და ვორქშოპი.

დღის განმავლობაში სამიტზე ვიყავი, რომელიც მაინის სანაპიროზე არქიტექტურის მუზეუმში მიმდინარეობდა და შესვენებებს და ზოგადად თავისუფალ დროს მდინარის პირას ბალახზე გაშხლართული ვატარებდი. ამინდი იყო დიდებული! ვიჯექი, ვუყურებდი ცათამბრჯენების ანარეკლს, ამ მუსიკას ვუსმენდი და ამაოდ ვცდილობდი გამომეცნო მდინარე საით მიედინებოდა : )
შებინდებულზე კი ქალაქში დავხეტიალობდი და ქუჩებში გაბნეულ სინათლის ინსტალაციებს ვეძებდი.

ოლივერი, ჩემი მასპინძელი ძალიან საკაიფო ტიპი აღმოჩნდა, დრო თვითონ არ ჰქონდა, რომ ჩემთან ერთად ევლო, მაგრამ სამაგიეროდ ბლომად ღირებული რჩევები მომცა და ჩემი განრიგის მიმართაც ძალიან ლიბერალური იყო.


მთელი ამ ორი დღე-ღემის განმავლობაში ვიარე ძალიან ბევრი ფეხით, ვიმგზავრე ბევრი მეტროთი, სადაც ზოგი ძველი ვაგონი ისეთი ფერადი და საყვარელია, ვეს ანდერსონს რომ ენახა, შემდეგ ფილმს აუცილებლად იქ გადაიღებდა, ვიდექი მთელი წლის სამყოფი დროით შუქნიშნებზე, გადავიღე ორიოდე სურათი, გადავისხი ყავა მაიკაზე, გამოვიტანე ფული დოიჩე ბანკის სათავო ოფისის ბანკომატიდან, ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი სამაგისტრო თემაზე. ხეები ყვაოდნენ და ქუჩებში ფელამუშის სუნი ტრიალებდა.

Thursday, February 20, 2014

ჩვენ ვერასოდეს ვხედავთ რა ჩანს ჰორიზონტზე

ამ ბლოგზე ჩემი პოსტების რაოდენობა და სიგრძე შემცირდა, სამაგიეროდ მეორე ბლოგი ივსება : ) 
ამერიკაში წასვლა გადავიფიქრე და თან რაღაცნაირად მომეშვა. ანუკის ნახვა კი დიდებული იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, მართალია კონტინენტს არ გავცილებივარ, მაგრამ სანამ ევროპაში ვარ ვიყო ევროპაში : ))
მარტი ახლოვდება, გამოცდები ფაქტიურად მორჩა და სტუდენტები გაიკრიფებიან ნელ-ნელა ქალაქიდან და ვაიმარი დაემსგავსება უკაცრიელ კუნძულს. თუ ძალიან მოვიწყინე წავალ ცოტა ხნით ბერლინში და ეგ იქნება : ) Berlin is always a good idea : )

მე კი ველოდები ახალი სემესტრის დაწყებას
ჩემი ბოლო სემესტრია და ბევრი რამეა დამოკიდებული და ბევრი რამეა ჩაფიქრებული
მე კი ვეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო და დავტკბე თითოეული მომენტით : )
სხვა რომ არაფერი, ზაფხული მოდის : ) კიდევ ერთი კვირა და უკვე მარტია, სულაც რომ თოვლი წამოვიდეს, მაინც მარტია, მაინც გაზაფხული ჰქვია 

მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
ზოგადად ხომ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ აი ახლა ვგრძნობ კიდევაც, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

(ეს პოსტი უნდა დავილინკო ხოლმე ჩემი უაზრო-სევდიანი განწყობების დროს, აი როგორიც მაგალითად წინა პოსტია : ))


Friday, January 31, 2014

It's a matter of processes

მე ისევ ისე ვცდილობ დილით ადრე გაღვიძებას
ხან გამომდის, ხან არა, ხან ძალიან არა : )
მე ძალიან მიყვარს, როცა ლექცია ათის თხუთმეტ წუთზე იწყება და არა ცხრაზე და დილით ყავის ყიდვას ვასწრებ.
მე ძალიან მიყვარს ყავა ქაღალდის ჭიქებში
თბილისში რომ ჩავალ, ერთჯერადი ყავის ბიზნესს წამოვიწყებ, ყავა თან წასაღებად და ერქმევა "თან წაიღე". 
მანამდე კი პროცესინგს ვსწავლობ


და ვუსმენ "Portugal.The Man"-ს

Monday, September 30, 2013

what if... ამოარჩიე მოგონება

  ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა ბარში საუბრისას მკითხა, ვთქვათ სიკვდილის მერე მთელი უსასრულობის მარტო ერთ მოგონებაში გატარება რომ მოგიწიოს, რომელ მოგონებას აირჩევდი შენი ცხოვრებიდანო?!
  ასეთ რამეზე იმდენად არასოდეს არ მიფიქრია, რომ საკმაოდ სულელური მოგონება ამოვიჩიე პირველივე გახსენებაზე.
  მერე და მერე მთელი ცხოვრებიდან რაღაც ფრაგმენტები და სიტუაციები ამომიტივტივდა, ვცდილობდი გამეხსენებინა ყველაზე სრულყოფილი მომენტები, რომ იქ დარჩენა მენატრა სულ. და ბოლოს, ნელ-ნელა ერთმა გადღაბნილმა მოგონებამ გადამიფარა ყველაფერი: ძალიან პატარა ვიყავი, შეიძლება ჩემი მახსოვრობის პირველი ფრაგმენტიც კია, ტყვიავში ვიყავით ყველა, მთელი ჩემი ნათესავები, ჩვენ ძველ სახლში, იყო ზაფხული, ყველა იღიმებოდა და ჩემი თავი მახსოვს სახლიდან ეზოს კარამდე როგორ მივრბოდი ხეივნის ჩრდილებში მარწყვებიანი ყვითელი კაბით.


  თქვენ რას ამოარჩევდით?

Sunday, September 8, 2013

tête-à-tête with Köln

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ჯგუფელმა ერთ მშვენიერ საღამოს მომწერა, თუ გცალია 7-8 სექტემბერს კიოლნში რომ წამომყვე, შენი დახმარება მჭირდება, ყველა ხარჯს მე ავიღებ საკუთარ თავზე-ო.
: )
  რა შეიძლება დამევალოს ამქვეყნად ისეთი, რომ კიოლნში წასვლაზე, მით უმეტეს სხვისი ხარჯებით უარი ვთქვა.
 არ ვიცი რას შევადარო ის შეგრძნება, რაინის სანაპიროს რომ მიუყვები უკვე და რაღაც თბილი რომ გეღვრება და ბონს რომ გასცდები და უცებ აფიქსირებ, რომ კისერწაგრძელებული დამჯდარხარ და ერთი სული გაქვს შორს კათედრალის სამრეკლოებს როდის მოჰკრავ თვალს.

  კიოლნში წვიმა დაგვხვდა, წვიმა და დომი, ისევ ისეთივე დიდებული და შთამბეჭდავი, როგორიც დავტოვე.


  გუანლინგს მივყვებოდი და უკან-უკან ვიხედებოდი, გაფელ კიოლშიდან ჩვეული ღრიანცელის ხმა გამოდიოდა. ვერც კი შევნიშნე თავი ექსელსიორ ჰოტელში როგორ ამოვყავი სხვა ჩინელებთან ერთად. ვახშმამდე ნომერში ავედით, ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა, თუ იმას არ ჩავთვლი, რომ დროდადრო ჩემი სახელი და ჯორჯია მხვდებოდა ყურში. ერთადერთი ინგლისურად მივიღე საჭმელზე შემოთავაზება და კომპლიმენტი, რომ ლამაზი ვარ. გუანლინგმა თავიდანვე მითხრა, რომ ჩინელებს ძალიან მოსწონთ დიდთვალება, თეთრკანიანი, მაღალი გოგოები : )
  მე ვიჯექი ფანჯარასთან სავარძელში, მაგიდა ერთჯერადი ჩინური საჭმლის პაკეტებით იყო სავსე, რამდენიმე გავსინჯე, ვუყურებდი წვიმიან ქუჩებს, მოპირდაპირე შენობებს, საწვიმრიან ტურისტებს და მყუდრო ნაცრისფერ ცას.


  ვახშმად უახლოეს ჩინურ რესტორანში წავედით, ვსინჯავდი ყველანაირ უცნაურ საჭმელს და სულ არ მანაღვლებდა თანამესუფრეების უსაშველო პირის წკლაპუნი.
  უკვე სიბნელე იყო ჩვენი სასტუმროსკენ რომ გავუყევით გზას, ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ წარმოუდგენელი იყო ნოიმარკტამდე ფეხით გასვლა. ისევ მეტროთი გავედით და იქიდან ტრამვაით გავაგრძელეთ გზა. ჩვენი სასტუმრო აღმოჩნდა ისე შორს, რომ სატრანსპორტო რუკის მიხედვით ქალაქის საზღვრებს სცდებოდა და ზუსტად ორი გაჩერების შუაში იყო. უკვე ათს იყო გადაცდენილი ტრამვაიდან რომ ჩამოვედით. სულიერი არ ჭაჭანებდა გარშემო არათუ ტაქსი, გაჩერებაზე რუკაც კი არ იყო გაკრული.
  ჩვენდა ბედად ჩემს ძვირფას სატელეფონო ოპერატორს მაინცდამაინც ამ შაბათ-კვირისთვის მოუნდა ჩემთვის უფასო მობილური ინტერნეტის ჩუქება და გუგლ-მეპის წყალობით უზარმაზარი საავტომობილო საწყობების გასწვრივ ნახევარსაათიანი სიარულის მერე როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო ან ჰოსტელი კი არა, იაფფასიანი მოტელი აღმოჩნდა, სადაც სავარაუდოდ მძღოლები და მანქანით მოვაჭრეები ათევენ ღამეს, სადაც ოთახში ფანჯარას თუ დახურავდი იხუთებოდა და თუ გააღებდი გვიანობამდე ყაყანის ხმა აღწევდა. სველი წერტილები ცალკე საოცრება იყო. საბედნიეროდ ოთახში ხელსაბანი გვქონდა და პირის დასაბანად მაინც არ გვიწევდა გარეთ გასვლა.
  მოკლედ როგორც იქნა გავათენეთ ღამე და გამოვაღწიეთ დილით იქიდან. ისევ მოღრუბლული იყო და ცრიდა. ამჯერად გაჩერებამდე მისვლას მარტო თხუთმეტი წუთი მოვანდომეთ, სამაგიეროდ ტაბლოზე დაგვხვდა, რომ შემდეგი ტრამვაი ოცდაცხრამეტ წუთში მოვიდოდა და იმის შემდეგი ოთხმოცდარაღაცაში. ჰოდა ვისხედით და ვამთქნარებდით ლოდინში. მე უკვე ნახევრად ძილში ვიყავი წასული და ბანჰოფის სტარბაქსის ყავა მელანდებოდა.
  სამწუხაროდ უკვე გვაგვიანდებოდა და რუდოლფპლატცზე ხელთმოხვედრილი რიგითი ყავით მომიწია იოლად გასვლა.

  როდის-როდის მივაღწიეთ დოიც-მესსემდე, სადაც ჩინური წარმოების ბაღის ავეჯის დიდი სავაჭრო გამოფენა ეწყობოდა. ჩემი დავალება იყო კონკრეტული კომპანიის სტენდებთან მივსულიყავი უცხოელი (ამ შემთხვევაში არაჩინელი) საქმიანი ქალის იერით, როგორც ერთერთი გერმანული კომპანიის წარმომადგენელი და კატალოგები, ფასები და  საკონტაქტო ინფორმაციები გამომერთმია.
ორი საათის განმავლობაში მოვიარე მთელი ტერიტორია, ველაპარაკე უამრავ ადამიანს, დიდის ამბით ვფურცლე კატალოგები და ვსინჯე პროდუქციის მატერიები. საბოლოოდ კატალოგებით სავსე ჩემოდნით მივაღწიე ჩვენ სტენდამდე და უკან წამოსვლამდე დარჩენილი ოთხი საათის ქალაქში გატარება გადავწყვიტეთ. მოვიარეთ ახლომახლო ქუჩები, შილდერგასეს ჩავუყევით, სადილად ისევ ჩინურ რესტორანში ამოვყავი თავი დომის გადასწვრივ. და ზოგადად ამ ორ დღეში ძალიან დიდი რაოდენობით ჩინეთი მივიღე.


  წამოსვლამდე ნახევარი საათით მაინც მოვახერხე მარტო დარჩენა ჩემ ქალაქთან, tête-à-tête...
  გარეთ ამშრალი იყო, მოედანი სავსე იყო მოსეირე ხალხით. ჰაერში ფეხმორთხმით მჯდარი კაცი ადგილზე დამხვდა, ბრონზის ადამიანებიც იქვე ისხდნენ, ლუდვიგის მუზეუმისკენ ჩემი კიოლნის პირველ საუნდტრეკსაც კი უკრავდნენ. იმ სანაყინესთანაც ისევ ისე იდგა რიგი. ახლა, გერმანიაში ცხოვრების ერთი წლის მერე სულ სხვა და თან ზუსტად იგივე თვალით ვუყურებდი კიოლნს.


არსებობს ამქვეყნად ერთადერთი ქალაქი, სადაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ ადგილას, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
ისევე, როგორც არსებობს ერთადერთი ბიჭი ამქვეყნად, ვისთანაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ მედ, ზუსტად ისეთად, როგორიც ვარ და ეს ძალიან კომფორტულია.
so far...

ეს ჩემი ქალაქია! ელეგანტური, სუფთა, ჭუჭყიანი, დარტყმული, მდიდარი, ბომჟი, ლამაზი, უშნო,  გონიერი, მეგობრული, აგრესიული, შეშლილი, უდარდელი, სიცოცხლით სავსე, დიდებული, მოუბეზრებელი, თვითმყოფადი, მყუდრო, თავისუფალი, ემოციური, ხმამაღალი... ყველაფერი ერთად...

მე კი აუცილებლად ჩავიყვირებ ჩემ მომავალ დაბადების დღეზე ვაიმარის მერე კიოლნში პრაქტიკის და სამუშაოს პოვნაზე სურვილს...
რაიცი და ახდეს!..

P.S. სხვათა შორის ეს არაა ის ბიჭი, ვიზეც ყველამ გაიფიქრეთ : )
 

Tuesday, July 2, 2013

Sehr geehrte Frau Giguaschwili...

  მთელი ვაიმარი საგამოცდო ციებ-ცხელებას ჰყავს შეპყრობილი. ის პერიოდია, როცა სიტყვა "summary" უფრო და უფრო ახლოდან ისმის. უნივერსიტეტში ყველა სტუდია სავსეა სტუდენტებით და გვიან ღამემდე შუქი გამოდის ფანჯრებიდან. პლოტერები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, მთელი უნივერსიტეტი ფუტკრის სკას ჰგავს, რომელიც 11 ივლისს მთელ თავის ნამუშევრებს გამოჰფენს, დათვრება და ამის შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში მთელი ქალაქი დაცარიელდება.
  ბილეთები ვიყიდე საქართველოსკენ და უკან და ერთი სული მაქვს უკვე როდის ჩავალ. ღმერთო! როგორ ველოდები! გერმანიაში წამოსვლაზე არანაკლებ, ამდენი ხნით არასოდეს არსად არ ვყოფილვარ წასული და საშინლად მაინტერესებს, იქ ჩასული როგორ აღვიქვამ ყველაფერს, მთელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მოლოდინებით და იმედგაცრუებებით, სიხარულებით და დათრგუნვებით.
აქ ზაფხულს როგორც იქნა მგონი დაადგა საშველი, თუმცა სამი დღის წინ ღამით ისევ 9 გრადუსამდე ჩამოვიდა ტემპერატურა, თუმცა გათბობა პრინციპის გულისთვის აღარ ჩამირთავს.


რაც შეეხება ჩემს ველოსიპედს, დღეს ალექსმა დამიბერა ბორბალი და პირველი გასვლა მოვაწყე ქალაქში. მივქროდი ქუჩაში და ვფიქრობდი: "რა იცის ახლა ამ ხალხმა ეს-ესაა რა ბედნიერმა ადამიანმა ჩაუარა გვერდით-თქო, იმათთვის ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი რიგითი ველოსიპედისტი ვარ, არადა არ იციან, რომ ეს ჩემი პირველი საკუთარი ველოსიპედია და დიდი ხნის ოცნების ასრულების მომენტში ვიმყოფები."
თუმცა მაინც მოვახერხე გოეთეპლატცზე ტროტუარზე არასწორად ასვლა, ველოსიპედი მომიხოხდა და ფეხიც ვიტკინე.

ჰო, და კიდევ: "Sehr geehrte Frau Giguaschwili, Ihr Stipendium wurde verlängert!.."

Sunday, June 9, 2013

ეს ორი დღე

ეს ორი დღე 
შაბათი - მუზეუმების ღამე ვაიმარში, მზიანი და ხალხით სავსე
ის მომენტი, როცა ქალაქის უამრავი პაწაწინა იდუმალი კარი შუაღამემდე შენთვის იღება

სამრეკლოდან დანახული ვაიმარი
ყველა ეზოდან ცოცხალი მუსიკის ხმა ისმის, ხალხის სიცილი და ჭურჭლის წკარუნი
გვიანობამდე ქალაქში ხეტიალი
ივნისი - როცა ყველაზე გრძელი საღამოებია

ღამე - ოფენ ეარი სადღაც ზემოთ, ვაიმარის თავზე
ნაცნობი და შემთხვევითი ხალხი
გზის არევა და ორი საათი ღამის მინდვრებში ხეტიალი, ვარსკვლავიანი ცა და მუსიკის ხმის მიყოლა
დილამდე მუსიკა, ცეკვა და შენნაირი ხალხი
თავზე დათენება, და დაუჯერებლად ლამაზი მზის ამოსვლა, ოდნავ ნისლიანი ყვითელი ფერდობები, გრძელი გზა სახლამდე, ბელვედერის ხეივანი, უბრალოდ გზად გაცნობილი ხალხი, დილის ექვს საათზე გამომცხვარი მაჭკატების ჭამა
სახლში დაბრუნება



სამი საათი ძილი
ბექ-ფაქტორის ყავა და ყველიანი ფუნთუშა
პრაინის ფოტოგადაღება
ბევრი გოგო და ერთი შიშველი ბიჭი
წვიმაში სახლისკენ სეირნობა
ნამძინარევი, ოდნავ გაბრუებული
ძეხვიანი ბუტერბროდი

ისევ ძილი

ის მომენტი, ყველაფრის დამახსოვრება საჭირო რომ არ არის, უბრალოდ ემოციებად რომ ილექება სხეულში

Sunday, February 3, 2013

სანამ ჩემს მეზობლებს სძინავთ და კარი ვიღაცას ღია დარჩენია

  ძილობა მჭირს, სულ ძილი მინდა, ამ შაბათ-კვირის განმავლობაში უკვე მეექვსედ ვიძინებ, მე კი ვიცი, რომ ეს ზამთრისგან და გამოცდებისგან თავის დაღწევის მცდელობის სიმპტომებია, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ, სხეულს ღვიძავს, ტვინი კი სულ გამათბობელთან მითბუნებულ მატრასზე ფიქრობს.


  ეს ბოლო დღეებია მონატრებებიც დამემატა, ადამიანების და ადგილების. საქართველო მენატრება და ვხვდები, რომ აქედან, ნახევარი წლის უნახავზე კიდევ უფრო მიყვარს. მერე მეშინია, რომ როცა ჩავალ თვალწინ არ დამემსხვრეს ეს მოლოდინი და დიდი იმედგაცრუება არ დამხვდეს-თქო, თბილისი მართლა უდაბნოში დანახულ მირაჟს არ ჰგავდეს, რომელსაც ერთხელ ერთმა მეგობარმა შეადარა. მერე ვფიქრობ იმ უჩვეულო გრძნობაზე სამშობლო და მისი მონატრება რომ ჰქვია და ვერაფრით გამიგია როგორ და რისთვის გამოიგონეს საერთოდ. მერე მიხარია, რომ სადღაც ამ ქვეყნად არსებობს ჩემი საკუთარი მიწის ნაგლეჯი, სადაც ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავიდე და ბაღის ბოლოში ვაშლის ხეების შრიალში მზეს მივეფიცხო და სადაც თავს მართლა საკუთარ სახლში ვგრძნობ. და მერე მეშინია, რომ ერთერთი მორიგი პოლიტიკური სვლის შედეგადეგ ჩემი მიწის ნაგლეჯი ჩემი აღარ იქნება და სიბერეში ძვლების გათბობა სადმე სტუმრად მომიწევს. მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი მოგონებები და სევდიანი სითბოებია ადგილებს რომ აძვირფასებს. საინტერესოა უცებ მთელი გონება რომ გამომერეცხოს და ყველაფერი დამავიწყდეს, ის ადგილები რამე ემოციას თუ გამოიწვევენ ჩემში.
  და კიდევ კიოლნი მენატრება, მესიზმრება კიდეც, რუდოლფპლატცი ტრამვაითი და ნაყინებით.
  მე კი ვგრძნობ, რომ ძალა მეცლება უკვე და უფრო სენტიმენტალური ვხდები, ღიმილი მეზარება და თუ ზამთარი მალე არ დამთავრდა, ცოტაც და კირსტენ დანსტს დავემსგავსები მელანქოლიიდან.
  ახლა კი ჩემი ახლადდაბანილი თმის სურნელსა და პარასკევს ნაყიდ უფერადეს, უჯრულა ადიელაში გახვეული ვცდილობ ხუთშაბათს ჩასაბარებელი დავალება დავწერო, თუმცა თავისდაუნებურად პოსტი შემომეწერა ამასობაში.
  თებერვალი და მარტი ყველაზე ძნელი გადასატანია, უკანასკნელი ძალებით რომ ცდილობ აღდგომამდე მიღწევას.
  და კიდევ ვხვდები, რომ ის მეგობრული გულითადი საუბრები მომენატრა ფეხებმოკეცილი რომ ზიხართ და ემოციებს რომ უზიარებთ ერთმანეთს და ის რაღაც ოდნავ მისტიურობით გაჟღენთილი გარემო. სკაიპით არ გამოდის : |
  მალე მოდი ზაფხულო, მალე მოდი ზაფხულო...




Tuesday, December 11, 2012

ახალი სურვილების დროა!..

მოახლოვდა შობა
  გარეთ ეს დღეებია სულ თოვს, ტემპერატურა უკეთეს შემთხვევაში დღისით ერთ გრადუსამდე იწევს, ღამით კი -10 -მდეც ჩამოდის, შესაბამისად დღისით ჭყაპია, ღამ-ღამობით კი ხრაშუნა ყინულად გადაიქცევა ხოლმე.


  მე ვატარებ ჩემ დღეებს მშვიდად და სასიამოვნოდ, ჩემი ოთახი ძალიან თბილი და მყუდრო აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი გარემოა მე რომ მიყვარს, შიგნით ყვითელი შუქი და ფანჯრებში ლურჯი პეიზაჟი. ჩართული მაქვს მუსიკა, გვერდზე მოდგმული მაქვს რამე ცხელი სასმელი და ვმუშაობ ჩემს პროექტზე, რომელიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება რაც უფრო წინ მივიწევ.
  ვგიჟდები ჩემს სამუშაო კუთხეზე, შუაში ლეპტოპი ფოტოშოპით, გვერდებზე ქაღალდების და ბლოკნოტების გროვა იდეებით, მონახაზებით და შენიშვნებით სავსე. რამდენიმე ცარიელი ჭიქა და ფერადი კალმები. ტვინი დაქოქილია და ამიტომ საღამოობით დაძინება მიჭირს.
ჩემი დაბადების დღის გლინტვეინი

ამ რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა, მაგრამ მე ხომ ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ კვირებში გავხდი 24 წლის

ორ კვირაზე ერთი დღით ნაკლები დარჩა ჩემს ბერლინში ჩასვლამდე. ვერ წარმოიდგენთ როგორ ველოდები ამ არდადეგებს. უბრალოდ ვცდილობ არ ვიფიქრო ჯერ მაგაზე, იმიტომ, რომ ჯერ აქ ვარ და ჩათვლები მაქვს ჩასაბარებელი. თან არც მიმჩნია, რომ წინასწარ ფიქრი საჭიროა, ჩავალ და როგორიც დამხვდება ისეთით ვიქნები ბედნიერი.

ახალი სასიამოვნო დეტალები მაქვს - ცხელი კაკაოს ჭიქაჩაბღუჯულს თოვლი რომ გეყრება სახეში : )
აღმოვაჩინე, რომ ზამთარშიც შეიძლება იყო ბედნიერი, იმდენადაც კი, რომ უცებ ნაძვის ხის ქვეშ სურვილის ჩასაფიქრებლად დამდგარს თავში არაფერი მოგივიდეს აზრად.
ჰმ... ახალი სურვილების მოფიქრების დროა...

ამ დღეების ამოჩემება - ინტერნეტრადიოს female არხი და ეს სიმღერა

Thursday, October 18, 2012

ნოსტალგიების ქალაქი

  უკვე რამდენჯერ გავიმეორე არც კი ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაიმარი არის ძალიან პატარა ქალაქი და თბილისი და კიოლნის მერე განსაკუთრებით გეპატარავება. თუმცა რა თქმა უნდა პატარა ქალაქები მისწრება სწავლისთვის, გინდა თუ არ გინდა გასართობი მაინცდამაინც ბევრი არაფერია და კონცენტრირებული ხარ სწავლაზე. შესაბამისად ზომისა, მაღაზიების რაოდენობაც პირდაპირპროპორციულია და თუ რამის ყიდვა გინდა ჯობია ერფურტში გადახვიდე. ჩვენ ტურინგენელ სტუდენტებს სხვა მრავალ ფასდაკლებასთან ერთად უფასოდ შეგვიძლია მთელ ბუნდესლანდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჰოდა შეგიძლია უბრალოდ თავისუფალ დროს ვაგზალზე აირბინო, რეგიონალბანის მარშრუტი გაარკვიო და 15 წუთში ერფურტში ამოყო თავი.

ჩვენი მთავარი ქუჩა ვაიმარში
  ჰოდა ზუსტად გუშინ გავაკეთე იგივე. ერფურტი აღმოჩნდა ქალაქი, რომელმაც პირღია დამტოვა. არ ვიცი საიდან, როგორ, მაგრამ თუ კი ოდესმე რამის ნოსტალგია გამჩენია, ყველაფერს ამ ქალაქში მოუყრია თავი. არ ვიცი მონაცრისფრო ცის და ჩამავალი მზის ბრალი იყო თუ ნელნელა ანთებული ლამპიონების თუ ტრამვაის გავლისას რელსების ოდნავი სრიალის ხმა თუ ერფურტის ტაძრის დიდი მწვანე სახურავის, მაგრამ მივუყვებოდი ქუჩას და მთელი ჩემი ნოსტალგიები თან დამყვებოდნენ.
  აქ იყვნენ ის ამოუცნობი რუსული ნოსტალგიები, ბავშვობაში წაკითხული წიგნების განწყობები, მზიანი ტყის ფერდობები, აქამდე გავლილი ქუჩები, საღამოს ბინდის მსუბუქი მელანქოლიები, ჭიშკრიანი სახლები, ბებიების ოქროსფერფოთლებიანი კაბების ლანდები, ახლადგამომცხვარი თონის პურის სუნი, გვერდზე ჩავლილი წყნარი ლაპარაკები, გვერდით ოთახში ანთებული სინათლეები და კიდევ ათასი აბსტრაქტული შეგრძნებები.
  კარგა ხანი ვიბოდიალე მაღაზიებს და ნოსტალგიებს შორის და შეღამებულზე სახლისკენ გამოვბრუნდი. აქ ჩამოსულს ვაიმარი კიდევ უფრო მეპატარავა და ის-ის იყო მოწყენას ვაპირებდი, ფბ-ზე ჩემმა ჯგუფელებმა ივენთი დადეს : ) ერთ-ერთთან ვიკრიბებოდით. ჰოდა მეც წამოვავლე პირველ შემხვედრ ლუდს სუპერმარკეტში ხელი და გავწიე მათკენ : )


  და კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის ძალიან მაგარი. წიგნების საცავზე და კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ აქ არის პატარა ოთახები, რომლებიც შეგიძლია დაჯავშნო და წყნარად და აბსოლუტურად კონცენტრირებულმა შენი პროექტის თეორიულ ნაწილს თავი უბრახუნო, თან ხმის საკმაოდ კარგი იზოლაციის წყალობით გვერდით კაბინეტებში მსხდომებიც არ შეაწუხო.
  ჰოდა მოკლედ პაწაწინაა ეს ქალაქი, მაგრამ ვატყობ კიდევ უამრავ საინტერესო რაღაცას შემომთავაზებს.
  ჰოდა ვნახოთ!.. : )

ჰო, ადრეც ვთქვი - "მებრძოლთა კლუბი" ვიყიდე გერმანულად, და როგორც კი დროს ვიხელთებ უნდა წავიკითხო, ისეთი კარგი შრიფტით წერია და ისეთი კარგი სუნი აქვს : )