Showing posts with label ჩემი ზაფხული. Show all posts
Showing posts with label ჩემი ზაფხული. Show all posts

Wednesday, September 3, 2014

when Mari met el Mar

ლისაბონი.
ეს ქალაქი ჩემს ცხოვრებაში ჯერ კიდევ მაშინ შემოიჭრა პეპიდან, როცა დანამდვილებით ქვეყნების და დედაქალაქების ზუსტი მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.

ლისაბონი - ჩემი თეთრქვეფენილებიანი კეთილი ქალაქი. სადაც პირველად შევხვდი ოკეანეს.

ლისაბონი ჯერჯერობით ყველაზე შორეული ადგილია, სადაც ჩემი საწყისი წერტილიდან მოვხვედრილვარ. რაც უფრო სამხრეთით მივდიოდი, ხალხი უფრო და უფრო მეგობრული და უშუალო ხდებოდა. ხალხი უბრალოდ გელაპარაკება ქუჩაში, იმიტომ რომ უბრალოდ ლაპარაკი უნდათ. აქ ყველამ იცის ინგლისური მეტ-ნაკლებად. ლისაბონის გარდა ჯერ არავის გავუჩერებივარ ქუჩაში იმის თხოვნით, რომ რესტორნის ლოგოიანი დროშა ჩამერჭო კედლის სამაგრში, რადგან მეპატრონე პატარა ღიპიანი კაცი თვითონ ვერ წვდებოდა : ) რესტორნებში სპორტად არის ქცეული ხალხის გამოჭერა და ყველაფერს აკეთებენ როგორმე თავიანთ მაგიდასთან რომ მიგიზიდონ და დამჯდარი არ ხარ, რომ უკვე ერთი სული აქვთ როდის შეჭამ შენს კუთვნილ ულუფას და გაათავისუფლებ ადგილს მორიგი მსხვერპლისთვის : ) 
ზოგადად ლისაბონი ცოტა ვერ არის სრულ ჭკუაზე : ) მშვიდად შეშლილი ქალაქია. თბილი კლიმატი და ღვინო ხომ თავისას შვრება მაინც. რაღაცნაირი უდარდელობაა გამეფებული, მოშვებული და მზეს მიფიცხებულია. ქუჩებში შებრაწული სარდინების სუნი ტრიალებს და ყველგან მუსიკა ისმის, ტკბილი ბრაზილიური განწყობით და თან ამას ემატება დროდადრო ტრამვაის ხმა, გამვლელების ლაპარაკი, პორტუგალიური ენის მშვიდი და მელოდიური ჟღერადობა.


ლისაბონი - ყველაზე ჰიპსტერი და ვინტაჟური ქალაქია ევროპაში და ძველი ორნამენტებიანი კერამიკებით მოპირკეთებული სახლებით, თეთრი ქვის საფეხმავლო ქუჩებით, ძალიან ფირუზისფერი წყლით და გულღია მზით, ყველაზე ფოტოგენური ამქვეყნად. ქალაქი მთლიანად ხელით ნახატ ანიმაციას ჰგავს.

Lisbon
ჰო, პირველი პორტუგალიის ყავა დილაადრიან პირველივე შემხვედრ პასტელარიაში დავლიე, ავტობუსში გაცნობილ მხიარულ სევილიელ ელბასთან ერთად.
ჰოსტელში რენატა და ლუკა გავიცანი, რომლებთან ერთადაც საღამოობით ბეირო ალტოს ბარებში ადგილობრივ ღვინოს და კოქტეილებს ვსვამდით და მერე ლისაბონის აღმართ-დაღმართებს მივუყვებოდით და ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდით.


დილით უთენია მე და რენატა ერთად წავედით აეროპორტში, სიმართლე გითხრათ მიხაროდა, რომ იტალიაში წასვლა გადავიფიქრე და გერმანიაში ვბრუნდებოდი, უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი და კიდევ ახალ ქალაქებს და ენას ძნელად გადავიტანდი.
ფრანკფურტში რომ ჩამოვფრინდი, მივხვდი, რომ ყოველი მოგზაურობის მერე გერმანიაში ჩასვლისას უფრო და უფრო მეტად მაქვს სახლში დაბრუნების შეგრძნება. მთელი ის ქვეცნობიერი თვითმფრინავზე და ავტობუსებზე დაგვიანების შიში გამიქრა, უკვე გერმანიის ტერიტორიაზე ვიყავი და აქედან ყველაფერი გაცილებით მარტივია.

ყველაზე მთავარი კი რა არის აქ - თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს ათდღიანი გადარბენითი ტური თავისი ჯანჯღარში გატარებული ძილღვიძილა ღამეებით, დაქანცული და ტურტლიანი ფეხებით, ზურგჩანთისგან ჩაწყვეტილი მხრებით, გამთენიის ქალაქებით და ყავით, სრულიად უცხო ენებით, შემთხვევითი ნაცნობებით, სიცხით, უცნაური საჭმელებით, კილომეტრობით სიარულით და კიდევ ათასი იმ მომენტით, რომელიც მხოლოდ მოგზაურობისას ხდება, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გამიკეთებია.
სინამდვილეში ჩემი კომფორტ-ზონა სწორედ მანდ ვიპოვე და არა დივანზე ჩათბუნული ცხელი ჩაით ფილმების ყურებაში.

Monday, August 18, 2014

ყველაზე ყვითელი მზე - გრანადა


როგორც წესი გამთენიისას რომელიღაც უცხო ქალაქის სადგურზე ჩამოსულს, პირველი საზრუნავი რაც მიჩნდება ყავის დალევაა. ჟენევაში ჩასვლამდე პირველი ყავა ჯერ კიდევ ლაიფციგის ბანჰოფზე დავლიე. ბარსელონაში სადღაც მეტროს სადგურში ორმოცდაათევროიანის დასახურდავებლად ნაყიდი ყავა შემხვდა, გრანადაში კი მივუყვებოდი ქუჩას ცენტრისკენ და ვეძებდი კაფეს, სადაც კარგად მოვკალათდებოდი, მატარებელში ნანჯღრევ ძვლებს დავასვენებდი და ტელეფონს დავტენიდი.

ორი-სამი კილომეტრის გავლის მერე ერთ-ერთი შენობის კუთხეში წავაწყდი იდეალურ კაფეს  ხალისიანი მომსახურე პერსონალით. ჩემი რჩევაა - თუ სადმე უცხოენოვან ქვეყანაში წახვალთ, მითუმეტეს თუ ამ ქვეყნის პროვინციული ქალაქების ნახვასაც აპირებთ, აუცილებლად ისწავლეთ ერთი-ორი სიტყვა იქაურ ენაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემი ათსიტყვიანი ესპანურის მარაგი როგორ გამომადგა.
ვიყავი უზარმაზარ სავარძელში ჩაფლული და ნება-ნება შევექცეოდი უზარმაზარ კრუასანს.
ყავა დალეულია, ჰოსტელამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მოვიკიდე ზურგჩანთა და გავუყევი ქუჩებს. მზე ისე ანათებს და ცა ისეთი მოკრიალებულია, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ სადღაც გერმანიაც არსებობს ამქვეყნად თავისი რუხი ღრუბლებით. გრანადა ძალიან კომფორტული ზომის ქალაქია, ეგრევე რომ უღებ ალღოს და თავს შინაურულად გრძნობ. მივუყვებოდი მარმარილოთი მოპირკეთებულ ტროტუარებს და ვფქირობდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების რაღაც ნაწილს და ვხატავდი და ვხატავდი.


შუადღისას, დაახლოებით პირველიდან ხუთამდე სიესტაა, ყველაფერი დაკეტილია, თითოოროლა ლუდის ბარია ღია და ქუჩაში ორიოდე გადღაბნილი ლანდი მოძრაობს. მე კიდევ ვზივარ ამ დროს ღია ბარში, ვსვამ ადგილობრივ წითელ ღვინოს და ვგრძნობ როგორ უთანაბრდება ჩემი სხეულის და ჰაერის ტემპერატურა ერთმანეთს და ნელ-ნელა როგორ გარდაიქმნება ყველაფერი და მეც მათ შორის ერთ მთლიან მასად და სიზმრისეულ  მდგომარეობაში გადადიხარ.

მშია!..

ყველაზე სახალისო ნაწილი მოგზაურობისას ჭამაა. როცა მენიუში ნახევარზე მეტი არ გესმის რა წერია, პერსონალი შენ ესპანურზე უარესი ინგლისურით ლაპარაკობს და ბოლოსდაბოლოს შეკვეთას როგორღაც აძლევ და ზიხარ და მოუთმენლად ელოდები რა ამოგივა. ვიტყოდი, რომ - "ordering a food in a foreign countries is like a box of chocolates you never know what you're gonna get"
ესპანეთში მიმტანები ისე გემსახურებიან, თითქოს შენს გარდა ათასი საქმე აქვთ კიდევ გასაკეთებელი, თუმცა შენ იმდენად განსაკუთრებულად მიგიჩნიეს, რომ რამდენიმე წუთით ყველაფერი გვერდზე გადადეს და ახლა შენ წინ დგანან სრულ მზადყოფნაში თავიანთი სამხრეთული ღიმილით.


საღამოს მეორე დღე იწყება. მე მივუყვები ვიწრო თეთრკედლებიან საოცრად მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, რომელბიც არასოდეს მთავრდება და აუცილებლად სადმე გაგიყვანს. აქ ძალიან სწრაფად ღამდება. მზის ჩასვლიდან ნახევარ საათში უკვე სიბნელეა. არაბულ ქუჩაზე ვხვდები, მთელ ჩაყოლებაზე პატარა ფერად-ფერადი ნივთებით და ლამპებით სავსე მაღაზიებია. კუთხეებში გიტარაზე უკრავენ. აქაც ყველაფერი სიზმარივითაა.

ოცდაოთხ საათს ატარებ ამ ქალაქში და ხვდები, მარკესმა რისი მიხედვით დაწერა "მარტოობის ასი წელი", თუმცა გრანადას არაფერი აქვს საერთო მაკონდოსთან გარდა სიზმრისეულობისა და სიესტისა. გრანადა ბედნიერია და არაფერი ესაქმება მარტოობასთან და მელანქოლიასთან.
მახსოვს მთელი იქ ყოფნის პერიოდში თავისდაუნებურად წელში გამართული დავდიოდი და სულ მეღიმებოდა, შინაგანად იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

ანდალუსია არის დედამიწის ნაწილი, სადაც დაუნანებლად ანათებს მზე და მზის ჩასვლისას ყველაზე ლამაზი ფერთა გადასვლას ხედავ რაც კი ოდესმე გინახავს, იისფრიდან ყვითლამდე. ცა არის ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი ფერადი ძილბურნების ფერი, თვალმოუწყვეტლად უყურებ და თვალების დახამხამებაც კი გენანება.

Ah Granada! my love...


Thursday, August 14, 2014

Barcelona - nothing personal only business

ბარსელონა. განთიადი. ძალიან წითელი ცა.

ჟენევიდან დაახლოებით ჩვიდმეტი საათი მოუნდა ავტობუსით ბარსელონამდე გზას, დილით დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო რომ ჩავედით და ჰოსტელში როგორც წესი ორ საათამდე ოთახის აღება არ ხდება. მარტო ბარგი დავტოვე და გავედი ისევ გარეთ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ისე მეძინებოდა, სიარულისას წამების მეასედებით მთვლემდა და ფეხები მეკეცებოდა. რამდენიმე საათში შემოვიარე ის ვიწრო ქუჩები, ვიყავი სანაპიროზე, ვნახე კათედრალი და ბოლოს ძალიან მომბეზრდა და ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი ამ ქალაქიდან. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ქალაქი თავისთვის იყო, მე ჩემთვის და ორივეს გვეკიდა ერთმანეთი.

ჰოსტელი ძალიან არ მომეწონა. ფერანის ქუჩაზე, ზუსტად შუაგულ გოთიკურ კვარტალში იყო და აუტანლად ბევრი ტურისტი ირეოდა ქუჩაზე, თან აი ნამდვილი ტურისტები, ჯგუფებად რომ დაბოდიალობენ და ფოტოების გადაღებას რომ ვერ აუდიან. ოთახი იყო პაწაწინა, ბნელი, უსუფთაო და ხალხით და ძირითადად ყაყანა თინეიჯერებით გამოტენილი. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, სამწუხაროდ როგორც მთელი ბარსელონა, ეს ჰოსტელიც იყო "nothing personal only business".

როგორც იქნა შემიშვეს ოთახში, ვახსენე სიესტა და რამდენიმე საათი გაუნძრევლად მეძინა.

საღამოს ქალაქი კიდევ უფრო გადატენილი იყო. ფაქტია ეს არ არის სოლო-მოგზაურებისთვის განკუთვნილი ქალაქი. შენ ნებაზე ვერ სეირნობ. მთელი გზა ჩანთაზე და ჯიბეებზე მქონდა ყურადღება გადატანილი, რამდენჯერაც სადმე დაჯდომა ვცადე, რამდენიმე წუთში ეგრევე გამოჩნდებოდნენ ვიღაც ტიპები და ათასი რაღაცის ყიდვას მთავაზობდნენ. მოკლედ ძალიან გავწამდი : )

ბოლოს საბედნიეროდ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა გადავწყვიტე და პარკ გუელისკენ ავიღე მარშრუტი. მივუყვებოდი ავტობუსით ლამაზ, ფერადსახლებიან აღმართებს და უცებ ერთ-ერთ მოსახვევში თვალი მოვკარი შენობებს შორის ვიწრო კიბეებით ჩამავალ ქუჩებს და ბოლოს მთელი ქალაქის ხედს. და ვიდექი აღმართის თავზე, ვუყურებდი საღამოს ქალაქს და ვფიქრობდი, რომ არაა, მთლად ესე ცუდადაც არაა ყველაფერი : ) აი ეს მომენტი ამ ფილმიდან ყველაზე მეტად ბარსელონაა ჩემთვის. გვიანი საღამოს ქალაქი, ცა რომ ჯერ კიდევ ნათელია, მაგრამ ლამპიონები რომ უკვე ანთია, ეს ხედი, მოტოციკლეტისტები და სკეიტერები ბულვარზე.


საგრადა ფამილიასთან ვიდექი და ვფიქრობდი -"No, you are definitely great, but Kölner Dom is my one and only"

კარგი ნაწილი იყო ზღვა, ძალიან ნათელი დღეები, მზის ამოსვლა-ჩასვლისას ძალიან ლამაზი ცა და ქალაქი, პატარა ბაზარი გვერდით ქუჩაზე გემრიელი ახალთახალი პროდუქტით. 


მოკლედ პოსტის დაწერაც კი მეზარება ბარსელონაზე : )

ზურგჩანთის მოკიდების ბედნიერება!

უცხოენოვან ქვეყნებში ყოველი სწორად ნაპოვნი ბაქანი და წარმატებით გავლილი ბილეთის კონტროლი განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას და სიამაყეს გგვრის.
მატარებელი. საძილე ტომარაში გემრიელად ძილი. გრანადის სადგურზე ბოლო წამებში გადმომხტარი. დილა მშვიდობისა გრანადა!..

Tuesday, August 12, 2014

Off I Go - თავიდან

როცა სამარის შაბათ-კვირამ გადაიარა და გავაცნობიერე, რომ ტყუილად არ მიშრომია და ჩემი პროექტი გამომივიდა, მივხვდი, რომ აი ზუსტად ზურგჩანთის ჩალაგების და ვაიმარიდან სადმე ძალიან შორს წასვლის დრო იყო. რადგანაც უამრავი ადგილის ნახვა მინდოდა, ტურის დაგეგმვა დიდად ტვინის საჭყლეტი ამოცანა აღმოჩნდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ საღამოს მაიკოს მივწერე თუ ყველანი ისევ მანდ ხართ, ჟენევაში ჩამოგივლით-თქო. მაიკომ კი-ო და ავდექი და მაშინვე უბრალოდ ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი ლაიფციგი-ჟენევა და მივხვდი, რომ მორჩა ეგ არის, დაიწყო, უკან დასახევი გზა აღარაა და მივყევი. არანაირი კონკრეტული მიმართულება არ მქონია, უბრალოდ გახსნილი მქონდა ყველანაირი ტრანსპორტის საიტები და ვეძებდი ყველაზე იაფ და დროის მხრივ ხელსაყრელ მიმართულებებს და ქალაქებს. ჟენევიდან ყველაზე მომხიბვლელად ბარსელონასკენ მიმავალი ავტობუსი გამოიყურებოდა, ჰოდა ეგეც მივაყოლე. ბარსელონადან ბევრი ვიფიქრე გრანადამდე მადრიდის გავლით ჩავსულიყავი თუ არა, მაგრამ ბოლოს სამხრეთ სანაპირო ვარჩიე. გრანადიდან ლისაბონამდე ავტობუსი ვიპოვე და ეგეც მივამატე ჩემი ელექტრონული ბილეთების შეკვრას დესკტოპზე. და ბოლოს ლისაბონიდან უკან ფრანკფურტამდე და იქიდან ვაიმარამდე. იტალია ვეღარ გავქაჩე. დაახლოებით ორი დღე მოვანდომე ცალმხრივი ბილეთებით წრიული ტურის შედგენას. მორჩა, გზა გარკვეულია! ღამის გასათევები დარჩა. მივაკითხე ქაუჩსერფინგს, დავგზავნე თხოვნები, ზოგმა უარი მომწერა, ზოგმა საერთოდ არ მიპასუხა, ზოგი მე არ მომეწონა და გადავედი ჰოსტელების ძებნაზე. ეგ ადვილია. დაახლოებით კიდევ ერთი დღე მოვანდომე ღამის გასათევების შოვნას და მორჩა! 28 ივლისს გავდივარ ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა-ბარსელონა-გრანადა-ლისაბონი-ფრანკფურტი-ვაიმარი. აქედან სამ ღამეს ავტობუსებში და მატარებელში ვათევ და განთიადზე ჩავდივარ ქალაქებში. ნაის!
ახლა ჩანთა, რა მიმაქვს, რას ვტოვებ. თავიდან ზურჩანთის ყიდვა მინდოდა, მოზრდილი სამგზავროსი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ჩასაბარებელი ბარგი არ მინდოდა მქონოდა აეროპორტში, ასევე სატარებლად მსუბუქი და კომპაქტური რომ ყოფილიყო, ავიღე ჩემი ფერადი ძველი პატარა ზურგჩანთა და ვეცადე მთელი ათი დღის სამყოფი საჭირო ნივთები ჩამეტია შიგნით + საძილე ტომარა მივამაგრე, რომელიც მოგვიანებით ძალიან გამომადგა.

დავიწყე ნივთების გადალაგება და ხელში ჩემი პასპორტი რომ მომხვდა აი მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან მაგარი რამის გაკეთებას ვაპირებდი და მაშინ ამიკაწკაწდა სული პირველად.

ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა
ყველგან დროულად გადავჯექი და პირველი ბილეთების კონტროლი წარმატებით გავიარე

ჟენევაში კოკისპირულად წვიმს, უაზროდ ძვირია და ბომჟი ახალგაზრდების ადგილი იქ არ არის, შესაბამისად მოსაწყენია იქაურობა.
დიდი ხნის შემდეგ ოჯახის წევრების ნახვა და მითუმეტეს არაჩვეულ ადგილას უცნაური გრძნობაა. რაღაცნაირად არამარტო ოჯახის წევრებად, არამედ ადამიანებადაც აღიქვამ, რომლებსაც თავიანთი ცხოვრება აქვთ : ) ფაქტია, რომ მთელი იმ დროის მანძილზე მეძინა გაცილებით ტკბილად, ვჭამდი გაცილებით გემრიელად და ვლაპარაკობდი ბევრს ჩემი აქცენტაღებული ქართულით
ოცდათერთმეტში შუადღით გავუყევი ბარსელონისკენ გზას. ვიჯექი ავტობუსში ფანჯარასთან მოკალათებული, პირი ჯერ კიდევ მამიდაჩემის გამოტანებული კატლეტებით მქონდა გამოტენილი და  ვცდილობდი გამერკვია გზადშემხვედრი ქალაქების სახელწოდებები.
აჰ! გრენობლი... ქუჩაში ბევრი ხალხია, ლამაზი, ფრანგულაივნებიანი სახლები დგას.
ავინიონის ცენტრალური სადგური...
პროვანსაში ვართ.
ღამდება და მეძინება. დროდადრო ავტობანიდან გადახვევისას პატარა ქალაქების მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ავტობუსის სიარულისას მეღვიძება.
დილის ხუთი საათია, ბარსელონა ნორტე.
კიდევ ნახევარი საათი, ბარსელონა სანტს... ჩავდივარ...

Thursday, January 16, 2014

მე, ქეთი, ანუკი და გიორგი - სევდიანი პოსტი

არსებობდა დრო, როცა მე, ქეთი, ანუკი და გიორგი ერთად ვცხოვრობდით
ახლა კი უბრალოდ და საშინლად მენატრებიან


იმედია ისევ მოვა დრო და ისევ გვექნება ზაფხული ერთად : /


სულ ბილი ტალენტის ბრალია

Tuesday, August 13, 2013

give me one reason to stay...but... anyway...I can't...

დრო ისე გავიდა საერთოდ ვერ მივხვდი
მგონია, რომ სადღაც დროსა და სივრცეში ვარ გამოკიდებული და ვხვდები, რომ არ მყოფნის მხოლოდ ეს ოთხი კვირა
ვხვდები, რომ იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც მიყვარს, მხოლოდ ერთხელ და ორჯერ არაა საკმარისი


არცერთი წუთი არ მინდა მარტომ გავატარო
თბილისი ისეთი კარგია, რომ ვერაფრით ვერ ვწყდები, სულ მინდა ვიარო ქუჩებში, ჭყეტელა, აბდაუბდა განათებებმა თვალი მომჭრას, აყრილ და მტვრიან ქვაფენილებზე მივაბიჯებდე, ყველა ადამიანის დანახვა მიხაროდეს ვინც კი შემომხვდება და ყურში ქართულად ლაპარაკი მესმოდეს.
აქ მინდა ჯერ ყოფნა, აქ ყველაფერი ისეთი ემოციურია
მერე რა, რომ არავინ იღიმება ქუჩაში და მაღაზიებში
აქაურობა ვანილივითაა, სევდიანია და მოტკბო

შაბათს ანუკის ჯვრისწერა იყო
ხვალ რაჭაში მივდივარ
18-ში კი დიდი დღეა და გრძელი ღამე და მერე განთიადი

სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი კოცნა არაა საკმარისი
და ოცში დილით უკან მივფრინავ

ნატას ბლოგზე ამ სიმღერას წავაწყდი და კიდევ უფრო დამასევდიანა

Wednesday, July 31, 2013

Tbilisi loves you

როცა ხვდები, რომ თბილისი ძალიან გიყვარს
როცა ხვდები, რომ აქ ყოფნა გიხარია
და ხვდები, რომ არის მასში რაღაც, რაღაც განსაკუთრებული


Girl is back
and She is happy

Monday, July 22, 2013

random things to think

ის მომენტი, როცა შენი ფიზიკური სხეული და გონება სულ სხვადასხვა ადგილასაა

როცა საქართველოში ჩასვლის დღეები ისე მოახლოვდა, რომ ღამე კარგად აღარ გძინავს და დროდადრო შეშინებულს გეჩვენება, რომ დღეები და დრო გერევა და აეროპორტში გაგვიანდება.

როცა უცებ აანალიზებ, რომ უამრავი ადამიანი მოუთმენლად გელოდება და უამრავ ადამიანს გულით გაუხარდება შენი ნახვა და ამის ფიქრში შენი პირი ყურებამდე გაღიმებულა და ხვდები, რომ ადამიანებშია ბედნიერება.
მე კი ვიცი, რომ საქართველოში გატარებული ეს ერთი თვე ძალიან დიდ გარდატეხას მოახდენს ჩემში და მე კი ყველაზე მეტად პიროვნული გამოცდილებების შეგროვება მიყვარს.
აი ისეთი ზანტი დღეები მაქვს, კატის ნახტომამდე გაყურსვას რომ ჰგავს. 

როცა აქ ზაფხულია და აუზზე სიარულის და ველოსიპედით სეირნობის მეტი საქმე არაფერი გაგაჩნია და როცა გწამს, რომ ამ სტრესულ და გადაღლილ სამყაროში ვიღაცას მაინც უნდა უხაროდეს სიცოცხლე
მე მიყვარს, როცა ჩემი კანი მუქდება და ბზინავს, თმა ღიავდება, მიყვარს მზემოკიდებული ფეხები და თხელი, ფრიალა კაბები
მე მიყვარს მთელი ღამე ელექტრონული მუსიკა და დილით მზის ამოსვლის ყურება.

ცოტა ხნის წინ ერთ ტიპს ვკითხე რომელია შენი საყვარელი ფერი-თქო და საყვარელი ფერი არა, მაგრამ საყვარელი გრადიენტი მაქვსო და ფოტო გამომიგზავნა. და მე კი გრადიენტი არა, მაგრამ საყვარელი შუქ-ჩრდილის ეფექტი მაქვს : )


ზოგადად ვღელავ, სინამდვილეში კი მენატრება კიოლნი

Thursday, July 18, 2013

Sunday, June 23, 2013

ივნისის ერთი კვირა

ჩვენთან ღამეები დაპატარავდა
ზაფხულის ბუნიობაა
ის დროა, საღამოობით მსუბუქი ჯაზი რომ გისწორდება ყველაზე მეტად
და ზოჯერ ღამით ჟაკეტის გარეშეც კი შეიძლება არ შეგცივდეს

დიდი ხანია ექსკურსია იგეგმებოდა ჩვენი პროექტის პარტნიორ სვარეფლექსის ოფისში ავსტრიაში, სადაც ჩვენი იდეები უნდა წარგვედგინა კომპანიისთვის. საბედნიეროდ არსებობენ ახალგაზრდა ლექტორები, რომლებიც წინადადებით შემოდიან, რომ სასტუმროში ფულის ყრას, ჯობია კარვები წავიღოთ და სპეციალურად გამოყოფილ საკემპინგო ადგილას დავბანაკდეთ. საბედნიეროდ ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა. ვიქირავეთ მანქანა და წავედით.
ავსტრია არის ძალიან მწვანე და ლამაზი, ტემპერატურა იყო მაღალი, ჩვენ გვქონდა საცურაო აუზი ეზოში.
საქმიანი ექსკურსია ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად, მიდიხარ სამი დღით ქალაქგარეთ, ერთობი და ამავდროულად საქმეს აკეთებ. პირველ დღეს ისეთ დროს ჩავედით ვომპში, ავტობანიდან პირდაპირ შეხვედრაზე მოვხვდით ნამგზავრები და აჩაჩულ-დაჩაჩულები. იმავედ დღეს ვიყავით სვაროვსკის კრისტალველთში და ბოლოს უკვე ერთი სული გვქონდა კარვებამდე მიგვეღწია და შხაპი მიგვეღო.
ღამით კი ვისხედით მდელოზე და რაღაც უცნაურ საჭმელს ვამზადებდით პრიმუსზე, რომელსაც ყველა ერთად ერთი ჯამიდან ვჭამდით.

დილით ექვს საათზე გამეღვიძა, ჩიტები ძალიან ხმამაღლა ჟღურტულებდნენ.


კარვიდან გამოვძვერი და ბალახზე მოვკალათდი. ვიჯექი, ვახრაშუნებდი ვაშლს და ვუყურებდი დილის ალპებს და სულ ახლად ამოსული მზის გრძელ ჩრდილებს. ნელ-ნელა სხვებმაც გაიღვიძეს, ყავა მოვხარშეთ ცეცხლზე, ყველას თითო-თითო ყლუპი გვერგო და წავედით ოფისისკენ.
პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა, საღამოსკენ უკვე მოვრჩით ყველაფერს და გადავწყვიტეთ ინსბრუკში წასვლა, რომელიც ისეთი საყვარელი ქალაქი აღმოჩნდა ღამის სამი საათისთვის ძლივს მოვწყდით.



დავხეტიალობდით ფეხშიშველები ინსბრუკის  ვიწრო ქუჩებში, ვძვრებოდით ყველა იმ იდუმალებით სავსე და რომანტიულ პასაჟებში, ვიტრინებში ვირეკლებოდით, ვსვამდით ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან, დროდადრო ხიდებზე ვჩერდებოდით, ვუსმენდით წყლის და მთების ხმას და ჩვენიანად ყველაფერი გაჟღენთილი იყო ზაფხულის ღამის ჯადოსნურობით.


ავსტრიიდან დაბრუნებულს მეზობლებმა ამბავი დამახვედრეს პარასკევს ფართი იგეგმება ჩვენს ვეგეშიო, კატის დაბადების დღეა და ალექსმა დიპლომი დაიცვაო
, ჰოდა როგორც იქნა ყველამ მოიცალა. სავარაუდო ტერიტორიად ჩემი ოთახი მოაზრება, დიდი ფართობი, ცოტა ავეჯი და აივანი მწეველებისთვის.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ოთახს ეღირსება და გვარიანად დალაგდება.


პარასკევს ნაშუადღევს კაუფლანდში წავედით სასმელისთვის, მერე ერფურტში გავიქეცი საყიდლებზე, მერე სწრაფად, ძალიან სწრაფად აღვგავე ყველა ნივთი პირისაგან ჩემი ოთახისა და ქალქში გავედი მუსიკის ფესტივალზე. მთელ ძველ უბანში პატარ-პატარა სცენები იყო მოწყობილი და სხვადასხვა ბენდები უკრავდნენ. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა ქუჩაში და ნორმალურად ვერ ვუსმენდი.
სადღაც თერთმეტისკენ მივედი სახლში, სტუმრები უკვე იწყებდნენ მოსვლას, ჩემი აივნიდან უკვე ისმოდა ხმა ქუჩაზე.
მე მშიოდა, მაგრამ საჭმლის ყიდვა ვერ მოვასწარი და ჩიპსების ჭამას ისევ ლუდი ვარჩიე. ჩემი მეგობრები თორმეტისკენ მოვიდნენ, ვისხედით გარეთ კიბეზე, ვსვამდით ლუდს და მომსვლელებს კარს ვუღებდით : )
ჰოდა სადღაც პირველისთვის ისე დავთვერი, მახსოვს დავბოდიალობდი ოთახებში, ვიცინოდი და მოვუწოდებდი ყველას სამზარეულოში რამე სასმელი ეპოვნათ და გართობილიყვნენ. ჰოდა ვიყავი ეგრე, სანამ კატის ოთახში საწოლთან არ მოვხვდი, ჰოდა გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი ძილი არ მაწყენდა.
რამდენჯერმე გამომეღვიძა, ერთხელ მახსოვს ალექსი მარკერით ხელში, ლოყაზე რაღაცის დაწერას რომ მიპირებდა, მერე მახსოვს ძილში ვფიქრობდი, ახლა უნდა ავდგე და გავიდე იქით, თორემ მთელი მხიარულება ჩემს გარეშე ჩაივლის-თქო და რამდენჯერმე ვცადე გამოფხიზლება, საბოლოოდ როცა გაღვიძება მოვახერხე სადღაც ოთხი საათი იყო  და ათიოდე კაციღა იყო შემორჩენილი, ჩემი ოთახის იატაკი მოზუზნული, ყველა ბოთლი დაცლილი.
ჰოდა ახლა უკვე ნამძინარევი სახით ვიდექი და ხალხს ვაცილებდი : )
დაბოლოს, როცა ყველა დაიშალა ავიღე ჩემი საძილე ტომარა და უბრალოდ დავიძინე დივანზე
დილით შევძელი და ათ საათზე ბანჰოფზე ვიყავი მხნე და ლაიფციგისთვის მზად მყოფი.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წახვიდე "ჰოლი ქოლორ ფესტივალზე"


არაფერი ჯობია იმას, როცა ყველა ერთად იგანგლება ათასფერად, მთელი სხეული შიგნიდან და გარედან ფერადი მტვრით ევსება, თმა ეფიჩხება და სახე ტურტლიან ბავშვს მიუგავს - ეს ის მომენტია, როცა ყველა გასართობადაა მისული და ყველა ერთი რასისა და კანის ფერის წარმომადგენელია : )
ამინდი იყო მზიანი და საღამოს ტანსაცმელი ყველას ზედ გვეხატა.
ვაიმარში ღამის პირველი საათისთვის მოვაღწიეთ, მე კი ისევ არაფერი მქონდა საჭმელი, იმიტომ, რომ მთელი კვირის განმავლობაში დრო ვერ ვიპოვე სუპერმარკეტში წასასვლელად, დღეს კი კვირაა : )

ჩემს ქუჩაზე კი ცაცხვები ყვავიან, მზე აცხუნებს და ყველგან ზაფხულის სურნელი ტრიალებს.

Sunday, June 9, 2013

ეს ორი დღე

ეს ორი დღე 
შაბათი - მუზეუმების ღამე ვაიმარში, მზიანი და ხალხით სავსე
ის მომენტი, როცა ქალაქის უამრავი პაწაწინა იდუმალი კარი შუაღამემდე შენთვის იღება

სამრეკლოდან დანახული ვაიმარი
ყველა ეზოდან ცოცხალი მუსიკის ხმა ისმის, ხალხის სიცილი და ჭურჭლის წკარუნი
გვიანობამდე ქალაქში ხეტიალი
ივნისი - როცა ყველაზე გრძელი საღამოებია

ღამე - ოფენ ეარი სადღაც ზემოთ, ვაიმარის თავზე
ნაცნობი და შემთხვევითი ხალხი
გზის არევა და ორი საათი ღამის მინდვრებში ხეტიალი, ვარსკვლავიანი ცა და მუსიკის ხმის მიყოლა
დილამდე მუსიკა, ცეკვა და შენნაირი ხალხი
თავზე დათენება, და დაუჯერებლად ლამაზი მზის ამოსვლა, ოდნავ ნისლიანი ყვითელი ფერდობები, გრძელი გზა სახლამდე, ბელვედერის ხეივანი, უბრალოდ გზად გაცნობილი ხალხი, დილის ექვს საათზე გამომცხვარი მაჭკატების ჭამა
სახლში დაბრუნება



სამი საათი ძილი
ბექ-ფაქტორის ყავა და ყველიანი ფუნთუშა
პრაინის ფოტოგადაღება
ბევრი გოგო და ერთი შიშველი ბიჭი
წვიმაში სახლისკენ სეირნობა
ნამძინარევი, ოდნავ გაბრუებული
ძეხვიანი ბუტერბროდი

ისევ ძილი

ის მომენტი, ყველაფრის დამახსოვრება საჭირო რომ არ არის, უბრალოდ ემოციებად რომ ილექება სხეულში

Friday, June 7, 2013

ივნისი - უბრალოდ იცეკვე და GET LUCKY

ერთხელ როცა ვთქვი, რომ ბედნიერება დეტალებშია და აი მაგალითად როცა თოვს და მე მ18-დან ცხელი კაკაოს სმით სამუშაო სტუდიისკენ მივდივარ, სწორედ ერთ-ერთი ის პატარა ბედნიერი მომენტთაგანია-თქო, ერთმა ჩემმა მეზობელმა მიპასუხა -"ადრე ბავშვობაში უბრალოდ ბედნიერები ვიყავით, ახლა კი ჩვენ თვითონვე ვქმნით საკუთარ ბედნიერებას, ჩვენ თვითონ ვქმნით იმ თოვლს, რომ მერე ბედნიერები ვიყოთ-ო"

ჰოდა ზაფხული სწორედ ის მომენტია, როცა დიდი გარჯა არ გჭირდება, რომ შენდაუნებურად ბედნიერი იყო და არც ასაკს აქვს დიდი მნიშვნელობა.
დათბა, ჩემი აივნის კარი და ფანჯარა მოფრიალებული მაქვს როგორც იქნა და გარედან ის ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხმები შემოდის, გზიდან მანქანების წყნარი ხმა, ველოსიპედების ოდნავი ჭრიჭინი, ქუჩის კუთხის სახლიდან ხმამაღალი მუსიკა და მხიარული ღრიანცელი, ლუდის ბოთლების წკარუნი, პარასკევი საღამოა, თბილა და დარწმუნებული ვარ ყველაზე სწავლაზე გადამკვდარი სტუდენტიც კი აუცილებლად გადადებს წიგნებს ცოტა ხნით გვერდზე და სასეირნოდ მაინც გავა გარეთ.
ღია აუზი გახსნილია უკვე და უახლოეს დღეებში მივაკითხავ, აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიწექი მზეზე წყლის პირას.
ერთ-ერთ ლექციაზე ვლაპარაკობდით სინათლის ზემოქმედებაზე ადამიანზე და სიცოცხლისთვის მის საჭირო რაოდენობაზე, აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობის სინათლე უნდა მივიღოთ, და ის, რომ ყავისფერთვალება ადამიანს უფრო მეტი სინათლე სჭირდებათ, ვიდრე ცისფერთვალებას. და სამწუხაროდ შეუძლებელია, რომ ზაფხულში დააგროვო ზამთრისთვის საჭირო სინათლის მარაგი. ჰოდა რაღა დამრჩენია გარდა მზეს მიფიცხებისა სანამ არის.
მე კი დღეს მივხვდი, რომ ის  ცხელი კაკაოს პატარა ბედნიერება პიტნის ნაყინის ბედნიერებამ ჩაანაცვლა : )
საქართველოში ჩემი ჩასვლის დრო კი ახლოვდება და ერთი სული მაქვს ყველას სათითაოდ და ბევრჯერ როდის ჩავეხუტები : )

ეს სიმღერა კი მართალია როგორც ელენემ თქვა, მარშუტკებშიც კი ესაა ჩართულიო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდები, მაგრამ ჩემი ვაიმარული ზაფხულის საუნდტრეკია, ვუსმენ და მეცეკვება : )

Sunday, September 9, 2012

რა უნდა გააკეთო მზიან კვირადღეებში

მზიანი კვირა დღეები ბალახზე გაშხლართულმა უნდა გაატარო


და ნება-ნება წრუპო ლუდი : )

Thursday, May 31, 2012

ზაფხულის პირველი დღე

არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, რომ დღეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში ახლად გათიბული ბალახის და ცაცხვის სურნელი დგას, ამას აივნებზე გადმოყუდებული მწეველების სიგარეტის და მზეს მიფიცხებული ფილაქნის სუნი ემატება 
და მთელი დღე თბილი სიო ამ მსუბუქი სურნელებით გაბრუებს


ისმის ფანჯრის ჩარჩოების ჭრიალი გამოღებისას, სახლებიდან გამომავალი ახალი ამბების, ადამიანების და ჭურჭლის წკრიალის ერთმანეთში არეული ბგერები
ფოთლების შრიალს შერეული წყნარი საუბრები


გრძნობ შოკოლადიანი ნაყინების, მარწყვის და ალუჩის გემოს 


ლამპიონები ჩამავალი მზის მსგავსად მონარინჯისფრო-მოვარდისფროდ ანათებენ და ფოთლების მოიისფრო ჩრდილებს ტოვებენ ტროტუარებზე, 
ხედავ სკვერში ჩამომჯდარ მეგობრებს ლუდს რომ აგემოვნებენ


და იცით რას მოასწავებს ეს ყველაფერი?! 


ზაფხულს



მორჩა! მოვიდა ზაფხული თავისი ხმებით, სურნელებით, გემოებით, ფრიალა თმებით და კაბებით, სეირნობებით, ნაყინებით გამოტენილი მაღაზიებით, თავგადასავლებით, სპონტანურობებით და ჯადოსნური მოიდუმალო ღამეებით. 


და ხვალ აბსოლუტური ბედნიერებით შეპყრობილი მთელი დღე ჩემთვის ჩუმად გავიმეორებ ყველაზე ჯადოსნურ სიტყვებს :


 "დღეს პირველი ივნისია - ზაფხულის პირველი დღე"




Saturday, January 14, 2012

ზაფხულის მივიწყებული ჩანაწერები

თავის დროზე ერთი ამოსუნთქვით დაწერილი პოსტი, რომელიც გადავწყვიტე თითქმის ისევ ისე გამომექვეყნებინა, დიდი ამბავი თუ არეულ-დარეულია წინადადებები - სამაგიეროდ მაშინდელი ემოციები მოაქვს.


29 ივლისი – დილა – საკვალიფიკაციო გამოცდა იტვეტში, საბოლოო შეკრება ოთახში, სადაც ლექციები გვიტარდებოდა, სტანდარტული სადღეგრძელოები და წარმატებების სურვება ერთმანეთისთვის, საღამოს ექვს საათამდე.

ექვსზე უკვე წამოვედი – მატარებელი გადის 23:50 ზე – მანამდე წასვლისწინა უამრავი წვრილმანი, მაქსიმალურად შემსუბუქებული ბარგი, რამდენიმე პოსტი და კომენტარი FB ზე და ფორუმზე, Last refresh, ბოლო წუთებამდე ჩართული მუსიკა, უფრო და უფრო მომატებული მღელვარება რაღაცა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანის წინ, შეგრძნება, რომ რაღაც გრჩება ან რამე არ ჩაიშალოს, 22:50 ზე სახლიდან გასვლა, მეტროში მატარებლის მოსვლამდე თავგადასავალის მაძიებლის აურის ფრქვევა, მღელვარე, ამაყი, ბედნიერი და ამ ყველაფრით შეპყრობილი, სულაკაწკაწებული.

23:20 თბილისი ცენტრალის შესასვლელთან უამრავი ბარგიანი ადამიანი, უამრავი უცხოელი და უამრავი კალია. ელენეს ლოდინი, ვაგონის ძებნა, ღიპიანი კონტროლიორი, ადგილების გადაცვლა – ზედა საწოლები.

23:50 – მატარებლის გასვლა სადგურიდან.
მთელი ღამის მანძილზე ჩათვლემა, გაღვიძება, ლაპარაკი, ფეხებაკეცილი ჯდომა, თვალებით ლაპარაკი ქვედა თანამგზავრებზე, ჩუმად ყოფნა და მგზავრობის მოსმენა, სიცილი, კრეკერების ჭამა, ჭორაობა, წყვეტილი სინათლე ფანჯრიდან.

07:50 – მახინჯაური, თავსდამტყდარი ბინის გამქირავებლებით.



მე პირველად ვარ ბათუმში და წარმოდგენა არ მაქვს მის განლაგებაზე, ერთხელაც კი არ დამიხედავს მანამდე მისი გეგმისთვის. გავედით ტაქსით ცეროდენასთან, სადაც ჰქონდათ ჩემს მეგობრებს ბინა დაქირავებული, ელენე ქუჩის მეორე მხარეს დაბინავდა, თუმცა ამაოდ, ღამით მაინც ჩვენთან დარჩა. ასვლისთანავე ცოტა ხანში გავედით ზღვაზე, რომელიც გაცილებით სუფთა და სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მერე ავირბინეთ სახლში, სწრაფად გადავივლეთ წყალი, კრაზანამ დაგვაპურა, ცოტაოდენი სვაიაკიც ითამაშეს და წავედით სპორტდარბაზში ჩემპიონატზე. 


რა თქმა უნდა უამრავ ნაცნობს წავაწყდი, მე როგორც ძირითადად ყოველთვის “გრუპა პადძერშკა” ვიყავი, ფოტოებიც გადავიღე, ელენე გუნდში ჩაისვეს მთავარ თარჯიმნად. საბოლოოდ გაიმარჯვა აზერბაიჯანელების გუნდმა, თუმცა მე ეგ ნაკლებად მადარდებდა, მე უბრალოდ ვიყავი იქ იმ სიტუაციის ნაწილი და დამკვირვებელი. 



  იქიდან წამოსულები ისევ ზღვაზე გავედით, საღამოს სვაიაკამდე საკმაოდ დიდი დრო იყო დარჩენილი. ველოსიპედიც ვიქირავეთ ცოტა ხნით. აჭარული ხაჭაპური კვირისთვის გადავდეთ, რადგან სადილად გემრიელი აჯაფსანდალი გვქონდა ჩემი და კრაზანას ნახელავი. ღამე ცხრისთვის ავედით სპუტნიკში, თავიდან საინტერესო იყო და აქტიურად ვიყავი ჩართული მოვლენების მსვლელობაში, მაგრამ ბოლოს ქართველების უაზრო წაგების მერე და თან უინტერესო ბრეინის დაწყების გამო  ჩამთვლიმა, იმ მოუხერხებელ სკამზე ჩამომეძინა. მოკლედ როგორც იქნა წამოვედით სახლში, ოღონდ ფეხით და ძლივს ჩამოვაღწიე, რომ დავმდგარიყავი ერთ ადგილას ჩამეძინებოდა. 


  სახლში გვიან მივედით, ორიოდე საათი გვეძინა და სადღაც შვიდი იყო დაწყებული მათე და ჭურიკი მოვიდნენ და ახმაურდნენ, მე და ელენეს გაგვეღვიძა და შევუერთდით, ვილაყბეთ ერთ ხანს და გავედით ისევ ზღვაზე. მერე მე და ელენი წავედით და მწვანე ველოსიპედები ვიქირავეთ – რა დიდებული რამ გავაკეთეთ. ძალიან ვისიამოვნეთ, სად აღარ ვიყავით, ქალაქშიც ვიბოდიალეთ, მერე საღამოს სადგურშიც გავედით, სადაც ხელით მოგვიწია ველოების თრევა : ) ისეთი მოძრაობა და ანჯღრეული გზები იყო – უნდა გამეგო რაჭის მარშუტკა როდის გადიოდა ორშაბათს. 


  მოკლედ ერთერთი მორიგი ზღვაში ბანაობის მერე წავედით აჭარულის საჭმელად.საკმაოდ გვიანობამდე კიდევ ვიბოდიალეთ და დავბრუნდით სახლში, ელენე, ანუკი და კიდევ სხვებიც ღამე თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რა თქმა უნდა მოვაწყეთ გამოსათხოვარი სვაიაკის ტაშის დაკვრა : )) და გავაცილეთ გოგოები. წვიმაც დაიწყო, კრაზანამ საწვიმარი მათხოვა და გავუყევი ქალაქის ქუჩებს სასეირნოდ, ჯერ ველოსიპედით, მერე ფეხით. 


  ძალიან დიდხანს ვიარე, მერე ისევ ბულვარზე დავბრუნდი, ველო მოვხსენი და დავუყევი ზღვის ნაპირს. 
  ტელეფონზე ხმა გამორთული მქონდა, არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი, უკვე ძალიან გვიანი იყო, პირველი ხდებოდა, ამასობაში ხალხმა ძებნა დამიწყო და მე ეს ყველაფერი არ მაღელვებდა, ვსეირნობდი ველოსიპედით და ვგრძნობდი საკუთარ თავს. ცოტა ხანში ბიჭები შემხვდნენ, ისინიც ველოებით და უკვე ჩავრთე ტელეფონი და ვნახე უამრავი უპასუხო ზარი, ისევ დავუბრუნდი საზოგადოებას. 
  ჩვენი სახლის გასწვრივ ბულვარზე ჩვენები იყვნენ შეკრებილები, პლიაჟზე აპირებდნენ ჩასვლას. მეც შევუერთდი მათ და დილის ექვს საათამდე ვისხედით ვლაპარაკობდით, ხან ზღვაში შევდიოდი კოჭებამდე და მომწონდა წყალი რომ მეშხეფებოდა ცოტათი, ხან ქვებზე ვიწექი და ცას შევცქეროდი, ხან მეც ვლაპარაკობდი. ექვსისთვის სახლში დავბრუნდით, სადაც იმ ღამეს 11 ადამიანს გვეძინა. დილით რვაზე ავდექი, ისევ გავედი ველოსიპედით სასეირნოდ და ათის ნახევრისთვის, სანამ ისევ ძილში იყო ჩვენი სახლი გახვეული, გავედი ვაგზალზე და წამოვედი რაჭისკენ.
გზად დამემგზავრნენ გორგილაძე, ისაკაძე, გუნია და დაჩი, ამ გზაზე დათო მოყვება თავის პოსტში : ))

 მოკლედ ზუსტად არც მახსოვს რაში გავიდა მთელი ეს დრო, მაგრამ უდავოდ მშვენივრად და აქტიურად კი გაირბინა.

მე შემიყვარდა ბათუმი, და ბათუმმაც შემიყვარა მე – ჩემი ახალგაზრდა ქალაქი.

Friday, January 6, 2012

ზაფხული აივანზე




ვინც იცის მე სად ვცხოვრობ და ვისაც ჩემი აივნიდან გადაუხედავს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საკმაოდ სასიამოვნო ხედი იშლება იქიდან. წლის, თვის და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია დატკბე მთების და ქალაქის სილუეტებით.
ზაფულობით, ძირითადად მარტო ვარ სახლში და სიტუაცია დაახლოებით ასეთია ხოლმე : )
სახლში მარტო ყოფნაზე ვგიჟდები, მაგრამ სულ სხვაა სახლში მარტო ყოფნა ზაფხულში : ) მითუმეტეს, თუ ისეთი მზით სავსე და მშვენიერხედიანი აივანი გაქვს, როგორიც მე.


მზე რომ დასავლეთისკენ გადახრას დაიწყებს, მე ვუწევ მუსიკის ხმას მაღლა, მოვკალათდები აივანზე, ფეხებს მოაჯირზე შემოვაწყობ და დაღამებამდე ვტკბები სიტუაციით. მე ხომ შეღამების ქალაქი მიყვარს ყველაზე მეტად, ჯერ კიდევ დღის სინათლე რომ არის გარეთ და თან ლამპიონებიც უკვე ანთებულია. ამ დროს ძალიან მაგარია რამე ალკოჰოლური და უალკოჰოლო, ცხელი ან ცივი სასმელის დალევა - გააჩნია განწყობას, ძალიან სასიამოვნოა სიგარეტის მოწევა, წარმოდგენითის მაინც : ) და მუსიკა, მუსიკა, რომელიც სრულყოფილს ხდის ყველაფერს და საუნდტრეკად ედება ჩემს ზაფხულის საღამოებს აივანზე.


ვისაც აივანი არ გაქვთ, ან მარტო ვერ რჩებით სახლში, ან მუსიკის ხმამაღალი მოსმენა არ შეგიძლიათ - ვწუხვარ, თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ დაკარგული! : )


აქ არის ფლეილისტი, რასაც ვუსმენდი წინა ზაფხულს


აი ეს სიტუაცია მომწონს  : )
where is my mind


Paper Planes

That's Not My Name

velha infancia                        

True Colors                           

The Greatest                         

HUMANITY                             

Je t'aime moi non plus            

Kissing                                   


Sunday, September 25, 2011

ბათუმს ქათქათას

ძალიან მაგარია ბათუმში
დღეს იწვიმა პირველად
რომ ჩამოვალ მერე დავწერ პოსტს, ან არ დავწერ :)))

Tuesday, September 13, 2011

ბათუმისკენ - ანუ - სულ მწვანეზე გ ველო ს

თუ მოხვდებით ბათუმში 15-დან 27 სექტემბერამდე, სავარაუდოდ სადმე შემხვდებით მეც : ) სავარაუდოდ შეხვედრისას მწვანე ველოსიპედთან ერთად ვიქნები და ეს შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მოხდეს. ღამის ორ საათზე სეირნობას არაფერი ჯობია, მთავარია ზედ არ ჩამოგეძინოს : )))
საბედნიეროდ ჩვენს ვორქშოპს დაემთხვა ბათუმის კინოფესტივალი, რამაც ძალიან გამახარა
მიმაქვს აკვარელები და ასევე დიდი იმედი, რომ დავხატავ : )
მოკლედ მიხარია საშინლად, ბათუმმა ძალიან შემაყვარა თავი : )
მეეჭვება ხვალ ღამემდე საწვიმრის ყიდვა მოვასწრო, ასე რომ, სასწაულის და მშრალი ამინდების იმედი მაქვს
მოკლედ წინ ძალიან მაგარი თორმეტდღეული მაქვს და ყველაფერი კარგად იქნება
ეს ბოლო ყლუპია ზაფხულის განწყობაშემორჩენილი დღეების

Monday, August 29, 2011

ზაფხული და ჩემი ყველაზე ყველაზეები

მე მზის და ზაფხულის თაყვანისმცემელი ვარ და გარწმუნებთ თითქმის ყველანაირ ბედნიერებას იტევს ზაფხული.
როცა ყველაზე გულცივ საყინულეც კი გაგრძნობინებს რომ ზაფხულია, მასში შეწყობილი ნაყინებით.
როცა ყოველ წუთას შეიძლება გადააწყდე შენს ყველაზე საყვარელ პატარა ბედნიერებას.
ასე მაგალითად : )
ყველაზე გემრიელად სასიამოვნო სიტყვა - ნაყინი
ყველაზე გემრიელი წყალი – ზაფხულის ცხელ დღეს ცივი წყაროს მიერ შემოთავაზებული კამკამა ყლუპები.
ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენა – ტყეში, ძველი კუნძების ძირში ამოსული სოკოები და მარწყვი.
ყველაზე სასიამოვნო შხაპი – მოულოდნელად თავსდატეხილ კოკისპირულ წვიმაში მოყოლილი, სახლამდე სირბილით რომ მიდიხარ და საწვიმარი ჟოლობის ქვეშ მზეს მიფიცხებული სახურავით გამთბარი წყლის ნიაღვარს თავს რომ შეუშვერ.
ყველაზე ტკბილი იავნანა – ნაშუადღევს სუსტი ნიავით აშრიალებული ფოთლების ხმა.
ყველაზე სასიამოვნო შეცბუნება – ზაფხულის ღამისეული ჭექა-ქQუხილის ცქერა აივანზე.
ყველაზე იდუმალი სანახაობა, რომელიც უამრავ შემაკრთობელ გრძნობებს აგიშლის – ვარსკვლავებით მოჭედილი ზაფხულის ღამის ცის ყურება.
ყველაზე სასიამოვნო ტკივილი – რიყის ქვებზე ფეხშიშველი სიარული და ფუტკრის კბენა.
ყველაზე სასიამოვნო მუცლის ტკივილი – უამრავი ბლის პირდაპირ ხიდან ჭამით გამოწვეული.
ყველაზე გემრიელი დანაშაული – ტაროების მოპარვა კოცონზე შესაწვავად.
ყველაზე ლამაზი რუტინა – გზის პირას ჩაწყობილი, მზეზე გამთბარი შავ-თეთრი ბეტონის ბლოკები.
ყველაზე სასიამოვნო სიმეტრია – გზას გაყოლებული თეთრი წყვეტილი გამყოფი ხაზები და ზედ გაწოლილი ალვების ხეივნის ჩრდილები.
ყველაზე სასიამოვნო სურნელი – მზით გაბრუებული მინდვრის სული.
ყველაზე სახალისო პროცესი – საზამთროს ქერქიანი ზორბა ნაჭრების ჭამა მეგობრებთან ერთად.
ყველაზე აზარტული გართობა, რომლისგან თავის არიდება ფაქტიურად შეუძლებელია – ბავშვების მიერ წამოწყებული წუწაობის დროს ცოტაოდენი წყლის შემოშხეფება, რის შემდეგაც თვითონ ვერ ხვდები როგორ აღმოჩნდა წყლით სავსე ნებისმიერი ჭურჭელი შენს ხელში.
ყველაზე სასიამოვნო სეირნობა – გამთენიისას მზესთან ერთად ნამიან ბალახზე სიარული.
ყველაზე უებარი ანტიდეპრესანტი – ზაფხულის ცხელ დილას, როცა ცა ძალიან ლურჯია, კამკამა მდინარეში ჩაყვინთვა.
ყველაზე აუცილებელი ნივთი – საცურაო კოსტიუმი შენს ზურგჩანთაში.
ყველაზე სასიამოვნო შეხება – ცხელ ასფალტზე ფეხშიშველი სიარული.
ყველაზე ტკბილი სიზმრები – ზაფხულის ღამის.
ყველაზე ტკბილი ლაყბობა – შეღამებულზე კართანაზე, აივანზე ან ჰამაკში მოკალათებული ქალების ჭორაობა.
ყველაზე სასიამოვნო ჟრუანტელისმომგვრელი სიტყვა ზაფხულში – “ცივი”
ყველაზე სასიამოვნო სიგრილე – მზით გაფიცხებული მინდვრის განაპირას მდგარი ხის ქვეშ.
ყველაზე მშვიდი ძილი – ნაშუადღევს ცაცხვების ქვეშ დაბალბალახიან მიწას ჩახუტებული.
ყველაზე საყვარელი წიგნები – ზაფხულში აივანზე, შუშაბანდში ან ჰამაკში წაკითხულები.
ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა – თევზაობა.
ყველაზე მშვიდი ხმა – ჭრიჭინების ხმა დაღამებულზე.
ყველაზე მშვენიერი ნათება – ციცინათელების და ვარსკვლავების.
ყველაზე აქტუალური საშინაო ტანსაცმელი – საცვლები.
ყველაზე სასარგებლო ყოველდღიურობა – სველი სარეცხის რამდენიმე წუთში გაშრობა.
ყველაზე ბედნიერი დღეები – როცა დღე-ღამის განმავლობაში 18 საათი დღეა და მხოლოდ 6 საათით ბნელა, ისიც იმისთვის, რომ იდუმალ ვარსკვლავებს უყურო.
ყველაზე მშვენიერი ფერი – მზემოკიდებული კანის და მზეზე აელვარებული საპნის ბუშტების.


Wednesday, June 8, 2011

ორგანიზებული არეულობა

when the sun is shining,
life is really wonderful (c) mylpi
ერთი უცნაური და არაჩვეულებრივად კარგი ჩვევა მაქვს
ყოველ წელს გამოცდების წინ ძირფესვიანად ვალაგებ ჩემს ოთახს, ყველა წიგნს, ფანქარს, ფურცელს თავის ადგილს ვუჩენ და ბოლოს სრულ წესრიგში მყოფ მაგიდასთან მოვკალათდები და ვიწყებ საგამოცდოდ მზადებას.
წელს ყველაზე მსუბუქი საგამოცდო ცხრილი მაქვს :))
მაგისტრატურაზე ფაქტიურად ორ საგანში მაქვს გამოცდა, რომლებსაც სავარაუდოდ ივნისის ბოლოს ჩავაბარებ, 
იტვეტში წესით ივლისის შუა რიცხვებში მოვრჩებით სწავლას და უკვე ბოლოს იქნება საკვალიფიკაციო ნამუშევრების წარდგენა, 3D ში ანიმაცია, მოდელირება და სარეკლამო რგოლი + ფოტოშოპი და + რამდენიმე წვრილ-წვრილი დროისმკარგველი საგნის დებილი ჩათვლები.  
ივლისიდან ალტადან მოვდივარ, და მთელ დროს 3D, ფოტოშოპს, სეირნობას და ქალაქური ზაფხულით ტკბობას ვუთმობ
და უკვე ივლისის ბოლოს მივემართები ბათუმისკენ ამიერკავკასიის ჩემპიონატზე და პირდაპირ იქიდანვე გადავდივარ რაჭაში და მთელ აგვისტოს მზით სავსე მინდვრებზე, გრილ ტყეებში, დილის მსუსხავწყლიან მდინარეში ყვინთვაში, ჰამაკში ჭორაობაში, ვარსკვლავების ცქერაში, აივანზე წიგნების კითხვაში, ბევრ სიცილში, ასფალტზე ფეხშიშველა სიარულში, თავსხმაში სირბილში და კიდევ ათას სხვა სასიამოვნო რაღაცეების კეთებაში გავატარებ.
სექტემბერში ჩამოვალ ისევ თბილისში და მომღიმარი სახით, გახუნებული თმით და მზემოკიდებული ფეხებით ვივლი ქუჩებში და გამიხარდება ხალხის დანახვა :))

უბრალოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ პოსტის დასაწყისთან დაკავშირებით - კი ვალაგებ, მაგრამ ვითვალისწინებ ოქროს სიტყვებს - "ორგანიზებული არეულობა", და ვიცი შესაბამის შედეგსაც მივიღებ

და კიდევ იცით რა? ამ შაბათ კვირას Tbilisi Open Air ია და საშინლად მიხარია
ნეტა ძალიან მზიანი შაბათ-კვირა და მერე ზაფხული იყოს