Showing posts with label all the. . .. Show all posts
Showing posts with label all the. . .. Show all posts

Saturday, January 31, 2015

Feels Like a

მე ისევ დავიწყე ხატვა
ორ თვეზე მეტი დამჭირდა ამისთვის

Wednesday, September 3, 2014

when Mari met el Mar

ლისაბონი.
ეს ქალაქი ჩემს ცხოვრებაში ჯერ კიდევ მაშინ შემოიჭრა პეპიდან, როცა დანამდვილებით ქვეყნების და დედაქალაქების ზუსტი მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.

ლისაბონი - ჩემი თეთრქვეფენილებიანი კეთილი ქალაქი. სადაც პირველად შევხვდი ოკეანეს.

ლისაბონი ჯერჯერობით ყველაზე შორეული ადგილია, სადაც ჩემი საწყისი წერტილიდან მოვხვედრილვარ. რაც უფრო სამხრეთით მივდიოდი, ხალხი უფრო და უფრო მეგობრული და უშუალო ხდებოდა. ხალხი უბრალოდ გელაპარაკება ქუჩაში, იმიტომ რომ უბრალოდ ლაპარაკი უნდათ. აქ ყველამ იცის ინგლისური მეტ-ნაკლებად. ლისაბონის გარდა ჯერ არავის გავუჩერებივარ ქუჩაში იმის თხოვნით, რომ რესტორნის ლოგოიანი დროშა ჩამერჭო კედლის სამაგრში, რადგან მეპატრონე პატარა ღიპიანი კაცი თვითონ ვერ წვდებოდა : ) რესტორნებში სპორტად არის ქცეული ხალხის გამოჭერა და ყველაფერს აკეთებენ როგორმე თავიანთ მაგიდასთან რომ მიგიზიდონ და დამჯდარი არ ხარ, რომ უკვე ერთი სული აქვთ როდის შეჭამ შენს კუთვნილ ულუფას და გაათავისუფლებ ადგილს მორიგი მსხვერპლისთვის : ) 
ზოგადად ლისაბონი ცოტა ვერ არის სრულ ჭკუაზე : ) მშვიდად შეშლილი ქალაქია. თბილი კლიმატი და ღვინო ხომ თავისას შვრება მაინც. რაღაცნაირი უდარდელობაა გამეფებული, მოშვებული და მზეს მიფიცხებულია. ქუჩებში შებრაწული სარდინების სუნი ტრიალებს და ყველგან მუსიკა ისმის, ტკბილი ბრაზილიური განწყობით და თან ამას ემატება დროდადრო ტრამვაის ხმა, გამვლელების ლაპარაკი, პორტუგალიური ენის მშვიდი და მელოდიური ჟღერადობა.


ლისაბონი - ყველაზე ჰიპსტერი და ვინტაჟური ქალაქია ევროპაში და ძველი ორნამენტებიანი კერამიკებით მოპირკეთებული სახლებით, თეთრი ქვის საფეხმავლო ქუჩებით, ძალიან ფირუზისფერი წყლით და გულღია მზით, ყველაზე ფოტოგენური ამქვეყნად. ქალაქი მთლიანად ხელით ნახატ ანიმაციას ჰგავს.

Lisbon
ჰო, პირველი პორტუგალიის ყავა დილაადრიან პირველივე შემხვედრ პასტელარიაში დავლიე, ავტობუსში გაცნობილ მხიარულ სევილიელ ელბასთან ერთად.
ჰოსტელში რენატა და ლუკა გავიცანი, რომლებთან ერთადაც საღამოობით ბეირო ალტოს ბარებში ადგილობრივ ღვინოს და კოქტეილებს ვსვამდით და მერე ლისაბონის აღმართ-დაღმართებს მივუყვებოდით და ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდით.


დილით უთენია მე და რენატა ერთად წავედით აეროპორტში, სიმართლე გითხრათ მიხაროდა, რომ იტალიაში წასვლა გადავიფიქრე და გერმანიაში ვბრუნდებოდი, უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი და კიდევ ახალ ქალაქებს და ენას ძნელად გადავიტანდი.
ფრანკფურტში რომ ჩამოვფრინდი, მივხვდი, რომ ყოველი მოგზაურობის მერე გერმანიაში ჩასვლისას უფრო და უფრო მეტად მაქვს სახლში დაბრუნების შეგრძნება. მთელი ის ქვეცნობიერი თვითმფრინავზე და ავტობუსებზე დაგვიანების შიში გამიქრა, უკვე გერმანიის ტერიტორიაზე ვიყავი და აქედან ყველაფერი გაცილებით მარტივია.

ყველაზე მთავარი კი რა არის აქ - თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს ათდღიანი გადარბენითი ტური თავისი ჯანჯღარში გატარებული ძილღვიძილა ღამეებით, დაქანცული და ტურტლიანი ფეხებით, ზურგჩანთისგან ჩაწყვეტილი მხრებით, გამთენიის ქალაქებით და ყავით, სრულიად უცხო ენებით, შემთხვევითი ნაცნობებით, სიცხით, უცნაური საჭმელებით, კილომეტრობით სიარულით და კიდევ ათასი იმ მომენტით, რომელიც მხოლოდ მოგზაურობისას ხდება, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გამიკეთებია.
სინამდვილეში ჩემი კომფორტ-ზონა სწორედ მანდ ვიპოვე და არა დივანზე ჩათბუნული ცხელი ჩაით ფილმების ყურებაში.

Saturday, July 19, 2014

ნაშუადღევის პერმანენტული ძილბურანი

გამაბრუებელი მზეა გარეთ, ტომ სოიერის ნაშუადღევის სკოლას მახსენებს...
ნაყინის ჭამის თავიც არ მაქვს. ბოლო ერთი თვის ძილბურნიდან გამოსვლის კვირაა
აივნის თეთრი კედლებიდან არეკლილი სხივებით განათებული ოთახი... როგორმე ლისაბონამდე უნდა ჩავაღწიო... 

Saturday, March 29, 2014

მზიანი დღე 29 მარტი, შაბათი

აივანზე ყავით და გუშინდლიდან მორჩენილი ბრაუნის ნაჭრით ვსაუზმობ და ქუჩაში ვიხედები. ხეები ჯერ კიდევ შეუფოთლავია და ასფალტი თითქმის მთლიანად მზით არის დაფარული. მოხუცი წყვილი მისეირნობს ტროტუარზე. "ჯოის პიცა"-ს ბიჭმა ჩაიარა მოტოციკლით. ვეგეში ყველა კარი ღიაა და ყველას ღვიძავს. კატის მუსიკა აქვს ოთახში ჩართული, ეს-ესაა თმა დაიბანა და მთელ დერეფანში შამპუნის სუნი ტრალებს. ანტონი სამზარეულოში ზის, გიტარას უკრავს და მღერის. ახლადგაღვიძებული ფლორიანი ფეხშიშველა გამოტყაპუნდა. სახე ჯერ კიდევ ვარდისფერი აქვს და ზედ ბალიშის ნაკეცები ატყვია. კატი თმას ივარცხნის, მე დავდივარ ყავის ჭიქით ხელში ოთახებს შუა  და ვიცინი. ცოტა ხანში უილიამი მოვა, ჩვენი ახალი მეზობელი. ყველანი კარგ ხასიათზე ვართ. ანტონი წასასვლელად ემზადება, ნივთებს ალაგებს მანქანაში, გიტარაზე ახლა კატი უკრავს, მუსიკა ახლა ფლორიანს აქვს ჩართული ოთახში. მე აივანზე ვდგავარ და ვუყურებ ველოსიპედით მოსეირნე ხალხს. ნაშუადღევია.

easy

Wednesday, January 1, 2014

შაქრიანი ჩაი

ვინ იფიქრებდა ორიათასი წლის წინ, რომ 2014 წელიც დადგებოდა დედამიწაზე, ის კი არა თხუთმეტი წლის წინ ოცდამეერთე საუკუნის დადგომაც კი ეჭვქვეშ იდგა. სინამდვილეში კი დარწმუნებული ვარ 4014 წელიც დადგება ოდესმე და ძალიან მაინტერესებს რომელი ადამიანური ჩვევები იქნება შემორჩენილი. ალბათ რაც ნამდვილად კარგია, ყველაფერი მაინც იარსებებს, მაგალითად სეირნობა ან ველოსიპედით სიარული, ალბათ კიდევ ერთი 2000 წლის მერე, როცა კოსმოსური შვებულებები და საახალწლოდ ვარსკვლავური ფოიერვერკები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება, მაინც გამოჩნდება ვინმე, ვინც ძველმოდურად ფეხით ისეირნებს და დასაყენებელ ჩაის დალევს შაქრით.


მანამდე კი შებინდებულზე ფრინველების გადაფრენის ცქერით დავტკბეთ

Everyday

Sunday, December 1, 2013

თუკი ჩემს ფანჯარაში შემოიხედავთ...

ჩემი ოთახი სიმყუდროვის განსახიერებაა!..
გარეთ ლურჯი საღამოა, ფანჯარაზე გუშინ ნაყიდი საშობაო ნათურები კიდია, შიგნით თბილა და მთელ სახლში ვანილიანი შაქარლამების სურნელი ტრიალებს.

როცა გუშინ ჩემი საშობაო პლეილისტი ჩავრთე, სკამზე შევდექი და  ნათურების დამაგრება დავიწყე, ვიგრძენი რატომ უხარიათ ადამიანებს ნაძვის ხის მორთვა : )

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ მთელი შეგნებული დღის ნახევარი საშობაო ბაზრობაზე ხეტიალში გავატარე, ერთი მესამედი შაქარლამების ცხობაში, დანარჩენი დრო კი მათ ჭამაში, ციმციმა ნათურების ცქერაში და გლუვაინით ტკბობაში.

მოგვიანებით კი უბრალოდ ვიწექი საწოლზე, ეს სიმღერა მქონდა ჩართული და თბილი ყვითელი შუქით განათებულ ჭერს ვუყურებდი.

დღეს ჩვენი საშობაო კალენდრიდან პირველი შოკოლადიანი კარიც გამოვაცარიელეთ, საღამოს კი ალბათ ერთად ვივახშმებთ და ერთ სანთელსაც ავანთებთ საშობაო გვირგვინზე.
მხოლოდ თოვლიღა გვაკლია


მე კი ზუსტად ერთ კვირაში 25 წლის ვხდები, უჩვეულოა არა?!

Tuesday, November 26, 2013

ჰა?!

- When was the last time you did something for the first time?

ზოგჯერ ყოველდღიურობის რუტინულობა ისე გვითრევს, რომ გვავიწყდება, რომ სამყარო უსაშველოდ მრავალფეროვანია. ზოგჯერ ისეთი მექანიკური ხდება ყოველი მოქმედება, რომ ვეღარც კი აღიქვამ.

ერთ მშვენიერ დილით კი თმის დავარცხნას ჩვეულებრივ მარჯვენა ხელით კი არა, არამედ მარცხენა ხელით გადაწყვეტ და აღმოაჩენ რა მარტივი ყოფილა უჩვეულო შეგრძნებების განცდა.
ისევე როგორც, თითების გადაჯვარედინებისას თუ ჩვეულებრივ მარჯვენა ცერა თითი ზევიდან ექცევა და ცდი, რომ პირიქით ქვევით მოაქციო და ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს თითები გაკლია.
სხარტი და კრეატიული აზროვნების შესანარჩუნებლად არსებობს მთელი რიგი სავარჯიშოები და რჩევები, ზოგს მეტი დრო მიაქვს, ზოგი კი ძალიან ადვილია, როგორიც მაგალითად ყოველდღე ახალი მუსიკის მოსმენაა. და ჩემი ერთერთი ფავორიტი რჩევაა -  ყოველდღე ისეთი რამის გაკეთება, რაც აქამდე არასოდეს არ ჩაგიდენია.

- When was the last time you did something for the first time?

ორი დღის წინ როცა ფართიდან სახლისკენ მომავალი შევესწარი როგორ დაახეთქა ნასვამმა სტუდენტმა ლუდის ბოთლი ასფალტს და გავიგე ქაფიანი მსხვრევის ყრუ ხმა, აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში არასოდეს მიმიმსხვრევია ლუდიანი ბოთლი ასფალტისთვის და გადავწყვიტე აუცილებლად შემევსო ეს დანაკარგი!
ერთი დღის წინ, როცა სხვა ფართიდან მომავალმა ც-ქელერთან ჩავლისას ტროტუარზე დატოვებულ ლუდის ბოთლს მოვკარი თვალი, საერთოდ არ მიფიქრია, უბრალოდ ავიღე და გულიანად დავაფშვენი ქვაფენილს.

თითქოს ხომ არაფერი ისეთი, სცადეთ აბა!


ეს ინსპირაციისთვის

Thursday, November 7, 2013

Delta Spirit... Die With The Sun

ნოემბერია... ჩვენთან საათი გადაიწია და უფრო ადრე ღამდება. ის პერიოდია შუადღის ორ საათზე უკვე საღამოს ექვსი საათის განწყობა რომ გაქვს და საღამოს ექვს საათზე უკვე ძილი გერევა.
ჯერჯერობით კარგი ამინდებია, ნულს ქვემოთ არ ჩამოსულა ტემპერატურა. ჯერ ისევ შემოდგომის სუნი დგას.
ჩემი აივნის წინ ხეებს ჯერ კიდევ მომწვანო ფოთლები აქვთ შერჩენილი. პირველ ყინვას ელოდებიან და მერე ალბათ ჩემი მოპირდაპირე სახლის უცნობი მეზობლებისთვის საღამოობით ხელის დაქნევასაც შევძლებ.


ახალ პროექტზ ვმუშაობ!
მუდმივი ბრეინსტორმინგის რეჟიმში ვარ
ვუყურებ, ვუსმენ და ვკითხულობ ყველაფერს, მჭირდება ტვინის ყველა უჯრედისგან რეაქცია.
საღამოობით თავთან დადებული საწერად მომზადებული ბლოკნოტის გარეშე აღარ ვიძინებ. 

პროცესინგის სწავლა დავიწყე და საშინლად მომწონს!

მე ისევ ჩემი ძველი ერთგული ნოკია მაქვს. ჩემი სმარტფონი როგორც იქნა გაფუჭებული ყურსასმენების შესაერთებლის შესაკეთებლად მივიტანე და 10-15 სამუშაო დღის განმავლობაში სერვის ცენტრში იქნება. 

ესეთი განწყობები <3 div="">

Sunday, February 10, 2013

თებერვალი - რუხი

  ესეთი პასიური და უსაქმური დღეები როგორიც ეს შაბათ-კვირაა ალბათ წინა თებერვლის მერე არ მქონია. ის მომენტია ზუსტად ყველა სასწრაფო მნიშვნელოვანი საქმე რომ მოშორებული გაქვს და თავს რომ უფლებას აძლევ რამდენიმე დღით გაითიშო და არაფერი აკეთო.
  აბსოლუტურად მთელი შაბათი ფილმების ყურებაში გავატარე, ზოგი ახალი ვნახე, ზოგი ძველი, ალბათ სადღაც 10-12 ფილმს ვუყურე, ერთადერთხელ გავედი სახლიდან სუპერმარკეტში ზუსტად იმ დროს, როცა უკიდეგანო ბარდნა დაიწყო და სახლში თოვლის კაცივით დავბრუნდი.


  დღეს კი ისეთი მზე გამოვიდა, მთელი ჩემი ოთახი სავსე იყო სხივებით, ცა იყო ულურჯესი და ჩრდილები თოვლზე იასამნისფერი.
  დღეს საცურაოდ ვიყავით - მთელი აუზის კედლები მინისაა და ცურვისას ხედავ როგორ ლივლივებს წყალი მზეზე და გარეთ ყველაფერი დათოვლილია.

  ეს სიმღერა ამ დღეებში აღმოვაჩინე ერთ ფილმში და განუწყვეტლივ ვუსმენ
და რატომღაც ფრანგი შუახნის წყვილების სევდასთან მიასოცირდება
 ცხოვრება კი ისევ მშვენიერი ხდება, იმიტომ რომ ვიცი, რომ ზაფხული ახლოვდება და ვიცი, რომ ეს ერთერთი ყველაზე ბედნიერი ზაფხული იქნება რაც აქამდე მქონია.

Sunday, October 14, 2012

ამაო გარჯა ხახვისა

 კვირა ის დღეა მთელს გერმანიაში, როცა თუ წინა დღით არ იზრუნე საჭმელზე, დილით მშიერი რომ გალასლასდები სამზარეულოში, ერთ თავ დამპალ ხახვსაც კი ვერ იპოვი. გუშინ თორმეტი ხდებოდა უკვე ბონიდან რომ დავბრუნდი სახლში და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სულ სამი-ოთხი დღეა რაც აქ გადმოვედი, და იმასაც, რომ კვირის რა დღეც არ უნდა იყოს და წელიწადის რა სეზონიც, ჩემ სახლში ხახვს მაინც ვერ იპოვით, შესაბამისად ნამდვილად ამაო იქნებოდა გარჯა.
გეგონოს!..
 შეიძლება სამზარეულოში ვერ იპოვო, მაგრამ სამაგიეროდ გარეთ ხახვს მიაქვს ქალაქი : ) წარმოდგენა არ მაქვს ვის მოუვიდა თავში პირველად აზრად ხახვის ფესტივალის დაარსება, მაგრამ ფაქტია არსებობს : ) ჯერ კიდევ გუშინ, ვაგზლიდან სახლამდე გზაში ასობით ადამიანი შემხვდა მეზობელი ქალაქებიდან ჩამოსულები უკან რომ ბრუნდებოდნენ. თითო ავტობუსის გაჩერებაზე დაახლოებით 50 ადამიანი მაინც იდგა და თვითონ მოედნებზე ტევა არ იყო. ჰოდა მოვაპობდი ამ ჩემი ჩანთით ხელში ხალხის ნაკადს და გზადაგზა ყოველ კუთხეში დადგმული სცენიდან მომავალი მუსიკა მომაცილებდა.

ხახვის გოგონები
 დღეს დილით კი, ზემოთ აღწერილი ჩემი მდგომარეობის გამო, ყავის დასალევად და საჭმელად გავედი. ცხოვრებაში ამდენი ხახვი არ მინახავს ერთდროულად, პირდაპირ წალეკილი იყო ქუჩები, ყოველ ნაბიჯზე პატარა ფარდულები იყო ჩამწკრივებული, სადაც ხახვიან ნამცხვრებს გთავაზობდნენ, ხახვის და ნივრის ასხმულები ხომ მთავარი სამშვენისი იყო და ამ ყველაფერთან ერთად მთელი ჰაერი გაჟღენთილი იყო ხახვის სუნით. ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ მე თუ ჯოჯოხეთში მოვხვდები იქ ხახვის სუნი იდგება. 
 რადგანაც შევატყე, რომ ხალხი აშკარად აღტაცებული და დიდი ენთუზიაზმით იდგა რიგებში და მიირთმევდა ამ ნამცხვრებს, გადავწყვიტე ბრბოს ფსიქოლოგიას ავყოლოდი და ეს ესოდენ მნიშვნელოვანი ხახვის ნამცხვარი გამესინჯა. 
  თუ ჯოჯოხეთში მოვხვდი და რამის ჭამის ნება დამრთეს, ეს ხახვის ნამცხვარი იქნება. გადახდილი ორი ევროს ხათრით და საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად, რომ მე ეს შემეძლო მთელი ნაჭერი შევჭამე და კინაღამ გული ამერია, უკვე მხოლოდ ცხვირით კი არა, ყველა უჯრედით ვგრძნობდი ხახვის სუნს და გემოს. ძლივს მივაღწიე ჩემს საყვარელ საცხობამდე და სასწრაფოდ ყავა და ბელგიური ვაფლი ჩავიტენე პირში, რომ თავი დამეღწია ამ ამაზრზენი შეგრძნებისგან.
  ვაყალიბებ ახალ მიმდინერეობას და დღეიდან ვარ ხახვიარიანელი (ვეგეტარიანელობის ერთ-ერთი მიმდინარეობაა)
  კიდევ კარგი ეს ორი დღე ბონში ვიყავი და მარტო ერთი დღით მომიწია ამ აურზაურში ყოფნა. თუმცა ვატყობ, რომ საშობაო ბაზრობა მართლაც რომ ძალიან ლამაზი და საზეიმო იქნება.
 და ყველაზე სასაცილო ისაა სატირალი რომ არ იყოს, რომ საღამოს მეორედ გასვლისას აღმოვაჩინე, რომ სუპერმარკეტებს ამ განსაკუთრებული მოვლენის გამო მთელი დღე უმუშავიათ. რაღა უნდა მექნა, ვიყიდე ერთი ცალი ვაშლი და ჭამა-ჭამით გამოვუყევი წვიმიან ქუჩებს სახლისკენ.

Sunday, September 9, 2012

რა უნდა გააკეთო მზიან კვირადღეებში

მზიანი კვირა დღეები ბალახზე გაშხლართულმა უნდა გაატარო


და ნება-ნება წრუპო ლუდი : )

Sunday, August 19, 2012

მაგის დროც მოვა

მოკლედ მინდა დავწერო რამე აქაურობაზე, მაგრამ მეზარება
სავარაუდოდ იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მაგარი ამინდები, მე მყავს ძალიან კარგი ჯგუფელები და არც დრო მაქვს და არც მაინცდამაინც გული მიმიწევს ბლოგისკენ


ამ ამბებს ალბათ ნელ-ნელა მერე დავწერ ამინდები რომ განაცრისფრდება და დღეები დაპატარავდება
ახლა კი მართლა არ არის ამის დრო : )
დღის განმავლობაში 4-5 საათი მაქვს ენის გაკვეთილები, თუ დღის მეორე ნახევარში მაქვს - დილით ცოტა უფრო გვიან ვდგები, ვუყურებ ახალ ამბებს და გადაცემებს გერმანულ არხებზე, საშინაო დავალებას ვაკეთებ, ჩავდივარ სუპერმარკეტში საჭმლის საყიდლად და მივდივარ ინსტიტუტში, გაკვეთილების მერე გავდივართ ქალაქში და რაიმე საინტერესოს ვაკეთებთ.
- თუ დილით მეწყება სწავლა, დაახლოებით შვიდი საათისთვის ვდგები, ცოტა ხნით მომზადების პროცესში ვუყურებ ონლაინ-გადაცემებს, მივდივარ გაკვეთილებზე, მერე იქვე ვრჩები და ვმეცადინეობ და საღამოსკენ ისევ ვგეგმავთ რამეს და ერთად ვატარებთ დროს.
  შაბათ-კვირა, როგორც წესი გვიან გაღვიძების და მხიარული საღამოების დროა
აი გუშინ მაგალითად ჩვენმა მექსიკელმა მეგობრებმა გააკეთეს მექსიკური საჭმელები და ყველანი გვიანობამდე ვისხედით ეზოში და გვქონდა მეგობრული საღამო. ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ ლაპარაკი ჩამოვარდა სიმღერებზე და ყველას რამე უნდა გვემღერა ჩვენს ენაზე : ) მეც რა თქმა უნდა მათ შორის : ))
- ჰო, კარგი, არც ისე საშინელებაც არ ყოფილა, მითუმეტეს როცა შენ მეტმა არავინ იცის ეს სიმღერა, შეგიძლია რიტმი და მელოდია ცოტა აურიო და აღარც ისე ცუდად გამოგივა : )) ცუდად კი არა, ხელმეორედაც კი მამღერეს და ჩემს სიმღერას "exotic and sexy" -ც უწოდეს : ))
მოკლედ ისეთი საღამო იყო, მეგობრები რომ ჩაუსხდებით ეზოში ლუდით ხელში და ზაფხულით ტკბებით
რაც შეეხება დღევანდელ დღეს - ვიყავით წასულები ტბაზე. დღეს მთელი ზაფხულის განმავლობაში მგონი ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და თერმომეტრმა სადღაც 40 გრადუსამდე აჩვენა, შესაბამისად მთელი ქალაქი გაკრეფილი იყო ტბებზე, აუზებზე და პარკებში.


ტბაზე იყო უამრავი ხალხი, უუამრავესი, წყალი იყო ძალიან სუფთა, უსუფთავესი, სანაპიროზე იყო მწვანე მოლი და წყლის პირას თეთრი ქვიშა, სამაგიეროდ თვითონ წყალში ძირს იყო წყალმცენარეების ხალიჩა და ფეხის დადგმისას ცოტათი გაჟრჟოლებდა.
  დღეს ქალაქში იყო საშინელი სიცხე და ჩახუთულობა
საღამოს ვისხედით სალომეს ვერანდაზე და ვაკვირდებოდით ფოთლებს, რომლებიც სულ ოდნავადაც კი არ ირხეოდნენ.
ამინდის პროგნოზს თუ ვენდობით, მომავალი კვირიდან აგრილდება და საღამოობით 14-16 გრადუსამდეც კი ჩამოვა ტემპერატურა
  რაც შემეხება მე - მოვიმატე წონაში, დაახლოებით 2 კგ, რა თქმა უნდა ეს არ მომწონს, ყველაფერი ლუდის და ნაყინის ბრალია
  შესაბამისად ერთი საზრუნავი გამიჩნდა, საბედნიეროდ აქ ძალიან ადვილია კალორიების კონტროლი, ასე რომ, ხვალიდან ბრძოლას ვუცხადებ : )
  ეს პოსტი კი იმიტომ დავწერე, რომ ანუკიმ მთხოვა რამე დაწერეო და თან დღეს ცოტა დრო ვიხელთე
  დავწერ ნუ ღელავთ, მოვა ნაცრისფერი დღეებიც : )
  მოსვლას რაც შეეხება, ჯერ კიდევ არ მოსულა უნივერსიტეტიდან პასუხი, ასე, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, სექტემბერში ვუპერტალში წავალ თუ თბილისში, ნებისმიერ შემთხვევაში რამეს მოვიფიქრებ : ))

Monday, July 9, 2012

10.07.2012



94/69/96
179/65
სასურველია -3 კგ და ორი ტონით მუქი კანი : )


Friday, March 23, 2012

ოპტიმისტურად თავქუდმოგლეჯილი ანუ მისურვეთ ოთხყურა სამყურა

ძალიან, ძალიან სწრაფად უნდა დავწერო ახალი პოსტი
იმიტომ, რომ თავისუფალი დრო საერთოდ აღარ მაქვს


დაად-ის სტიპენდია მოვიპოვე და თავქუდმოგლეჯილი ვემზადები გერმანიისთვის, ჯერ ყველაფერი არაა გადაწყვეტილი, ჩასაბარებელი მაქვს იქაური გამოცდები და ყველაზე მთავარი გერმანულის ტესტი : | და რაც შეიძლება სწრაფად.

მთელი დღის განმავლობაში ვწერ ან ვკითხულობ გერმანულად, აქტიურად ვუსმენ დოიჩეველეს : ) და ჩემი სტატუსების და კომენტარების რაოდენობა ფბ-ზე საგრძნობლად შემცირდა


ყველანაირ შემოთავაზებებს საინტერესეო საღამოებზე თავს ვარიდებ, ვცდილობ აუცილებელი სიტუაციის გარდა არსად აღარ წავიდე გასართობად, მაგრამ - არის რამდენიმე გამონაკლისი - რა?სად?როდის? თამაშები კვირაობით და ზემფირას კონცერტი 31-ში ღამე - და მინდა მთელი ღამე ძალიან კარგად გავატარო და ჩემს გარშემო იყვნენ მეგობრები და მაგრად გავერთოთ, ბილეთები ჩემს კედელზეა მიწყობილი და იმედისმომცემად მიყურებენ : )

ძალიან, ძალიან მინდა გერმანიაში წასვლა
ძალიან, ძალიან მინდა აგვისტოს პირველი პოსტი გერმანიაში დავწერო : ) 
ძალიან მინდა, ყველაზე მეტად ამქვეყნად


და ამას ვამბობ ხმამაღლა, იმიტომ რომ სურვილები რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა თქვა, რომ აგიხდეს


Friday, February 17, 2012

ფული, გზები და დროებით უმუშევრობა

არსებობს უფულობის ორი ვარიანტი - პირველი, როცა ფული არ გაქვს და არც არასოდეს გქონია არც იცი ფულის ხარჯვა რა სიამოვნებაა
და მეორე - როცა ფული გქონდა, ახლა აღარ გაქვს და მისი გემო ისევ გახსოვს.
პირველ შემთხვევაში არც გადარდებს მაინცდამაინც შენი მდგომარეობა და თავსაც დიდად არ იწუხებ მისი გამოსწორებით
მაგრამ აი მეორე შემთხვევაში - ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ისევ შეგეძლოს შენ ნებაზე უფრო და უფრო მეტის შოვნა და ადრინდელი მდგომარეობის დაბრუნება.
შესაბამისად ვიტყოდი, რომ ყველა უნდა შეეჩვიოს ბავშვობიდანვე რაღაც დონეზე მაინც ფულის თვითონ გამომუშავებას და ხარჯვას - მომავალი მოტივაციისა და დამოუკიდებლობისთვის.

მოკლედ - დღეს სამსახურიდან წამოვედი, სახარჯოდ შემორჩენილი ასამდე ლარით და მომავლის იმედით. ორშაბათიდან ვიწყებ სტაჟირებაზე სიარულს, რომელიც სამ თვეს გრძელდება და ანაზღაურების გარეშეა. და უკვე თავისდაუნებურად იწყებს ჩემი გონება ფიქრს - სად ვიშოვო ფული. და გონებაში მიტივტივდება ჩემი ჩვეული ფრაზა, რომელიც ყოველთვის ამართლებს - "რამეს მოვიფიქრებ!"
ნამდვილად მოვიფიქრებ : ) იმიტომ, რომ მე დაგემოვნებული მაქვს საკუთარი ფულის სიტკბოება, რომელიც უგემრიელესია. 
დღეს კიდევ ერთხელ დავიწყე რაღაც ახალი ჩემს ცხოვრებაში - როგორც ვატყობ ჩემში კოლექციონერის სულია, ცხოვრებისეული გამოცდილებების შეგროვების მოთხოვნილება, მინდა მოქმედება, ახალ-ახალი გამოცდილებები და ურთიერთობები.
მე არ ვიცი სად მიმიყვანს ესეთი გზა, მაგრამ მთავარი სიარულია, მოძრაობა - აუცილებელია გზა სადმე დამთავრდეს?! ესეთი გზები არასოდეს არ მთავრდება <3 აი ალბათ ესაა ჩემი ხეტიალისადმი საშინელი სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება.


Saturday, December 3, 2011

სპილო ოთახში და პოისინი

ემოციებით ვარ სავსე
ეს რამდენიმე დღეა მთელი იდიოტური დღეების დანაკლისს ვივსებ.
საღამოებს მეგობრებთან ერთად ვატარებ, ვიცინით ათას სისულელეზე, ზუსტად ისე როგორც ვნატრობდი – ერთ სიტყვაზეც რომ ხვდები ხუმრობას და გულიანად იცინი, ვაკეთებთ საკონკურსო პროექტს – ფლეშ-მობს, პერფორმანსს და ესსეს “სპილო ოთახში” ს ფარგლებში.
ჩემი გვერდზე გადადებული კრეატიული აზროვნება გამოფხიზლებულია და ყველანაირად ცდილობს ღირებული იდეების წარმოქმნას. მე ვფიქრობ, რომ გუნდი შედგა – ძალიან ადვილად გვესმის ერთმანეთის, ადვილად ვანვითარებთ ერთმანეთის აზრს, სისულელის თქმის არ გვერიდება, იმიტომ, რომ მინიმუმ გულიანად გავიცინებთ : )) ყველა ძალიან მოტივირებულები ვართ, რამეთუ ჩვენთვის ესოდენ საჭირო, ფაქტიურად ჩვენი კარიერული წინსვლისთვის სასიცოცხლო ნეტბუქი მოჩანს ჰორიზონტზე.
+ ამას – გუნდის გარეშე წევრები, სიტუაციები - გულს უხარია : ))
ამიტომ მიყვარს, ასეთი კონკურსები, ვორკშოპები, გუნდურად იდეებზე მუშაობა – ჩემი მოწოდებაა.
გმადლობთ მეგობრებო ამისთვის

სახლში რომ მივალ, ფოტოსაც დავამატებ : ) და მოგვიანებით სხვა პოსტსაც დავწერ თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი

არადა რა ზუსტადა სადაბადებისდღეო საჩუქრები გამოგვივიდოდა მთელ გუნდს : ))

ამ დღეების ამოჩემება - მერაბიკო


ისეთი კარგი და საყვარელი ფოტოები გამოვიდა, ზოგი განსაკუთრებით, ძალიან მინდა გავაზიარო ბლოგზე და ფბ ზე მაგრამ 12 მდე მოვითმენ : ))

Thursday, November 17, 2011

ღამე წასაკითხი პოსტი

  ძალიან მომინდა უცებ სახლიდან გაქცევა, სირბილი. უცებ ავდექი და გავედი გარეთ. ეზოში  ჩავედი ლიფტით. ღამის თორმეტს უკვე გადასცდა, გარეთ კაციშვილი არაა, ფარნები ანთია და ქარი ქრის და ჩამოსაცვენად გამზადებულ ფოთლებს აშრიალებს. 
  გავედი გზასთან ჩქარი ნაბიჯით და გადავკვეთე, შუა გაზონს გავუყევი შუაში. გარეთ მარტო ყოფნის მეშინია ღამით, თან ცივა, მაგრამ მაინც მივდივარ - ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეჩვიოს კაცი და საკუთარი შიშის დაძლევას ვცდილობ. მუხლებზე შემცივდა. ჩემი წითელი ჟაკეტი უფრო მოვიხვიე და ვცდილობ ნაბიჯების ხმა და თვითონ ჩემი თავიც შეუმჩნეველი იყოს. საბედნიეროდ ამ სიცივეში ყველა თავს იკავებს გარეთ გამოსვლისგან. 
  ჩავედი ძეგლამდე და მომინდა შუა ქუჩაზე სიარული. გავიარე, თან მეშინია უცებ მანქანა არ მოვიდეს, თან ვიცი წესებს ვარღვევ, თან ღამეა და შიშისგან შეპყრობილი ვარ ნაწილობრივ. 
  გავედი მოედნის ყვავილებიან მინდორზე და მიწაზე დავჯექი, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ გავბედავდი. ვიჯექი დაახლოებით ორასი წამი და ავდექი, წამოვედი სახლისკენ ცხვირგაყინული, თმააწეწილი. 
  მაღაზიასთან ძაღლმა ჩამიძუნძულა, მერე ზევიდან რაღაც გასაბერი ბურთი მოგორავდა. გვერდით ჩამიგორა. მოფრიალებდნენ ფოთლები. ვიღაცა ტიპმა ჩამირბინა გვერდით, უკან მობრუნდა, გარშემო შემომირბინა, ჩემს წინ გაჩერდა, სახეში შემომხედა და გზა გააგრძელა. ერთი სული მქონდა სახლამდე ამეღწია. მალე სამმა წითელმა მანქანამ გაიარა გზაზე და ერთიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს. ნამწვმა გაპერწკლა და ისიც ქარს გაჰყვა. რაღაც მუსიკის ჰანგმაც ჩამიფრინა გვერდით. მივდივარ, მივდივარ და ჩემი ფეხებიც ნელ-ნელა ქარს მიჰყვებიან. 
  უფრო და უფრო მივიწევ სახლისკენ, ქარი უკან მწევს. რაღაც ფურცლები შემომაყარა სახეში, ცხვირში გირჩი მომხვდა. მე მაინც მივდივარ და სახლთან კორპუსის საყრდენ სვეტს ჩავეჭიდე. ქარმა თვალებში ქვიშა შემაყარა. კიბეზე შევვარდი, ქარმა შემაგდო და სახლში ავღოღდი. თმა შევიკარი, ცხელი ჩაი დავლიე და დავწექი. დავიღალე, უკვე ორი საათია. დილით ადრე უნდა ავდგე - მზეს უნდა დავხვდე.როცა ამოვა.


ეს 29.09.2009 შია ჩაწერილი, როცა შუაღამისას კომპიუტერთან ფიქრს გავყევი და ჩამთვლიმა და ეს ყველაფერი ძილ-ღვიძილში ვნახე.


Monday, November 7, 2011

რა არ უნდა მაჩუქოთ : ))

ისევე როგორც ერთი წლის წინ დავწერე ჩემი პრესაიუბილეო პოსტი სასურველ საჩუქრებზე, ახლაც დავწერ ასევე პრესაიუბილეო პოსტს ოღონდ ამჯერად არასასურველ საჩუქრებზე.
1. პირველ რიგში - არავითარ შემთხვევაში არ მაჩუქოთ უსარგებლო ნივთი, ისეთი რაც ცხოვრებაში არასდროს არ გამომადგება, მაგალითად ფაიფურის თოჯინებს : ))

თუ მაჩუქებთ, მაშინ მართლაც ძალიან ძვირფასი უნდა იყოს და მშვენიერი ან კრეატიული, რომ ხარისხის შეგრძნება მქონდეს და თავი შემაყვაროს. მაგას მირჩევნია საჩუქრად მივიღო ჩილიმი და მისი არომატები, რომ თქვენი სტუმრობისას საისამოვნო კვამლში გავეხვიოთ : ))


2. არ მაჩუქოთ ხატები და რელიგიურინივთები, რადგანაც დიდი მორწმუნეობით არ გამოვირჩევი და ეგეთი საჩუქრები არ მიხარია, უბრალოდ გაგიღიმებთ მადლობის ნიშნად : )

3. არავითარ შემთხვევაში არ მაჩუქოთ იაფფასიანი სუნამო, იმიტომ რომ ეგრევე ვგრძნობ ყალბ სუნს და გულს მირევს და შესაბამისად არც დავისხამ და სავარაუდოდ გავაჩუქებ.

4. გთხოვთ ნუღარ მაჩუქებთ ფოტოალბომს ან სურათების ჩარჩოს, მირჩევნია მაჩუქოთ ფოტოების დასაბეჭდი ვაუჩერი, თორემ სახლში უამრავი ცარიელი ალბომი და ჩარჩო მილაგია : ))

5. ნუ მაჩუქებთ ისეთ რამეს, რაც ერთჯერადია და მშვენიერი : ) მაგალითად ძალიან ლამაზ ტორტს : )

ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე არც მე არ დამწყდეს გული არასასიამოვნო ნივთების მიღებით და არც თქვენ ჩემი ზრდილობის გამო ნათქვამი მადლობით და გამოუყენებელი სჩუქრებით


და ბოლოს - ყოველთვის, სულ ყოველთვის გამიხარდება ქრიზანთემების ფერადი თაიგულის და შოკოლადების სჩუქრად მიღება : ))


და ეს მელანქოლიურად ოპტიმისტური სიმღერა

Friday, October 28, 2011

ოქტომბერი, თითქოსდა ყველაზე მშვიდი თვე

მეძინება...
პირველ რიგში მაგას ვიტყვი - ნოემბრამდე ვერ დავიძინებ
ორშაბათს ბოლო დღეა დაადში საბუთების შეტანის, რა თქმა უნდა მე ბოლო დღეს შემაქვს
დასამთავრებელი მაქვს პორტფოლიო
სამსახურში დავდივარ ყოველდღე
დრო აღარ მრჩება აღარაფრისთვის
ბევრი დაბადების დღე
ბევრი ახალი ხალხი
ახლაც წერის დროც არ მაქვს - სამოტივაციო წერილი მაქვს დასაწერი
ასეა ზოგადად - შემოქმედებისთვის საჭიროა უამრავი თავისუფალი დრო და უსაქმურობა
საუკუნეა ჩანახატი აღარ გამიკეთებია

თმაც შევიჭერი : ))