Sunday, June 23, 2013

ივნისის ერთი კვირა

ჩვენთან ღამეები დაპატარავდა
ზაფხულის ბუნიობაა
ის დროა, საღამოობით მსუბუქი ჯაზი რომ გისწორდება ყველაზე მეტად
და ზოჯერ ღამით ჟაკეტის გარეშეც კი შეიძლება არ შეგცივდეს

დიდი ხანია ექსკურსია იგეგმებოდა ჩვენი პროექტის პარტნიორ სვარეფლექსის ოფისში ავსტრიაში, სადაც ჩვენი იდეები უნდა წარგვედგინა კომპანიისთვის. საბედნიეროდ არსებობენ ახალგაზრდა ლექტორები, რომლებიც წინადადებით შემოდიან, რომ სასტუმროში ფულის ყრას, ჯობია კარვები წავიღოთ და სპეციალურად გამოყოფილ საკემპინგო ადგილას დავბანაკდეთ. საბედნიეროდ ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა. ვიქირავეთ მანქანა და წავედით.
ავსტრია არის ძალიან მწვანე და ლამაზი, ტემპერატურა იყო მაღალი, ჩვენ გვქონდა საცურაო აუზი ეზოში.
საქმიანი ექსკურსია ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად, მიდიხარ სამი დღით ქალაქგარეთ, ერთობი და ამავდროულად საქმეს აკეთებ. პირველ დღეს ისეთ დროს ჩავედით ვომპში, ავტობანიდან პირდაპირ შეხვედრაზე მოვხვდით ნამგზავრები და აჩაჩულ-დაჩაჩულები. იმავედ დღეს ვიყავით სვაროვსკის კრისტალველთში და ბოლოს უკვე ერთი სული გვქონდა კარვებამდე მიგვეღწია და შხაპი მიგვეღო.
ღამით კი ვისხედით მდელოზე და რაღაც უცნაურ საჭმელს ვამზადებდით პრიმუსზე, რომელსაც ყველა ერთად ერთი ჯამიდან ვჭამდით.

დილით ექვს საათზე გამეღვიძა, ჩიტები ძალიან ხმამაღლა ჟღურტულებდნენ.


კარვიდან გამოვძვერი და ბალახზე მოვკალათდი. ვიჯექი, ვახრაშუნებდი ვაშლს და ვუყურებდი დილის ალპებს და სულ ახლად ამოსული მზის გრძელ ჩრდილებს. ნელ-ნელა სხვებმაც გაიღვიძეს, ყავა მოვხარშეთ ცეცხლზე, ყველას თითო-თითო ყლუპი გვერგო და წავედით ოფისისკენ.
პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა, საღამოსკენ უკვე მოვრჩით ყველაფერს და გადავწყვიტეთ ინსბრუკში წასვლა, რომელიც ისეთი საყვარელი ქალაქი აღმოჩნდა ღამის სამი საათისთვის ძლივს მოვწყდით.



დავხეტიალობდით ფეხშიშველები ინსბრუკის  ვიწრო ქუჩებში, ვძვრებოდით ყველა იმ იდუმალებით სავსე და რომანტიულ პასაჟებში, ვიტრინებში ვირეკლებოდით, ვსვამდით ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან, დროდადრო ხიდებზე ვჩერდებოდით, ვუსმენდით წყლის და მთების ხმას და ჩვენიანად ყველაფერი გაჟღენთილი იყო ზაფხულის ღამის ჯადოსნურობით.


ავსტრიიდან დაბრუნებულს მეზობლებმა ამბავი დამახვედრეს პარასკევს ფართი იგეგმება ჩვენს ვეგეშიო, კატის დაბადების დღეა და ალექსმა დიპლომი დაიცვაო
, ჰოდა როგორც იქნა ყველამ მოიცალა. სავარაუდო ტერიტორიად ჩემი ოთახი მოაზრება, დიდი ფართობი, ცოტა ავეჯი და აივანი მწეველებისთვის.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ოთახს ეღირსება და გვარიანად დალაგდება.


პარასკევს ნაშუადღევს კაუფლანდში წავედით სასმელისთვის, მერე ერფურტში გავიქეცი საყიდლებზე, მერე სწრაფად, ძალიან სწრაფად აღვგავე ყველა ნივთი პირისაგან ჩემი ოთახისა და ქალქში გავედი მუსიკის ფესტივალზე. მთელ ძველ უბანში პატარ-პატარა სცენები იყო მოწყობილი და სხვადასხვა ბენდები უკრავდნენ. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა ქუჩაში და ნორმალურად ვერ ვუსმენდი.
სადღაც თერთმეტისკენ მივედი სახლში, სტუმრები უკვე იწყებდნენ მოსვლას, ჩემი აივნიდან უკვე ისმოდა ხმა ქუჩაზე.
მე მშიოდა, მაგრამ საჭმლის ყიდვა ვერ მოვასწარი და ჩიპსების ჭამას ისევ ლუდი ვარჩიე. ჩემი მეგობრები თორმეტისკენ მოვიდნენ, ვისხედით გარეთ კიბეზე, ვსვამდით ლუდს და მომსვლელებს კარს ვუღებდით : )
ჰოდა სადღაც პირველისთვის ისე დავთვერი, მახსოვს დავბოდიალობდი ოთახებში, ვიცინოდი და მოვუწოდებდი ყველას სამზარეულოში რამე სასმელი ეპოვნათ და გართობილიყვნენ. ჰოდა ვიყავი ეგრე, სანამ კატის ოთახში საწოლთან არ მოვხვდი, ჰოდა გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი ძილი არ მაწყენდა.
რამდენჯერმე გამომეღვიძა, ერთხელ მახსოვს ალექსი მარკერით ხელში, ლოყაზე რაღაცის დაწერას რომ მიპირებდა, მერე მახსოვს ძილში ვფიქრობდი, ახლა უნდა ავდგე და გავიდე იქით, თორემ მთელი მხიარულება ჩემს გარეშე ჩაივლის-თქო და რამდენჯერმე ვცადე გამოფხიზლება, საბოლოოდ როცა გაღვიძება მოვახერხე სადღაც ოთხი საათი იყო  და ათიოდე კაციღა იყო შემორჩენილი, ჩემი ოთახის იატაკი მოზუზნული, ყველა ბოთლი დაცლილი.
ჰოდა ახლა უკვე ნამძინარევი სახით ვიდექი და ხალხს ვაცილებდი : )
დაბოლოს, როცა ყველა დაიშალა ავიღე ჩემი საძილე ტომარა და უბრალოდ დავიძინე დივანზე
დილით შევძელი და ათ საათზე ბანჰოფზე ვიყავი მხნე და ლაიფციგისთვის მზად მყოფი.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წახვიდე "ჰოლი ქოლორ ფესტივალზე"


არაფერი ჯობია იმას, როცა ყველა ერთად იგანგლება ათასფერად, მთელი სხეული შიგნიდან და გარედან ფერადი მტვრით ევსება, თმა ეფიჩხება და სახე ტურტლიან ბავშვს მიუგავს - ეს ის მომენტია, როცა ყველა გასართობადაა მისული და ყველა ერთი რასისა და კანის ფერის წარმომადგენელია : )
ამინდი იყო მზიანი და საღამოს ტანსაცმელი ყველას ზედ გვეხატა.
ვაიმარში ღამის პირველი საათისთვის მოვაღწიეთ, მე კი ისევ არაფერი მქონდა საჭმელი, იმიტომ, რომ მთელი კვირის განმავლობაში დრო ვერ ვიპოვე სუპერმარკეტში წასასვლელად, დღეს კი კვირაა : )

ჩემს ქუჩაზე კი ცაცხვები ყვავიან, მზე აცხუნებს და ყველგან ზაფხულის სურნელი ტრიალებს.

2 comments:

Natalia said...

ვაიმე, მარი, ჩემი ოცნების ქალაქში ყოფილხარ! :O

anabell said...

მარუს <3 კარგი გოგო ხარ <3 და ცაცხების და ზაფხულის სუნს ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ არაფერი სჯობს. და კართანაზე ლუდის წრუპვას კიდევ ;))))) :**