Sunday, April 6, 2014

ხუთი წლის შემდეგ

არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დასმულა, თუ როგორ და სად წარმოგიდგენია შენი თავი ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ? რას გინდა მიაღწიო, რა გქონდეს, სად იყო, ვისთან ერთად იყო და ა.შ.

სინამდვილეში კი რაღაც მომენტიდან უკვე იმ ხუთი/ათი/ოცი წლის შემდეგ მდგომარეობაში იმყოფები და ხვდები, რომ ეს გაცილებით უფრო მაგარი გამოწვევაა, ვიდრე ოცნების დონეზე მომავალზე ფიქრი.

ოთხშაბათს ვიდექი მაინის სანაპიროზე, ზუსტად იმ ხიდის ქვეშ და სწორედ იმ ხუთი წლის შემდეგ მდგომარეობის განცდას ვყავდი შეპყრობილი.


ფრანკფურტში ავტობუსით წავედი, ღამის ათი საათი ხდებოდა ცათამბრჯენები რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე. ვუახლოვდებოდი და უფრო და უფრო მიხაროდა მათი დანახვა. და როგორც კი ავტობუსიდან გადმოვედი და ჰაუპტბანჰოფზე შევაბიჯე მეტროს ხაზზე ჩასასვლელად, მივხვდი, რომ ბერლინი არ არის ჩემი ქალაქი, რომ ფრანკფურტი გაცილებით მირჩევნია და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კრიმინალურ ქალაქად ითვლება გერმანიაში, იქ გაცილებით მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ბერლინში. ფრანკფურტს სულ სხვა ენერგია აქვს, ახალგაზრდული და მიზანსწრაფული, მეტი ფული, ოფიციალური გარეგნობა და ძალიან საქმიანი და სწრაფი ტემპი.

ჩასვლის მიზანი - ლუმინალეს კვირეული და მის ფარგლებში გამართული მედია არქიტექტურის სამიტი და ვორქშოპი.

დღის განმავლობაში სამიტზე ვიყავი, რომელიც მაინის სანაპიროზე არქიტექტურის მუზეუმში მიმდინარეობდა და შესვენებებს და ზოგადად თავისუფალ დროს მდინარის პირას ბალახზე გაშხლართული ვატარებდი. ამინდი იყო დიდებული! ვიჯექი, ვუყურებდი ცათამბრჯენების ანარეკლს, ამ მუსიკას ვუსმენდი და ამაოდ ვცდილობდი გამომეცნო მდინარე საით მიედინებოდა : )
შებინდებულზე კი ქალაქში დავხეტიალობდი და ქუჩებში გაბნეულ სინათლის ინსტალაციებს ვეძებდი.

ოლივერი, ჩემი მასპინძელი ძალიან საკაიფო ტიპი აღმოჩნდა, დრო თვითონ არ ჰქონდა, რომ ჩემთან ერთად ევლო, მაგრამ სამაგიეროდ ბლომად ღირებული რჩევები მომცა და ჩემი განრიგის მიმართაც ძალიან ლიბერალური იყო.


მთელი ამ ორი დღე-ღემის განმავლობაში ვიარე ძალიან ბევრი ფეხით, ვიმგზავრე ბევრი მეტროთი, სადაც ზოგი ძველი ვაგონი ისეთი ფერადი და საყვარელია, ვეს ანდერსონს რომ ენახა, შემდეგ ფილმს აუცილებლად იქ გადაიღებდა, ვიდექი მთელი წლის სამყოფი დროით შუქნიშნებზე, გადავიღე ორიოდე სურათი, გადავისხი ყავა მაიკაზე, გამოვიტანე ფული დოიჩე ბანკის სათავო ოფისის ბანკომატიდან, ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი სამაგისტრო თემაზე. ხეები ყვაოდნენ და ქუჩებში ფელამუშის სუნი ტრიალებდა.

1 comment:

Natalia said...

ფელამუშის? o.O