Sunday, August 26, 2012

- Are you sterdam? - I am sterdam! : )

  თუკი ვინმე მკითხავს ამსტერდამზე აზრს, დაუფიქრებლად მივანიჭებ შეშლილი ქალაქის სტატუსს, აბსოლუტურად ყველაფრით და ვერც ვერავინ შემეკამათება.  ამსტერდამში მართლა ყველაფერი შეშლილია, შენობები, ხალხი, ფასები, ამინდი, განსაკუთრებით ამინდი და ყველაფერი ერთად ერთ დიდ არეულ-დარეულობას ქმნის.


  ჩასვლისთანავე უზარმაზარ ხალხის მასაში ჩავყვინთეთ, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით, გზა გაგვეგნო და დღის გეგმა დაგვესახა, მოკლედ ტიპური ტურისტები ვიყავით რუკებით, ფოტოაპარატებით და დაბნეული სახეებით.
  ამინდი იყო საოცარი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ამქვეყნად ეგეთი უთავბოლო და არანორმალური წვიმა თუ იარსებებდა. აქაოდა ამსტერდამელი წვიმა ვარო და ყოველ ათ წუთში ერთხელ კოკისპირულად უშვებდა, ორ წუთს გაგრძელდებოდა და მერე ისევ მზე გამოანათებდა. კიდევ გასაკვირია ქალაქი ამდენ ხანს რომ არ ჩაიძირა. პირველ დღეს შორტები მეცვა, რომლის გამოცვლაც ვერაფრით ვერ მოვახერხე და რომ არა ცხელი ყავა და მოგვიანებით ლუდი (პირადი აზრით ამსტელი ჯობია ჰაინეკენს), გაცივება არ ამცდებოდა.
  პირველ პუნქტად დასახელდა რაღაც ბაზრობა, რომელიც რაღაც პერიოდში ერთხელ იმართება და ერთ-ერთს ძალიან უნდოდა იქ მოხვედრა. აი სწორედ მანდ ვეზიარეთ პირველ ამსტერდამული წვიმის მადლს. ქუჩის გადაჭრისას, სანამ ერთი მწვანე შუქი გავიარეთ და მეორეს მოლოდინში კნძულზე შევჩერდით, მაშინ დაუშვა შხაპივით წვიმამ და ვიდექით კუნძულზე ქოლგებით შემოჯავშნულები და  წითელი შუქის ჩაქრობამდე წასასვლელი აღარსაით გვქონდა. სანამ ქუჩა ბოლომდე გადავკვეთეთ და ფარდულებს თავი შევაფარეთ მზემაც გამოანათა. ფარდულებში დიდად საინტერესოს ვერაფერს წავაწყდით გარდა მწვანე ჩუპა-ჩუპსებისა.
  მოკლედ, როგორც იქნა ვჭამეთ შედარებით იაფ თურქულ კაფეში და დავიშალეთ ინტერესებისდა მიხედვით.
  პირველი ჩემი მუზეუმი აღმოჩნდა ანა ფრანკის სახლი. გინდ ასე, გინდ ისე აუცილებლად ჩავთვალე მენახა ის ადგილი რეალურად, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩემებურად წარმოსახული არსებობდა და მთელი წიგნის კითხვისას და მერეც ამ წარმოსახულ სივრცეში მიმდინარეობდა მოვლენები. ნეტა ყველა წიგნის ახდენა  ეგრე შეიძლებოდეს, ისიც მეყოფა სალტკროკას და ვილა ყიყლიყოს რომ ვერასოდეს ვეღირსები : )
  შემდეგ იყო ნავით ტური ამსტერდამის არხებში. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ღირდა. ამასობაში არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ ათ, უკეთეს შემთხვევაში თხუთმეტ წუთში ერთხელ ბუნებრივ ცივ შხაპს ვიღებდით.
  ბოლოს უკვე თავიდან ფეხებამდე სველები და გაყინულები, ვისხედით ერთ-ერთ კაფეში ფანჯარასთან, ცხელ ყავას ვსვამდით და ვგრძნობდით როგორ თბებოდნენ ერთმანეთის მიყოლებით ძარღვები.
  და ამის შემდეგ, უკვე შეღამებულზე გავწიეთ ყველაზე დიდ მაგნიტად წოდებულ, ქაოსისა და სიბინძურის ბუდისკენ, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს.  სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგა "კოფი-შოფების" სანაპიროდან იმ ვიწრო შესახვევში და თავს ამოყოფ ათასნაირი ადამიანით შეზავებულ უწყვეტ ნაკადში, ნახევრად განათებულ, პლანის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილ ქვაფენილიან ვიწრო ქუჩებში, კუთხეებში მდგარი ნარკოტიკების გამსაღებლებით და ფანჯრებში გამოფენილი ქალებით.
  მოკლედ, ყველაფერს რომ მივედ-მოვედეთ და მივხვდით, რომ ფეხზე ძლივსღა ვიდექით, წავლასლასდით ჰოსტელისკენ. საბედნიეროდ დაგვხვდა ძალიან სუფთა და კარგი ნომრები, ოღონდ ჭრიალა საწოლებით. მე მაშინვე ფანჯარასთან მდგარი საწოლის მეორე სართულზე მოვთავსდი. ვიჯექი ფეხებშეკეცილი, ლუდს ვსვამდი და ვიყურებოდი ქუჩაში.
  დილით პირველი ადამიანის ადგომისთანავე საწოლის ჭრიალზე გაეღვიძა ყველას : ) ჩავედით სასაუზმოდ, სადაც მთელი დღის სამყოფი ბუტერბროდები ვჭამეთ, ჩეკ-აუთ სასტუმროდან და გაუდგა ყველა საკუთარ გზას. მე რადგანაც ვერავინ ვიპოვე მუზეუმებით დაინტერესბული, გადავწყვიტე - დიდი ამბავი, თუ ბოლო რამდენიმე საათს მარტო გავატარებდი ქალაქში. არაფრით არ მინდოდა ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების გარეშე დარჩენა.
  თავიდან გავწიე ერმიტაჟისკენ, სადაც შესვლისთანავე რენუარის ქალი შემომეგება, გვერდზე მონეს ბაღში გადავუხვიე, როდენის მოალერსე წყვილებს ვუთვალთვალე, გოგენის გოგონებს ღიმილი გავუცვალე და სეზანის "მწეველს" ცოტა ხანი ჩამოვუჯექი.
  და ბოლო ტკბილ ლუკმად ყვავილების ფარდულების და "I am sterdam" -ის გავლის შემდეგ, ჩემს წინ ვან გოგის მუზეუმი აღიმართა.
  ჰმ... აბა რა გითხრათ, ვან გოგის ნახატები ვნახე ორიგინალში
  პირველად ძველი, ჩაბნელებული დროის ნახატები ვნახე, კარტოფილიჭამიების და გამურული ხალხის პერიოდი, შემდეგ გზად რამდენიმე მოგვიანებით დახატული ტილო და უცებ აღმოვჩნდი დარბაზში, რომელსაც ეწერა "არლი 1888-1889" და იქაურობა ნარინჯისფერი მზით, თავთავებით, ვარდისფერი ატმებით და მზესუმზირებით იყო გამოტენილი. ტანში გამცრა და თვალები ამიწყლიანდა, ყველაფერი იქ იყო, მისი ყველაზე ბედნიერი ნახატები. გვერდზე დარბაზში უფრო გვიანდელი, ნერვიული ნახატები იყო, დიდი საღებავის მონასმებით, ჩამუქებული ცით და ყვავებით სავსე. დავდიოდი და გულში ვიმეორებდი "ჩემი შეშლილი, ჩემი შეშლილი". და ბოლოს, სულ ზევით გზად სურპრიზად დახვედრილი ტულუზ-ლოტრეკის, გოგენის და პარიზელი შავი კატის გავლის შემდეგ, მოვხვდი იმ ნაწილში, სადაც ჩემი საყვარელი მწვანედარაბებიანი "Yellow House"-ა.
  აბა მართლა რა გითხრათ, I'm impressed.
  ჰო, იმას გეტყვით, რომ რიგმა არ შეგაშინოთ, 30-40 წუთით ლოდინი, ხან მზეში და ხან ქარიან წვიმაში ნამდვილად ღირს.
  ხუთ საათზე უკვე უნდა შევხვედროდი ბავშვებს, ერთ-ერთ მაღაზიაში ყველი უნდა დაგვეგემოვნებინა და წამოვსულიყავით გერმანიაში.
  ამსტერდამში პირდაღებული ტურისტი არავის უკვირს, ასე, რომ თავისუფლად ვისარგებლე ტრამვაითი და დაგვიანება თავიდან ავიცილე. რა თქმა უნდა გავსინჯეთ უგემრიელესი, გემრიელზე გემრიელი ყველი, ამსტერდამული ჰაერის და წვიმის ბოლო ყლუპები გადავყლაპეთ და ავტობუსში მოვკალათდით.



  და აქვე რამდენიმე რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ უახლოეს მომავალში აპირებთ მანდეთ წასვლას:
- აუცილებლად გადახედეთ ამინდის პროგნოზს და აუცილებლად აიცილეთ თავიდან წვიმიანი ამინდები.
- აუცილებლად წადით ვან გოგის მუზეუმში
- აუცილებლად გაიარეთ ღამე წითელი ფარნების უბანში
- მცენარეებთან ფრთხილად იყავით
- იქირავეთ ველოსიპედი (რაც ჩვენ შესაფერისი ამინდის გამო ვერ გავაკეთეთ)
- წაიღეთ ბევრი ფული
- აუცილებლად იპოვეთ მაღაზია, სადაც ყველის დაგემოვნება შეიგიძლიათ
- შეარჩიეთ ჰოსტელი, სადაც საუზმეც შედის ფასში
- კიდევ ერთხელ ეცადეთ, რომ არ დაგემთხვეთ შეშლილი წვიმიანი ამინდები
- ასევე გირჩევთ, რომ თუ დიდ ჯგუფთან ერთად ხართ და თქვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ადექით და გაუდექით გზას მარტო და თქვენ ნებაზე შეიგრძენით ქალაქი (დაღამებამდე)



და არა, არ არის ამსტერდამი ჩემი ქალაქი

  უკან დაბრუნებისას გერმანიის საზღვარზე რომ გადმოვედით და გერმანული წარწერები დაიწყო ბილბორდებზე, შინ დაბრუნების გრძნობა დამეუფლა
და უკვე კიოლნში, გაჩერებაზე ვისხედით და ვლაპარაკობდით რა კარგია კიოლნი, მშვიდი, სუფთა, მოწესრიგებული და დღეში ერთხელ წვიმაც ჰყოფნის : )
  და სუუულ ბოლოს, სახლში მოსულმა ჯიბეებში ჩარჩენილი ამსტერდამი ამოვალაგე, ჰერკულესის ფაფა გავიკეთე (ერთადერთი საჭმელი, რაც კვირას საღამოსთვის დამრჩა), ცხელი კარამელის ჩაი მოვიდგი გვერდით და ეს პოსტი დავწერე მანამ, სანამ მთელი ემოციები ჯერ კიდევ ძილს არ გაჰყოლია : )


(Kölner) Dom,მილიი Dom

ამსტერდამში დაკარგვა არც ისე ადვილია

Sunday, August 19, 2012

მაგის დროც მოვა

მოკლედ მინდა დავწერო რამე აქაურობაზე, მაგრამ მეზარება
სავარაუდოდ იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მაგარი ამინდები, მე მყავს ძალიან კარგი ჯგუფელები და არც დრო მაქვს და არც მაინცდამაინც გული მიმიწევს ბლოგისკენ


ამ ამბებს ალბათ ნელ-ნელა მერე დავწერ ამინდები რომ განაცრისფრდება და დღეები დაპატარავდება
ახლა კი მართლა არ არის ამის დრო : )
დღის განმავლობაში 4-5 საათი მაქვს ენის გაკვეთილები, თუ დღის მეორე ნახევარში მაქვს - დილით ცოტა უფრო გვიან ვდგები, ვუყურებ ახალ ამბებს და გადაცემებს გერმანულ არხებზე, საშინაო დავალებას ვაკეთებ, ჩავდივარ სუპერმარკეტში საჭმლის საყიდლად და მივდივარ ინსტიტუტში, გაკვეთილების მერე გავდივართ ქალაქში და რაიმე საინტერესოს ვაკეთებთ.
- თუ დილით მეწყება სწავლა, დაახლოებით შვიდი საათისთვის ვდგები, ცოტა ხნით მომზადების პროცესში ვუყურებ ონლაინ-გადაცემებს, მივდივარ გაკვეთილებზე, მერე იქვე ვრჩები და ვმეცადინეობ და საღამოსკენ ისევ ვგეგმავთ რამეს და ერთად ვატარებთ დროს.
  შაბათ-კვირა, როგორც წესი გვიან გაღვიძების და მხიარული საღამოების დროა
აი გუშინ მაგალითად ჩვენმა მექსიკელმა მეგობრებმა გააკეთეს მექსიკური საჭმელები და ყველანი გვიანობამდე ვისხედით ეზოში და გვქონდა მეგობრული საღამო. ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ ლაპარაკი ჩამოვარდა სიმღერებზე და ყველას რამე უნდა გვემღერა ჩვენს ენაზე : ) მეც რა თქმა უნდა მათ შორის : ))
- ჰო, კარგი, არც ისე საშინელებაც არ ყოფილა, მითუმეტეს როცა შენ მეტმა არავინ იცის ეს სიმღერა, შეგიძლია რიტმი და მელოდია ცოტა აურიო და აღარც ისე ცუდად გამოგივა : )) ცუდად კი არა, ხელმეორედაც კი მამღერეს და ჩემს სიმღერას "exotic and sexy" -ც უწოდეს : ))
მოკლედ ისეთი საღამო იყო, მეგობრები რომ ჩაუსხდებით ეზოში ლუდით ხელში და ზაფხულით ტკბებით
რაც შეეხება დღევანდელ დღეს - ვიყავით წასულები ტბაზე. დღეს მთელი ზაფხულის განმავლობაში მგონი ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და თერმომეტრმა სადღაც 40 გრადუსამდე აჩვენა, შესაბამისად მთელი ქალაქი გაკრეფილი იყო ტბებზე, აუზებზე და პარკებში.


ტბაზე იყო უამრავი ხალხი, უუამრავესი, წყალი იყო ძალიან სუფთა, უსუფთავესი, სანაპიროზე იყო მწვანე მოლი და წყლის პირას თეთრი ქვიშა, სამაგიეროდ თვითონ წყალში ძირს იყო წყალმცენარეების ხალიჩა და ფეხის დადგმისას ცოტათი გაჟრჟოლებდა.
  დღეს ქალაქში იყო საშინელი სიცხე და ჩახუთულობა
საღამოს ვისხედით სალომეს ვერანდაზე და ვაკვირდებოდით ფოთლებს, რომლებიც სულ ოდნავადაც კი არ ირხეოდნენ.
ამინდის პროგნოზს თუ ვენდობით, მომავალი კვირიდან აგრილდება და საღამოობით 14-16 გრადუსამდეც კი ჩამოვა ტემპერატურა
  რაც შემეხება მე - მოვიმატე წონაში, დაახლოებით 2 კგ, რა თქმა უნდა ეს არ მომწონს, ყველაფერი ლუდის და ნაყინის ბრალია
  შესაბამისად ერთი საზრუნავი გამიჩნდა, საბედნიეროდ აქ ძალიან ადვილია კალორიების კონტროლი, ასე რომ, ხვალიდან ბრძოლას ვუცხადებ : )
  ეს პოსტი კი იმიტომ დავწერე, რომ ანუკიმ მთხოვა რამე დაწერეო და თან დღეს ცოტა დრო ვიხელთე
  დავწერ ნუ ღელავთ, მოვა ნაცრისფერი დღეებიც : )
  მოსვლას რაც შეეხება, ჯერ კიდევ არ მოსულა უნივერსიტეტიდან პასუხი, ასე, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, სექტემბერში ვუპერტალში წავალ თუ თბილისში, ნებისმიერ შემთხვევაში რამეს მოვიფიქრებ : ))

Monday, August 6, 2012

ეძიებდე და ჰპოვებდე

  მოკლედ! რა გაახდუნებთ გერმანელებს - სვამენ ლუდს და ჭამენ უგემრიელეს ფუნთუშებს
  ფაქტიურად მეექვსე დღეა აქ ვარ და შეიძლება ითქვას მთელი ეს დრო ძიებაში მაქვს გატარებული : ) ქუჩებს და სწორ ტრანსპორტს აქ ძალიან ადვილად მიაგნებ, შენობებიც ძალიან კარგადაა დანომრილი და ინტერნეტშიც თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვო
  აი რაც შეეხება კვებას - ოოოოოო - რთულადაა აქ საქმე
ერთი შეხედვით სუპერმარკეტებში საჭმელი ისეთი იაფი ღირს, ზოგჯერ შეიძლება თვალებს არ დაუჯერო, მაგალითად ჩემი საყვარელი იოგურტი 250მლ სულ რაღაც 29 ცენტი ღირს, ბეიბიბელის ყველი 1,49 ევროდ ვიყიდე, ყველაზე საოცარი კი წყლებია - მაგალითად 0,5ლ მინერალური წყალი ღირს 19 ცენტი, სამაგიეროდ როცა დაცლი, ბოთლი შეგიძლია 25 ცენტად ჩააბარო უკან, სიმართლე გითხრათ ფრიად მეუცნაურება ეს ამბავი : ))


  იაფი ნამდვილად არის, მაგრამ რა არის ეგეც ხომ საკითხავია
  თქვენი არ ვიცი და ყოველ შესვლაზე მგონია, რომ დიდ საჭმელად წოდებული სინთეტიკური ნივთების მაღაზიაში შევდივარ და იძულებული ვარ რამე ავირჩიო და თან მერე ვჭამო. პირველი დღეები რა თქმა უნდა მოვანდომე ბევრი რამის გასინჯვას, რომ საბოლოოდ რამე ოპტიმალური მენიუ შევადგინო, შესაბამისად ჩემი ბიუჯეტის დიდი ნაწილი უკვე მოხმარდა ექსპერიმენტებს
ნელ-ნელა ვპოულობ შედარებით უფრო მისაღებ კომბინაციებს
დღეს ვიპოვე ერთჯერადი სუპების თარო და მემშობლიურა იქაურობა : ) რამდენჯერ გადავურჩენივარ ერთი მუჭა მაკარონის სუპს თბილისშიც : ) აქ ეგენი 45 ცენტი ღირს და გემოთიც ერთჯერადი სუპია რა : )
  გადავწყვიტე ვიყიდო ვაშლი : ))) მე ხომ ვაშლის ყიდვის კომპლექსი მაქვს : ) მაგრამ ერთადერთი რაც ნამდვილ ხილს ჰგავს, ეს ვაშლია - გოლდენ დელიშეს - მაგრამ ღირს ძვირი, სადღაც 3 ევრომდე კგ.
  რაც შეეხება წყალს - მინერალური წყალი არის აქ საზიზღრობა, ნაბეღლავი ფორევა - და ჩვეულებრივი წყალი საბედნიეროდ არის ჩვეულებრივი და ჩვეულებრივივი გემო აქვს.
  რაც შეეხება სუპერმარკეტებს, საბედნიეროდ მუშობენ ყოველდღე გარდა კვირისა, როგორც წესი 8 საათამდე, ზოგი 12 მდეც კი, მაგალითად ჩემთან ყველაზე ახლოს მდებარე რევე. აი კვირა დღე ნამდვილი მეორედ მოსვლის მეორე დღეა, თითო-ოროლა ადამიანი თუ დადის და ყველაფერი დაკეტილია. ჯერჯერობით არ მომიფიქრებია რა შეიძლება ყველაზე კარგი გააკეთო კვირაობით, მაგრამ წინ კიდევ ბევრი კვირა დღე მელის.
  საბედნიეროდ ჩემმა მასპინძელმა ოთახში ელექტროჩაიდანი დამიტოვა და ჩემ ნებაზე შემიძლია ჩაი დავლიო, უბრალოდ ჯერ არც ჭიქა არ მაქვს, არც ჩაი, არც ყავა და არც შაქარი, კოვზიც მარტო ერთი ცალი მაქვს სამზარეულოდან აწაპნილი.
  ჰო, ყავას რაც შეეხება - ნამდვილი სამოთხეა, თითქმის ყოველ ნაბიჯზე არის თეიქ ევეი და ღირს დაახლოებით 1-2 ევრო და პატარა ორცხობილაც მოყვება თან, ასე, რომ დილაობით ინსტიტუტში წასვლამდე ქუჩის ნებისმიერ კუთხეში შემიძლია ძალიან გემრიელი ყავა წავიყოლო.
 ინსტიტუტს რაც შეეხება მერე დავწერ - თუმცა იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა : ))
  ველოსიპედი ჯერ არ მიყიდია, ამ დღეებში შეიძლება გავიდეთ და ნახმარი ველოები სადღაც 30 ევროს ფარგლებში ვიყიდოთ
  დაბოლოს ამინდი : || ერთადერთი, რაც არ მომწონს - ახლა რა უჭირს, მაგრამ ვატყობ მალე აცივდება - ვინთერ ის ქამინგ - აი ახლაც წვიმა დაიწყო და ტემპერატურაც თბილისთან შედარებით 8-10 გრადუსით ნაკლებია, სამაგიეროდ ფაქტია, რომ გრილ და ღრუბლიან ამინდებში უფრო ბევრს ვმეცადინეობ - ყველაფერში არის რაღაც დადებითი : )

Friday, August 3, 2012

ხმამაღლა ჩაიყვირეთ ოცნებები - აგიხდებათ!

ერთერთ პოსტში ვინატრე ადრე - იმედია აგვისტოს პირველ პოსტს გერმანიიდან დავწერ-თქო : ) ჩაიფიქრეთ სურვილები რაც შეიძლება ხმამაღლა და აგიხდებათ! : ))
სამი აგვისტოს საღამოს ვზივარ ჩემი ოთახში საწერ მაგიდასთან, მთელი დღის ქალაქში ხეტიალით დაღლილი, ჩემს საყვარელ იოგურტს შევექცევი და ვწერ ჩემი 2012 წლის აგვისტოს პირველ პოსტს გერმანიიდან : )
  მოკლედ კაცმა არ იცის რამდენხნიანი ფრენის და შიგადაშიგ ლოდინის მერე, სტამბულის აეროპორტის გავლით ჩამოვაღწიე დუსელდორფში, იქიდან უკვე მატარებლით კიოლნში.

სტამბულის თავზე
  ყველაზე დიდი დადებითი მხარე გადაჯდომით ფრენას აქვს ის, რომ ორჯერ გიწევს თვითმფრინავით ჰაერში ასვლა და იმ წამის განცდა, როცა მიწას წყდები  სტამბულის აეროპორტსაც რას ვერჩი, მშვენიერი პიცა დავაგემოვნე და ხურდად მთელი მუჭა ცენტები და თურქული ლირები მივიღე. შავი ზღვა გამთენიისას იყო დაუჯერებლად ძალიან მაგარი, ღრუბლები იყო ზღვის თავზე და ვეღარ ხვდებოდი საით იყო ნამდვილი ცა. სტამბოლოს თავზე ანტარქტიდასავით ღრუბლები დაგვხვდა, თავზე მოვექეცით და წნევა ისე გვაწვებოდა, ნერწყვის გადაყლაპვისას ვხვდებოდი როგორი დასკდომამდე დაგუბებული მქონდა ყურები. ვიყავი საშინლად დაღლილი, უმოწყალოდ მამთქნარებდა და უღმერთოდ მეძინებოდა


  ყველაზე ძნელი პირველი დღეა, როცა საშინლად უძილო და დაღლილი ხარ და პირველად გიწევს სახლამდე გზის გაგნება თან ბარგით ხელში. სამაგიეროდ თავისუფლად შეგიძლია თვალები დააჭყიტო და პირი დააღო, თუ ვინმემ სამგზავრო ბილეთი მოგთხოვა : ) პირველ დღეს ყველაზე მთავარია საკუთარ ოთახამდე მიაღწიო და სანამ ჩაგეძინება უახლოეს სუპერმარკეტშიც გახვიდე.
საერთო საცხოვრებელი: კაცმა არ იცის რამდენი ადამიანი ვიზიარებთ ერთ სამზარეულოს და ორ აბაზანას, საბედნიეროდ ყოველ დილით მოდის დამლაგებელი და ყველაფერი სუფთადაა.
უბანი - არის ძალიან კარგი, მშვიდი ლამაზი და გვიანობამდე მღვიძარი.
ენა - ფაქტიურად არ მაქვს პრობლემა - ყველაფერს ვიგებ რაც მჭირდება და კარგად მესმის და ვლაპარაკობ.

ხედი ჩემი ფანჯრიდან, სადაც ახლა ერთერთ აივანზე მხიარული მეგობრული შეკრებაა და  ხმამაღლა იცინიან : )
ქალაქი: დიდებულია! კიოლნი ჯერ კიდევ ძველი დროიდან მიყვარს, თავისი ხასიათი აქვს და კარგად ვეწყობი აშკარად : ) ცოცხალი, საინტერესო და ხალისიანი
ინსტიტუტი - სწავლა ორშაბათიდან დამეწყება, ჯერ არ ვიცი რომელ საფეხურზე მოვხვდები და ვინ მეყოლება ჯგუფში, ერთი ფაქტია, რომ უამრავი რუსულენოვანი სტუდენტია ჩამოსული და დიდი ძალისხმევაა საჭირო რუსულად რომ არ ალაპარაკდე : ) საბედნიეროდ მე მესმის რუსულიც, ინგლისურიც და გერმანულიც და კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს : )
მაღაზიები: ოჰ, რა მშვენიერი გამოგონებაა! მთელი დღე შეგიძლია იწანწალო ერთიდან მეორეში და ფრიად სასიამოვნო ფასად ძალიან კარგი რაღაცები იყიდო : )
დადებითი ფაქტორი: ორი საათის სხვაობა : ) აქ თავიდან მაინც არ დამაგვიანდება მაგის გამო : )
პრობლემა: ვატყობ სერიოზული თავის ტკივილია ჭამა - სულ გამომცხვარ რაღაცებს ვერ შევჭამ,  დამზადება სასწაულის ტოლფასია, ამ სამზარეულოში იმდენი ადამიანი ირევა, თან აქაურ ხილს და ბოსტნეულს რომ გადავხედავ ჯერ კიდევ ვერაფრით ვაჯერებ თავს, რომ ეს რაღაც პლასტიკატები შეიძლება ადამიანმა შეჭამოს. და თან საერთო ჭურჭლის გამოყენება არ მხიბლავს, ჰოდა ვარ ჯერჯერობით იოგურტებზე და სენდვიჩებზე.

და ესეც ცნობილი ხიდი მართლა ძალიან შთამბეჭდავი მილიონობით ბოქლომით
  : )) ჰაჰა, ყველაზე გაუგებარი ამქვეყნად მოულოდნელად გაგონილი მშობლიურ ენაზე წარმოთქმული სიტყვები ყოფილა : )) ამ წუთას მომიკაკუნა ერთმა გოგომ და "შენ ხარ ქართველი-ო" მკითხა და მეც შესაბამისად დავაღე პირი : ))
მოკლედ, მე ძალიან კარგად ვარ, ჩემი საუკუნის წინანდელი ოცნების ახდენის განმავლობაში ვარ : ) ჰოდა, რაღა უნდა ვინატრო მეტი : )
ვამბობდი 2012 კარგი წელი იქნება-თქო, ჰოდა არის
გინდ დაიჯერეთ და გინდაც არა : )))

დაბოლოს : )