Saturday, December 22, 2012

take five and walk in the rain

როცა ვაგზალზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ მატარებელი ჯერ 45 წუთით, მერე 60-ით აგვიანებდა, ხელი ჩავიქნიეთ ერფურტში წასვლაზე და ისევ ვაიმარისკენ ვიბრუნეთ პირი.

ალბათ სულ რამდენიმე ათეული სტუდენტი თუ მოიძებნება ვაიმარში ახლა, აქედანაც ნაწილი სახლში დაბრუნებული ვაიმარელები არიან და ალბათ ერთადერთი ადგილი სადაც აპოკალიფსის მეორე დღეს დამსგავსებულ ქალაქში შეიძლება სიცოცხლის ნიშანწყალი იპოვო ც-ქელერია

და ჩვენც მივედით და ჩავისუნთქეთ ეს ერთადერთი ცოცხალი ადგილი თავისი ხმამაღალი მუსიკით, კვამლით, ლუდით და ხალხის ხმებით.


როცა ღამის სამ საათზე სიგარეტის ბოლით და სიცხით სავსე ჩახურებული ბარიდან გამოდიხარ და სუფთა ჰაერისგან თავბრუ გეხვევა.

როცა ღამის სამ საათზე ქუჩაში კი არა მთელ ქალაქშიც გგონია, რომ ადამიანი აღარაა დარჩენილი, მიუყვები წვიმაში ქუჩებს წყნარი ჯაზის და სველ ასფალტზე არეკლილი ლამპიონების ფონზე და ხვდები, რომ ეს ყველაფერი იმისთვისაა შექმნილი, რომ შენ ზუსტად ღამის სამ საათზე აქ გაგევლო და სიამოვნებისგან თვალების დახამხამებაც კი დაგვიწყნოდა.


ეს, ოღონდ უფრო წყნარი ვერსია

სიგარეტი იმისთვისაა შექმნილი, რომ სუფთა ჰაერი მეტად დააფასო
წვიმა იმისთვისაა შექმნილი, რომ ღამის ქუჩებიდან სახლში დაბრუნება აღარ მოგინდეს
მატარებლები კი იმისთვისაა შექმნილი, რომ ზოგჯერ დააგვიანონ : )

Tuesday, December 11, 2012

ახალი სურვილების დროა!..

მოახლოვდა შობა
  გარეთ ეს დღეებია სულ თოვს, ტემპერატურა უკეთეს შემთხვევაში დღისით ერთ გრადუსამდე იწევს, ღამით კი -10 -მდეც ჩამოდის, შესაბამისად დღისით ჭყაპია, ღამ-ღამობით კი ხრაშუნა ყინულად გადაიქცევა ხოლმე.


  მე ვატარებ ჩემ დღეებს მშვიდად და სასიამოვნოდ, ჩემი ოთახი ძალიან თბილი და მყუდრო აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი გარემოა მე რომ მიყვარს, შიგნით ყვითელი შუქი და ფანჯრებში ლურჯი პეიზაჟი. ჩართული მაქვს მუსიკა, გვერდზე მოდგმული მაქვს რამე ცხელი სასმელი და ვმუშაობ ჩემს პროექტზე, რომელიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება რაც უფრო წინ მივიწევ.
  ვგიჟდები ჩემს სამუშაო კუთხეზე, შუაში ლეპტოპი ფოტოშოპით, გვერდებზე ქაღალდების და ბლოკნოტების გროვა იდეებით, მონახაზებით და შენიშვნებით სავსე. რამდენიმე ცარიელი ჭიქა და ფერადი კალმები. ტვინი დაქოქილია და ამიტომ საღამოობით დაძინება მიჭირს.
ჩემი დაბადების დღის გლინტვეინი

ამ რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა, მაგრამ მე ხომ ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ კვირებში გავხდი 24 წლის

ორ კვირაზე ერთი დღით ნაკლები დარჩა ჩემს ბერლინში ჩასვლამდე. ვერ წარმოიდგენთ როგორ ველოდები ამ არდადეგებს. უბრალოდ ვცდილობ არ ვიფიქრო ჯერ მაგაზე, იმიტომ, რომ ჯერ აქ ვარ და ჩათვლები მაქვს ჩასაბარებელი. თან არც მიმჩნია, რომ წინასწარ ფიქრი საჭიროა, ჩავალ და როგორიც დამხვდება ისეთით ვიქნები ბედნიერი.

ახალი სასიამოვნო დეტალები მაქვს - ცხელი კაკაოს ჭიქაჩაბღუჯულს თოვლი რომ გეყრება სახეში : )
აღმოვაჩინე, რომ ზამთარშიც შეიძლება იყო ბედნიერი, იმდენადაც კი, რომ უცებ ნაძვის ხის ქვეშ სურვილის ჩასაფიქრებლად დამდგარს თავში არაფერი მოგივიდეს აზრად.
ჰმ... ახალი სურვილების მოფიქრების დროა...

ამ დღეების ამოჩემება - ინტერნეტრადიოს female არხი და ეს სიმღერა

Saturday, December 1, 2012

Chili Chocolate ანუ 23 წიწაკიანი შოკოლადი

Brown hot chili chocolate 

  მახსოვს სადღაც ოთხი-ხუთი წლის წინ ერთმა ბიჭმა თქვა - ერთხელ უბრალოდ უცბად დამარტყა, რომ 23 წლის ვიყავი და ცხოვრებაში არაფერი არ მქონდა გაკეთებული და ლამის დეპრესიაში ჩავვარდიო. მართალია ის ბიჭი იმ დროს უკვე ოცდაექვის იქნებოდა, მაგრამ არც მაშინ ჰქონდა არაფერი გაკეთებული : ) ჩვეულებრივი ტიპური ქართველი ბიჭი იყო, ოცი წლის მერე ღიპი რომ ედებათ და განძრევაში ხელს უშლით.
  მაგრამ მაგ სიტყვებმა შემაშინა, მეთქი მეც ისე არ გავხდე 23-ის, რომ იგივე შეგრძნებამ გამომაფხიზლოს და მეც ეგეთ ღიპიან ქართველ ბიჭს არ დავემსგავსო-თქო. ჰოდა სულ რამდენიმე დღეში 24-ის ვხდები და მიხარია, რომ ეს დამთრგუნველი გრძნობა ჩემი წილი არ აღმოჩნდა. შეიძლება მეც არაფერი მაქვს განსაკუთრებული გაკეთებული, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვმოძრაობ და წინ მთელი რიგი მიზნები მესახება. ერთადერთი შეგრძნება - რომელმაც უცებ მომიცვა და გამომაფხიზლა, იყო დროის - სადღაც თებერვალში უბრალოდ მივხვდი, რომ დრო ძალიან ცოტაა და ამქვეყნად ბევრი რამე გვერდზე დამრჩებოდა, თუ არ ვიჩქარებდი.

ჩვენი სამზარეულოს ფრაგმენტი
შეიძლება როგორც ითენ ჰოუკი ამბობს ამ მონაკვეთში, "all we have to be by the age of 23 is yourself" და ვინ იცის, შეიძლება ეს მართალია
ფაქტია, რომ 23 ის ასაკია, როცა არც ძალიან დიდი ხარ ჯერ და აღარც ძალიან პატარა, ყველაზე ნაკლებად გეხება ცხოვრებისეული შეზღუდვები და შეგიძლია აკეთო რაც გინდა.

დრო კი ინდივიდუალურია. მე კი ვიცი, რომ დედამიწამ მზეს 24-ჯერ შემოუარა თანაბარი სიჩქარით ჩემს აქ ყოფნაში, მაგრამ ახლა მგონია ერთი წლის წინანდელი პირველი დეკემბერი იმ სიშორეზე ჩანს, როგორც ორი წლის წინანდელი, და სამი წლის წინანდელიც კი. ყველაფერი სადღაც ბინდბუნდშია გახვეული და იქამდე ერთი უზარმაზარი საკუთარი წელიწადი მაშორებს.

დრო კი ნამდვილად იცვლება - აი ახლა ზუსტად იმ ლინდტის წიწაკიან შოკოლადს ვჭამ, რომელიც 2009 წელს ააჰენში გავსინჯე - მაშინ ძლივს შევჭამე, ახლა კი ჩემი ერთერთი ფავორიტი შოკოლადის გემოა.

Friday, November 23, 2012

მედია-არქიტექტურის ჯგუფი ჩვენს რეალობაში

ჩემს ჯგუფელებზე დავწერ : )
უკვე ორი თვე გავიდა თითქმის რაც ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ერთ პოსტს ნამდვილად იმსახურებენ


  როგორც წესი კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც ვხვდებით ერთმანეთს, ვაკეთებთ პრეზენტაციებს, ვსვამთ ყავას მ18-ში და ვიღებთ საინფორმაციო მეილებს ჩვენი ლექტორისგან. ძირითად ჯგუფში ვართ 19, თუმცა სხვადასხვა საგნებზე ვიყოფით და სხვა ფაკულტეტის ჯგუფებს ვუერთდებით. ვლაპარაკობთ ყველა ხელთმოხვედრილ ენაზე, ვისაც რა გაუხარდება. ძირითადად ინგლისურად, თუმცა დამოკიდებულია კონკრეტულ მოლაპარაკე ჯგუფზე.
  მოკლედ - აი ისინიც!
  ალა - აქტიური, ყველაფრის საქმის კურსში მყოფი მოსკოველი გოგო, რომელთან ერთადაც სიამოვნებით ვწუწუნებ დიდი ქალაქის მერე ამ ორქუჩიანი დასახლების სივიწროვეზე. უყვარს ლექციებზე წინ ჯდომა და ყველაფერი, რაც ახალ ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება.
  იანი - ბერლინელი ტიპია და ჩემი აზრით, ადრე ქუჩის ჩხუბებშიც ხშირად გარეულა, უშუალო მოსაუბრეა და კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მისი პრეზენტაციები ყოველთვის ცოცხალი და ხალისიანია.
  იოზეფინა - გერმანელი გოგოა, რომელსაც ძალიან სუფთა და კეთილი თვალები აქვს, ყურადღებით უსმენს ლექციებს, უყვარს კომენტარების გაკეთება და სიცილი.
  ფელიქსი - არის გამხდარი რუმინელი ბიჭი და აქვს ძალიან გრაციოზული ჟესტიკულაცია. რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ თეთრი ფუშფუშა საყელო ზედგამოჭრილი იქნებოდა მისთვის. ცოტათი შელდონსაც წააგავს დიდი აფეთქების თეორიიდან.
  მარიამი - ქართველი გოგოა, ყველაზე უმცროსი ჯგუფში, აქვს კარგი ტანი და დიდი ყავისფერი თვალები, რომლებიც  ლაპარაკისას სულ უცინის. უყვარს ლექციის დროს გვერდზე მჯდომებთან გადალაპარაკება.
   რეინალდო - ვენესუელელი ბიჭი, რომელიც ცდილობს დავალებები რაც შეიძლება მარტივი გზით მოიშოროს თავიდან. აქვს ვენესუელური ესპანური აქცენტი და ლაპარაკის დროს ზოგჯერ ხელმეორედ ვამეორებინებთ სიტყვებს.
  მატეო - იტალიიდან, დინჯი და დარბაისლური მიხვრა-მოხრა და რეპლიკები აქვს და წუხს გემრიელი ყავის დეფიციტზე ვაიმარში, ჭამს ძალიან ლამაზად და დახვეწილად.
  ვინსენტი - ყველაზე არაორდინალური ჯგუფელია ჩამი აზრით. დაბადებულია ზიმბაბვეში, თუმცა მასზე ფითქინა გერმანელს ვერავის ნახავთ ფაკულტეტზე. მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია და ადვილად ვაწყობთ ხუმრობებს.
  დანიელი და მორიტცი - ყველაზე უხეცესები ჯგუფში, უყვართ ფილოსოფოსობა და ბევრი ლაპარაკი, დანიელს წვერზე ხელის მოკიდებით და მორიტცს ღიპზე ხელების დაწყობით. სამწუხაროდ იანვრიდან ეს უკანასკნელი ოთხი ამერიკაში მიდის გაცვლითი სემესტრით და გული მწყდება, მათთან ერთად მხიარულად ვატარებ დროს.
  იცუმი - სულმომღიმარი იაპონელი გოგონა, რომელიც პრეზენტაციების დროს ძალიან ნელა და იაპონური აქცენტით ლაპარაკობს და საბოლოოდ ვერავინ ვიგებთ რას ამბობს.
  ჰსინიუ - ტაივანელი ცოტათი დაბნეული გოგონა, რომელიც მთლად იცუმივით არა, მაგრამ მაინც გაუგებრად ლაპარაკობს, თავისებური იუმორის შეგრძნება აქვს და ზოგჯერ ჩემი აზრით არაადეკვატურადაც იცინის : )
  იონასი და აიდასი - ლიტველი ბიჭები, რომლებსაც მხოლოდ ლექციებზე ვხვდები, ან მენზაში, რომლებიც თავიანთ საქმეებზე დადიან და დიდად არ ადარდებთ ჯგუფის ამბები. ჩანს, რომ ლიტვის არქიტექტურის ფაკულტეტი არაფრით ჩამოუვარდება ჩვენს ტექნიკურს : )
  ფრანცისკა - ქერა და ფერმკრთალი გერმანელი გოგოა, რომელსაც ძალიან ლამაზი ლურჯი თვალები აქვს. შრომისმოყვარეა და დავალებებს ნაბიჯ-ნაბიჯ და ლოგიკურად ასრულებს.
  ჩენი და გუანლინი - ძალიან გემოვნებიანი ჩინელი წყვილია, წყნარები და ბეჯითები, როგორც წესი ძალიან კარგ პრეზენტაციებს ამზადებენ, უბრალოდ ჩინური აქცენტი მაინც თავს იჩენს.
   უილიამ ცე - ასევე ჩინეთიდან, იმდენად წყნარია, მის ყოფნა-არყოფნას ვერც კი შეამჩნევ, უყვარს უკანა რიგებში ჯდომა და მოკრძალებული საპროექტო შემოთავაზებების წამოყენება.
  ჯინა - ბერძენი გოგოა, რომელსაც სახლში თბილად მოკალათება ურჩევნია სადმე გასართობად გასვლას, არის ნებიერა და დილის ძილის სიყვარულის გამო ლექციებზე აგვიანებს.

  აი ესაა ჩემი ძირითადი სანაცნობო წრე, ამათ გარდა არის კიდევ უამრავი სტუდენტი გვერდზე კურსებიდან, ჩემი თანამაცხოვრებლები, ქართველები, იმათი მეგობრები, ჰოსტელში გაცნობილები და უბრალოდ ყოველდღე შემხვედრი ნაცნობი სახეები. და ჩვენ ყველანი ერთად ერთ მთლიანობას ვქმნით : )))
  ხვალ ვორქშოპი გვაქვს დილის 9 საათზე, სამშაბათს ალას დაბადების დღეა, სამ დეკემბერს დანადგარებზე მუშაობის სასწავლად დილის 7 საათზე სახელოსნოში უნდა ვიყოთ, მერე მორიგი პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი და მოკლედ დღეები მირბის ვით კამათელი... თუ როგორც არის : )

Tuesday, November 13, 2012

როცა დასაწერი არაფერია

პოსტის დასაწერი განწყობა ყველგან და ყოველთვის არ ყრია
  ახალი განსაკუთრებული არაფერი ხდება, როგორც ყველა აქ მყოფმა, მეც ჩემი რუტინა ჩამოვიყალიბე უკვე და მივდევ. ვერ ვიტყვი რომ საინტერესო არაფერი ხდება, მაქვს დავალებები, რომლების გაკეთებაც ყოველ ჯერზე თავისებურად საინტერესოა - უბრალოდ ისე ჩემთვის, ბლოგზე რომ ვერ დაწერ. ჩემ პიროვნულ ცვლილებებზე აღარ მინდა უკვე ლაპარაკი, როცა გნახავთ თვითონაც ადვილად შეამჩნევთ.


  კვირაში ოთხი დღე მაქვს ლექციები, ოთხშაბათს და შაბათ-კვირას ვისვენებ. ვამზადებ პრეზენტაციებს და ვაყალიბებ კონცეფციებს, დავდივარ ბიბლიოთეკაში, ვსადილობ მენზაში, დროდადრო ხელში მოხვედრილ ადამიანებთან ერთად მივდივარ ფალკეში და ვსვამ ლუდს და ვსუნთქავ თამბაქოსგან გაჟღენთილ ოდნავ მომჟავო ჰაერს. თუმცა ლუდი უკვე აღარაა ისეთი სასიამოვნო, როგორც ზაფხულში სახურავზე დალეული.
  აქ შობა უკვე მოახლოვდა, ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გამოფინეს საშობაო შოკოლადები და ბრჭყვიალები. ველოდები როდის დაიწყება საშობაო ბაზრობები, რომ გლინტვეინი ვსვა თითებ და ცხვირგაყინულმა.
  ჩემს საყვარელ საცხობში რატომღაც აღარ იყიდება ის ბელგიური ვაფლები და გულდაწყვეტილი ვარ.
  არაფერი და არავინ არ მენატრება, აქ საერთოდ სხვა რეალობაა, მარტოობის შეგრძნებაც კი არ მქონია. უბრალოდ არის მომენტები, როცა აი ბაც! და რაღაც მოგონებები ამოყიჟინდებიან საიდანღაც და ჩემს ფიქრს გაიტაცებენ. ან ღამე მესიზმრება რაღაც ფრაგმენტები და დეტალები. უბრალოდ მთავარია თვალები კარგად გავახილო, უახლოესი ფანჯრიდან გარეთ გადავიხედო და რეალობას ვუბრუნდები. რატომღაც ყველაზე ხშირად მაგონდება საჭმელი და ძალიან ძველი დრო, ნიკოლაძის პერიოდი. შეიძლება ძალიან ბევრი რამე ემთხვევა ერთმანეთს, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, სტუდენტური პერიოდი და სულ სხვა სამყაროს შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ ამ ყველაფერს ათწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება ემატება.
  რეალურად რას ვაკეთებ? ვცდილობ ვიპოვო შანსები, რომ გამოვიყენო. ჩემს ასაკში უკეთესს ვერაფერს გააკეთებ.
  ჩემი ყულაბა უკვე გაივსო : ) ჩემი დაბადების დღე ახლოვდება, რომელიც როგორც ყოველთვის დიდად არ მადარდებს, სამაგიეროდ მგონი ცხოვრებაში პირველად მიხარია ახალი წლის მოსვლა
  ვნახოთ რა იქნება, ფაქტია, რომ დროებით რუტინაც საჭიროა ფულის და ძალების დასაზოგად მომავალი თავგადასავლებისთვის, რაც არ უნდა იყოს თავგადასავლები მაინც ზაფხულისაა : )

ამ პერიოდის ამოჩემებული მუსიკა

Crystal Castles

take my hand


Wednesday, November 7, 2012

Groove days

  არის ზოგჯერ მომენტები, როცა მუსიკა და განწყობა ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ  თავს ვეღარ აღწევ და მთელი დანარჩენი სამყარო იდღაბნება და სადღაც თავისთვის ბრუნავს.
  გვიანი შემოდგომის ფოთლებჩამოყრილ ხეებს შორის მუქი ნაცრისფერი ცის მარტოსულობა, სახლებში ანთებული ყვითელი შუქის სიმყუდროვე, კარს მომდგარი დეკემბრის მისტიურობა და ეს სიმღერა ისე გაჯადოვებს, რომ საათობით შეიძლება ვერ მოწყდე. ჰოდა მეც ვზივარ გაუნძრევლად და ვუსმენ და ვუსმენ, ნაცრისფერ დღეებს კიდევ რა გამოლევს : )


დეკემბერი ყველაზე მყუდრო თვეა - აი ამაშია საქმე!

Tuesday, October 23, 2012

my World Trip

  დღეს ჩვენი უნივერსიტეტის კაფეტერიაში იყო პლაკატების გამოფენა გაყიდვა და წავაწყდი აი ამ სურათს


  ჰოდა პირდაპირ ვიგრძენი ზურგჩანთის მოკიდების მომენტი და ის უცნაური აღტაცება სადღაც წასვლის წინ რომ გეუფლება
ალბათ უნდა მეყიდა კიდეც ეს პლაკატი და ჩემს დიდებულად ცარიელ ოთახში გამეკრა.
  ეგ არ გამიკეთებია, სამაგიეროდ გავაკეთე აი ეს ყულაბა აცეტონის ცარიელი ბოთლისგან, რაც ჩემს პირობებში ერთადერთი შესაფერისი საგანი აღმოჩნდა ამ მისიის შესასრულებლად და რომელშიც ჩაიყრება ყოველდღიურად მოგზაურობისთვის გადადებული ევროები და რომელშიც უკვე ყრია სამნახევარი ევრო : )


ჰოდა არ აქვს მნიშვნელობა რითი დაიწყებთ სამოგზაუროდ მზადებას აცეტონის ბოთლით თუ ხუთცენტიანებით, მთავარია, რომ დაიწყოთ!

აი ასე! : )

ნუ დაელოდებით არდადეგებს : )

Thursday, October 18, 2012

ნოსტალგიების ქალაქი

  უკვე რამდენჯერ გავიმეორე არც კი ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაიმარი არის ძალიან პატარა ქალაქი და თბილისი და კიოლნის მერე განსაკუთრებით გეპატარავება. თუმცა რა თქმა უნდა პატარა ქალაქები მისწრება სწავლისთვის, გინდა თუ არ გინდა გასართობი მაინცდამაინც ბევრი არაფერია და კონცენტრირებული ხარ სწავლაზე. შესაბამისად ზომისა, მაღაზიების რაოდენობაც პირდაპირპროპორციულია და თუ რამის ყიდვა გინდა ჯობია ერფურტში გადახვიდე. ჩვენ ტურინგენელ სტუდენტებს სხვა მრავალ ფასდაკლებასთან ერთად უფასოდ შეგვიძლია მთელ ბუნდესლანდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჰოდა შეგიძლია უბრალოდ თავისუფალ დროს ვაგზალზე აირბინო, რეგიონალბანის მარშრუტი გაარკვიო და 15 წუთში ერფურტში ამოყო თავი.

ჩვენი მთავარი ქუჩა ვაიმარში
  ჰოდა ზუსტად გუშინ გავაკეთე იგივე. ერფურტი აღმოჩნდა ქალაქი, რომელმაც პირღია დამტოვა. არ ვიცი საიდან, როგორ, მაგრამ თუ კი ოდესმე რამის ნოსტალგია გამჩენია, ყველაფერს ამ ქალაქში მოუყრია თავი. არ ვიცი მონაცრისფრო ცის და ჩამავალი მზის ბრალი იყო თუ ნელნელა ანთებული ლამპიონების თუ ტრამვაის გავლისას რელსების ოდნავი სრიალის ხმა თუ ერფურტის ტაძრის დიდი მწვანე სახურავის, მაგრამ მივუყვებოდი ქუჩას და მთელი ჩემი ნოსტალგიები თან დამყვებოდნენ.
  აქ იყვნენ ის ამოუცნობი რუსული ნოსტალგიები, ბავშვობაში წაკითხული წიგნების განწყობები, მზიანი ტყის ფერდობები, აქამდე გავლილი ქუჩები, საღამოს ბინდის მსუბუქი მელანქოლიები, ჭიშკრიანი სახლები, ბებიების ოქროსფერფოთლებიანი კაბების ლანდები, ახლადგამომცხვარი თონის პურის სუნი, გვერდზე ჩავლილი წყნარი ლაპარაკები, გვერდით ოთახში ანთებული სინათლეები და კიდევ ათასი აბსტრაქტული შეგრძნებები.
  კარგა ხანი ვიბოდიალე მაღაზიებს და ნოსტალგიებს შორის და შეღამებულზე სახლისკენ გამოვბრუნდი. აქ ჩამოსულს ვაიმარი კიდევ უფრო მეპატარავა და ის-ის იყო მოწყენას ვაპირებდი, ფბ-ზე ჩემმა ჯგუფელებმა ივენთი დადეს : ) ერთ-ერთთან ვიკრიბებოდით. ჰოდა მეც წამოვავლე პირველ შემხვედრ ლუდს სუპერმარკეტში ხელი და გავწიე მათკენ : )


  და კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის ძალიან მაგარი. წიგნების საცავზე და კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ აქ არის პატარა ოთახები, რომლებიც შეგიძლია დაჯავშნო და წყნარად და აბსოლუტურად კონცენტრირებულმა შენი პროექტის თეორიულ ნაწილს თავი უბრახუნო, თან ხმის საკმაოდ კარგი იზოლაციის წყალობით გვერდით კაბინეტებში მსხდომებიც არ შეაწუხო.
  ჰოდა მოკლედ პაწაწინაა ეს ქალაქი, მაგრამ ვატყობ კიდევ უამრავ საინტერესო რაღაცას შემომთავაზებს.
  ჰოდა ვნახოთ!.. : )

ჰო, ადრეც ვთქვი - "მებრძოლთა კლუბი" ვიყიდე გერმანულად, და როგორც კი დროს ვიხელთებ უნდა წავიკითხო, ისეთი კარგი შრიფტით წერია და ისეთი კარგი სუნი აქვს : )

Sunday, October 14, 2012

ამაო გარჯა ხახვისა

 კვირა ის დღეა მთელს გერმანიაში, როცა თუ წინა დღით არ იზრუნე საჭმელზე, დილით მშიერი რომ გალასლასდები სამზარეულოში, ერთ თავ დამპალ ხახვსაც კი ვერ იპოვი. გუშინ თორმეტი ხდებოდა უკვე ბონიდან რომ დავბრუნდი სახლში და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სულ სამი-ოთხი დღეა რაც აქ გადმოვედი, და იმასაც, რომ კვირის რა დღეც არ უნდა იყოს და წელიწადის რა სეზონიც, ჩემ სახლში ხახვს მაინც ვერ იპოვით, შესაბამისად ნამდვილად ამაო იქნებოდა გარჯა.
გეგონოს!..
 შეიძლება სამზარეულოში ვერ იპოვო, მაგრამ სამაგიეროდ გარეთ ხახვს მიაქვს ქალაქი : ) წარმოდგენა არ მაქვს ვის მოუვიდა თავში პირველად აზრად ხახვის ფესტივალის დაარსება, მაგრამ ფაქტია არსებობს : ) ჯერ კიდევ გუშინ, ვაგზლიდან სახლამდე გზაში ასობით ადამიანი შემხვდა მეზობელი ქალაქებიდან ჩამოსულები უკან რომ ბრუნდებოდნენ. თითო ავტობუსის გაჩერებაზე დაახლოებით 50 ადამიანი მაინც იდგა და თვითონ მოედნებზე ტევა არ იყო. ჰოდა მოვაპობდი ამ ჩემი ჩანთით ხელში ხალხის ნაკადს და გზადაგზა ყოველ კუთხეში დადგმული სცენიდან მომავალი მუსიკა მომაცილებდა.

ხახვის გოგონები
 დღეს დილით კი, ზემოთ აღწერილი ჩემი მდგომარეობის გამო, ყავის დასალევად და საჭმელად გავედი. ცხოვრებაში ამდენი ხახვი არ მინახავს ერთდროულად, პირდაპირ წალეკილი იყო ქუჩები, ყოველ ნაბიჯზე პატარა ფარდულები იყო ჩამწკრივებული, სადაც ხახვიან ნამცხვრებს გთავაზობდნენ, ხახვის და ნივრის ასხმულები ხომ მთავარი სამშვენისი იყო და ამ ყველაფერთან ერთად მთელი ჰაერი გაჟღენთილი იყო ხახვის სუნით. ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ მე თუ ჯოჯოხეთში მოვხვდები იქ ხახვის სუნი იდგება. 
 რადგანაც შევატყე, რომ ხალხი აშკარად აღტაცებული და დიდი ენთუზიაზმით იდგა რიგებში და მიირთმევდა ამ ნამცხვრებს, გადავწყვიტე ბრბოს ფსიქოლოგიას ავყოლოდი და ეს ესოდენ მნიშვნელოვანი ხახვის ნამცხვარი გამესინჯა. 
  თუ ჯოჯოხეთში მოვხვდი და რამის ჭამის ნება დამრთეს, ეს ხახვის ნამცხვარი იქნება. გადახდილი ორი ევროს ხათრით და საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად, რომ მე ეს შემეძლო მთელი ნაჭერი შევჭამე და კინაღამ გული ამერია, უკვე მხოლოდ ცხვირით კი არა, ყველა უჯრედით ვგრძნობდი ხახვის სუნს და გემოს. ძლივს მივაღწიე ჩემს საყვარელ საცხობამდე და სასწრაფოდ ყავა და ბელგიური ვაფლი ჩავიტენე პირში, რომ თავი დამეღწია ამ ამაზრზენი შეგრძნებისგან.
  ვაყალიბებ ახალ მიმდინერეობას და დღეიდან ვარ ხახვიარიანელი (ვეგეტარიანელობის ერთ-ერთი მიმდინარეობაა)
  კიდევ კარგი ეს ორი დღე ბონში ვიყავი და მარტო ერთი დღით მომიწია ამ აურზაურში ყოფნა. თუმცა ვატყობ, რომ საშობაო ბაზრობა მართლაც რომ ძალიან ლამაზი და საზეიმო იქნება.
 და ყველაზე სასაცილო ისაა სატირალი რომ არ იყოს, რომ საღამოს მეორედ გასვლისას აღმოვაჩინე, რომ სუპერმარკეტებს ამ განსაკუთრებული მოვლენის გამო მთელი დღე უმუშავიათ. რაღა უნდა მექნა, ვიყიდე ერთი ცალი ვაშლი და ჭამა-ჭამით გამოვუყევი წვიმიან ქუჩებს სახლისკენ.

Thursday, October 11, 2012

შემოდგომა ვაიმარში

  მე თუ მკითხავთ მზიანი შემოდგომა ყველაზე ლამაზი სეზონია სადაც არ უნდა იყო, და შეიძლება განსაკუთრებით ევროპის პატარა ქალაქებში, მითუმეტეს თუ ცენტრალური ვაგზლიდან ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებს დაუყვები და გზადაგზა ფეხებით ოქროსფერ ფოთლებს ააფრიალებ.
  ვაიმარი პატარა ქალაქია, აი ბებიასთან რომ უნდა ჩახვიდე ზაფხულის არდადეგებზე და მთელი დღე ველოსიპედით სეირნობასა და სანაყინეებით გამოტენილ ქუჩებში გაატარო


  ვატყობ აქაურობა მოხუცი ხალხის რეჟიმით ცხოვრობს, აქ საფუნთუშეები დილის ექვს საათზე იღება და რვაზე უკვე ყველაფერი დაკეტილია.
  აქ შეგიძლია რომელიმე საფუნთუშე ამოიჩემო და ყოველ დილით ბელგიური ვაფლებით და ყავით ისაუზმო.
  ბედნიერი ვარ, უბრალოდ აი ასე!
  ჩემი საყვარელი ყვითელი ოთახი უნივერსიტეტიდან 5 წუთის სავალზეა ფეხით, ზუსტად ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს საცხობია, რომელშიც შეგიძლია ძალიან გემრიელი ფუნთუშები იყიდო და უნივერსიტეტში წაიყოლო საუზმედ. როგორც იქნა შევიგრძენი რა ბედნიერებაა, როცა სახლი ძალიან ახლოსაა უნივერსიტეტთან და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია უცებ აირბინო.
  საჭმელს რაც შეეხება - როგორც იქნა მეშველა. აქ გვაქვს ძალიან კარგი სასადილო, სადაც მთელი უნივერსიტეტი ერთად ჭამს. 2-3 ევროდ შეგიძლია მთელი დღის სამყოფი ჭამო და თან საკმაოდ გემრიელად.
  ჩემს ოთახს რაც შეეხება არის ზუსტად იმხელა რამხელაც მჭირდება, აქვს პაწაწინა აივანი და ხის ოდნავ ჭრაჭუნა იატაკი : ) ასე, რომ გვიან თუ მოხვედი სახლში ფეხაკრეფით უნდა იარო. ავეჯი აბსოლუტურად არაფერი არ გამაჩნია ერთი ცალი მატრასის გარდა, რომელიც შუაგულ ოთახში მიგდია და ნებისმიერ დროს შემიძლია გემრიელად გავიშხლართო ზედ. ასევე მაქვს წინა მცხოვრებლის მიერ დატოვებული თავისით შეჭედილი პატარა კუთხის მაგიდა, ფანჯრის რაფა და ქურთუკის საკიდები : ) და პირდაპირ ბედნიერი ვარ ამ ჩემს მთელ ავლადიდებას რომ ვუყურებ : )
  აქ მე რეალურ შარში ვარ, ერთი იმ მხრივ, რომ ყოველი მეორე გერმანელი ბიჭი არის სიმპატიური, და ამათგან ყოველი მეორე ძალიან სიმპატიური ჰოდა მთელი ვაი-მარი გამოტენილია ამ სიმპატიური ბიჭებით.  და მეორე ის, რომ აქ არის რაღაც სასწაულებრივი საკანცელარიო მაღაზია, ბიჭებს შეიძლება რამე მოვუხერხო, მაგრამ ვინც ჩემი საკანცელარიოების მიმართ დამოკიდებულება იცის, მიხვდება რა  მართლაც რომ სერიოზულ შარში მაქვს თავი გაყოფილი, ფაქტიურად ჩემი სტიპენდიის კარგა გვარიანი ნაწილი მაგას შეეწირება და საბედნიეროდ მგზავრობა უფასოა, თორემ ფეხით მომიწევდა სახლში წაჩანჩალება. ეს ისე მხატვრულად რომ ვთქვათ, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ეს მაღაზია ზუსტად ჩემი სახლის და უნივერსიტეტის შუაშია და ყოველდღე დიდი საფრთხის წინაშე და ბეწვის ხიდზე მომიწევს სიარული.
  უნივერსიტეტს რაც შეეხება არის იმაზე უკეთესი ვიდრე ველოდი და წარმომედგინა და გულს მიხარებს. აქ არის დიდი სამუშაო ოთახები, სადაც გვიან ღამემდე შეგიძლია თავისუფლად ახალო თავი პროექტს : ) ასევე არის კომპიუტერული ცენტრი და გვერდზე შენობაში არის სახელოსნოები მაკეტებისთვის, სადაც პირდაპირ დიდებული დანადგარებია განთავსებული შენი ნებისმიერი პროექტის ასასრულებლად. სტუდენტებისთვის ამობეჭდვა ღირს იაფი და მოკლედ რაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა სტუ-ს არქიტექტურულ ფაკულტეტზე კარგ სასწავლო  პირობებზე ოცნებას შევალიე ახლა მიხდება ყველაფერი.

პირველი პროექტი : ))
  ეს სამი დღე გვქონდა ასე ვთქვათ გაცნობითი ვორკშოპი და ჩემი პირველი პროექტი, გვიან ღამემდე მუშაობა და პირველი დედლაინიც წარმატებით შედგა.
ჩემთან ერთად მოხვდა ერთი გერმანელი ბიჭი, რომელმაც დიდად დამავალა და ჩემი მთელი "ავეჯი" და ნივთები მანქანით გადამატანინა ჩემს სახლში.
  ხვალ ბონში მივდივარ, მთელი 5 საათი მატარებელში უნდა გავატარო, მარტო ერთხელ მიწევს ფრანკფურტში გადაჯდომა და ჩემი პირველი გერმანული დილა თუ ღამე ისევ თვალწინ ჩამირბენს. უკვე მოვიმარაგე ყურსასმენები და ვაფლები, რომ გზაში არ მოვიწყინო - მთავარია დილით არ დამაგვიანდეს, დილის შვიდ საათზე უკვე მატარებელში უნდა ვიჯდე.
  აბა რა გითხრათ კიდევ, ისევ ბალანსს ვინარჩუნებ, ძალიან ცუდი პერიოდის მერე ისევ ძალიან კარგი დრო დგება, ასე, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ხომ ვამბობდი, რომ 2012 კარგი წელი იქნება-თქო, ჰოდა არის!

Wednesday, October 10, 2012

მარი იზრდება


ამ ერთი კვირის განმავლობაში მივხვდი, როგორია უსახლკაროდ დარჩენის საშიშროება
მივხვდი, როგორი ძნელია გაიღიმო, მაშინ, როცა შემდეგი ღამის გათენება ქუჩაში მოგიწევს და როცა ძალიან ცივა უკვე
ერთადერთი შიმშილი მაინც არ მომელოდა
როცა აბსოლუტურად მარტო ხარ ქალაქში და არ იცი საიდან დაიწყო
და როცა აბსოლუტურად არცერთ ჰოსტელში და იაფ სასტუმროში ერთი საწოლიც კი არაა თავისუფალი რომ დაიძინო
როცა გაქვს ფული მაგრამ არ არსებობს ფიზიკურად სახლი

ჩემი ერთერთი გულისმომკვლელი სტატუსის შედეგად : )
და როცა სულ ახალგაცნობილი ადამიანები წარმოუდგენელ დახმარებას გიწევენ და ცდილობენ თავშესაფარი მოგიძებნონ
როცა ხვდები, რომ არანაირ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი არ უნდა თქვა, იმიტომ, რომ მეორედ არავინ გაგიმეორებს და არანაირი თავმოყვარეობის და უხერხულობის საკითხები აღარ განიხილება. და ხვდები, რომ რაღაცების მოთმენა და ატანა გიწევს, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა და არჩევანი არ გაგაჩნია. და ხვდები, რომ გაგიჭირდება, მაგრამ შენნაირი ადამიანის გამოჩენისას შენც ისევე მოიქცევი და შეძლებისდაგვარად დახმარებას გაუწევ. ჰოდა მივხვდი, რომ დახმარების გაწევა უფრო ადვილია, ვიდრე მიღება.
რა ცუდია, როცა ბინის სანახავად და ამავდროულად თანამცხოვრებლებთან გასაუბრებაზე მიდიხარ და უარს გეუბნებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ან გერმანელი არ ხარ, ან ბევრს იცინი, ან უბრალოდ არ მოეწონე ან რავიცი ათასი მიზეზის გამო
როცა ყველგან სადაც კი რეკავ, უკვე ყველა ბინა გაქირავებულია
ჰოდა ძალიან მიხარია, რომ 12-13 ბონში მივდივარ და ყველანაირად ვეცდები ჩემს საყვარელ და გულთბილ კიოლნსაც შევუარო.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ისე გავიდა დრო მგონია ერთი ნახევარი წლით მაინც გავიზარდე და ვხვდები, რომ რეალურად რა ადვილი იყო საქართველოში ცხოვრება და ფაქტიურად რა ადვილი მოსაგვარებელი იყო ყველაფერი. ეს დღეები ინტერნეტიც არ მაქვს, ამიტომ უამრავი დრო მაქვს საფიქრელად, ჰოდა ვფიქრობ, რომ ბევრს არაფერს არ შევცვლიდი ჩემს განვლილ ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი, რომ სულ შევცვლი ჩემს მომავალ ცხოვრებას.
კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ადამიანი მარტოხელა არსებაა და არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს ამქვეყნად და თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს, უბრალოდ არსებობენ კეთილი ადამიანები და არსებობს გამართლება.
და კიდევ ვხვდები როგორ გამიხარდება ჩემი ძველი მეგობრების დანახვა და როცა დავინახავ მივხვდები როგორ მომნატრებია. მონატრებას რაც შეეხება - არავინ და აღარაფერი აღარ მენატრება, იმიტომ რომ ახლა იმდენად პირველადი მითხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ვიბრძვი, რომ ემოციების დრო და საშუალება არ მაქვს.
კიდევ მივხვდი იმას, რომ როგორც კი ტუალეტში მოგინდება მაშინვე უნდა შეხვიდე, სანამ ვინმე არ დაგასწრებს და შხაპის მისაღებად არ შევა : )



Wednesday, October 3, 2012

ვაი და მარი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას ვაიმარში

  მოკლედ ვაიმარი ის ქალაქია, რომლის ხსენებისას ყველა გერმანელი ერთიდაიგივე ფრაზას იმეორებს - "Oh, Weimar! Klein aber schön!"
და მართლაც რომ პატარა და მართლაც რომ მშვენიერი გამოდგა, მითუმეტეს რომ შემოდგომა ყველაფერს უხდება  : )

პირველი კადრი ბანჰოფიდან რომ გამოდიხარ
იცით როგორი ქალაქია, შუასაუკუნეების იერი რომ დაჰკრავს და ქუჩებში კლასიკური მუსიკა რომ უნდა ისმოდეს, ქუჩაში სიარულისას გეჩვენება, რომ ცოტაც და ცხენზე ამხედრებული რაინდი გამოჭენდება ხმალშემართული : )
  ცხენები აქ მართლა დადიან, ეტლებგამობმულები და იმ სუნსაც თან დაატარებენ, რომელსაც დრო და ეპოქა არ გააჩნია
  აქ ისეთ დღეში ვარ, რომ დავდივარ და ვფიქრობ ვაი-მარი, ვაი-მარი! ვეძებ ბინას, რომელიც არ არსებობს და წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება ღამის გასათევი ვნახო. ჯერ-ჯერობით პირველი ოთხი ღამე ძალიან კარგ ჰოსტელში მაქვს დაჯავშნული, მაგრამ აი უკვე ხვალიდან მთელ ქალაქში ერთ თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ. აბსოლუტურად ყველა ჰოსტელი და სტუდენტური სასტუმროები დაჯავშნული და გადატენილია.
  ჰოდა კაცმა არ იცის სად მომიწევს შემდეგი ღამეების გათენება
 აქ არის რაღაც ბინები, რომლებზეც უზარმაზარი კასტინგებია და მინიმუმ ორშაბათამდე უნდა მივაღწიო
  ძალიან მიხარია, რომ 12-13 ბონში ვარ ჩასასვლელი და კიოლნშიც გავივლი, რომელიც უკვე ძალიან მომენატრა
  ჯერ ერთი სურათიც კი არ გადამიღია, რასაც ჰქვია არანაირი სურვილი არ გამაჩნია
  ძირითადად საზიზღარ ხასიათზე ვარ, მაგრამ ეს ქალაქი ძალიან საყვარელი აღმოჩნდა და ვერაფრით ვერ შევიძულებ : ) ვატყობ გავუგებთ ერთმანეთს : )
  მგონია, რომ ამ ორ-სამ დღეში ძალიან დიდი დრო გავიდა და ძალიან გავიზარდე და ასევე ვატყობ წონაშიც დავიკელი, რა გასაკვირია - მთელი დღეები ქალაქს წრეებს ვარტყამ და ვნერვიულობ
  შენობები აქ თითქმის ყველა ძველია, ისევე როგორც არქიტექტურის ფაკულტეტის მთავარი შენობა, მაგრამ სახელოსნოებმა, კომპიუტერულმა ცენტრმა და განსაკუთრებით ბიბლიოთეკამ პირდაპირ გული გამინათა, ასევე აქ არის ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც ტანსაცმლის ყიდვა შეგიძლია და ამისათვის სხვა ქალაქში გადასვლა არ დაგჭირდება, და სუპერმარკეტები მართალია ექვსამდე, მაგრამ შაბათსაც მუშაობენ : )
  ჰოდა სხვა რაღა დამრჩენია გარდა დღევენდელი დღით, უფრო სწორად ღამით ცხოვრებისა : )
  უკვე მეორე პოსტია სურათის გარეშე, მაგრამ როცა იქნებაჩავამატებ : ))

Saturday, September 29, 2012

Köln ---> Weimar - მარი მიდის ვაიმარში

კიოლნის ბოლო ღამეა, მყუდრო და მშვიდი
გარეთ ცივა, სველი ამინდია, ოთახში შუქი მინთია, გათბობა მაქვს ჩართული და სიმყუდროვე სუფევს გარშემო
მიუხედავად იმისა, რომ ოთახი არაორდინალურად გადაწყობილია, ჩემს უკან ჩემოდანი დგას უკვე და მეც და ჩემი ნივთებიც უკვე გამგზავრების მოლოდინში ვართ.
მეძინა ნაშუადღევს და ოდნავ სიზმარნარევი განწყობა მაქვს
ალბათ ცოტა ხანში სალომესთან გავალ და ბოლოჯერ ვივახშმებთ ყველანი ერთად  :)
გუშინ ბოლო დღე იყო CDC-ში და დასევდიანებულები ვიყავით ყველანი, მაგრამ გუშინ ღამე ვიდექი, ბავშვებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვიყავი, რომ ამდენი ძალიან მაგარი ადამიანი გავიცანი


ძალიან კარგი გარდამავალი ორი თვე იყო, პირველი გაურკვევლობები და დამუღამებები თავის თავზე აიღო და უკვე თავდაჯერებული მივდივარ ვაიმარში.
და - ერთი სული მაქვს როდის ჩავალ ვაიმარში და როდის დავიწყებ სწავლას, წინ ჯერ ხუთსაათიანი გზა მელოდება, ჰოსტელი, ჩარიცხვის პროცესი, პროგრამის არჩევა, ბინის ძებნა, დალაგება, ახალი ქალაქი, ახალი მეგობრები, ყველაფერი ახალი - როგორ მიხარია

დღეს ჩემოდნის ჩალაგებისას მივხვდი, რომ ძალიან მიხაროდა, რომ ამას თბილისში დასაბრუნებლად არ ვაკეთებდი, იმდენი საინტერესო რამე მელის კიდევ წინ


Tuesday, September 25, 2012

Schrittmacher


ერთ ჩემს მეგობარს ეწერა ერთხელ ეს ფრაზა სტატუსად:


"Manchmal spricht das Herz laut und klar.
Manchmal muss Man rennen, bis es auf seinen Ohren schlagt und nur dann ist der Weg zum Klarheit offensichtlich."


რაც დაახლოებით ესე ითარგმნება

"ზოგჯერ გული საუბრობს ხმამაღლა და ნათლად
ზოგჯერ კი საჭიროა გაიქცე, რომ გულის ძგერამ ყურებამდე მიაღწიოს და მხოლოდ მაშინ იქნება გზა აზრის სისუფთავისკენ მკაფიო და ცხადი"

ჰოდა სწორედ ამ სირბილში და ნაბიჯების დგმაშია ყველაფერი


ეს ფოტო მიყვარს, გერმანიაში წამოსვლამდე
რამდენიმე საათით ადრე გადამიღო ანუკიმ : )

Sunday, September 16, 2012

Ein Kölsch, bitte!..



კიოლნი არის ქალაქი, სადაც ჩამოსვლისთანავე შიგ ქალაქის გულში ხვდები და ყველაფერი ერთდროულად გატყდება თავს, იმ თაღებიან ხიდს გადადიხარ, მთავარი ვაგზლიდან გამოდიხარ იმ მოედანზე და შენს წინ უზარმაზარი ტაძარია ცამდე აწვდენილი და ცოტა ხანში ხვდები, რომ დამდგარხარ და მონუსხული შესჩერებიხარ. რამდენიც არ უნდა უარო გარშემო, მაინც არ მოგბეზრდება ცქერა. ქალაქის რა ნაწილშიც არ უნდა იყო, ყველგან ჩანს და როცა საიდანმე ბრუნდები, შორიდანვე ხედავ იმ მაღალ სამრეკლოებს და დაბრუნება გიხარია.

ტაძრის გარშემო დუღს ცხოვრება, მთელი ძველი ქალაქი გამოტენილია კაფეებით,  ლუდის რესტორნებით, საფუნთუშეებით, სანაყინეებით და უამრავი ხალხით. ტაძრის გვერდზეა უზარმაზარი საფეხმავლო სავაჭრო ქუჩა, ტაძრის წინაა უზარმაზარი მოედანი და კიბეები, რომელზეც მთელი დღე შეგიძლია იჯდე და ხალხის მიმოსვლას უყურო, როგორც მთელი დუჟინი ბომჟები აკეთებენ : ) და ეს ყველაფერი სავსეა ქუჩის მუსიკოსებით, დადიხარ ქუჩებში და ყოველი მოსახვევის მერე შენი ცხოვრების ახალი საუნდტრეკი გხვდება.


ზუსტად ორი კვირაღა დაგვრჩა კიოლნში ყოფნის და ყველას ძალიან გვწყდება გული, იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ძალიან კარგი და გულთბილი, და ჩვენც მართლა ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და თავს მართლა კარგად ვგრძნობთ.

ვხვდები, რომ დაძინება არ მინდა, აქ რაღაცნაირად ისეთი საინტერესოა ყოფნა არ მინდა ძილში გავიდეს დრო
ღამე გვიანობამდე არ მეძინება და მიხარია, რომ მეორე დღეს უნდა გავიღვიძო და ახალი დღე დავიწყო, ჰოდა ვცდილობ, რაც შეიძლება ადრე ავდგე დილაობით, თუმცა ეგ ხან გამომდის - ხან არა : )

უკვე იმ ფაზაში ვარ, რომ შინაურდება გარემო და ნელ-ნელა რომ მისი ნაწილი ხდები.

ვგრძნობ, რომ ჩემს ადგილას ვარ, ჩემს საკუთარ თავს ნელ-ნელა ვემთხვევი, ჩემს წრეში ვზივარ თუ როგორც არის და ჩემი კომფორტის ზონას ვგრძნობ. შეცვლას რაც შეეხება - ვიცი რომ შევიცვალე, ეს ჯერ კიდევ წამოსვლამდე დავიწყე, ზოგადად ამ უკანასკნელ 12 თვეში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული  გარდატეხა მოხდა და ძალიან ბევრი გამოცდილება დამიგროვა.
იცით რა არის ყველაზე კარგი - როცა ერთ ადგილას ხარ და სულ ერთ სიტუაციაში ტრიალებ, რეალური ინდივიდი გარემოს გავლენის ქვეშ ექცევა. ჰოდა როცა შორდები ამ გარემოს, ხვდები რეალურად რა გინდა, სხვა თვალით უყურებ საკუთარ თავს და უფიქრდები სინამდვილეში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რა გინდა აკეთო.

Rudolfplatz
ენას რაც შეეხება - რა გასაკვირია და მართლა საგრძნობლად გაუმჯობესდა ჩემი გერმანული, მთელი ჩემი სიტყვების მარაგი წინა პლანზე გადმოლაგდა და ძალიან სწრაფად ვაწყობ საჭირო წინადადებებს, ქუჩაში ხალხის ლაპარაკის თემა უკვე მესმის და აქაურებთანაც თავისუფლად ვლაპარაკობ.

ჰოდა, თქვენ არ იცით რამაგარია, როცა ბევრი ენა იცი და ფაქტიურად ყველასთან შეგიძლია ლაპარაკი, ჰოდა მინიმუმ ინგლისური ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს კარგად უცხო გარემოში ადვილად ინტეგრაციისთვის.

აქ საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ასე, რომ დავხეტიალობ ქალაქში და ათას საინტერესო რამეს ვაწყდები.
გუშინ მაგალითად ჯერ კარგა ხანი ვიხეტიალე ქუჩებში, მერე ერთი ძალიან სასაცილო კაცის წარმოდგენაზე ამოვყავი თავი რაინის სანაპიროზე, გზადაგზა ნაცნობებს გადავაწყდი, ლუდი დავლიეთ, ხიდებზე ვიბოდიალეთ, მერე შემთხვევით ჩინურ ფესტივალს დავესწარი მთელი რიგი შთამბეჭდავი საკონცერტო ნომრებით და ბოლოს ახლადმიწყნარებული სავაჭრო ქუჩის გავლით ჩემს ავტობუსამდე მივაღწიე.

Neumarkt
კაცმა არ იცის კიდევ როდის მომიწევს აქ დაბრუნება, მაგრამ ვნახოთ, მანამდე კი ვატყობ ძალიან, ძალიან ბევრი საინტერესო რამე მელოდება წინ
ახალი ქალაქი, ახალი ჯგუფელებით და ახალი თავგადასავლებით

კიოლნი კი არის ის ქალაქი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი

Sunday, September 9, 2012

რა უნდა გააკეთო მზიან კვირადღეებში

მზიანი კვირა დღეები ბალახზე გაშხლართულმა უნდა გაატარო


და ნება-ნება წრუპო ლუდი : )

Sunday, August 26, 2012

- Are you sterdam? - I am sterdam! : )

  თუკი ვინმე მკითხავს ამსტერდამზე აზრს, დაუფიქრებლად მივანიჭებ შეშლილი ქალაქის სტატუსს, აბსოლუტურად ყველაფრით და ვერც ვერავინ შემეკამათება.  ამსტერდამში მართლა ყველაფერი შეშლილია, შენობები, ხალხი, ფასები, ამინდი, განსაკუთრებით ამინდი და ყველაფერი ერთად ერთ დიდ არეულ-დარეულობას ქმნის.


  ჩასვლისთანავე უზარმაზარ ხალხის მასაში ჩავყვინთეთ, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით, გზა გაგვეგნო და დღის გეგმა დაგვესახა, მოკლედ ტიპური ტურისტები ვიყავით რუკებით, ფოტოაპარატებით და დაბნეული სახეებით.
  ამინდი იყო საოცარი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ამქვეყნად ეგეთი უთავბოლო და არანორმალური წვიმა თუ იარსებებდა. აქაოდა ამსტერდამელი წვიმა ვარო და ყოველ ათ წუთში ერთხელ კოკისპირულად უშვებდა, ორ წუთს გაგრძელდებოდა და მერე ისევ მზე გამოანათებდა. კიდევ გასაკვირია ქალაქი ამდენ ხანს რომ არ ჩაიძირა. პირველ დღეს შორტები მეცვა, რომლის გამოცვლაც ვერაფრით ვერ მოვახერხე და რომ არა ცხელი ყავა და მოგვიანებით ლუდი (პირადი აზრით ამსტელი ჯობია ჰაინეკენს), გაცივება არ ამცდებოდა.
  პირველ პუნქტად დასახელდა რაღაც ბაზრობა, რომელიც რაღაც პერიოდში ერთხელ იმართება და ერთ-ერთს ძალიან უნდოდა იქ მოხვედრა. აი სწორედ მანდ ვეზიარეთ პირველ ამსტერდამული წვიმის მადლს. ქუჩის გადაჭრისას, სანამ ერთი მწვანე შუქი გავიარეთ და მეორეს მოლოდინში კნძულზე შევჩერდით, მაშინ დაუშვა შხაპივით წვიმამ და ვიდექით კუნძულზე ქოლგებით შემოჯავშნულები და  წითელი შუქის ჩაქრობამდე წასასვლელი აღარსაით გვქონდა. სანამ ქუჩა ბოლომდე გადავკვეთეთ და ფარდულებს თავი შევაფარეთ მზემაც გამოანათა. ფარდულებში დიდად საინტერესოს ვერაფერს წავაწყდით გარდა მწვანე ჩუპა-ჩუპსებისა.
  მოკლედ, როგორც იქნა ვჭამეთ შედარებით იაფ თურქულ კაფეში და დავიშალეთ ინტერესებისდა მიხედვით.
  პირველი ჩემი მუზეუმი აღმოჩნდა ანა ფრანკის სახლი. გინდ ასე, გინდ ისე აუცილებლად ჩავთვალე მენახა ის ადგილი რეალურად, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩემებურად წარმოსახული არსებობდა და მთელი წიგნის კითხვისას და მერეც ამ წარმოსახულ სივრცეში მიმდინარეობდა მოვლენები. ნეტა ყველა წიგნის ახდენა  ეგრე შეიძლებოდეს, ისიც მეყოფა სალტკროკას და ვილა ყიყლიყოს რომ ვერასოდეს ვეღირსები : )
  შემდეგ იყო ნავით ტური ამსტერდამის არხებში. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ღირდა. ამასობაში არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ ათ, უკეთეს შემთხვევაში თხუთმეტ წუთში ერთხელ ბუნებრივ ცივ შხაპს ვიღებდით.
  ბოლოს უკვე თავიდან ფეხებამდე სველები და გაყინულები, ვისხედით ერთ-ერთ კაფეში ფანჯარასთან, ცხელ ყავას ვსვამდით და ვგრძნობდით როგორ თბებოდნენ ერთმანეთის მიყოლებით ძარღვები.
  და ამის შემდეგ, უკვე შეღამებულზე გავწიეთ ყველაზე დიდ მაგნიტად წოდებულ, ქაოსისა და სიბინძურის ბუდისკენ, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს.  სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგა "კოფი-შოფების" სანაპიროდან იმ ვიწრო შესახვევში და თავს ამოყოფ ათასნაირი ადამიანით შეზავებულ უწყვეტ ნაკადში, ნახევრად განათებულ, პლანის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილ ქვაფენილიან ვიწრო ქუჩებში, კუთხეებში მდგარი ნარკოტიკების გამსაღებლებით და ფანჯრებში გამოფენილი ქალებით.
  მოკლედ, ყველაფერს რომ მივედ-მოვედეთ და მივხვდით, რომ ფეხზე ძლივსღა ვიდექით, წავლასლასდით ჰოსტელისკენ. საბედნიეროდ დაგვხვდა ძალიან სუფთა და კარგი ნომრები, ოღონდ ჭრიალა საწოლებით. მე მაშინვე ფანჯარასთან მდგარი საწოლის მეორე სართულზე მოვთავსდი. ვიჯექი ფეხებშეკეცილი, ლუდს ვსვამდი და ვიყურებოდი ქუჩაში.
  დილით პირველი ადამიანის ადგომისთანავე საწოლის ჭრიალზე გაეღვიძა ყველას : ) ჩავედით სასაუზმოდ, სადაც მთელი დღის სამყოფი ბუტერბროდები ვჭამეთ, ჩეკ-აუთ სასტუმროდან და გაუდგა ყველა საკუთარ გზას. მე რადგანაც ვერავინ ვიპოვე მუზეუმებით დაინტერესბული, გადავწყვიტე - დიდი ამბავი, თუ ბოლო რამდენიმე საათს მარტო გავატარებდი ქალაქში. არაფრით არ მინდოდა ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების გარეშე დარჩენა.
  თავიდან გავწიე ერმიტაჟისკენ, სადაც შესვლისთანავე რენუარის ქალი შემომეგება, გვერდზე მონეს ბაღში გადავუხვიე, როდენის მოალერსე წყვილებს ვუთვალთვალე, გოგენის გოგონებს ღიმილი გავუცვალე და სეზანის "მწეველს" ცოტა ხანი ჩამოვუჯექი.
  და ბოლო ტკბილ ლუკმად ყვავილების ფარდულების და "I am sterdam" -ის გავლის შემდეგ, ჩემს წინ ვან გოგის მუზეუმი აღიმართა.
  ჰმ... აბა რა გითხრათ, ვან გოგის ნახატები ვნახე ორიგინალში
  პირველად ძველი, ჩაბნელებული დროის ნახატები ვნახე, კარტოფილიჭამიების და გამურული ხალხის პერიოდი, შემდეგ გზად რამდენიმე მოგვიანებით დახატული ტილო და უცებ აღმოვჩნდი დარბაზში, რომელსაც ეწერა "არლი 1888-1889" და იქაურობა ნარინჯისფერი მზით, თავთავებით, ვარდისფერი ატმებით და მზესუმზირებით იყო გამოტენილი. ტანში გამცრა და თვალები ამიწყლიანდა, ყველაფერი იქ იყო, მისი ყველაზე ბედნიერი ნახატები. გვერდზე დარბაზში უფრო გვიანდელი, ნერვიული ნახატები იყო, დიდი საღებავის მონასმებით, ჩამუქებული ცით და ყვავებით სავსე. დავდიოდი და გულში ვიმეორებდი "ჩემი შეშლილი, ჩემი შეშლილი". და ბოლოს, სულ ზევით გზად სურპრიზად დახვედრილი ტულუზ-ლოტრეკის, გოგენის და პარიზელი შავი კატის გავლის შემდეგ, მოვხვდი იმ ნაწილში, სადაც ჩემი საყვარელი მწვანედარაბებიანი "Yellow House"-ა.
  აბა მართლა რა გითხრათ, I'm impressed.
  ჰო, იმას გეტყვით, რომ რიგმა არ შეგაშინოთ, 30-40 წუთით ლოდინი, ხან მზეში და ხან ქარიან წვიმაში ნამდვილად ღირს.
  ხუთ საათზე უკვე უნდა შევხვედროდი ბავშვებს, ერთ-ერთ მაღაზიაში ყველი უნდა დაგვეგემოვნებინა და წამოვსულიყავით გერმანიაში.
  ამსტერდამში პირდაღებული ტურისტი არავის უკვირს, ასე, რომ თავისუფლად ვისარგებლე ტრამვაითი და დაგვიანება თავიდან ავიცილე. რა თქმა უნდა გავსინჯეთ უგემრიელესი, გემრიელზე გემრიელი ყველი, ამსტერდამული ჰაერის და წვიმის ბოლო ყლუპები გადავყლაპეთ და ავტობუსში მოვკალათდით.



  და აქვე რამდენიმე რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ უახლოეს მომავალში აპირებთ მანდეთ წასვლას:
- აუცილებლად გადახედეთ ამინდის პროგნოზს და აუცილებლად აიცილეთ თავიდან წვიმიანი ამინდები.
- აუცილებლად წადით ვან გოგის მუზეუმში
- აუცილებლად გაიარეთ ღამე წითელი ფარნების უბანში
- მცენარეებთან ფრთხილად იყავით
- იქირავეთ ველოსიპედი (რაც ჩვენ შესაფერისი ამინდის გამო ვერ გავაკეთეთ)
- წაიღეთ ბევრი ფული
- აუცილებლად იპოვეთ მაღაზია, სადაც ყველის დაგემოვნება შეიგიძლიათ
- შეარჩიეთ ჰოსტელი, სადაც საუზმეც შედის ფასში
- კიდევ ერთხელ ეცადეთ, რომ არ დაგემთხვეთ შეშლილი წვიმიანი ამინდები
- ასევე გირჩევთ, რომ თუ დიდ ჯგუფთან ერთად ხართ და თქვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ადექით და გაუდექით გზას მარტო და თქვენ ნებაზე შეიგრძენით ქალაქი (დაღამებამდე)



და არა, არ არის ამსტერდამი ჩემი ქალაქი

  უკან დაბრუნებისას გერმანიის საზღვარზე რომ გადმოვედით და გერმანული წარწერები დაიწყო ბილბორდებზე, შინ დაბრუნების გრძნობა დამეუფლა
და უკვე კიოლნში, გაჩერებაზე ვისხედით და ვლაპარაკობდით რა კარგია კიოლნი, მშვიდი, სუფთა, მოწესრიგებული და დღეში ერთხელ წვიმაც ჰყოფნის : )
  და სუუულ ბოლოს, სახლში მოსულმა ჯიბეებში ჩარჩენილი ამსტერდამი ამოვალაგე, ჰერკულესის ფაფა გავიკეთე (ერთადერთი საჭმელი, რაც კვირას საღამოსთვის დამრჩა), ცხელი კარამელის ჩაი მოვიდგი გვერდით და ეს პოსტი დავწერე მანამ, სანამ მთელი ემოციები ჯერ კიდევ ძილს არ გაჰყოლია : )


(Kölner) Dom,მილიი Dom

ამსტერდამში დაკარგვა არც ისე ადვილია

Sunday, August 19, 2012

მაგის დროც მოვა

მოკლედ მინდა დავწერო რამე აქაურობაზე, მაგრამ მეზარება
სავარაუდოდ იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მაგარი ამინდები, მე მყავს ძალიან კარგი ჯგუფელები და არც დრო მაქვს და არც მაინცდამაინც გული მიმიწევს ბლოგისკენ


ამ ამბებს ალბათ ნელ-ნელა მერე დავწერ ამინდები რომ განაცრისფრდება და დღეები დაპატარავდება
ახლა კი მართლა არ არის ამის დრო : )
დღის განმავლობაში 4-5 საათი მაქვს ენის გაკვეთილები, თუ დღის მეორე ნახევარში მაქვს - დილით ცოტა უფრო გვიან ვდგები, ვუყურებ ახალ ამბებს და გადაცემებს გერმანულ არხებზე, საშინაო დავალებას ვაკეთებ, ჩავდივარ სუპერმარკეტში საჭმლის საყიდლად და მივდივარ ინსტიტუტში, გაკვეთილების მერე გავდივართ ქალაქში და რაიმე საინტერესოს ვაკეთებთ.
- თუ დილით მეწყება სწავლა, დაახლოებით შვიდი საათისთვის ვდგები, ცოტა ხნით მომზადების პროცესში ვუყურებ ონლაინ-გადაცემებს, მივდივარ გაკვეთილებზე, მერე იქვე ვრჩები და ვმეცადინეობ და საღამოსკენ ისევ ვგეგმავთ რამეს და ერთად ვატარებთ დროს.
  შაბათ-კვირა, როგორც წესი გვიან გაღვიძების და მხიარული საღამოების დროა
აი გუშინ მაგალითად ჩვენმა მექსიკელმა მეგობრებმა გააკეთეს მექსიკური საჭმელები და ყველანი გვიანობამდე ვისხედით ეზოში და გვქონდა მეგობრული საღამო. ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ ლაპარაკი ჩამოვარდა სიმღერებზე და ყველას რამე უნდა გვემღერა ჩვენს ენაზე : ) მეც რა თქმა უნდა მათ შორის : ))
- ჰო, კარგი, არც ისე საშინელებაც არ ყოფილა, მითუმეტეს როცა შენ მეტმა არავინ იცის ეს სიმღერა, შეგიძლია რიტმი და მელოდია ცოტა აურიო და აღარც ისე ცუდად გამოგივა : )) ცუდად კი არა, ხელმეორედაც კი მამღერეს და ჩემს სიმღერას "exotic and sexy" -ც უწოდეს : ))
მოკლედ ისეთი საღამო იყო, მეგობრები რომ ჩაუსხდებით ეზოში ლუდით ხელში და ზაფხულით ტკბებით
რაც შეეხება დღევანდელ დღეს - ვიყავით წასულები ტბაზე. დღეს მთელი ზაფხულის განმავლობაში მგონი ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და თერმომეტრმა სადღაც 40 გრადუსამდე აჩვენა, შესაბამისად მთელი ქალაქი გაკრეფილი იყო ტბებზე, აუზებზე და პარკებში.


ტბაზე იყო უამრავი ხალხი, უუამრავესი, წყალი იყო ძალიან სუფთა, უსუფთავესი, სანაპიროზე იყო მწვანე მოლი და წყლის პირას თეთრი ქვიშა, სამაგიეროდ თვითონ წყალში ძირს იყო წყალმცენარეების ხალიჩა და ფეხის დადგმისას ცოტათი გაჟრჟოლებდა.
  დღეს ქალაქში იყო საშინელი სიცხე და ჩახუთულობა
საღამოს ვისხედით სალომეს ვერანდაზე და ვაკვირდებოდით ფოთლებს, რომლებიც სულ ოდნავადაც კი არ ირხეოდნენ.
ამინდის პროგნოზს თუ ვენდობით, მომავალი კვირიდან აგრილდება და საღამოობით 14-16 გრადუსამდეც კი ჩამოვა ტემპერატურა
  რაც შემეხება მე - მოვიმატე წონაში, დაახლოებით 2 კგ, რა თქმა უნდა ეს არ მომწონს, ყველაფერი ლუდის და ნაყინის ბრალია
  შესაბამისად ერთი საზრუნავი გამიჩნდა, საბედნიეროდ აქ ძალიან ადვილია კალორიების კონტროლი, ასე რომ, ხვალიდან ბრძოლას ვუცხადებ : )
  ეს პოსტი კი იმიტომ დავწერე, რომ ანუკიმ მთხოვა რამე დაწერეო და თან დღეს ცოტა დრო ვიხელთე
  დავწერ ნუ ღელავთ, მოვა ნაცრისფერი დღეებიც : )
  მოსვლას რაც შეეხება, ჯერ კიდევ არ მოსულა უნივერსიტეტიდან პასუხი, ასე, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, სექტემბერში ვუპერტალში წავალ თუ თბილისში, ნებისმიერ შემთხვევაში რამეს მოვიფიქრებ : ))

Monday, August 6, 2012

ეძიებდე და ჰპოვებდე

  მოკლედ! რა გაახდუნებთ გერმანელებს - სვამენ ლუდს და ჭამენ უგემრიელეს ფუნთუშებს
  ფაქტიურად მეექვსე დღეა აქ ვარ და შეიძლება ითქვას მთელი ეს დრო ძიებაში მაქვს გატარებული : ) ქუჩებს და სწორ ტრანსპორტს აქ ძალიან ადვილად მიაგნებ, შენობებიც ძალიან კარგადაა დანომრილი და ინტერნეტშიც თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვო
  აი რაც შეეხება კვებას - ოოოოოო - რთულადაა აქ საქმე
ერთი შეხედვით სუპერმარკეტებში საჭმელი ისეთი იაფი ღირს, ზოგჯერ შეიძლება თვალებს არ დაუჯერო, მაგალითად ჩემი საყვარელი იოგურტი 250მლ სულ რაღაც 29 ცენტი ღირს, ბეიბიბელის ყველი 1,49 ევროდ ვიყიდე, ყველაზე საოცარი კი წყლებია - მაგალითად 0,5ლ მინერალური წყალი ღირს 19 ცენტი, სამაგიეროდ როცა დაცლი, ბოთლი შეგიძლია 25 ცენტად ჩააბარო უკან, სიმართლე გითხრათ ფრიად მეუცნაურება ეს ამბავი : ))


  იაფი ნამდვილად არის, მაგრამ რა არის ეგეც ხომ საკითხავია
  თქვენი არ ვიცი და ყოველ შესვლაზე მგონია, რომ დიდ საჭმელად წოდებული სინთეტიკური ნივთების მაღაზიაში შევდივარ და იძულებული ვარ რამე ავირჩიო და თან მერე ვჭამო. პირველი დღეები რა თქმა უნდა მოვანდომე ბევრი რამის გასინჯვას, რომ საბოლოოდ რამე ოპტიმალური მენიუ შევადგინო, შესაბამისად ჩემი ბიუჯეტის დიდი ნაწილი უკვე მოხმარდა ექსპერიმენტებს
ნელ-ნელა ვპოულობ შედარებით უფრო მისაღებ კომბინაციებს
დღეს ვიპოვე ერთჯერადი სუპების თარო და მემშობლიურა იქაურობა : ) რამდენჯერ გადავურჩენივარ ერთი მუჭა მაკარონის სუპს თბილისშიც : ) აქ ეგენი 45 ცენტი ღირს და გემოთიც ერთჯერადი სუპია რა : )
  გადავწყვიტე ვიყიდო ვაშლი : ))) მე ხომ ვაშლის ყიდვის კომპლექსი მაქვს : ) მაგრამ ერთადერთი რაც ნამდვილ ხილს ჰგავს, ეს ვაშლია - გოლდენ დელიშეს - მაგრამ ღირს ძვირი, სადღაც 3 ევრომდე კგ.
  რაც შეეხება წყალს - მინერალური წყალი არის აქ საზიზღრობა, ნაბეღლავი ფორევა - და ჩვეულებრივი წყალი საბედნიეროდ არის ჩვეულებრივი და ჩვეულებრივივი გემო აქვს.
  რაც შეეხება სუპერმარკეტებს, საბედნიეროდ მუშობენ ყოველდღე გარდა კვირისა, როგორც წესი 8 საათამდე, ზოგი 12 მდეც კი, მაგალითად ჩემთან ყველაზე ახლოს მდებარე რევე. აი კვირა დღე ნამდვილი მეორედ მოსვლის მეორე დღეა, თითო-ოროლა ადამიანი თუ დადის და ყველაფერი დაკეტილია. ჯერჯერობით არ მომიფიქრებია რა შეიძლება ყველაზე კარგი გააკეთო კვირაობით, მაგრამ წინ კიდევ ბევრი კვირა დღე მელის.
  საბედნიეროდ ჩემმა მასპინძელმა ოთახში ელექტროჩაიდანი დამიტოვა და ჩემ ნებაზე შემიძლია ჩაი დავლიო, უბრალოდ ჯერ არც ჭიქა არ მაქვს, არც ჩაი, არც ყავა და არც შაქარი, კოვზიც მარტო ერთი ცალი მაქვს სამზარეულოდან აწაპნილი.
  ჰო, ყავას რაც შეეხება - ნამდვილი სამოთხეა, თითქმის ყოველ ნაბიჯზე არის თეიქ ევეი და ღირს დაახლოებით 1-2 ევრო და პატარა ორცხობილაც მოყვება თან, ასე, რომ დილაობით ინსტიტუტში წასვლამდე ქუჩის ნებისმიერ კუთხეში შემიძლია ძალიან გემრიელი ყავა წავიყოლო.
 ინსტიტუტს რაც შეეხება მერე დავწერ - თუმცა იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა : ))
  ველოსიპედი ჯერ არ მიყიდია, ამ დღეებში შეიძლება გავიდეთ და ნახმარი ველოები სადღაც 30 ევროს ფარგლებში ვიყიდოთ
  დაბოლოს ამინდი : || ერთადერთი, რაც არ მომწონს - ახლა რა უჭირს, მაგრამ ვატყობ მალე აცივდება - ვინთერ ის ქამინგ - აი ახლაც წვიმა დაიწყო და ტემპერატურაც თბილისთან შედარებით 8-10 გრადუსით ნაკლებია, სამაგიეროდ ფაქტია, რომ გრილ და ღრუბლიან ამინდებში უფრო ბევრს ვმეცადინეობ - ყველაფერში არის რაღაც დადებითი : )

Friday, August 3, 2012

ხმამაღლა ჩაიყვირეთ ოცნებები - აგიხდებათ!

ერთერთ პოსტში ვინატრე ადრე - იმედია აგვისტოს პირველ პოსტს გერმანიიდან დავწერ-თქო : ) ჩაიფიქრეთ სურვილები რაც შეიძლება ხმამაღლა და აგიხდებათ! : ))
სამი აგვისტოს საღამოს ვზივარ ჩემი ოთახში საწერ მაგიდასთან, მთელი დღის ქალაქში ხეტიალით დაღლილი, ჩემს საყვარელ იოგურტს შევექცევი და ვწერ ჩემი 2012 წლის აგვისტოს პირველ პოსტს გერმანიიდან : )
  მოკლედ კაცმა არ იცის რამდენხნიანი ფრენის და შიგადაშიგ ლოდინის მერე, სტამბულის აეროპორტის გავლით ჩამოვაღწიე დუსელდორფში, იქიდან უკვე მატარებლით კიოლნში.

სტამბულის თავზე
  ყველაზე დიდი დადებითი მხარე გადაჯდომით ფრენას აქვს ის, რომ ორჯერ გიწევს თვითმფრინავით ჰაერში ასვლა და იმ წამის განცდა, როცა მიწას წყდები  სტამბულის აეროპორტსაც რას ვერჩი, მშვენიერი პიცა დავაგემოვნე და ხურდად მთელი მუჭა ცენტები და თურქული ლირები მივიღე. შავი ზღვა გამთენიისას იყო დაუჯერებლად ძალიან მაგარი, ღრუბლები იყო ზღვის თავზე და ვეღარ ხვდებოდი საით იყო ნამდვილი ცა. სტამბოლოს თავზე ანტარქტიდასავით ღრუბლები დაგვხვდა, თავზე მოვექეცით და წნევა ისე გვაწვებოდა, ნერწყვის გადაყლაპვისას ვხვდებოდი როგორი დასკდომამდე დაგუბებული მქონდა ყურები. ვიყავი საშინლად დაღლილი, უმოწყალოდ მამთქნარებდა და უღმერთოდ მეძინებოდა


  ყველაზე ძნელი პირველი დღეა, როცა საშინლად უძილო და დაღლილი ხარ და პირველად გიწევს სახლამდე გზის გაგნება თან ბარგით ხელში. სამაგიეროდ თავისუფლად შეგიძლია თვალები დააჭყიტო და პირი დააღო, თუ ვინმემ სამგზავრო ბილეთი მოგთხოვა : ) პირველ დღეს ყველაზე მთავარია საკუთარ ოთახამდე მიაღწიო და სანამ ჩაგეძინება უახლოეს სუპერმარკეტშიც გახვიდე.
საერთო საცხოვრებელი: კაცმა არ იცის რამდენი ადამიანი ვიზიარებთ ერთ სამზარეულოს და ორ აბაზანას, საბედნიეროდ ყოველ დილით მოდის დამლაგებელი და ყველაფერი სუფთადაა.
უბანი - არის ძალიან კარგი, მშვიდი ლამაზი და გვიანობამდე მღვიძარი.
ენა - ფაქტიურად არ მაქვს პრობლემა - ყველაფერს ვიგებ რაც მჭირდება და კარგად მესმის და ვლაპარაკობ.

ხედი ჩემი ფანჯრიდან, სადაც ახლა ერთერთ აივანზე მხიარული მეგობრული შეკრებაა და  ხმამაღლა იცინიან : )
ქალაქი: დიდებულია! კიოლნი ჯერ კიდევ ძველი დროიდან მიყვარს, თავისი ხასიათი აქვს და კარგად ვეწყობი აშკარად : ) ცოცხალი, საინტერესო და ხალისიანი
ინსტიტუტი - სწავლა ორშაბათიდან დამეწყება, ჯერ არ ვიცი რომელ საფეხურზე მოვხვდები და ვინ მეყოლება ჯგუფში, ერთი ფაქტია, რომ უამრავი რუსულენოვანი სტუდენტია ჩამოსული და დიდი ძალისხმევაა საჭირო რუსულად რომ არ ალაპარაკდე : ) საბედნიეროდ მე მესმის რუსულიც, ინგლისურიც და გერმანულიც და კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს : )
მაღაზიები: ოჰ, რა მშვენიერი გამოგონებაა! მთელი დღე შეგიძლია იწანწალო ერთიდან მეორეში და ფრიად სასიამოვნო ფასად ძალიან კარგი რაღაცები იყიდო : )
დადებითი ფაქტორი: ორი საათის სხვაობა : ) აქ თავიდან მაინც არ დამაგვიანდება მაგის გამო : )
პრობლემა: ვატყობ სერიოზული თავის ტკივილია ჭამა - სულ გამომცხვარ რაღაცებს ვერ შევჭამ,  დამზადება სასწაულის ტოლფასია, ამ სამზარეულოში იმდენი ადამიანი ირევა, თან აქაურ ხილს და ბოსტნეულს რომ გადავხედავ ჯერ კიდევ ვერაფრით ვაჯერებ თავს, რომ ეს რაღაც პლასტიკატები შეიძლება ადამიანმა შეჭამოს. და თან საერთო ჭურჭლის გამოყენება არ მხიბლავს, ჰოდა ვარ ჯერჯერობით იოგურტებზე და სენდვიჩებზე.

და ესეც ცნობილი ხიდი მართლა ძალიან შთამბეჭდავი მილიონობით ბოქლომით
  : )) ჰაჰა, ყველაზე გაუგებარი ამქვეყნად მოულოდნელად გაგონილი მშობლიურ ენაზე წარმოთქმული სიტყვები ყოფილა : )) ამ წუთას მომიკაკუნა ერთმა გოგომ და "შენ ხარ ქართველი-ო" მკითხა და მეც შესაბამისად დავაღე პირი : ))
მოკლედ, მე ძალიან კარგად ვარ, ჩემი საუკუნის წინანდელი ოცნების ახდენის განმავლობაში ვარ : ) ჰოდა, რაღა უნდა ვინატრო მეტი : )
ვამბობდი 2012 კარგი წელი იქნება-თქო, ჰოდა არის
გინდ დაიჯერეთ და გინდაც არა : )))

დაბოლოს : )

Monday, July 9, 2012

10.07.2012



94/69/96
179/65
სასურველია -3 კგ და ორი ტონით მუქი კანი : )


Sunday, June 10, 2012

რა მამოძრავებს წარმატების მისაღწევად - !





როგორც წესი, მთელი ცხოვრების მანძილზე დროს ვატარებ ან საკუთარი თავით უკმაყოფილებაში, ან სიამაყეში, სინდისის ქენჯნაში, ან რაღაც მიზნებისთვის ბრძოლაში ან დინებას მივყვები
არის მომენტები, როცა ენერგიით და მოტივაციით სავსე ათას საქმეს ვასწრებ და ბოლოს საკუთარი თავით ვამაყობ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და მიხარია
არის მომენტები, როცა უბრალოდ სკამიდან ადგომაც კი მეზარება, არაფერი არ მადარდებს და ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული და ენთუზიაზმის ნატამალიც კი არ გამაჩნია.


არსებობს რამდენიმე ფაქტორი რომელიც დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს ჩემი მოქმედების შედეგიანობაზე, რომლებიც მიმაღლებენ მოტივაციას, სასიცოცხლო ტონუსს ან საერთოდ მიკარგავენ რაიმეს გაკეთების ხალისს
ჩვეულებრივ დიდი ნებისყოფით არ გამოვირჩევი, ასე, რომ წარმატების და კარგი შედეგის მისაღწევად სხვა გზები მაქვს აღმოჩენილი


ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ დადებითად:


თავის დაღწევის სურვილი - როცა ჩემი მდგომარეობა და სიტუაცია არ მომწონს და მინდა გავექცე. ყველაზე მეტად ეს შეგრძნება მქონდა მაშინ, როცა ელიავაზე ვმუშაობდი, ყოველდღე ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვრჩებოდი, სამაგიეროდ სავსე ვიყავი შეგრძნებით, რომ თუ მინდოდა, რომ აღარასდროს მემუშავა მსგავს ადგილას და სამომავლოდ მქონოდა შესაბამისად უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობა, უნდა მემოქმედა და თავი დამეღწია იქიდან - შესაბამისად თავს ძალას ვატანდი და თავდადებულად დავრბოდი გერმანიაში გასაგზავნი საბუთების შესაგროვებლად, რაც წარმატებით შევასრულე.
ამ პერიოდშივე იყო "სპილო ოთახში", რომელის მოსაგებად ენთუზიაზმი სხვა ფაქტორებთან ერთად საიდანღაც თავის დაღწევის სურვილმა განაპირობა


დამოუკიდებლობა - უნდა შევიქმნა მდგომარეობა, რომ ყოველთვის მქონდეს წასვლის შესაძლებლობა და არ ვიყო რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული, მატერიალურად ან ემოციურად. ყოველთვის უნდა შემეძლოს წასვლა, ერთერთი მიზანი ამისთვის არის საკუთარი სახელოსნო, რომელიც იქნება ჩემი საკუთარი სამყარო, სადაც ასე ვთქვათ ნებისმიერ დროს შევაფარებ თავს და ვიქნები ჩემი საკუთარი მე.


თავმოყვარეობის შელახვა - როცა ჩემი სიზარმაცის გამო სხვებზე უკან აღმოვჩნდები ხომლმე, ყველაზე მეტად მახსოვს ნიკოლაძეში, ერთ სემესტრში ინტერნეტი ჩავრთე ჩემს მობილურში და ძალიან ჩამითრია ჩატმა, რის გამოც სემესტრული კლაუზურები მივაფუჩეჩე და მივიღე შესაბამისად დაბალი ნიშნებიც. ამან საშინლად გამაბრაზა ჩემ თავზე, იმიტომ რომ ჩემი სიზარმაცის გამო ნიჭი დაიჩაგრა და აღარ ვიყავი საუკეთესოთა რიგებში. შესაბამისად შემდეგი სემესტრისთვის თავს უფლება აღარ მივეცი იგივე განმეორებულიყო.


სტრესი და შიში შანსის გამოუყენებლობის - ეს მამოძრავებს გვარიანად : ) იმის წარმოდგენა, რომ არასწორი მოქმედების გამო დავკარგავ რაღაციდან თავის დაღწევის და სიახლის შანსს, ასევე შემელახება თავმოყვარეობა და საკუთარ თავზე გაბრაზების გარდა არაფერი შემრჩება ხელში, ჩემი სხეული თავისდაუნებურად მოქმედებს ამის თავიდან ასარიდებლად


კონკრეტული კონკურენცია და გამოწვევები - როცა შეჯიბრში ვარ ჩართული, როცა ვხედავ, რომ ჩემს გვერდით ჩემნაირი შესაძლებლობების ადამიანი იგივე რაღაცას აკეთებს, ვერაფრით ვერ ვთმობ მოგებას და ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ კონკრეტულ პიროვნებას გადავასწრო და გავიმარჯვო


დედლაინები - ცაიტ-ნოტი - ეს ჩემი მოწოდებაა, როცა ჩემი ტვინი ასჯერ უფრო სწრაფად აზროვნებს და ასჯერ უფრო მაღალპროდუქტიულია, როცა მთელი ჩემი სხეული მომართულია რაღაცის მოსწრებაზე, ადრენალინი სისხლში, საკვირველად სწრაფი რეაქცია და მოქმედება და სულ ბოლოს შედეგით კაიფი.


წარუმატებლობა - განსაკუთრებით ეს ეხება პირად წარუმატებლობებს, აი მაგალითად მომწონს ტიპი, რომელთან შეხვედრის მერე მიჩნდება იმედები, რასაც თავს ეგრევე აუარება კონტრარგუმენტს დავატეხ, რომლებიც ყველაფერს არამარტო გვარიანად აბათილებენ და ნაშთადაც კი რჩებიან, ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის და მიჩნდება წარუმატებლობის შეგრძნება. ეგეთ დროს მესმის ქალების, კარიერაში წარმატებებს რომ აღწევენ, ამ დროს ვიმუხტები ათასნაირი გრძნობით რომელიც წინსვლისკენ მიბიძგებს. ასე, რომ მოშლილი ნერვების მიუხედავად თუ ყველაფერი კარგად იქნა, მადლობის ნიშნად აუცილებლად დავპატიჟებ იმ ტიპს გერმანიაში ლუდზე : )


ადამიანები - ნებისმიერი, რომლებიც ჩემზე უკეთესები არიან და მინდა მეც ისეთი ვიყო და ისინი, რომლებიც ჩემზე უარესები არიან და არ მინდა მათნაირი გავხდე.


ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ უარყოფითად:


ემოციები - რომლებიც რეალობას მწყვეტს, ოცნებებს წამომიშლის და დროს მაკარგვინებს


სოციალური ქსელები - განსაკუთრებით ფბ, რომელიც დროს მაკარგვინებს


შექება - როცა რაღაცის კეთების პროცესში ვინმე მეუბნება, რომ კარგი ნამუშევარი გამომდის - მომენტალურად ვიბლოკები და ვეღარ ვანვითარებ და ვრჩები იმ მომენტზე, როცა დადებითი აზრი გამოთქვეს.


რაიმეს ხელმეორედ გაკეთება - საშინლად მეზარება ერთხელ გავლილი გზის მეორედ გავლა და მითუმეტეს შეწყვეტილი საქმის მერე გაგრძელება, მე მიყვარს ყველაფრის ერთი ამოსუნთქვით გაკეთება და სპონტანურობა, იმპროვიზაცია, დროში გაწელილი საქმეები ჩემთვის არ არიან დაბადებულები


სიტუაციით კმაყოფილება - როცა რაღაც მომენტში თავს კარგად ვგრძნობ, რამის შეცვლა მეზარება და ვფიქობ, რომ დიდი ამბავი თუ არაფერი გავაკეთე, ესე ცხოვრებასაც არაუჭირს-თქო




და ბოლოს ვთვლი რომ ენერგია და ფული არასოდეს არ უნდა დაზოგო ჯანმრთელობის, განათლებისა და კარგი მოგონებებისთვის. ეს ის სამი რამეა, რაც აბსოლუტურად ყოველთვის და ყველგან თან შეგიძლია წაიღო და არასოდეს არ დაგამძიმებს.

Monday, June 4, 2012

ჩემი ფესტივალი - Tbilisi Open Air



ა არის საჭირო ძალიან მაგარი დღეებისთვის:

- დიდი, მწვანე ფერდობები
- დიდი რაოდენობით მუსიკა
- დიდი რაოდენობით კარგი მუსიკა ღია ცის ქვეშ
- უფრო დიდი რაოდენობის ხალხი
- შემთხვევით გადაწყდარი უამრავი ნაცნობი
- მეგობრები
- ყველაფრის მომცველი საერთო დადებითი განწყობა
- თანდათან ჩაძირვა სიბნელეში და ქალაქის მომნუსხველი კიაფი
- თავისუფლების და საკუთარი თავის შეგრძნება
- და კიდევ ერთხელ მუსიკა ღია ცის ქვეშ

და არსებობს  Tbilisi Open Air  სადაც ეს ყველაფერი ერთდროულად შეგიძლია აღმოაჩინო, ამიტომაც ამ ორ დღეს სრული უფლებით შეუძლია განაცხადოს, რომ იყვნენ ძალიან მაგარი დღეები

ამ ყველაფერს დამატებული პირადი წვრილი შემავსებლები, რომლებიც კრავენ მაღალი ხაარისხის ბეტონის პრინციპით ამ ყველაფერს : )

- ჭრელა-ჭრულა ხალხი
- ცეკვა, ხტუნვა და ყვირილი
- ცოტაოდენი ალკოჰოლი და სიგარეტი
- პრჟექტორების მიღმა ვარსკვლავების დანახვის მცდელობა
- რიგები საკვებ კარვებთან (მიყვარს რიგები და მომკალით)
- ძალდაუტანებელი ნაცნობობა 
- იმწუთით კმაყოფილება
- და ის ერთი მწიკვი უცნობი სანელებელი, რომელიც ამ ყველაფერს იმ არომატს აძლევს, რომელიც ბედნიერს გხდის შენდა უნებურად


ჩემი დევიზი - "მივალ და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებ" - აბსოლუტურად გამართლებულია

დავყურებდი Tbilisi Open Air -ის ბილეთებს და მიხაროდა, რომ მივდიოდი
ახლა დავყურებ ჩემს ხელებზე დაბეჭდილ ფერად ლოგოებს და საშინლად მიხარია, რომ იქ ვიყავი

ძალიან მაგარია, როცა შენს გვერდით დგას უამრავი განსხვავებული და თან ძალიან შენნაირი ადამიანი და ერთ მთლიან მოვლენას ქმნით

ამ პოსტს ვერაფრით ვერ მოვაბი თავი, ხან როგორ დავიწყე ხან როგორ დავამთავრე, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გადავწყვიტე როგორ გადმომეცა ემოციები

მოკლედ - საშინლად მაგარი დღეები იყო და I'm sooo Happpyy

და ერთადერთი რისი მოლოდინიც მქონდა აი ეს სიმღერაა : ) და გამიმართლდა : )


Thursday, May 31, 2012

ზაფხულის პირველი დღე

არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, რომ დღეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში ახლად გათიბული ბალახის და ცაცხვის სურნელი დგას, ამას აივნებზე გადმოყუდებული მწეველების სიგარეტის და მზეს მიფიცხებული ფილაქნის სუნი ემატება 
და მთელი დღე თბილი სიო ამ მსუბუქი სურნელებით გაბრუებს


ისმის ფანჯრის ჩარჩოების ჭრიალი გამოღებისას, სახლებიდან გამომავალი ახალი ამბების, ადამიანების და ჭურჭლის წკრიალის ერთმანეთში არეული ბგერები
ფოთლების შრიალს შერეული წყნარი საუბრები


გრძნობ შოკოლადიანი ნაყინების, მარწყვის და ალუჩის გემოს 


ლამპიონები ჩამავალი მზის მსგავსად მონარინჯისფრო-მოვარდისფროდ ანათებენ და ფოთლების მოიისფრო ჩრდილებს ტოვებენ ტროტუარებზე, 
ხედავ სკვერში ჩამომჯდარ მეგობრებს ლუდს რომ აგემოვნებენ


და იცით რას მოასწავებს ეს ყველაფერი?! 


ზაფხულს



მორჩა! მოვიდა ზაფხული თავისი ხმებით, სურნელებით, გემოებით, ფრიალა თმებით და კაბებით, სეირნობებით, ნაყინებით გამოტენილი მაღაზიებით, თავგადასავლებით, სპონტანურობებით და ჯადოსნური მოიდუმალო ღამეებით. 


და ხვალ აბსოლუტური ბედნიერებით შეპყრობილი მთელი დღე ჩემთვის ჩუმად გავიმეორებ ყველაზე ჯადოსნურ სიტყვებს :


 "დღეს პირველი ივნისია - ზაფხულის პირველი დღე"