Sunday, June 23, 2013

ივნისის ერთი კვირა

ჩვენთან ღამეები დაპატარავდა
ზაფხულის ბუნიობაა
ის დროა, საღამოობით მსუბუქი ჯაზი რომ გისწორდება ყველაზე მეტად
და ზოჯერ ღამით ჟაკეტის გარეშეც კი შეიძლება არ შეგცივდეს

დიდი ხანია ექსკურსია იგეგმებოდა ჩვენი პროექტის პარტნიორ სვარეფლექსის ოფისში ავსტრიაში, სადაც ჩვენი იდეები უნდა წარგვედგინა კომპანიისთვის. საბედნიეროდ არსებობენ ახალგაზრდა ლექტორები, რომლებიც წინადადებით შემოდიან, რომ სასტუმროში ფულის ყრას, ჯობია კარვები წავიღოთ და სპეციალურად გამოყოფილ საკემპინგო ადგილას დავბანაკდეთ. საბედნიეროდ ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა. ვიქირავეთ მანქანა და წავედით.
ავსტრია არის ძალიან მწვანე და ლამაზი, ტემპერატურა იყო მაღალი, ჩვენ გვქონდა საცურაო აუზი ეზოში.
საქმიანი ექსკურსია ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად, მიდიხარ სამი დღით ქალაქგარეთ, ერთობი და ამავდროულად საქმეს აკეთებ. პირველ დღეს ისეთ დროს ჩავედით ვომპში, ავტობანიდან პირდაპირ შეხვედრაზე მოვხვდით ნამგზავრები და აჩაჩულ-დაჩაჩულები. იმავედ დღეს ვიყავით სვაროვსკის კრისტალველთში და ბოლოს უკვე ერთი სული გვქონდა კარვებამდე მიგვეღწია და შხაპი მიგვეღო.
ღამით კი ვისხედით მდელოზე და რაღაც უცნაურ საჭმელს ვამზადებდით პრიმუსზე, რომელსაც ყველა ერთად ერთი ჯამიდან ვჭამდით.

დილით ექვს საათზე გამეღვიძა, ჩიტები ძალიან ხმამაღლა ჟღურტულებდნენ.


კარვიდან გამოვძვერი და ბალახზე მოვკალათდი. ვიჯექი, ვახრაშუნებდი ვაშლს და ვუყურებდი დილის ალპებს და სულ ახლად ამოსული მზის გრძელ ჩრდილებს. ნელ-ნელა სხვებმაც გაიღვიძეს, ყავა მოვხარშეთ ცეცხლზე, ყველას თითო-თითო ყლუპი გვერგო და წავედით ოფისისკენ.
პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა, საღამოსკენ უკვე მოვრჩით ყველაფერს და გადავწყვიტეთ ინსბრუკში წასვლა, რომელიც ისეთი საყვარელი ქალაქი აღმოჩნდა ღამის სამი საათისთვის ძლივს მოვწყდით.



დავხეტიალობდით ფეხშიშველები ინსბრუკის  ვიწრო ქუჩებში, ვძვრებოდით ყველა იმ იდუმალებით სავსე და რომანტიულ პასაჟებში, ვიტრინებში ვირეკლებოდით, ვსვამდით ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან, დროდადრო ხიდებზე ვჩერდებოდით, ვუსმენდით წყლის და მთების ხმას და ჩვენიანად ყველაფერი გაჟღენთილი იყო ზაფხულის ღამის ჯადოსნურობით.


ავსტრიიდან დაბრუნებულს მეზობლებმა ამბავი დამახვედრეს პარასკევს ფართი იგეგმება ჩვენს ვეგეშიო, კატის დაბადების დღეა და ალექსმა დიპლომი დაიცვაო
, ჰოდა როგორც იქნა ყველამ მოიცალა. სავარაუდო ტერიტორიად ჩემი ოთახი მოაზრება, დიდი ფართობი, ცოტა ავეჯი და აივანი მწეველებისთვის.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ოთახს ეღირსება და გვარიანად დალაგდება.


პარასკევს ნაშუადღევს კაუფლანდში წავედით სასმელისთვის, მერე ერფურტში გავიქეცი საყიდლებზე, მერე სწრაფად, ძალიან სწრაფად აღვგავე ყველა ნივთი პირისაგან ჩემი ოთახისა და ქალქში გავედი მუსიკის ფესტივალზე. მთელ ძველ უბანში პატარ-პატარა სცენები იყო მოწყობილი და სხვადასხვა ბენდები უკრავდნენ. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა ქუჩაში და ნორმალურად ვერ ვუსმენდი.
სადღაც თერთმეტისკენ მივედი სახლში, სტუმრები უკვე იწყებდნენ მოსვლას, ჩემი აივნიდან უკვე ისმოდა ხმა ქუჩაზე.
მე მშიოდა, მაგრამ საჭმლის ყიდვა ვერ მოვასწარი და ჩიპსების ჭამას ისევ ლუდი ვარჩიე. ჩემი მეგობრები თორმეტისკენ მოვიდნენ, ვისხედით გარეთ კიბეზე, ვსვამდით ლუდს და მომსვლელებს კარს ვუღებდით : )
ჰოდა სადღაც პირველისთვის ისე დავთვერი, მახსოვს დავბოდიალობდი ოთახებში, ვიცინოდი და მოვუწოდებდი ყველას სამზარეულოში რამე სასმელი ეპოვნათ და გართობილიყვნენ. ჰოდა ვიყავი ეგრე, სანამ კატის ოთახში საწოლთან არ მოვხვდი, ჰოდა გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი ძილი არ მაწყენდა.
რამდენჯერმე გამომეღვიძა, ერთხელ მახსოვს ალექსი მარკერით ხელში, ლოყაზე რაღაცის დაწერას რომ მიპირებდა, მერე მახსოვს ძილში ვფიქრობდი, ახლა უნდა ავდგე და გავიდე იქით, თორემ მთელი მხიარულება ჩემს გარეშე ჩაივლის-თქო და რამდენჯერმე ვცადე გამოფხიზლება, საბოლოოდ როცა გაღვიძება მოვახერხე სადღაც ოთხი საათი იყო  და ათიოდე კაციღა იყო შემორჩენილი, ჩემი ოთახის იატაკი მოზუზნული, ყველა ბოთლი დაცლილი.
ჰოდა ახლა უკვე ნამძინარევი სახით ვიდექი და ხალხს ვაცილებდი : )
დაბოლოს, როცა ყველა დაიშალა ავიღე ჩემი საძილე ტომარა და უბრალოდ დავიძინე დივანზე
დილით შევძელი და ათ საათზე ბანჰოფზე ვიყავი მხნე და ლაიფციგისთვის მზად მყოფი.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წახვიდე "ჰოლი ქოლორ ფესტივალზე"


არაფერი ჯობია იმას, როცა ყველა ერთად იგანგლება ათასფერად, მთელი სხეული შიგნიდან და გარედან ფერადი მტვრით ევსება, თმა ეფიჩხება და სახე ტურტლიან ბავშვს მიუგავს - ეს ის მომენტია, როცა ყველა გასართობადაა მისული და ყველა ერთი რასისა და კანის ფერის წარმომადგენელია : )
ამინდი იყო მზიანი და საღამოს ტანსაცმელი ყველას ზედ გვეხატა.
ვაიმარში ღამის პირველი საათისთვის მოვაღწიეთ, მე კი ისევ არაფერი მქონდა საჭმელი, იმიტომ, რომ მთელი კვირის განმავლობაში დრო ვერ ვიპოვე სუპერმარკეტში წასასვლელად, დღეს კი კვირაა : )

ჩემს ქუჩაზე კი ცაცხვები ყვავიან, მზე აცხუნებს და ყველგან ზაფხულის სურნელი ტრიალებს.

Sunday, June 9, 2013

ეს ორი დღე

ეს ორი დღე 
შაბათი - მუზეუმების ღამე ვაიმარში, მზიანი და ხალხით სავსე
ის მომენტი, როცა ქალაქის უამრავი პაწაწინა იდუმალი კარი შუაღამემდე შენთვის იღება

სამრეკლოდან დანახული ვაიმარი
ყველა ეზოდან ცოცხალი მუსიკის ხმა ისმის, ხალხის სიცილი და ჭურჭლის წკარუნი
გვიანობამდე ქალაქში ხეტიალი
ივნისი - როცა ყველაზე გრძელი საღამოებია

ღამე - ოფენ ეარი სადღაც ზემოთ, ვაიმარის თავზე
ნაცნობი და შემთხვევითი ხალხი
გზის არევა და ორი საათი ღამის მინდვრებში ხეტიალი, ვარსკვლავიანი ცა და მუსიკის ხმის მიყოლა
დილამდე მუსიკა, ცეკვა და შენნაირი ხალხი
თავზე დათენება, და დაუჯერებლად ლამაზი მზის ამოსვლა, ოდნავ ნისლიანი ყვითელი ფერდობები, გრძელი გზა სახლამდე, ბელვედერის ხეივანი, უბრალოდ გზად გაცნობილი ხალხი, დილის ექვს საათზე გამომცხვარი მაჭკატების ჭამა
სახლში დაბრუნება



სამი საათი ძილი
ბექ-ფაქტორის ყავა და ყველიანი ფუნთუშა
პრაინის ფოტოგადაღება
ბევრი გოგო და ერთი შიშველი ბიჭი
წვიმაში სახლისკენ სეირნობა
ნამძინარევი, ოდნავ გაბრუებული
ძეხვიანი ბუტერბროდი

ისევ ძილი

ის მომენტი, ყველაფრის დამახსოვრება საჭირო რომ არ არის, უბრალოდ ემოციებად რომ ილექება სხეულში

Friday, June 7, 2013

ივნისი - უბრალოდ იცეკვე და GET LUCKY

ერთხელ როცა ვთქვი, რომ ბედნიერება დეტალებშია და აი მაგალითად როცა თოვს და მე მ18-დან ცხელი კაკაოს სმით სამუშაო სტუდიისკენ მივდივარ, სწორედ ერთ-ერთი ის პატარა ბედნიერი მომენტთაგანია-თქო, ერთმა ჩემმა მეზობელმა მიპასუხა -"ადრე ბავშვობაში უბრალოდ ბედნიერები ვიყავით, ახლა კი ჩვენ თვითონვე ვქმნით საკუთარ ბედნიერებას, ჩვენ თვითონ ვქმნით იმ თოვლს, რომ მერე ბედნიერები ვიყოთ-ო"

ჰოდა ზაფხული სწორედ ის მომენტია, როცა დიდი გარჯა არ გჭირდება, რომ შენდაუნებურად ბედნიერი იყო და არც ასაკს აქვს დიდი მნიშვნელობა.
დათბა, ჩემი აივნის კარი და ფანჯარა მოფრიალებული მაქვს როგორც იქნა და გარედან ის ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხმები შემოდის, გზიდან მანქანების წყნარი ხმა, ველოსიპედების ოდნავი ჭრიჭინი, ქუჩის კუთხის სახლიდან ხმამაღალი მუსიკა და მხიარული ღრიანცელი, ლუდის ბოთლების წკარუნი, პარასკევი საღამოა, თბილა და დარწმუნებული ვარ ყველაზე სწავლაზე გადამკვდარი სტუდენტიც კი აუცილებლად გადადებს წიგნებს ცოტა ხნით გვერდზე და სასეირნოდ მაინც გავა გარეთ.
ღია აუზი გახსნილია უკვე და უახლოეს დღეებში მივაკითხავ, აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიწექი მზეზე წყლის პირას.
ერთ-ერთ ლექციაზე ვლაპარაკობდით სინათლის ზემოქმედებაზე ადამიანზე და სიცოცხლისთვის მის საჭირო რაოდენობაზე, აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობის სინათლე უნდა მივიღოთ, და ის, რომ ყავისფერთვალება ადამიანს უფრო მეტი სინათლე სჭირდებათ, ვიდრე ცისფერთვალებას. და სამწუხაროდ შეუძლებელია, რომ ზაფხულში დააგროვო ზამთრისთვის საჭირო სინათლის მარაგი. ჰოდა რაღა დამრჩენია გარდა მზეს მიფიცხებისა სანამ არის.
მე კი დღეს მივხვდი, რომ ის  ცხელი კაკაოს პატარა ბედნიერება პიტნის ნაყინის ბედნიერებამ ჩაანაცვლა : )
საქართველოში ჩემი ჩასვლის დრო კი ახლოვდება და ერთი სული მაქვს ყველას სათითაოდ და ბევრჯერ როდის ჩავეხუტები : )

ეს სიმღერა კი მართალია როგორც ელენემ თქვა, მარშუტკებშიც კი ესაა ჩართულიო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდები, მაგრამ ჩემი ვაიმარული ზაფხულის საუნდტრეკია, ვუსმენ და მეცეკვება : )