Showing posts with label mylpi. Show all posts
Showing posts with label mylpi. Show all posts

Thursday, February 19, 2015

არ გინდა წავიდეთ?

ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე დამთრგუნველი გამოგონება დედამიწაზე არის "მუდმივი სამსახური". მე არ მინდა ოდესმე დარწმუნებით შემეძლოს იმის თქმა, რომ მომავალ ორშაბათს დღის სამ საათზე იგივე ადგილას ვიქნები, სადაც იმის, კიდევ იმის და კიდევ კიდევ იმის მომავალ ორშაბათს.

ზოგადად მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთნები, რომლებისთვისაც შეკითხვა: "არ გინდა წავიდეთ?" ყველაზე მაცდუნებლად ჟღერს ამქვეყნად. ხომ არსებობენ ამქვეყნად ათასნაირი ბედნიერებები, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელია - ზურგჩანთის მოკიდების ბედნიერება. ჰოდა, როცა თინამ წინის წინა პარასკევს დამირეკა და მითხრა - არ გინდა ჩვენთან ერთად ბათუმში წამოხვიდე, აჭარის სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აღწერას ვაკეთებთო, იმ წუთასვე ვიცოდი რომ წავიდოდი. უბრალოდ ცხოვრებაში ვისწავლე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თუ საშუალება გაქვს ერთხელ მაინც უნდა დაიძინო და გაიღვიძო რომ იმპულსურად არ იმოქმედო. ჰოდა მეც დავიძინე, გავიღვიძე და სამშაბათს წავედი ბათუმში : )

ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდი ჩემ ხუთ თანამშრომელთან ერთად ბათუმში, რომელთა საშუალო ასაკიც დაახლოებით 27-ია, დილით ვიღვიძებდით ყველანი რვისთვის, ათისთვის გავდიოდით აჭარის სოფლებში, ველაპარაკებოდი უამრავ ადგილობრივ მოსახლეს, ვსვამდი გაჭყეპამდე შემოთავაზებულ კოფეს და კომპოტს, ერთხელ შუადღისას სოფლის სადღეგრძელებლად ტყემლის არყის დალევაც მომიწია იქაურ ბაბუებთან ერთად  ყანების თავზე : ) ვტკბებოდი ჭოროხის ხეობის უძალიანლმაზესი ხედებით, ვცდილობდი მომეხერხებინა ოღრო-ჩოღრო გზებზე მანქანიდან სურათების გადაღება, დაღამებისას ვბრუნდებოდით ბათუმში ძალიან დაღლილები და მშივრები, ერთად ვამზადებდით საჭმელს და ვსადილობდით, ვუყურებდით ტელევიზორს, ვიცინოდით, ვსვამდით ლუდს და ღვინოს ნება-ნება, მეორე დღის გეგმებს ვაწყობდით და ძლივს ვაღწევდი თორმეტ საათამდე და მეორე დილის რვამდე გათიშულს მეძინა.
აპრილის ბოლოსკენ კი კიდევ შეიძლება მომიწიოს სადმე წასვლა. მერე კი ზაფხულიც მოვა : )
ჰოდა მერე ისევ მკითხეთ - "არ გინდა წავიდეთ?"

მე კი მინდა ცოტა ხნით ბათუმში გადავიდე საცხოვრებლად და ვხატო და ვხატო ფერადი სახლები და თოკებზე გაკიდული სარეცხი : )


ეს სიმღერა კიდევ სულაც არაა ჩემთვის სევდიანი

Saturday, February 7, 2015

Perfect Morning

იცით როგორია ჩემი იდეალური დილა?! დილით ჩემით რომ მეღვიძება, მთელი ოთახი მზით სავსე მხვდება, ვრთავ რამე მუსიკას ხმამაღლა მაგალითად ამას , ისე, რომ სამზარეულომდეც გააღწიოს ხმამ სანამ ყავას ვიმზადებ, მერე დავდივარ ყავით ხელში მაისურის ამარა მზიან ოთახებში და აივანზე და ვცეკვავ : ) მერე ვჯდები ჩემ მაგიდასთან და წინა საღამოს დაწყებული ნახატის ხატვას ვაგრძელებ და თან ვიცი, რომ საღამოს მეგობრებთან შესახვედრად გავალ სადმე ხმაურიან ადგილას.








Tuesday, December 30, 2014

:onmywaytokitchen:

trying to stay cheerful and positive and smile, even if there new years eve is coming

Tuesday, November 4, 2014

ახალი ფანჯრები

ნოემბერი დაიწყო. ჩემი ოთახი აღარ მაქვს, ვილიამი გადავიდა იქ, მე ერთი კვირით მის ოთახში ვცხოვრობ სანამ ახალი მეზობელი გადმოვა. მერე კატის ოთახში გადავსახლდები კიდევ ერთი კვირით და ამასობაში წასვლის დროც მოვა. ამ ოთახში ოდესღაც გაკრული უზარმაზარი ნიუ იორკის პლაკატია და ფანჯრიდან მეზობლის შუშაბანდებში ვიჭყიტები. სამაგისტროს დაცვა ზეგ მაქვს, ახლა მივდივარ პოსტერი უნდა ავაწყო და დავბეჭდო. მოღუშული დღეა, მაგრამ კომპიუტერ-პული გამომახალისებს. მთელი შაბათ-კვირა ბარგს ვარჩევდი და ვალაგებდი, უამრავ რაღაცას ვტოვებ აქ, იმიტომ რომ მთელი ორი წლის ჩემ ცხოვრებას ვერაფრით ვატევ ორ ჩემოდანში : )

Gorillaz - Plastic Beach

ეს ერთ-ერთი ბოლო შმეთერლინგიანთა კლასის პოსტია
ვნახოთ კიდევ თუ მომიწევს გერმანული პოსტების წერა...

Tuesday, October 21, 2014

გოგონები ითვლიან მანქანებს

არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელთანაც საკუთარი თავის მერე ჩემი შეგნებული ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი მაქვს გატარებული.

ერთხელ სკოლიდან მოვდიოდით ბავშვები და ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი - "სულ მენატრება-მეთქი, აი ახლაც ხომ ჩემ წინ მიდის, მაგრამ მაინც მენატრება-თქო.."

ეს სიმღერა იმ ჩვენ თბილისის ცისფერშპალერიან ოთახს მახსენებს და პრაიგრივაწელს : ) ძილის წინ ბიტლზს და რობერტინოს რომ ვუსმენდით და შრიალა ტელევიზორს ჩართულს რომ ატოვებინებდა დედას, სინათლეში ძილი მიყვარსო : ))

ტყვიავში რომ ჩავალ, ერთი ის ჩვენი პეპის კუნძულის ნახატები უნდა მოვძებნო კიდევ თუ არსებობენ : )

და მიკვირს - პირდაპირ საიდან ვიგონებდით ამდენ სასაცილო გასართობს : ) რომელი ერთი გავიხსენო - ბოროტი ლილი, სამკურნალო ბაბუშკა, 'კ' გინდა თუ 'ფ', ფერადი მანქანების თვლა თუ ბუხრების შენება ბლოკებისგან : )

თქვენ გყავთ ადამიანი, ვისთან ერთადაც ოცნება შეგიძლიათ და თან დარწმუნებული ხართ, რომ ერთიდაიგივე წარმოდგენით ადგილას იმყოფებით?
მე კი : )

ანუკი, my soulmate,  დაბადების დღეს გილოცავ!..

რაც მთავარია გახსოვდეს, რომ I can always make you smile და 7ობაა, ანათებს მზე, მაგრად ვარ, დავრბივარ! მიუხედავად იმისა, რომ კარაქი გაძვირებულა რამდენიმე კილოთი : )



Thursday, September 18, 2014

Back to Future

არ ვიცი როდის მოხდა და რანაირად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ერთი სული მაქვს საქართველოში როდის დავბრუნდები. ორ წელიწადზე მეტია უკვე გერმანიაში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ აქაურობა მეორე სამშობლოსავითაა ჩემთვის,  ვგრძნობ, რომ I'm done with Germany for now.

ერთი სული მაქვს ამ სამაგისტროს როდის დავიცავ და დავბრუნდები უკან. იცით როგორი შეგრძნება მაქვს - Back to Future - რომლის ზუსტ მნიშვნელობას ახლა ვხვდები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარია, როცა საწყის წერტილად ისეთი ბურდა და მიქსტურა ქვეყანა გაქვს, როგორიც საქართველოა, რომელიც მიმაჩნია, რომ საშინლად საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილია.

და მეორეს მხრივ, როცა ორი დღის წინ ოფიციალურად ჩავირიცხე ჩემ 27-ე სემესტრში, მივხვდი, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, enough is enough!.. მინდა, რომ უბრალოდ მოვრჩე ამ ყველაფერს, დავჯდე ყოველგვარი დედლაინების და ვალდებულებების გარეშე, გადავხედო ამ თორმეტი წლის მანძილზე რა მისწავლია და არ მისწავლია, ჩამოვყალიბდე და მივმართო.

მონატრება - მენატრება უკვე ყველა და ყველაფერი. აქ ახლა აცივდება მალე და ეგ კიდევ ეფრო მომანატრებს სახლში დაბრუნებისას სამზარეულოში ანთებული შუქის სიმყუდროვეს. მახსოვს ერთხელ სომერსეტ მოემს ეწერა გოგენზე წიგნში - "ტაიტიზე ერთი თეთრი ყვავილი ხარობს, რომლის სურნელსაც ერთხელ თუ ჩაისუნთქავ, მთელი მსოფლიოც რომ მოიარო, მაინც უკან მიგიყვანსო", ჰოდა მე ვფიქრობ, რომ ეგ ჩვენ შემთხვევაში ხინკალზე და თონის პურზეა : )) ისევ დამეწყო ხინკლიანი სიზმრები.

ერთადერთი ვერ წარმომიდგენია საქართველოში ყოფნა ანუკის გარეშე როგორი შეიძლება იყოს.


Wednesday, September 3, 2014

when Mari met el Mar

ლისაბონი.
ეს ქალაქი ჩემს ცხოვრებაში ჯერ კიდევ მაშინ შემოიჭრა პეპიდან, როცა დანამდვილებით ქვეყნების და დედაქალაქების ზუსტი მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.

ლისაბონი - ჩემი თეთრქვეფენილებიანი კეთილი ქალაქი. სადაც პირველად შევხვდი ოკეანეს.

ლისაბონი ჯერჯერობით ყველაზე შორეული ადგილია, სადაც ჩემი საწყისი წერტილიდან მოვხვედრილვარ. რაც უფრო სამხრეთით მივდიოდი, ხალხი უფრო და უფრო მეგობრული და უშუალო ხდებოდა. ხალხი უბრალოდ გელაპარაკება ქუჩაში, იმიტომ რომ უბრალოდ ლაპარაკი უნდათ. აქ ყველამ იცის ინგლისური მეტ-ნაკლებად. ლისაბონის გარდა ჯერ არავის გავუჩერებივარ ქუჩაში იმის თხოვნით, რომ რესტორნის ლოგოიანი დროშა ჩამერჭო კედლის სამაგრში, რადგან მეპატრონე პატარა ღიპიანი კაცი თვითონ ვერ წვდებოდა : ) რესტორნებში სპორტად არის ქცეული ხალხის გამოჭერა და ყველაფერს აკეთებენ როგორმე თავიანთ მაგიდასთან რომ მიგიზიდონ და დამჯდარი არ ხარ, რომ უკვე ერთი სული აქვთ როდის შეჭამ შენს კუთვნილ ულუფას და გაათავისუფლებ ადგილს მორიგი მსხვერპლისთვის : ) 
ზოგადად ლისაბონი ცოტა ვერ არის სრულ ჭკუაზე : ) მშვიდად შეშლილი ქალაქია. თბილი კლიმატი და ღვინო ხომ თავისას შვრება მაინც. რაღაცნაირი უდარდელობაა გამეფებული, მოშვებული და მზეს მიფიცხებულია. ქუჩებში შებრაწული სარდინების სუნი ტრიალებს და ყველგან მუსიკა ისმის, ტკბილი ბრაზილიური განწყობით და თან ამას ემატება დროდადრო ტრამვაის ხმა, გამვლელების ლაპარაკი, პორტუგალიური ენის მშვიდი და მელოდიური ჟღერადობა.


ლისაბონი - ყველაზე ჰიპსტერი და ვინტაჟური ქალაქია ევროპაში და ძველი ორნამენტებიანი კერამიკებით მოპირკეთებული სახლებით, თეთრი ქვის საფეხმავლო ქუჩებით, ძალიან ფირუზისფერი წყლით და გულღია მზით, ყველაზე ფოტოგენური ამქვეყნად. ქალაქი მთლიანად ხელით ნახატ ანიმაციას ჰგავს.

Lisbon
ჰო, პირველი პორტუგალიის ყავა დილაადრიან პირველივე შემხვედრ პასტელარიაში დავლიე, ავტობუსში გაცნობილ მხიარულ სევილიელ ელბასთან ერთად.
ჰოსტელში რენატა და ლუკა გავიცანი, რომლებთან ერთადაც საღამოობით ბეირო ალტოს ბარებში ადგილობრივ ღვინოს და კოქტეილებს ვსვამდით და მერე ლისაბონის აღმართ-დაღმართებს მივუყვებოდით და ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდით.


დილით უთენია მე და რენატა ერთად წავედით აეროპორტში, სიმართლე გითხრათ მიხაროდა, რომ იტალიაში წასვლა გადავიფიქრე და გერმანიაში ვბრუნდებოდი, უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი და კიდევ ახალ ქალაქებს და ენას ძნელად გადავიტანდი.
ფრანკფურტში რომ ჩამოვფრინდი, მივხვდი, რომ ყოველი მოგზაურობის მერე გერმანიაში ჩასვლისას უფრო და უფრო მეტად მაქვს სახლში დაბრუნების შეგრძნება. მთელი ის ქვეცნობიერი თვითმფრინავზე და ავტობუსებზე დაგვიანების შიში გამიქრა, უკვე გერმანიის ტერიტორიაზე ვიყავი და აქედან ყველაფერი გაცილებით მარტივია.

ყველაზე მთავარი კი რა არის აქ - თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს ათდღიანი გადარბენითი ტური თავისი ჯანჯღარში გატარებული ძილღვიძილა ღამეებით, დაქანცული და ტურტლიანი ფეხებით, ზურგჩანთისგან ჩაწყვეტილი მხრებით, გამთენიის ქალაქებით და ყავით, სრულიად უცხო ენებით, შემთხვევითი ნაცნობებით, სიცხით, უცნაური საჭმელებით, კილომეტრობით სიარულით და კიდევ ათასი იმ მომენტით, რომელიც მხოლოდ მოგზაურობისას ხდება, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გამიკეთებია.
სინამდვილეში ჩემი კომფორტ-ზონა სწორედ მანდ ვიპოვე და არა დივანზე ჩათბუნული ცხელი ჩაით ფილმების ყურებაში.

Tuesday, August 12, 2014

Off I Go - თავიდან

როცა სამარის შაბათ-კვირამ გადაიარა და გავაცნობიერე, რომ ტყუილად არ მიშრომია და ჩემი პროექტი გამომივიდა, მივხვდი, რომ აი ზუსტად ზურგჩანთის ჩალაგების და ვაიმარიდან სადმე ძალიან შორს წასვლის დრო იყო. რადგანაც უამრავი ადგილის ნახვა მინდოდა, ტურის დაგეგმვა დიდად ტვინის საჭყლეტი ამოცანა აღმოჩნდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ საღამოს მაიკოს მივწერე თუ ყველანი ისევ მანდ ხართ, ჟენევაში ჩამოგივლით-თქო. მაიკომ კი-ო და ავდექი და მაშინვე უბრალოდ ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი ლაიფციგი-ჟენევა და მივხვდი, რომ მორჩა ეგ არის, დაიწყო, უკან დასახევი გზა აღარაა და მივყევი. არანაირი კონკრეტული მიმართულება არ მქონია, უბრალოდ გახსნილი მქონდა ყველანაირი ტრანსპორტის საიტები და ვეძებდი ყველაზე იაფ და დროის მხრივ ხელსაყრელ მიმართულებებს და ქალაქებს. ჟენევიდან ყველაზე მომხიბვლელად ბარსელონასკენ მიმავალი ავტობუსი გამოიყურებოდა, ჰოდა ეგეც მივაყოლე. ბარსელონადან ბევრი ვიფიქრე გრანადამდე მადრიდის გავლით ჩავსულიყავი თუ არა, მაგრამ ბოლოს სამხრეთ სანაპირო ვარჩიე. გრანადიდან ლისაბონამდე ავტობუსი ვიპოვე და ეგეც მივამატე ჩემი ელექტრონული ბილეთების შეკვრას დესკტოპზე. და ბოლოს ლისაბონიდან უკან ფრანკფურტამდე და იქიდან ვაიმარამდე. იტალია ვეღარ გავქაჩე. დაახლოებით ორი დღე მოვანდომე ცალმხრივი ბილეთებით წრიული ტურის შედგენას. მორჩა, გზა გარკვეულია! ღამის გასათევები დარჩა. მივაკითხე ქაუჩსერფინგს, დავგზავნე თხოვნები, ზოგმა უარი მომწერა, ზოგმა საერთოდ არ მიპასუხა, ზოგი მე არ მომეწონა და გადავედი ჰოსტელების ძებნაზე. ეგ ადვილია. დაახლოებით კიდევ ერთი დღე მოვანდომე ღამის გასათევების შოვნას და მორჩა! 28 ივლისს გავდივარ ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა-ბარსელონა-გრანადა-ლისაბონი-ფრანკფურტი-ვაიმარი. აქედან სამ ღამეს ავტობუსებში და მატარებელში ვათევ და განთიადზე ჩავდივარ ქალაქებში. ნაის!
ახლა ჩანთა, რა მიმაქვს, რას ვტოვებ. თავიდან ზურჩანთის ყიდვა მინდოდა, მოზრდილი სამგზავროსი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ჩასაბარებელი ბარგი არ მინდოდა მქონოდა აეროპორტში, ასევე სატარებლად მსუბუქი და კომპაქტური რომ ყოფილიყო, ავიღე ჩემი ფერადი ძველი პატარა ზურგჩანთა და ვეცადე მთელი ათი დღის სამყოფი საჭირო ნივთები ჩამეტია შიგნით + საძილე ტომარა მივამაგრე, რომელიც მოგვიანებით ძალიან გამომადგა.

დავიწყე ნივთების გადალაგება და ხელში ჩემი პასპორტი რომ მომხვდა აი მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან მაგარი რამის გაკეთებას ვაპირებდი და მაშინ ამიკაწკაწდა სული პირველად.

ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა
ყველგან დროულად გადავჯექი და პირველი ბილეთების კონტროლი წარმატებით გავიარე

ჟენევაში კოკისპირულად წვიმს, უაზროდ ძვირია და ბომჟი ახალგაზრდების ადგილი იქ არ არის, შესაბამისად მოსაწყენია იქაურობა.
დიდი ხნის შემდეგ ოჯახის წევრების ნახვა და მითუმეტეს არაჩვეულ ადგილას უცნაური გრძნობაა. რაღაცნაირად არამარტო ოჯახის წევრებად, არამედ ადამიანებადაც აღიქვამ, რომლებსაც თავიანთი ცხოვრება აქვთ : ) ფაქტია, რომ მთელი იმ დროის მანძილზე მეძინა გაცილებით ტკბილად, ვჭამდი გაცილებით გემრიელად და ვლაპარაკობდი ბევრს ჩემი აქცენტაღებული ქართულით
ოცდათერთმეტში შუადღით გავუყევი ბარსელონისკენ გზას. ვიჯექი ავტობუსში ფანჯარასთან მოკალათებული, პირი ჯერ კიდევ მამიდაჩემის გამოტანებული კატლეტებით მქონდა გამოტენილი და  ვცდილობდი გამერკვია გზადშემხვედრი ქალაქების სახელწოდებები.
აჰ! გრენობლი... ქუჩაში ბევრი ხალხია, ლამაზი, ფრანგულაივნებიანი სახლები დგას.
ავინიონის ცენტრალური სადგური...
პროვანსაში ვართ.
ღამდება და მეძინება. დროდადრო ავტობანიდან გადახვევისას პატარა ქალაქების მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ავტობუსის სიარულისას მეღვიძება.
დილის ხუთი საათია, ბარსელონა ნორტე.
კიდევ ნახევარი საათი, ბარსელონა სანტს... ჩავდივარ...

Wednesday, June 4, 2014

BMO in my Room

რადგან წვიმის გამო აივანზე მოკალათებას ვერ ვახერხებ, ბოლომდე მოვაღე ჩემი ოთახის ფანჯარა, გვერდზე ლაიმიანი დესპერადოსი მოვიდგი და სანამ ჩემი სამაგისტორსთვის პროცესსინგინს პევექტორების ტუტორიალის კითხვას გავაგრძელებდე, პოსტის დაწერა გადავწყვიტე. გუშინ ნაშუადღევს კონსულტაცია მქონდა და იმის მერე ისე გადაება ყველაფერი, დღეს საღამოს აღმოვაჩინე, რომ უკვე ოცდაოთხ საათზე მეტი იყო გასული, რაც ლეპტოპი არ ჩამირთავს. 
აი ვინ ცხოვრობს ჩემ ოთახში : )

რაღაცნაირად ისევ დაძაბული ვარ და ღამე ისევ ცუდად მძინავს. დღეს დილით მაგალითად ხუთ საათზე გამეღვიძა და სამი საათის განმავლობაში ვცდილობდი ისევ ჩაძინებას და არაფრით არ გამომივიდა, სანამ მუსიკა არ ჩავირთე ისევ. თვალები გადამეღალა და ზოგჯერ ფოკუსირება მიჭირს და ვცდილობ მეტი ვიარო ფეხით. სამაგიეროდ ჩემი სინესთეზია ხმებზე გამკვეთრდა, მეც უფრო ვაკვირდები და ვცდილობ მუსიკის ან სხვადასხვა ხმების მოსმენისას უფრო დეტალურად დავინახო გამოსახულება და ფერები. სიტყვებზე ცოტა აირია, სხვადასხვა ენებზე სხვადასხვა ფერებია და სხვადასხვანაირად ჩანს.
მომავალი კვირიდან ალბათ ძირითადად უნივერსიტეტში გადავსახლდები, უკვე დავწყებ საცდელი პროტოტიპის აწყობას და დატესტვას და დიდად არ მინდა ჩემს ოთახს ათასი კაბელი და არდუინოები დავამატო. 
ლეპტოპი ისევ არ მიყიდია, ძალიან არ მინდა i5 პროცესორით ყიდვა, მაგრამ მგონი მეტს ვერ გავწვდები და ჩემმა ახლანდელმა ეიჩპიმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება გაჭედოს. საერთოდაც ივნისის სტიპენდია ჯერ არ ჩარიცხულა და ანგარიშზე სამი ევროღა მიგდია. 

Not For Sale (CocoRosie)


დღეს ამ პატარა ნაწერს წავაწყდი ფბ-ს თვალიერებისას და მივხვდი, რომ რაღაც მომენტში ზუსტად იმ წყლიანი ჭიქით ხელში მდგარი დავიჭირე ჩემი თავი და დავდგი


Thursday, March 6, 2014

როცა მუსიკას ვუსმენ...

მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც დიდად არ უყვართ სხვადასხვა საქმეებზე ერთდროულად ფიქრი. რომლებსაც ზოგჯერ საერთოდ არ უყვართ ფიქრი.
მე მიყვარს ინტერნეტრადიოები, როცა შემდეგი მუსიკა შენგან დამოუკიდებლად იწყება და არასოდეს იცი რა იქნება შემდეგი.
და არის მომენტები, როცა ირთვება მუსიკა, როცა ჩემი სხეული უარს აცხადებს ნებისმიერი რამის კეთებაზე ან ფიქრზე და მაშინ თავს ვანებებ ყველაფერს, უბრალოდ ვზივარ და ვუსმენ და ვუსმენ და საერთოდ არ ვფიქრობ.


აი ზუსტად ესე ვიჯექი გუშინ თითქმის ერთი საათის განმავლობაში და ვუსმენდი ბეირუთს


Monday, December 9, 2013

Get it Right

მე ვარ კარგად! : )



ჩართეთ ეს ვიდეო და იცეკვეთ
just don't give a shit


Sunday, December 1, 2013

თუკი ჩემს ფანჯარაში შემოიხედავთ...

ჩემი ოთახი სიმყუდროვის განსახიერებაა!..
გარეთ ლურჯი საღამოა, ფანჯარაზე გუშინ ნაყიდი საშობაო ნათურები კიდია, შიგნით თბილა და მთელ სახლში ვანილიანი შაქარლამების სურნელი ტრიალებს.

როცა გუშინ ჩემი საშობაო პლეილისტი ჩავრთე, სკამზე შევდექი და  ნათურების დამაგრება დავიწყე, ვიგრძენი რატომ უხარიათ ადამიანებს ნაძვის ხის მორთვა : )

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ მთელი შეგნებული დღის ნახევარი საშობაო ბაზრობაზე ხეტიალში გავატარე, ერთი მესამედი შაქარლამების ცხობაში, დანარჩენი დრო კი მათ ჭამაში, ციმციმა ნათურების ცქერაში და გლუვაინით ტკბობაში.

მოგვიანებით კი უბრალოდ ვიწექი საწოლზე, ეს სიმღერა მქონდა ჩართული და თბილი ყვითელი შუქით განათებულ ჭერს ვუყურებდი.

დღეს ჩვენი საშობაო კალენდრიდან პირველი შოკოლადიანი კარიც გამოვაცარიელეთ, საღამოს კი ალბათ ერთად ვივახშმებთ და ერთ სანთელსაც ავანთებთ საშობაო გვირგვინზე.
მხოლოდ თოვლიღა გვაკლია


მე კი ზუსტად ერთ კვირაში 25 წლის ვხდები, უჩვეულოა არა?!

Sunday, September 8, 2013

tête-à-tête with Köln

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ჯგუფელმა ერთ მშვენიერ საღამოს მომწერა, თუ გცალია 7-8 სექტემბერს კიოლნში რომ წამომყვე, შენი დახმარება მჭირდება, ყველა ხარჯს მე ავიღებ საკუთარ თავზე-ო.
: )
  რა შეიძლება დამევალოს ამქვეყნად ისეთი, რომ კიოლნში წასვლაზე, მით უმეტეს სხვისი ხარჯებით უარი ვთქვა.
 არ ვიცი რას შევადარო ის შეგრძნება, რაინის სანაპიროს რომ მიუყვები უკვე და რაღაც თბილი რომ გეღვრება და ბონს რომ გასცდები და უცებ აფიქსირებ, რომ კისერწაგრძელებული დამჯდარხარ და ერთი სული გაქვს შორს კათედრალის სამრეკლოებს როდის მოჰკრავ თვალს.

  კიოლნში წვიმა დაგვხვდა, წვიმა და დომი, ისევ ისეთივე დიდებული და შთამბეჭდავი, როგორიც დავტოვე.


  გუანლინგს მივყვებოდი და უკან-უკან ვიხედებოდი, გაფელ კიოლშიდან ჩვეული ღრიანცელის ხმა გამოდიოდა. ვერც კი შევნიშნე თავი ექსელსიორ ჰოტელში როგორ ამოვყავი სხვა ჩინელებთან ერთად. ვახშმამდე ნომერში ავედით, ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა, თუ იმას არ ჩავთვლი, რომ დროდადრო ჩემი სახელი და ჯორჯია მხვდებოდა ყურში. ერთადერთი ინგლისურად მივიღე საჭმელზე შემოთავაზება და კომპლიმენტი, რომ ლამაზი ვარ. გუანლინგმა თავიდანვე მითხრა, რომ ჩინელებს ძალიან მოსწონთ დიდთვალება, თეთრკანიანი, მაღალი გოგოები : )
  მე ვიჯექი ფანჯარასთან სავარძელში, მაგიდა ერთჯერადი ჩინური საჭმლის პაკეტებით იყო სავსე, რამდენიმე გავსინჯე, ვუყურებდი წვიმიან ქუჩებს, მოპირდაპირე შენობებს, საწვიმრიან ტურისტებს და მყუდრო ნაცრისფერ ცას.


  ვახშმად უახლოეს ჩინურ რესტორანში წავედით, ვსინჯავდი ყველანაირ უცნაურ საჭმელს და სულ არ მანაღვლებდა თანამესუფრეების უსაშველო პირის წკლაპუნი.
  უკვე სიბნელე იყო ჩვენი სასტუმროსკენ რომ გავუყევით გზას, ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ წარმოუდგენელი იყო ნოიმარკტამდე ფეხით გასვლა. ისევ მეტროთი გავედით და იქიდან ტრამვაით გავაგრძელეთ გზა. ჩვენი სასტუმრო აღმოჩნდა ისე შორს, რომ სატრანსპორტო რუკის მიხედვით ქალაქის საზღვრებს სცდებოდა და ზუსტად ორი გაჩერების შუაში იყო. უკვე ათს იყო გადაცდენილი ტრამვაიდან რომ ჩამოვედით. სულიერი არ ჭაჭანებდა გარშემო არათუ ტაქსი, გაჩერებაზე რუკაც კი არ იყო გაკრული.
  ჩვენდა ბედად ჩემს ძვირფას სატელეფონო ოპერატორს მაინცდამაინც ამ შაბათ-კვირისთვის მოუნდა ჩემთვის უფასო მობილური ინტერნეტის ჩუქება და გუგლ-მეპის წყალობით უზარმაზარი საავტომობილო საწყობების გასწვრივ ნახევარსაათიანი სიარულის მერე როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო ან ჰოსტელი კი არა, იაფფასიანი მოტელი აღმოჩნდა, სადაც სავარაუდოდ მძღოლები და მანქანით მოვაჭრეები ათევენ ღამეს, სადაც ოთახში ფანჯარას თუ დახურავდი იხუთებოდა და თუ გააღებდი გვიანობამდე ყაყანის ხმა აღწევდა. სველი წერტილები ცალკე საოცრება იყო. საბედნიეროდ ოთახში ხელსაბანი გვქონდა და პირის დასაბანად მაინც არ გვიწევდა გარეთ გასვლა.
  მოკლედ როგორც იქნა გავათენეთ ღამე და გამოვაღწიეთ დილით იქიდან. ისევ მოღრუბლული იყო და ცრიდა. ამჯერად გაჩერებამდე მისვლას მარტო თხუთმეტი წუთი მოვანდომეთ, სამაგიეროდ ტაბლოზე დაგვხვდა, რომ შემდეგი ტრამვაი ოცდაცხრამეტ წუთში მოვიდოდა და იმის შემდეგი ოთხმოცდარაღაცაში. ჰოდა ვისხედით და ვამთქნარებდით ლოდინში. მე უკვე ნახევრად ძილში ვიყავი წასული და ბანჰოფის სტარბაქსის ყავა მელანდებოდა.
  სამწუხაროდ უკვე გვაგვიანდებოდა და რუდოლფპლატცზე ხელთმოხვედრილი რიგითი ყავით მომიწია იოლად გასვლა.

  როდის-როდის მივაღწიეთ დოიც-მესსემდე, სადაც ჩინური წარმოების ბაღის ავეჯის დიდი სავაჭრო გამოფენა ეწყობოდა. ჩემი დავალება იყო კონკრეტული კომპანიის სტენდებთან მივსულიყავი უცხოელი (ამ შემთხვევაში არაჩინელი) საქმიანი ქალის იერით, როგორც ერთერთი გერმანული კომპანიის წარმომადგენელი და კატალოგები, ფასები და  საკონტაქტო ინფორმაციები გამომერთმია.
ორი საათის განმავლობაში მოვიარე მთელი ტერიტორია, ველაპარაკე უამრავ ადამიანს, დიდის ამბით ვფურცლე კატალოგები და ვსინჯე პროდუქციის მატერიები. საბოლოოდ კატალოგებით სავსე ჩემოდნით მივაღწიე ჩვენ სტენდამდე და უკან წამოსვლამდე დარჩენილი ოთხი საათის ქალაქში გატარება გადავწყვიტეთ. მოვიარეთ ახლომახლო ქუჩები, შილდერგასეს ჩავუყევით, სადილად ისევ ჩინურ რესტორანში ამოვყავი თავი დომის გადასწვრივ. და ზოგადად ამ ორ დღეში ძალიან დიდი რაოდენობით ჩინეთი მივიღე.


  წამოსვლამდე ნახევარი საათით მაინც მოვახერხე მარტო დარჩენა ჩემ ქალაქთან, tête-à-tête...
  გარეთ ამშრალი იყო, მოედანი სავსე იყო მოსეირე ხალხით. ჰაერში ფეხმორთხმით მჯდარი კაცი ადგილზე დამხვდა, ბრონზის ადამიანებიც იქვე ისხდნენ, ლუდვიგის მუზეუმისკენ ჩემი კიოლნის პირველ საუნდტრეკსაც კი უკრავდნენ. იმ სანაყინესთანაც ისევ ისე იდგა რიგი. ახლა, გერმანიაში ცხოვრების ერთი წლის მერე სულ სხვა და თან ზუსტად იგივე თვალით ვუყურებდი კიოლნს.


არსებობს ამქვეყნად ერთადერთი ქალაქი, სადაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ ადგილას, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
ისევე, როგორც არსებობს ერთადერთი ბიჭი ამქვეყნად, ვისთანაც თავს ვგრძნობ ჩემ საკუთარ მედ, ზუსტად ისეთად, როგორიც ვარ და ეს ძალიან კომფორტულია.
so far...

ეს ჩემი ქალაქია! ელეგანტური, სუფთა, ჭუჭყიანი, დარტყმული, მდიდარი, ბომჟი, ლამაზი, უშნო,  გონიერი, მეგობრული, აგრესიული, შეშლილი, უდარდელი, სიცოცხლით სავსე, დიდებული, მოუბეზრებელი, თვითმყოფადი, მყუდრო, თავისუფალი, ემოციური, ხმამაღალი... ყველაფერი ერთად...

მე კი აუცილებლად ჩავიყვირებ ჩემ მომავალ დაბადების დღეზე ვაიმარის მერე კიოლნში პრაქტიკის და სამუშაოს პოვნაზე სურვილს...
რაიცი და ახდეს!..

P.S. სხვათა შორის ეს არაა ის ბიჭი, ვიზეც ყველამ გაიფიქრეთ : )
 

Tuesday, August 13, 2013

give me one reason to stay...but... anyway...I can't...

დრო ისე გავიდა საერთოდ ვერ მივხვდი
მგონია, რომ სადღაც დროსა და სივრცეში ვარ გამოკიდებული და ვხვდები, რომ არ მყოფნის მხოლოდ ეს ოთხი კვირა
ვხვდები, რომ იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც მიყვარს, მხოლოდ ერთხელ და ორჯერ არაა საკმარისი


არცერთი წუთი არ მინდა მარტომ გავატარო
თბილისი ისეთი კარგია, რომ ვერაფრით ვერ ვწყდები, სულ მინდა ვიარო ქუჩებში, ჭყეტელა, აბდაუბდა განათებებმა თვალი მომჭრას, აყრილ და მტვრიან ქვაფენილებზე მივაბიჯებდე, ყველა ადამიანის დანახვა მიხაროდეს ვინც კი შემომხვდება და ყურში ქართულად ლაპარაკი მესმოდეს.
აქ მინდა ჯერ ყოფნა, აქ ყველაფერი ისეთი ემოციურია
მერე რა, რომ არავინ იღიმება ქუჩაში და მაღაზიებში
აქაურობა ვანილივითაა, სევდიანია და მოტკბო

შაბათს ანუკის ჯვრისწერა იყო
ხვალ რაჭაში მივდივარ
18-ში კი დიდი დღეა და გრძელი ღამე და მერე განთიადი

სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი კოცნა არაა საკმარისი
და ოცში დილით უკან მივფრინავ

ნატას ბლოგზე ამ სიმღერას წავაწყდი და კიდევ უფრო დამასევდიანა

Wednesday, July 31, 2013

Tbilisi loves you

როცა ხვდები, რომ თბილისი ძალიან გიყვარს
როცა ხვდები, რომ აქ ყოფნა გიხარია
და ხვდები, რომ არის მასში რაღაც, რაღაც განსაკუთრებული


Girl is back
and She is happy

Sunday, June 9, 2013

ეს ორი დღე

ეს ორი დღე 
შაბათი - მუზეუმების ღამე ვაიმარში, მზიანი და ხალხით სავსე
ის მომენტი, როცა ქალაქის უამრავი პაწაწინა იდუმალი კარი შუაღამემდე შენთვის იღება

სამრეკლოდან დანახული ვაიმარი
ყველა ეზოდან ცოცხალი მუსიკის ხმა ისმის, ხალხის სიცილი და ჭურჭლის წკარუნი
გვიანობამდე ქალაქში ხეტიალი
ივნისი - როცა ყველაზე გრძელი საღამოებია

ღამე - ოფენ ეარი სადღაც ზემოთ, ვაიმარის თავზე
ნაცნობი და შემთხვევითი ხალხი
გზის არევა და ორი საათი ღამის მინდვრებში ხეტიალი, ვარსკვლავიანი ცა და მუსიკის ხმის მიყოლა
დილამდე მუსიკა, ცეკვა და შენნაირი ხალხი
თავზე დათენება, და დაუჯერებლად ლამაზი მზის ამოსვლა, ოდნავ ნისლიანი ყვითელი ფერდობები, გრძელი გზა სახლამდე, ბელვედერის ხეივანი, უბრალოდ გზად გაცნობილი ხალხი, დილის ექვს საათზე გამომცხვარი მაჭკატების ჭამა
სახლში დაბრუნება



სამი საათი ძილი
ბექ-ფაქტორის ყავა და ყველიანი ფუნთუშა
პრაინის ფოტოგადაღება
ბევრი გოგო და ერთი შიშველი ბიჭი
წვიმაში სახლისკენ სეირნობა
ნამძინარევი, ოდნავ გაბრუებული
ძეხვიანი ბუტერბროდი

ისევ ძილი

ის მომენტი, ყველაფრის დამახსოვრება საჭირო რომ არ არის, უბრალოდ ემოციებად რომ ილექება სხეულში

Tuesday, October 23, 2012

my World Trip

  დღეს ჩვენი უნივერსიტეტის კაფეტერიაში იყო პლაკატების გამოფენა გაყიდვა და წავაწყდი აი ამ სურათს


  ჰოდა პირდაპირ ვიგრძენი ზურგჩანთის მოკიდების მომენტი და ის უცნაური აღტაცება სადღაც წასვლის წინ რომ გეუფლება
ალბათ უნდა მეყიდა კიდეც ეს პლაკატი და ჩემს დიდებულად ცარიელ ოთახში გამეკრა.
  ეგ არ გამიკეთებია, სამაგიეროდ გავაკეთე აი ეს ყულაბა აცეტონის ცარიელი ბოთლისგან, რაც ჩემს პირობებში ერთადერთი შესაფერისი საგანი აღმოჩნდა ამ მისიის შესასრულებლად და რომელშიც ჩაიყრება ყოველდღიურად მოგზაურობისთვის გადადებული ევროები და რომელშიც უკვე ყრია სამნახევარი ევრო : )


ჰოდა არ აქვს მნიშვნელობა რითი დაიწყებთ სამოგზაუროდ მზადებას აცეტონის ბოთლით თუ ხუთცენტიანებით, მთავარია, რომ დაიწყოთ!

აი ასე! : )

ნუ დაელოდებით არდადეგებს : )

Wednesday, October 10, 2012

მარი იზრდება


ამ ერთი კვირის განმავლობაში მივხვდი, როგორია უსახლკაროდ დარჩენის საშიშროება
მივხვდი, როგორი ძნელია გაიღიმო, მაშინ, როცა შემდეგი ღამის გათენება ქუჩაში მოგიწევს და როცა ძალიან ცივა უკვე
ერთადერთი შიმშილი მაინც არ მომელოდა
როცა აბსოლუტურად მარტო ხარ ქალაქში და არ იცი საიდან დაიწყო
და როცა აბსოლუტურად არცერთ ჰოსტელში და იაფ სასტუმროში ერთი საწოლიც კი არაა თავისუფალი რომ დაიძინო
როცა გაქვს ფული მაგრამ არ არსებობს ფიზიკურად სახლი

ჩემი ერთერთი გულისმომკვლელი სტატუსის შედეგად : )
და როცა სულ ახალგაცნობილი ადამიანები წარმოუდგენელ დახმარებას გიწევენ და ცდილობენ თავშესაფარი მოგიძებნონ
როცა ხვდები, რომ არანაირ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი არ უნდა თქვა, იმიტომ, რომ მეორედ არავინ გაგიმეორებს და არანაირი თავმოყვარეობის და უხერხულობის საკითხები აღარ განიხილება. და ხვდები, რომ რაღაცების მოთმენა და ატანა გიწევს, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა და არჩევანი არ გაგაჩნია. და ხვდები, რომ გაგიჭირდება, მაგრამ შენნაირი ადამიანის გამოჩენისას შენც ისევე მოიქცევი და შეძლებისდაგვარად დახმარებას გაუწევ. ჰოდა მივხვდი, რომ დახმარების გაწევა უფრო ადვილია, ვიდრე მიღება.
რა ცუდია, როცა ბინის სანახავად და ამავდროულად თანამცხოვრებლებთან გასაუბრებაზე მიდიხარ და უარს გეუბნებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ან გერმანელი არ ხარ, ან ბევრს იცინი, ან უბრალოდ არ მოეწონე ან რავიცი ათასი მიზეზის გამო
როცა ყველგან სადაც კი რეკავ, უკვე ყველა ბინა გაქირავებულია
ჰოდა ძალიან მიხარია, რომ 12-13 ბონში მივდივარ და ყველანაირად ვეცდები ჩემს საყვარელ და გულთბილ კიოლნსაც შევუარო.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ისე გავიდა დრო მგონია ერთი ნახევარი წლით მაინც გავიზარდე და ვხვდები, რომ რეალურად რა ადვილი იყო საქართველოში ცხოვრება და ფაქტიურად რა ადვილი მოსაგვარებელი იყო ყველაფერი. ეს დღეები ინტერნეტიც არ მაქვს, ამიტომ უამრავი დრო მაქვს საფიქრელად, ჰოდა ვფიქრობ, რომ ბევრს არაფერს არ შევცვლიდი ჩემს განვლილ ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი, რომ სულ შევცვლი ჩემს მომავალ ცხოვრებას.
კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ადამიანი მარტოხელა არსებაა და არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს ამქვეყნად და თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს, უბრალოდ არსებობენ კეთილი ადამიანები და არსებობს გამართლება.
და კიდევ ვხვდები როგორ გამიხარდება ჩემი ძველი მეგობრების დანახვა და როცა დავინახავ მივხვდები როგორ მომნატრებია. მონატრებას რაც შეეხება - არავინ და აღარაფერი აღარ მენატრება, იმიტომ რომ ახლა იმდენად პირველადი მითხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ვიბრძვი, რომ ემოციების დრო და საშუალება არ მაქვს.
კიდევ მივხვდი იმას, რომ როგორც კი ტუალეტში მოგინდება მაშინვე უნდა შეხვიდე, სანამ ვინმე არ დაგასწრებს და შხაპის მისაღებად არ შევა : )



Sunday, September 9, 2012

რა უნდა გააკეთო მზიან კვირადღეებში

მზიანი კვირა დღეები ბალახზე გაშხლართულმა უნდა გაატარო


და ნება-ნება წრუპო ლუდი : )

Sunday, June 10, 2012

რა მამოძრავებს წარმატების მისაღწევად - !





როგორც წესი, მთელი ცხოვრების მანძილზე დროს ვატარებ ან საკუთარი თავით უკმაყოფილებაში, ან სიამაყეში, სინდისის ქენჯნაში, ან რაღაც მიზნებისთვის ბრძოლაში ან დინებას მივყვები
არის მომენტები, როცა ენერგიით და მოტივაციით სავსე ათას საქმეს ვასწრებ და ბოლოს საკუთარი თავით ვამაყობ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და მიხარია
არის მომენტები, როცა უბრალოდ სკამიდან ადგომაც კი მეზარება, არაფერი არ მადარდებს და ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული და ენთუზიაზმის ნატამალიც კი არ გამაჩნია.


არსებობს რამდენიმე ფაქტორი რომელიც დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს ჩემი მოქმედების შედეგიანობაზე, რომლებიც მიმაღლებენ მოტივაციას, სასიცოცხლო ტონუსს ან საერთოდ მიკარგავენ რაიმეს გაკეთების ხალისს
ჩვეულებრივ დიდი ნებისყოფით არ გამოვირჩევი, ასე, რომ წარმატების და კარგი შედეგის მისაღწევად სხვა გზები მაქვს აღმოჩენილი


ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ დადებითად:


თავის დაღწევის სურვილი - როცა ჩემი მდგომარეობა და სიტუაცია არ მომწონს და მინდა გავექცე. ყველაზე მეტად ეს შეგრძნება მქონდა მაშინ, როცა ელიავაზე ვმუშაობდი, ყოველდღე ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვრჩებოდი, სამაგიეროდ სავსე ვიყავი შეგრძნებით, რომ თუ მინდოდა, რომ აღარასდროს მემუშავა მსგავს ადგილას და სამომავლოდ მქონოდა შესაბამისად უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობა, უნდა მემოქმედა და თავი დამეღწია იქიდან - შესაბამისად თავს ძალას ვატანდი და თავდადებულად დავრბოდი გერმანიაში გასაგზავნი საბუთების შესაგროვებლად, რაც წარმატებით შევასრულე.
ამ პერიოდშივე იყო "სპილო ოთახში", რომელის მოსაგებად ენთუზიაზმი სხვა ფაქტორებთან ერთად საიდანღაც თავის დაღწევის სურვილმა განაპირობა


დამოუკიდებლობა - უნდა შევიქმნა მდგომარეობა, რომ ყოველთვის მქონდეს წასვლის შესაძლებლობა და არ ვიყო რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული, მატერიალურად ან ემოციურად. ყოველთვის უნდა შემეძლოს წასვლა, ერთერთი მიზანი ამისთვის არის საკუთარი სახელოსნო, რომელიც იქნება ჩემი საკუთარი სამყარო, სადაც ასე ვთქვათ ნებისმიერ დროს შევაფარებ თავს და ვიქნები ჩემი საკუთარი მე.


თავმოყვარეობის შელახვა - როცა ჩემი სიზარმაცის გამო სხვებზე უკან აღმოვჩნდები ხომლმე, ყველაზე მეტად მახსოვს ნიკოლაძეში, ერთ სემესტრში ინტერნეტი ჩავრთე ჩემს მობილურში და ძალიან ჩამითრია ჩატმა, რის გამოც სემესტრული კლაუზურები მივაფუჩეჩე და მივიღე შესაბამისად დაბალი ნიშნებიც. ამან საშინლად გამაბრაზა ჩემ თავზე, იმიტომ რომ ჩემი სიზარმაცის გამო ნიჭი დაიჩაგრა და აღარ ვიყავი საუკეთესოთა რიგებში. შესაბამისად შემდეგი სემესტრისთვის თავს უფლება აღარ მივეცი იგივე განმეორებულიყო.


სტრესი და შიში შანსის გამოუყენებლობის - ეს მამოძრავებს გვარიანად : ) იმის წარმოდგენა, რომ არასწორი მოქმედების გამო დავკარგავ რაღაციდან თავის დაღწევის და სიახლის შანსს, ასევე შემელახება თავმოყვარეობა და საკუთარ თავზე გაბრაზების გარდა არაფერი შემრჩება ხელში, ჩემი სხეული თავისდაუნებურად მოქმედებს ამის თავიდან ასარიდებლად


კონკრეტული კონკურენცია და გამოწვევები - როცა შეჯიბრში ვარ ჩართული, როცა ვხედავ, რომ ჩემს გვერდით ჩემნაირი შესაძლებლობების ადამიანი იგივე რაღაცას აკეთებს, ვერაფრით ვერ ვთმობ მოგებას და ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ კონკრეტულ პიროვნებას გადავასწრო და გავიმარჯვო


დედლაინები - ცაიტ-ნოტი - ეს ჩემი მოწოდებაა, როცა ჩემი ტვინი ასჯერ უფრო სწრაფად აზროვნებს და ასჯერ უფრო მაღალპროდუქტიულია, როცა მთელი ჩემი სხეული მომართულია რაღაცის მოსწრებაზე, ადრენალინი სისხლში, საკვირველად სწრაფი რეაქცია და მოქმედება და სულ ბოლოს შედეგით კაიფი.


წარუმატებლობა - განსაკუთრებით ეს ეხება პირად წარუმატებლობებს, აი მაგალითად მომწონს ტიპი, რომელთან შეხვედრის მერე მიჩნდება იმედები, რასაც თავს ეგრევე აუარება კონტრარგუმენტს დავატეხ, რომლებიც ყველაფერს არამარტო გვარიანად აბათილებენ და ნაშთადაც კი რჩებიან, ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის და მიჩნდება წარუმატებლობის შეგრძნება. ეგეთ დროს მესმის ქალების, კარიერაში წარმატებებს რომ აღწევენ, ამ დროს ვიმუხტები ათასნაირი გრძნობით რომელიც წინსვლისკენ მიბიძგებს. ასე, რომ მოშლილი ნერვების მიუხედავად თუ ყველაფერი კარგად იქნა, მადლობის ნიშნად აუცილებლად დავპატიჟებ იმ ტიპს გერმანიაში ლუდზე : )


ადამიანები - ნებისმიერი, რომლებიც ჩემზე უკეთესები არიან და მინდა მეც ისეთი ვიყო და ისინი, რომლებიც ჩემზე უარესები არიან და არ მინდა მათნაირი გავხდე.


ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ უარყოფითად:


ემოციები - რომლებიც რეალობას მწყვეტს, ოცნებებს წამომიშლის და დროს მაკარგვინებს


სოციალური ქსელები - განსაკუთრებით ფბ, რომელიც დროს მაკარგვინებს


შექება - როცა რაღაცის კეთების პროცესში ვინმე მეუბნება, რომ კარგი ნამუშევარი გამომდის - მომენტალურად ვიბლოკები და ვეღარ ვანვითარებ და ვრჩები იმ მომენტზე, როცა დადებითი აზრი გამოთქვეს.


რაიმეს ხელმეორედ გაკეთება - საშინლად მეზარება ერთხელ გავლილი გზის მეორედ გავლა და მითუმეტეს შეწყვეტილი საქმის მერე გაგრძელება, მე მიყვარს ყველაფრის ერთი ამოსუნთქვით გაკეთება და სპონტანურობა, იმპროვიზაცია, დროში გაწელილი საქმეები ჩემთვის არ არიან დაბადებულები


სიტუაციით კმაყოფილება - როცა რაღაც მომენტში თავს კარგად ვგრძნობ, რამის შეცვლა მეზარება და ვფიქობ, რომ დიდი ამბავი თუ არაფერი გავაკეთე, ესე ცხოვრებასაც არაუჭირს-თქო




და ბოლოს ვთვლი რომ ენერგია და ფული არასოდეს არ უნდა დაზოგო ჯანმრთელობის, განათლებისა და კარგი მოგონებებისთვის. ეს ის სამი რამეა, რაც აბსოლუტურად ყოველთვის და ყველგან თან შეგიძლია წაიღო და არასოდეს არ დაგამძიმებს.