Showing posts with label Workshop. Show all posts
Showing posts with label Workshop. Show all posts

Saturday, April 26, 2014

საკუთარ ვორქშოპს ვხსნი!..

გრძელ, დიდ მაგიდას გარშემო რამდენიმე ადამიანი შემოსხდომია. წინ ყველას ლეპტოპი უდევს. მაგიდაზე დახვავებულია უამრავი ფოტო და ვიდეო კამერა, კაბელები, სკანერები, ოთახში აქა-იქ სხვადასხვა ზომის ტელევიზორები, პროექტორები და შტატივები ალაგია. კუთხეში დიდი ზომის ჩემოდანი დგას გამჟღავნებული კინო-ლენტებით სავსე. შუქ-მაგიდაზე დაჭრილი კადრები და ფერადი ფოლიოები ყრია. კუთხეში პატარა მაგიდაზე ყავა და ბუტერბროდები აწყვია. If u know what I mean : )

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ექსპერიმენტული ვიდეოს ვორქშოპზე!

...სადაც სრულიად შემთხვევით ამოვყავი თავი, ერთი საღამოთი ადრე მოვხვდი მარკის  ლექციაზე და ერთი ღამით ადრე დავრეგისტრირდი ვორქშოპზე. ჰოდა ძალიან კარგიც ვქენი : )

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღჭურვილობის მაქსიმუმი სმარტფონი და ჩემი ძველი HP ლეპტოპია, რომელზეც After Effects არც კი ყენდება ისეთი სუსტია, დღეს ვიჯექი და ჩემ პირველ ექსპერიმენტულ ვიდეოს ბედნიერად ვამონტაჟებდი და თან გადაწყვეტით ვფიქრობდი, როგორც კი ახალ ლეპტოპს ვიყიდი, ეგრევე ადობეს სრულ პაკეტს დავაინსტალირებ და კიდევ კარგი კამერა და სკანერი მჭირდება-თქო : )

გუშინ საღამოს აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი "რანდო" აპლიკაცია გაუუქმებიათ და გული დამწყდა : / ჰოდა ავდექი და ცხელ გულზე გიფ-მეიქერი დავაინსტალირე : ) ჩემი არჩეული ლეპტოპი კი ამ ერთ კვირაში 100 ევროთი გაძვირებულა : / ჩემი ოთახი გუშინ ვერაფრით ვერ გადავაქციე კამერა ობსკურად, საკმარისად არ ბნელოდა და ლინზაც უვარგისი იყო.

გულს მაინც არ ვიტეხ, სანამ ვორქშოპები არსებობს ამ ქვეყნად : )

Workshop is my hobby
Workshop is my lifestyle

Sunday, April 6, 2014

ხუთი წლის შემდეგ

არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დასმულა, თუ როგორ და სად წარმოგიდგენია შენი თავი ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ? რას გინდა მიაღწიო, რა გქონდეს, სად იყო, ვისთან ერთად იყო და ა.შ.

სინამდვილეში კი რაღაც მომენტიდან უკვე იმ ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ მდგომარეობაში იმყოფები და ხვდები, რომ ეს გაცილებით უფრო მაგარი გამოწვევაა, ვიდრე ოცნების დონეზე მომავალზე ფიქრი.

ოთხშაბათს ვიდექი მაინის სანაპიროზე, ზუსტად იმ ხიდის ქვეშ და სწორედ იმ ხუთი წლის შემდეგ მდგომარეობის განცდას ვყავდი შეპყრობილი.


ფრანკფურტში ავტობუსით წავედი, ღამის ათი საათი ხდებოდა ცათამბრჯენები რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე. ვუახლოვდებოდი და უფრო და უფრო მიხაროდა მათი დანახვა. და როგორც კი ავტობუსიდან გადმოვედი და ჰაუპტბანჰოფზე შევაბიჯე მეტროს ხაზზე ჩასასვლელად, მივხვდი, რომ ბერლინი არ არის ჩემი ქალაქი, რომ ფრანკფურტი გაცილებით მირჩევნია და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კრიმინალურ ქალაქად ითვლება გერმანიაში, იქ გაცილებით მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ბერლინში. ფრანკფურტს სულ სხვა ენერგია აქვს, ახალგაზრდული და მიზანსწრაფული, მეტი ფული, ოფიციალური გარეგნობა და ძალიან საქმიანი და სწრაფი ტემპი.

ჩასვლის მიზანი - ლუმინალეს კვირეული და მის ფარგლებში გამართული მედია არქიტექტურის სამიტი და ვორქშოპი.

დღის განმავლობაში სამიტზე ვიყავი, რომელიც მაინის სანაპიროზე არქიტექტურის მუზეუმში მიმდინარეობდა და შესვენებებს და ზოგადად თავისუფალ დროს მდინარის პირას ბალახზე გაშხლართული ვატარებდი. ამინდი იყო დიდებული! ვიჯექი, ვუყურებდი ცათამბრჯენების ანარეკლს, ამ მუსიკას ვუსმენდი და ამაოდ ვცდილობდი გამომეცნო მდინარე საით მიედინებოდა : )
შებინდებულზე კი ქალაქში დავხეტიალობდი და ქუჩებში გაბნეულ სინათლის ინსტალაციებს ვეძებდი.

ოლივერი, ჩემი მასპინძელი ძალიან საკაიფო ტიპი აღმოჩნდა, დრო თვითონ არ ჰქონდა, რომ ჩემთან ერთად ევლო, მაგრამ სამაგიეროდ ბლომად ღირებული რჩევები მომცა და ჩემი განრიგის მიმართაც ძალიან ლიბერალური იყო.


მთელი ამ ორი დღე-ღემის განმავლობაში ვიარე ძალიან ბევრი ფეხით, ვიმგზავრე ბევრი მეტროთი, სადაც ზოგი ძველი ვაგონი ისეთი ფერადი და საყვარელია, ვეს ანდერსონს რომ ენახა, შემდეგ ფილმს აუცილებლად იქ გადაიღებდა, ვიდექი მთელი წლის სამყოფი დროით შუქნიშნებზე, გადავიღე ორიოდე სურათი, გადავისხი ყავა მაიკაზე, გამოვიტანე ფული დოიჩე ბანკის სათავო ოფისის ბანკომატიდან, ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი სამაგისტრო თემაზე. ხეები ყვაოდნენ და ქუჩებში ფელამუშის სუნი ტრიალებდა.

Monday, February 25, 2013

თოვლიანი რკინიგზა და გაუქმებული მატარებლები

ვორქშოპი დაიდო დარმშტადტში...
გადავწყვიტე წასვლა
ვერცერთი ჩემი ჯგუფელი ვერ ავიყოლიე
ვერ ვიპოვე ჰოსტელი
დავრეგისტრირდი ქაუჩსერფინგზე
მოვძებნე მასპინძელი - უპრობლემოდ შემომთავაზა ღამის გასათევი
ჩემი პირველი ქაუჩსერფინგი
ვიყიდე მატარებლის ბილეთები - ვაიმარი-აიზენაჰი-ფრანკფურტი-დარმშტადტი და უკან
Cant't wait...
ხუთშაბათი, ოთხის ნახევარი - რეგიონალბანი - აიზენაჰისკენ


ცივა, თოვს, ერთი საათი ლოდინის დრო, უახლოესი ქუჩების შემოვლა
მახსენდება, რომ ჩემი რკინიგზის ფასდაკლების ბარათი სახლში დამრჩა და მოვრბივარ უკან ინფო-ცენტრისკენ - უბარათოდ მგზავრობა - სავარაუდო ჯარიმა თოთხმეტი ევრო - ონლაინ-ბილეთის და ტოსკას ძალა და გულკეთილი კონტროლიორები.
Frankfurt am Main - Hauptbahnhof
დარმშტადტი - ველოდები ტომასს, სახლში მელოდება ვახშამი და უცნაური მეზობლები, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სამზარეულოში უზარმაზარი დაფა ფორმულებით სავსე, ექსტრემალურად ვეგეტარიანელი გოგო და შეცდომით რვაასი გრამი ზეთით გამომცხვარი ნამცხვარი.
დაძაბული გამოცდების პერიოდია, მიყვებიან როგორ იძინებენ ათ საათზე და იღვიძებენ ექვსზე, რომ შვიდ საათზე ბიბლიოთეკასთან იყვნენ და კარგი ადგილები დაიკავონ. ნავახშმევს ვსვამთ კოქტეილს და თერთმეტზე უკვე ყველას სძინავს.
ჩემი საწოლი პატარა ოთახშია, ხმაურიანი ქუჩის პირას და ლამპიონის ქვეშ. თითქმის შეუძლებელია დაძინება.
დილა, ძალიან ძლიერი ყავა და ტექნიკური უნივერსიტეტი
ვორქშოპის მონაწილეები - მედია-ხალხი - მინიმალური ასაკი 24 წელი, მაქსიმალური ალბათ 60
ექსპერიმენტები, საცდელი მოდელები, ინტერაქტიული ეკრანები და პროექციები
მონაწილეების წარდგენა, მოხსენებები, პრეზენტაციები, დიდი რაოდენობით გერმანული
შესვენება - ყავა და ორცხობილები
დავალება და სასაცილო მასალები, ორი საათი ჯდომა, საუბარი და ექსპრომტად შექმნილი მაკეტი
საერთო ვახშამი ლუდის სახლში, ჭამის შემდეგ უკეთეს ხასიათზე დამდგარი ხალხი, სიცილი და საღამოს გასეირნება სახლამდე.
ტომასის შეყვარებული პერუში მიდის რამდენიმე კვირით და უხასიათობაა სახლში.
ძილი და დილა
ყავა და ორცხობილები, შედეგების პრეზენტაცია, შემაჯამებელი სხდომა და დამშვიდობება
ბოლო თავისუფალი დროის ჰუნდერტვასერის სახლის ნახვაში გამოყენება, ცივი ბანჰოფი და უგემური ცხელი შოკოლადი
ფრანკფურტი ზიუდ, ცივი, თოვლიანი ქარი


აიზენაჰი - დაგვიანებული მატარებელი, გაუქმებული რეგიონალბანი და ერთი საათი ვაგზალზე ცდა
ხელთმოხვედრილი მატარებლით ერფურტამდე ჩაღწევა და კიდევ ლოდინი
ვაიმარში წვივებამდე თოვლი, სიცივე და ამ გაუთავებელი სიცივის სიძულვილი
სახლამდე მისვლა, რამდენიმე ჭიქა ცხელი ჩაი
ბოლომდე აწეული გათბობა
დომენიკო გამახსენდა, საიდანღაც სახლში დაბრუნებას რომ თამაშობდა...

Sunday, September 25, 2011

ბათუმს ქათქათას

ძალიან მაგარია ბათუმში
დღეს იწვიმა პირველად
რომ ჩამოვალ მერე დავწერ პოსტს, ან არ დავწერ :)))

Tuesday, September 13, 2011

ბათუმისკენ - ანუ - სულ მწვანეზე გ ველო ს

თუ მოხვდებით ბათუმში 15-დან 27 სექტემბერამდე, სავარაუდოდ სადმე შემხვდებით მეც : ) სავარაუდოდ შეხვედრისას მწვანე ველოსიპედთან ერთად ვიქნები და ეს შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მოხდეს. ღამის ორ საათზე სეირნობას არაფერი ჯობია, მთავარია ზედ არ ჩამოგეძინოს : )))
საბედნიეროდ ჩვენს ვორქშოპს დაემთხვა ბათუმის კინოფესტივალი, რამაც ძალიან გამახარა
მიმაქვს აკვარელები და ასევე დიდი იმედი, რომ დავხატავ : )
მოკლედ მიხარია საშინლად, ბათუმმა ძალიან შემაყვარა თავი : )
მეეჭვება ხვალ ღამემდე საწვიმრის ყიდვა მოვასწრო, ასე რომ, სასწაულის და მშრალი ამინდების იმედი მაქვს
მოკლედ წინ ძალიან მაგარი თორმეტდღეული მაქვს და ყველაფერი კარგად იქნება
ეს ბოლო ყლუპია ზაფხულის განწყობაშემორჩენილი დღეების

Monday, November 8, 2010

art weekend

ეს რამდენიმე დღე შემოქმედებითი პერიოდი მაქვს, მინდა ვხატო და რაღაც პროექტები გავაკეთო - და თან ვხატავ კიდეც და კოლაჟებიც გავაკეთე, პარასკევს ბოტანიკურში ვიყავით მე და ანუშკი ასულები, აკვარელიც წავიღე - შემოდგომის ეტიუდებს გავაკეთებ-თქო, მაგრამ ფოთლები უკვე გაცვენილი იყო უმეტესად და იმედი გამიცრუვდა.
შაბათს კონკურსი იყო თემაზე - "არმი(რებ)ა" - და გავაკეთე ნახატი ინსტალაცია და სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე.

მერე საღამოს სვაიაკზე ვიყავი, ბალამ მთხოვა წაკითხვა, და სულ ბოლოს ნინოსთან ავედი, სადაც ქეთი ისევ აუდიო სისტემებში იყო შემძვრალი და მიკროფონის ჩართვას ცდილობდა. გვიანობამდე ვიყავით და სახლში წამოვედით, ვუყურეთ ახალ ქართულ დეტექტივს, რომელიც იმაზე გაცილებით კარგი ხარისხის აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.
კვირას დილით ადრე ავდექით და წავედით ვიდეოთვალის საყიდლად ნინოსთვის - სულ დაგვავიწყდა, რომ კვირა იყო და ერთადერთი ტექნიკის მაღაზია, რომელიც ღია დაგვხვდა BOOM იყო. ვიყიდეთ და საბედნიეროდ წარმატებულად - ახლა ნინოს უკვე skype ით ველაპარაკები.

ისეთი კარგი ამინდი იყო, ძალიან მომინდა აკვარელებით დახატვა, ავედი ჩვენი ძველი სკოლის ეზოში სადაც რა?სად?როდის? სუპერლიგის თამაშიც იყო და ცოტა ხნით, სანამ შემცივდა სკოლის უკანა ეზოში გავედი და ჩავხატე.
და კიდევ ეს უკვე შიგნით.
და დღეს უკვე დაისყო ვორკშოპი - "არტ-ქალაქი" გოეთეში.
Workshop is my lifestyle :)

Sunday, October 3, 2010

Weekend tour in BODORNA

პარასკევს ნაშუადღევს უცებ ელენემ მწერს, რომ ხვალ და ზეგ მივდივართ ბოდორნაში - ვორქშოფის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს ნინო გვეპატიჟებაო :) მე ძალიან მიყვარს ასეთი სასიამოვნო სიურპრზები და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, სადღაც უცბად წახეტიალებას რა ჯობია, თან როცა იცი, რომ წინ სასიამოვნოდ დროის გატარება გელის :)

და მოკლედ შაბათს, 12 საათზე ნანიკოსთან ვიყავი.
გავიგე, რომ თამო, მწვანე და აჩი ვეღარ ახერხებდნენ წამოსვლას, სამაგიეროდ ჩვენთან ერთად მოდიოდა პაწაწინა ალექსანდრე, რომელიც ამ ორ დღეში ძალიან დაგვიმეგობრდა და უკვე მომენატრა : ) ნანასთან step up -the streets იყო ტელევიზორში და ვერ მოვწყდით და გადავწყვიტეთ გვევარჯიშა და რამე საერთო ცეკვა დაგვედგა.
საბოლოოდ წავედით მე, ელენე, დალი, ნანიკო, ნინო, მალხაზი და ალექსანდრე : ) უკვე ის-ის იყო ბოდორნის აღმართს ავუყევით, რომ გაირკვა, სახლის გასაღები თბილისში დაგვრჩენია :D :D რას ვიზამდით, აგვიყვანა მალხაზიმ და თვითონ გამობრუნდა თბილისში :D ძალიან მშვიდი და მშვენიერი ამინდი იყო, მოვკალათდით ჰამაკში და ეზოში გაშლილ ფარდაგზე, საბედნიეროდ გიტარა თან გვქონდა და ნანამ დაუკრა, ცოტა ხნით უბანშიც გავიარეთ და გემრიელ ლეღვსაც წავაწყდით, რომელიც ასევე გემრიელად მივირთვით : ) მერე წამოწვიმა, თავი აივანს შევაფარეთ - ნანამ რუსული სიმღერები დაუკრა, რომელიც ძალიან მოუხდა ჩვენს შემოდგომას. რამდენიმე აკორდი მეც მასწავლა, მაგრამ უკვე დამავიწყდა :D ბოლოს მალხაზიც ამოვიდა და ჩვენც შევედით სახლში - უძალიანსაყვარლესი კოტეჯია, მყუდრო, სასიამოვნო აურით და მანსარდით (love it) სადაც გოგოებს გვეძინა : ) საღამოს ერთად ვუყურებდით რაღაც თურქულ არხზე, სამოყვარულო კამერით გადაღებულ სასაცილო მომენტებს და ძალიან ბევრი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ. და ბოლოს ავედით ზევით, სადაც მორიგი სიამოვნება გველოდა - ჩილიმი - ყველამ იცის, რომ ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ალუბლის. მოვმყუდროვდით და ჩავუსხედით. ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმღერეთ - ჩვენი ჰიმნის დაწერაც ვცადეთ ვორქშოფზე, ნაწილობრივ წარმატებულად :D და ბოლოს დავიძინეთ ტკბილად.
დილით წვიმამ გამაღვიძა, სახურავზე შხაპუნობდა, ოთახში თბილოდა და სიმყუდროვე იყო. მალე დანარჩენებიც გამოფხიზლდნენ და ავლაპარაკდით - ფოტოებიც გადავიღეთ, რომლის დადებაც აქ არ ღირს :) კონფიდენციალურია :) და როცა წვიმამ გადაიღო და ვისაუზმეთ, წავედით ეკლესიიკენ, ელენეს აკვარელები ჰქონდა წამოღებული და ყველამ დიდი სიამოვნებით დავხატეთ ცოტ-ცოტა. უძალიანმაგრესი ხედი იყო ეკლესიიდან, ძალიან ფერადი მთები, რუხი ცა, მომწვანო მოიისფრო წყალი. თავზე უამრავი ქორი და ყვავი დაგვტრიალებდა, ძალიან სუფთა ჰაერი იყო, ბუნება რაჭისას წააგავდა, გზის პირებზე უამრავი შინდი იყო, უკვე გაყვითლებული და გასიფრიფანებული ფოთლებით. მერე ჩვენი ნახატები, მანსარდის ჭერზე მივაკარით. დაუშვა წვიმამ. მანსარდაში ავედით და ჩავთბუნდით, ასეთ სიტუაციას ძალიან უხდება გიტარის ხმა. ალექსანდრე ჩვენთან იყო და სათამაშოები მთელს იატაკზე და ჩვენზე იყო მიმოფანტული. უკვე აღარ გვინდოდა წამოსვლა, ჩაძინებასაც ვაპირებდით, მაგრამ რას ვიზამთ ცივილიზაცია და რეალობა თავისას მოითხოვს. და მაინც ავდექით, ჩავლაგდით და უკვე დაღამებული იყო, როცა წამოვედით.
ვფიქრობ, რომ შემოდგომას მაინც თავისი განწყობა აქვს და ზუსტად ამ პერიოდისთვისაა იდეალური - მშვიდი, მეგობრული და მყუდრო საღამოები - როცა ღამე დიდია, და უამრავი დრო გაქვს ჩაის სმის, ჩილიმის და ტკბილად საუბრისთვის. ძალიან კარგი იყო, ძალიან.

Monday, September 27, 2010

F Workshop

წავიდნენ :( და ძალიან დამწყდა გული


დღეს მთელი დღე ერთად გავატარეთ, ექსკურსიაზე ვიყავით, ძალიან კარგი დღე იყო, მართალია თითქმის სულ ავტობუსში მოგვიწია ყოფნა, სამაგიეროდ გვქონდა გიტარა და ძალიან ბევრი ვიმღერეთ, ყველა კარგად გრძნობდა თავს, იმიტომ რომ ერთად ვიყავით, მე განსაკუთრებით, გუშინდელი პრეზენტაციის მერე, როცა მივხვდი რომ ვორქშოპი მორჩა, რაღაც შვება ვიგრძენი და გავმხიარულდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თურქების წასვლასაც ნიშნავდა - იცი რა საყვარლები არიან :( დღეს რამდენჯერ ვიმღერეთ Sözlerimi Geri Alamam არც კი ვიცი :D ახლაც ეგ მაქვს ჩართული.
ვიყავით ალავერდში, წინანდალში და სიღნაღში, შეიძლება ითქვას გარბენით - რაღაც ვერსად ვერ მოვასწარით ნორმალურად შეჩერება - გარდა სიღნაღის რესტორნისა, რომელშიც მთელი დღის მშივრებმა გემრიელად ვჭამეთ და ვიცეკვეთ კიდეც. ალაზნის ველი ძალიან ამაღელვებელია, უსასრულო სივრცეს ზევიდან გადაჰყურებ და უცებ სადღაც ღრუბლებში მთის მწვერვალებს ამჩნევ. სიღნაღი ძალიან მაგარ ადგილასაა გაშენებული და ძალიან მიყვარს. და კიდევ იცი რა მოხდა :) როცა ცოტა ხნით გავიარეთ ქუჩებში, ერთერთ სახლთან მჯდარმა ბებომ უცებ ფინჯანი ყავა გამოგვიტანა და შემოგვთავაზა, ვინმეს ხომ არ უნდაო - ყურებს არ დავუჯერე, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წამის წინ ვინატრე, ნეტა ახლა ერთი ყლუპი ყავა დამალევინა-თქო. და მერე მაგ ბებოსგან უახალთახლესი ჩურჩხელა ვიყიდეთ, ფუმფულა და უგემრიელესი, ვისხედით გზისპირას და მივირთმევდით. მერე კიდევ ცოტა ხნით გავისეირნეთ და წამოვედით თბილისისკენ, უკვე გვაგვიანდებოდა. ქუთაი ბიზი დისკოლარ გოთურ. რა თქმა უნდა გზაში ისევ და ისევ ბევრი ვიმღერეთ, ისევ და ისევ იგივე საყვარელი სიმღერები, ოღონდ უფრო მინორული განწყობით. და ბოლოს, უკვე მატარებლის გასვლის წინ, მაინც წამომივიდა ცრემლები. ყველა ძალიან გულთბილად დავშორდით ერთმანეთს. და მორჩა.


ცხოვრება გრძელდება :) და მიხარია, რომ მე ამ ადამიანებს ვიცნობ.
და კიდევ ის, რომ ბოლოსდაბოლოს მეც გავცივდი :) ეს სოლიდარობაა დანარჩენი ყველა მონაწილისადმი :D :D და კიდევ ის, რომ მე დღეს დავიძინებ და მანამ არ გავიღვიძებ, სანამ არ გამეღვიძება :D ისე რა სასაცილო იყო, დილით მალაღურაძე რომ დავინახე თავისი დიპლომატით ხელში და ვიფიქრეთ ჩვენთან ერთად მოდის-თქო :D :D


Sunday, September 26, 2010

დღე ბოლოსწინა და პრეზენტაცია

მორჩა
ეს ბოლო ორი დღე ძალიან მძიმე აღმოჩნდა - არ ველოდი. ყველაზე მეტად იმას არ ველოდი, რომ საკუთარი თავის შეკავება და გამოფხიზლება გამიჭირდებოდა, დაკიდებაც კი ვერ შევძელი და ახლაც კი მაქვს უარყოფითი ემოციები გამოყოლილი, იმედგაცრუება, დაღლილობა. ბევრი შეცდომა დავუშვი და მომავალში აუცილებლად გასათვალისწინებელია. ისე გავიდა ეს დღეები, ვერც კი გავიგე - ვერც გავერთე, ვერც პროექტი გავაკეთე. ვერ მივიღე ამ პროექტიდან სიამოვნება, ვერ მოვახდინე თვითრეალიზება, ფიქრი ვერ შევძელი - შესაბამისად ვეღარც ვიმოქმედე - და მაქვს შეგრძნება, რომ ჯერ არ ჩატარებულა ეს ვორქშოპი. დღეს პრეზენტაცია იყო. დღის განმავლობაში თითქმის 12 საათის მანძილზე აკადემიაში ვიყავით და ვმუშაობდით - ჩვენი აზრები გუნდში ერთმანეთისას არ ემთხვეოდა. საღამოობით უკვე ყველა ძალიან ვიღლებოდით და ძალიან ცოტა ხანი გვრჩებოდა ერთმანეთთან ურთიერთობის და ეს არ იყო საკმარისი - თურქები ძალიან შემიყვარდნენ და არ მეყო. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო მაინც - უბრალოდ ხვალ მივდივართ ექსკურსიაზე და მორჩა, ღამე ისევ უკან ბრუნდებიან, გული მწყდება. მაგრამ მიხარია, რომ ხვალინდელი დღე ჯერ კიდევ წინაა : ) და კიდევ მომავლის გეგმები - და ახალი ვორკშოპები - სავარაუდოდ ერევანში და ანტალიაში (განსხვავებული გრაფიკით - თემა - have fun : ) )
უნდა დავიძინო - დილით 07:30 ზე მეიდანზე უნდა ვიყო

Friday, September 24, 2010

დღე მეოთხე და Sözlerimi Geri Alamam

ძალიან უცებ უნდა დავწერო ეს პოსტი, იმიტომ რომ ახლა პოსტის წერის დრო არაა - ელენესთან ვართ ყველა, ვორკშოპის მონაწილეები ქართველებიც და თურქებიც, რამდენიმე გვაკლია მარტო - რამდენიმე წუთით გამოვირბინე მხოლოდ, მეორე ოთახში ბავშვები უკრავდნენ - ქუთაიმ ჩვენი თურქეთის საუნდტრეკი Soundtrack დაუკრა და კინაღამ ვიტირე, სამ დღეში მიდიან და ეს ყველაფერი რაღაც სევდიანია.

Thursday, September 23, 2010

დღე მესამე and we

მესამე დღეა აქ არიან და უკვე მგონია ერთი კვირა გავიდა, ძალიან გრძელი დღეები გამოდის - დღე - დამღლელი და ქაოსური, ნაშუადღევი - პრეზენტაცია და ხმაური, საღამო მეგობრული და მხიარული.


დილით საუზმობა ვერ მოვასწარი, თუმცა რომც მომესწრო არც არაფერი არ მქონდა, რომ შემეჭამა :D ყავა აკადემიაში დავლიე. გუშინდელი კონცეფცია უკვე ისეთი მშვენიერი აღარ მოგვეჩვენა და ახალზე დავიწყეთ ფიქრი, თან დღეს უკვე ლექტორები შემოვიდნენ და თავისი აზრიც დააფიქსირეს, რჩევები მოგვცეს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი თვალით დანახული შენი ნამუშევარი, ეგრევე პოულობს შეცდომებს ან ისეთ დეტალებს ამჩნევს, რაზეც არც კი გიფიქრია - ზოგადად, ჩვენი პროექტი ნორმალურად ვითარდება - თუმცა ჩვენ არ გვინდა მაინცდამაინც ჩვეულებრივი გამოვიდეს - გვინდა ვეთამაშოთ მოცემულობას, მაგრამ ამისათვის არ გვაქვს საკმარისი დრო. საღამოს პრეზენტაცია გაცილებით გვიან დაიწყო და დაღლილობისგან თავიც კი ამტკივდა.
კიდევ მინდა დავამატო, რომ დღეს ჩინურ რესტორანში ვისადილეთ, კონსერვატორიასთან, რომელიც ძალიან დებილობა აღმოჩნდა, უგემური და ძვირი. ფული ამ დღეებში ბევრი მეხარჯება და თითქმის აღარ დამრჩა.
აკადემიას ორი დიდი მინუსი აქვს ახლოს კარგი სუპერმარკეტის არქონა და ტუალეტები. სტუ - ში ცოტა უკეთაა საქმე, სამაგიეროდ აკადემიიდან უძალიანმაგრესი ხედია, განსაკუთრებით სახურავიდან.
და მოკლედ საღამოს სადმე უნდა წავსულიყავით და ოკიჩამ წაგვიყვანა "სალვე"-ში - პირველად ვიყავი და შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა. ყველა მაგიდა და თითქმის ყველა სკამი დაკავებული დაგვხვდა - არადა არ გვინდოდა იქიდან წასვლა სხვაგან, ისეთი მეგობრული და გულღია აურა სუფევდა - და უცებ გამოგვიძებნეს ზოგს სკამი, ზოგს ლუდის ყუთი, ზოგს დინამიკები და ყველანი შემოვუსხედით ასევე გამოძებნილ მაგიდას - თურქებს ძალიან მოეწონათ ეს სახელდახელო სიტუაცია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით, იქ იმდენ საინტერესო ნივთს აღმოაჩენ, თან ბავშვობისდროინდელს :) ჩვენმა სტუმრებმაც რაღაც ნივთები დატოვეს, მაგალითად თურქული სასაუბრო ბარათი "კონტურ" :) მერე ვიღაცამ გიტარაზე დაუკრა, ჩვენც ვმღეროდით და + საჩუქრად მივიღეთ ყიყლიყო :D როგორც იქ პირველად მოხვედრილებმა. და იქიდან ძალიან კარგ ხასიათზე წამოვედით.
მერე პუშკინის სკვერში სხვა ბავშვებსაც შევხვდით, ცოტა ხანი ვილაპარაკეთ და დავიშალეთ.
ახლა FB ზე შესვლას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. ხვალ კიდევ უფრო დატვირთული დღე გველის - მთელი დღე მუშაობა + პრეზენტაცია + ელენესთან party = მშვენიერი.

Wednesday, September 22, 2010

დღე პირველი და პრინციპში მეორე

იცი დღე როგორ დაიწყო, ავტობუსში ამოვიდა გარმონიანი ტიპი და რაღაცეები დაგვიკრა :D
და ამან კარგ ხასიათზე დამაყენა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საათით მაგვიანდებოდა აკადემიაში ვორკშოპზე
ჩვენი თურქები მაგარი სასტავია, გუშინ ჩამოვიდნენ, მთელი დღე ძალიან, ძალიან ბევრი ვიარეთ, პარალელურად "peace one day" ს აქციაზეც ვიყავი და სანთლებით დიდად "მშვიდობა" დაvწერეთ და საღამოს ავანთეთ - უძალიანსაყვარლესი იყო. და ბოლოს ნარიყალაზე ავედით და სახლში მოვედი საშინლად დაღლილი.
და შესაბამისად დღეს დილით ძლივს ავდექი
მოკლედ მივედი აკადემიაში. ჯგუფებს უკვე დაწყებულინ ჰქონდათ მუშაობა, მეც შევუერდი, თუმცა სულ მალე სხვა ჯგუფში მომიწია გადასვლა. პირველ შესვენებამდე, შეიძლება ითქვას სადილამდე, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო ჩვენს შორის - ყველაზე დიდი პრობლემა - ენის ბარიერი - ერთმანეთის ბოლომდე არ გვესმოდა, ზოგჯერ საერთოდ არ გვესმოდა და ყველაფერი საკმაოდ რთული ჩანდა. უკვე გუნდის შემადგენლობის გადაცვლაზე დავიწყე ფიქრი, თუმცა შუადღისას ტერიტორიაზე გასვლამ თითქმის ყველა პრობლემა გადაჭრა, ადგილმა თვითონ წარმოაჩინა თავისი დადებითი და ხელჩასაჭიდი მხარეები, უკვე ადვილი გახდა ნახევრად ლაპარაკით და ნახევრად ჟესტიკულაცია+ცეკვით :D საერთო იდეისთვის საწყისი სახის მიცემა. მერე ვჭამეთ და ცხოვრება გაცილებით მშვენიერი გახდა - ჭამის მერე ხომ ყველა გაცილებით კეთილი და გულღია ხდება : ) ძალიან, ძალიან ბევრი ვილაპარაკე დღეს სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად და მართლა დავიღალე - და დღე დაბოლოვდა ეშმაკის ბორბლით - ყველანი ავედით და თბილისს გადმოვხედეთ თითქმის სუუულ ზევიდან - უდავოდ მშვენიერია. და კიდევ ის, რომ სახლში სულ მარტო ვარ ეს დღეები და საჭმელი არ მაქვს აბსოლუტურად არაფერი, ახლაც ცოტაოდენი მაწონი და ჰერკულესი მოვიპოვე და ვივახშმე. ძალიან მეძინება. როგორც ვატყობ ეს დღეები ძალიან დატვირთულ-დაღლილი იქნება და შემდეგ პოსტს როდის დავწერ არც კი ვიცი, თუმცა კი მინდოდა დაწვრილებით დამეწერა ვორკშოპზე
უკვე მესამე დღეა ერთიდაიგივე ფლეილისტს ვუსმენ :D :D მთავარია რამე უკრავდეს და არჩევა და ცვლა მეზარება - დაღლილი ვარ

Tuesday, September 14, 2010

Ellen & I & yellow buses

იცით რა უნდა ჰკითხოთ ავტობუსის კონტროლიორს, როცა უკვე აღარც კი იცი მერამდენე ავტობუსში ადიხარ და დილით ჩარიცხული თანხის ნაშთი სამგზავრო ბარათზე უკვე ორნიშნა ხდება? -უკაცრავად, ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვთ?

დღეს უცნაური დღე იყო :) 20 დან 27 სექტემბრამდე ჩვენთან თურქი სტუდენტები ჩამოდიან, ვაკეთებთ ერთკვირიან ვორკშოპს "კალას მიმოხილვა", რომელიც "გალათას" მეორე ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. მოკლედ ჩამოდიან თურქები, შეიძლება აზერები და სომხებიც და წინ ერთი ძალიან აქტიური, მხიარული, ნაყოფიერი და კეთილმეზობლური კვირა გველის - მანამდე, კი ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. მე ვეხმარები ელენეს შეძლებისდაგვარად, გეგმის შემუშავებაში, იდეების დამუშავებაში, ვამხიარულებ და ვეხმარები (სიამოვნებით, ოღონდაც მე საკანცელარიო მაღაზიაში მაყიდინე რამე) საკანცელარიო ნივთების ზიდვაში. და აი დღეს, მთელი დღე დავრბოდით, მერე უკვე დავღოღავდით მაღაზიებს შორის, არაფრით, აააარაფრის ფასად არ გირჩევთ სწავლის დაწყების წინა დღეს ბაზრობაზე სახაზავების ან თუნდაც უბრალო კალმების საყიდლად წასვლას - ეს იყო ს ა გ ი ჟ ე თ ი, ყველაზე საოცრება ის იყო, რომ გამყიდველებს ეზარებოდათ მომსახურება. მოკლედ დიდი ხნის ამაოების შემდეგ წავედით დიღმის მასივში სასწაულის და იმის იმედით, რომ იქ იქნებოდა მარკერები და ხალხი არა - და ჰოი საოცრებავ - ჩვენი ნატვრა დიდი საკანცელარიო სამოთხის აღმოჩენაზე ახდა - ყველაფერი ვიშოვეთ და თან მომღიმარი გამყიდველების თანხლებით. და უკვე სადღაც საღამოს ხუთი საათი ხდებოდა, როცა ყველაფერი ვიყიდეთ პერგამენტის გარდა (ყველაზე კარგი პერგამენტი იყიდება კინოს სახლის მიწისქვეშაში - მთელი რულონი) და რუსთაველისკენ გადავწყვიტეთ წასვლა - აი ზუსტად მაშინ მოგვივიდა თავში აზრად ეს გენიალური შეკითხვა კონტროლიორისადმი, ეს ზუსტად ის დროა, როცა აბსოლუტურად დაღლილი ვეღარ აზროვნებ და იცინი და იცინი ისტერიულად, მერე იქაურ მიწისქვეშაში (რომელშიც უამრავჯერ გავძვერით, სანამ დავადგინეთ, თუ რომელი მხრიდან მიდიოდა ავტობუსი რუსთაველისკენ) ერთი სიმბოლური გრაფიტი ვიპოვეთ :D კონტროლიორმა არასწორი ნომერი გვითხრა და რუსთაველის ნაცვლად მარჯანიშვილზე ამოვყავით თავი :) სხვათა შორის აღმაშენებელი კარგადაა გაკეთებული და შეიძლება მალე ცენტრალური გამზირის ბევრი ფუნქცია შეითვისოს, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ასე იყო, თუ ისე მივაღწიეთ კინოს სახლამდე, პერგამენტიც ვიყიდეთ და თევისუფლებამდეც ჩავლასლასდით, იქ ოკიჩა შეგვხვდა (კალა - საზამთრო:) ) და მერე წამოვედი სახლში ჩემი საყვარელი 105 ნომრით, რომელიც ზევით ადის და იქიდან მთელი თბილისი ჩანს და ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ღამით.
და მოვედი სახლში, ჩაის დალევაც კი დამავიწყდა (ახლა დავლევ) და ახლა ვწერ ამ დღევანდელი დღესავით აბდაუბდა პოსტს.
დღეს უცნაური დღე იყო - სანამ ელენეს ველოდებოდი, პოლიტექნიკურის მეტროსთან ერთ ქუჩის მუსიკოსთან ერთად ვიმღერე ბიტლზის რამდენიმე სიმღერა - ჩემი იმწუთის საუნდტრეკი : ) აი, წითური თმა რომ აქვს - დიტო, იცით?