Monday, August 29, 2011

ზაფხული და ჩემი ყველაზე ყველაზეები

მე მზის და ზაფხულის თაყვანისმცემელი ვარ და გარწმუნებთ თითქმის ყველანაირ ბედნიერებას იტევს ზაფხული.
როცა ყველაზე გულცივ საყინულეც კი გაგრძნობინებს რომ ზაფხულია, მასში შეწყობილი ნაყინებით.
როცა ყოველ წუთას შეიძლება გადააწყდე შენს ყველაზე საყვარელ პატარა ბედნიერებას.
ასე მაგალითად : )
ყველაზე გემრიელად სასიამოვნო სიტყვა - ნაყინი
ყველაზე გემრიელი წყალი – ზაფხულის ცხელ დღეს ცივი წყაროს მიერ შემოთავაზებული კამკამა ყლუპები.
ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენა – ტყეში, ძველი კუნძების ძირში ამოსული სოკოები და მარწყვი.
ყველაზე სასიამოვნო შხაპი – მოულოდნელად თავსდატეხილ კოკისპირულ წვიმაში მოყოლილი, სახლამდე სირბილით რომ მიდიხარ და საწვიმარი ჟოლობის ქვეშ მზეს მიფიცხებული სახურავით გამთბარი წყლის ნიაღვარს თავს რომ შეუშვერ.
ყველაზე ტკბილი იავნანა – ნაშუადღევს სუსტი ნიავით აშრიალებული ფოთლების ხმა.
ყველაზე სასიამოვნო შეცბუნება – ზაფხულის ღამისეული ჭექა-ქQუხილის ცქერა აივანზე.
ყველაზე იდუმალი სანახაობა, რომელიც უამრავ შემაკრთობელ გრძნობებს აგიშლის – ვარსკვლავებით მოჭედილი ზაფხულის ღამის ცის ყურება.
ყველაზე სასიამოვნო ტკივილი – რიყის ქვებზე ფეხშიშველი სიარული და ფუტკრის კბენა.
ყველაზე სასიამოვნო მუცლის ტკივილი – უამრავი ბლის პირდაპირ ხიდან ჭამით გამოწვეული.
ყველაზე გემრიელი დანაშაული – ტაროების მოპარვა კოცონზე შესაწვავად.
ყველაზე ლამაზი რუტინა – გზის პირას ჩაწყობილი, მზეზე გამთბარი შავ-თეთრი ბეტონის ბლოკები.
ყველაზე სასიამოვნო სიმეტრია – გზას გაყოლებული თეთრი წყვეტილი გამყოფი ხაზები და ზედ გაწოლილი ალვების ხეივნის ჩრდილები.
ყველაზე სასიამოვნო სურნელი – მზით გაბრუებული მინდვრის სული.
ყველაზე სახალისო პროცესი – საზამთროს ქერქიანი ზორბა ნაჭრების ჭამა მეგობრებთან ერთად.
ყველაზე აზარტული გართობა, რომლისგან თავის არიდება ფაქტიურად შეუძლებელია – ბავშვების მიერ წამოწყებული წუწაობის დროს ცოტაოდენი წყლის შემოშხეფება, რის შემდეგაც თვითონ ვერ ხვდები როგორ აღმოჩნდა წყლით სავსე ნებისმიერი ჭურჭელი შენს ხელში.
ყველაზე სასიამოვნო სეირნობა – გამთენიისას მზესთან ერთად ნამიან ბალახზე სიარული.
ყველაზე უებარი ანტიდეპრესანტი – ზაფხულის ცხელ დილას, როცა ცა ძალიან ლურჯია, კამკამა მდინარეში ჩაყვინთვა.
ყველაზე აუცილებელი ნივთი – საცურაო კოსტიუმი შენს ზურგჩანთაში.
ყველაზე სასიამოვნო შეხება – ცხელ ასფალტზე ფეხშიშველი სიარული.
ყველაზე ტკბილი სიზმრები – ზაფხულის ღამის.
ყველაზე ტკბილი ლაყბობა – შეღამებულზე კართანაზე, აივანზე ან ჰამაკში მოკალათებული ქალების ჭორაობა.
ყველაზე სასიამოვნო ჟრუანტელისმომგვრელი სიტყვა ზაფხულში – “ცივი”
ყველაზე სასიამოვნო სიგრილე – მზით გაფიცხებული მინდვრის განაპირას მდგარი ხის ქვეშ.
ყველაზე მშვიდი ძილი – ნაშუადღევს ცაცხვების ქვეშ დაბალბალახიან მიწას ჩახუტებული.
ყველაზე საყვარელი წიგნები – ზაფხულში აივანზე, შუშაბანდში ან ჰამაკში წაკითხულები.
ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა – თევზაობა.
ყველაზე მშვიდი ხმა – ჭრიჭინების ხმა დაღამებულზე.
ყველაზე მშვენიერი ნათება – ციცინათელების და ვარსკვლავების.
ყველაზე აქტუალური საშინაო ტანსაცმელი – საცვლები.
ყველაზე სასარგებლო ყოველდღიურობა – სველი სარეცხის რამდენიმე წუთში გაშრობა.
ყველაზე ბედნიერი დღეები – როცა დღე-ღამის განმავლობაში 18 საათი დღეა და მხოლოდ 6 საათით ბნელა, ისიც იმისთვის, რომ იდუმალ ვარსკვლავებს უყურო.
ყველაზე მშვენიერი ფერი – მზემოკიდებული კანის და მზეზე აელვარებული საპნის ბუშტების.


2 comments:

Anonymous said...

შენ ხარ ყველაზე ზაფხულის გოგო )) ეს პოსტი კიდევ ზამთრის დღეებში წასაკითხი პოსტია, უკვე ვგრძნობ, რა შეგრძნებებსაც გამიჩენს ხოლმე ზამთარში

Dissolved Girl said...

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული მარტო დასვენების დღეებში მიყვარს და სხვა დროს დიდად არ ვგიჟდები, ამ პოსტის მერე ძაააალიან მომინდა ახლა სექტემბრის კი არა, ივნისის დასაწყისი იყოს :(