ერთხელ როცა ვთქვი, რომ ბედნიერება დეტალებშია და აი მაგალითად როცა თოვს და მე მ18-დან ცხელი კაკაოს სმით სამუშაო სტუდიისკენ მივდივარ, სწორედ ერთ-ერთი ის პატარა ბედნიერი მომენტთაგანია-თქო, ერთმა ჩემმა მეზობელმა მიპასუხა -"ადრე ბავშვობაში უბრალოდ ბედნიერები ვიყავით, ახლა კი ჩვენ თვითონვე ვქმნით საკუთარ ბედნიერებას, ჩვენ თვითონ ვქმნით იმ თოვლს, რომ მერე ბედნიერები ვიყოთ-ო"
ჰოდა ზაფხული სწორედ ის მომენტია, როცა დიდი გარჯა არ გჭირდება, რომ შენდაუნებურად ბედნიერი იყო და არც ასაკს აქვს დიდი მნიშვნელობა.
დათბა, ჩემი აივნის კარი და ფანჯარა მოფრიალებული მაქვს როგორც იქნა და გარედან ის ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხმები შემოდის, გზიდან მანქანების წყნარი ხმა, ველოსიპედების ოდნავი ჭრიჭინი, ქუჩის კუთხის სახლიდან ხმამაღალი მუსიკა და მხიარული ღრიანცელი, ლუდის ბოთლების წკარუნი, პარასკევი საღამოა, თბილა და დარწმუნებული ვარ ყველაზე სწავლაზე გადამკვდარი სტუდენტიც კი აუცილებლად გადადებს წიგნებს ცოტა ხნით გვერდზე და სასეირნოდ მაინც გავა გარეთ.
ღია აუზი გახსნილია უკვე და უახლოეს დღეებში მივაკითხავ, აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიწექი მზეზე წყლის პირას.
ერთ-ერთ ლექციაზე ვლაპარაკობდით სინათლის ზემოქმედებაზე ადამიანზე და სიცოცხლისთვის მის საჭირო რაოდენობაზე, აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობის სინათლე უნდა მივიღოთ, და ის, რომ ყავისფერთვალება ადამიანს უფრო მეტი სინათლე სჭირდებათ, ვიდრე ცისფერთვალებას. და სამწუხაროდ შეუძლებელია, რომ ზაფხულში დააგროვო ზამთრისთვის საჭირო სინათლის მარაგი. ჰოდა რაღა დამრჩენია გარდა მზეს მიფიცხებისა სანამ არის.
მე კი დღეს მივხვდი, რომ ის ცხელი კაკაოს პატარა ბედნიერება პიტნის ნაყინის ბედნიერებამ ჩაანაცვლა : )
საქართველოში ჩემი ჩასვლის დრო კი ახლოვდება და ერთი სული მაქვს ყველას სათითაოდ და ბევრჯერ როდის ჩავეხუტები : )
ეს სიმღერა კი მართალია როგორც ელენემ თქვა, მარშუტკებშიც კი ესაა ჩართულიო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდები, მაგრამ ჩემი ვაიმარული ზაფხულის საუნდტრეკია, ვუსმენ და მეცეკვება : )

1 comment:
როგორი პოზიტიური პოსტია, დადებითი ემოცებით ამავსო : ))
Post a Comment