Monday, February 25, 2013

თოვლიანი რკინიგზა და გაუქმებული მატარებლები

ვორქშოპი დაიდო დარმშტადტში...
გადავწყვიტე წასვლა
ვერცერთი ჩემი ჯგუფელი ვერ ავიყოლიე
ვერ ვიპოვე ჰოსტელი
დავრეგისტრირდი ქაუჩსერფინგზე
მოვძებნე მასპინძელი - უპრობლემოდ შემომთავაზა ღამის გასათევი
ჩემი პირველი ქაუჩსერფინგი
ვიყიდე მატარებლის ბილეთები - ვაიმარი-აიზენაჰი-ფრანკფურტი-დარმშტადტი და უკან
Cant't wait...
ხუთშაბათი, ოთხის ნახევარი - რეგიონალბანი - აიზენაჰისკენ


ცივა, თოვს, ერთი საათი ლოდინის დრო, უახლოესი ქუჩების შემოვლა
მახსენდება, რომ ჩემი რკინიგზის ფასდაკლების ბარათი სახლში დამრჩა და მოვრბივარ უკან ინფო-ცენტრისკენ - უბარათოდ მგზავრობა - სავარაუდო ჯარიმა თოთხმეტი ევრო - ონლაინ-ბილეთის და ტოსკას ძალა და გულკეთილი კონტროლიორები.
Frankfurt am Main - Hauptbahnhof
დარმშტადტი - ველოდები ტომასს, სახლში მელოდება ვახშამი და უცნაური მეზობლები, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სამზარეულოში უზარმაზარი დაფა ფორმულებით სავსე, ექსტრემალურად ვეგეტარიანელი გოგო და შეცდომით რვაასი გრამი ზეთით გამომცხვარი ნამცხვარი.
დაძაბული გამოცდების პერიოდია, მიყვებიან როგორ იძინებენ ათ საათზე და იღვიძებენ ექვსზე, რომ შვიდ საათზე ბიბლიოთეკასთან იყვნენ და კარგი ადგილები დაიკავონ. ნავახშმევს ვსვამთ კოქტეილს და თერთმეტზე უკვე ყველას სძინავს.
ჩემი საწოლი პატარა ოთახშია, ხმაურიანი ქუჩის პირას და ლამპიონის ქვეშ. თითქმის შეუძლებელია დაძინება.
დილა, ძალიან ძლიერი ყავა და ტექნიკური უნივერსიტეტი
ვორქშოპის მონაწილეები - მედია-ხალხი - მინიმალური ასაკი 24 წელი, მაქსიმალური ალბათ 60
ექსპერიმენტები, საცდელი მოდელები, ინტერაქტიული ეკრანები და პროექციები
მონაწილეების წარდგენა, მოხსენებები, პრეზენტაციები, დიდი რაოდენობით გერმანული
შესვენება - ყავა და ორცხობილები
დავალება და სასაცილო მასალები, ორი საათი ჯდომა, საუბარი და ექსპრომტად შექმნილი მაკეტი
საერთო ვახშამი ლუდის სახლში, ჭამის შემდეგ უკეთეს ხასიათზე დამდგარი ხალხი, სიცილი და საღამოს გასეირნება სახლამდე.
ტომასის შეყვარებული პერუში მიდის რამდენიმე კვირით და უხასიათობაა სახლში.
ძილი და დილა
ყავა და ორცხობილები, შედეგების პრეზენტაცია, შემაჯამებელი სხდომა და დამშვიდობება
ბოლო თავისუფალი დროის ჰუნდერტვასერის სახლის ნახვაში გამოყენება, ცივი ბანჰოფი და უგემური ცხელი შოკოლადი
ფრანკფურტი ზიუდ, ცივი, თოვლიანი ქარი


აიზენაჰი - დაგვიანებული მატარებელი, გაუქმებული რეგიონალბანი და ერთი საათი ვაგზალზე ცდა
ხელთმოხვედრილი მატარებლით ერფურტამდე ჩაღწევა და კიდევ ლოდინი
ვაიმარში წვივებამდე თოვლი, სიცივე და ამ გაუთავებელი სიცივის სიძულვილი
სახლამდე მისვლა, რამდენიმე ჭიქა ცხელი ჩაი
ბოლომდე აწეული გათბობა
დომენიკო გამახსენდა, საიდანღაც სახლში დაბრუნებას რომ თამაშობდა...

Sunday, February 10, 2013

თებერვალი - რუხი

  ესეთი პასიური და უსაქმური დღეები როგორიც ეს შაბათ-კვირაა ალბათ წინა თებერვლის მერე არ მქონია. ის მომენტია ზუსტად ყველა სასწრაფო მნიშვნელოვანი საქმე რომ მოშორებული გაქვს და თავს რომ უფლებას აძლევ რამდენიმე დღით გაითიშო და არაფერი აკეთო.
  აბსოლუტურად მთელი შაბათი ფილმების ყურებაში გავატარე, ზოგი ახალი ვნახე, ზოგი ძველი, ალბათ სადღაც 10-12 ფილმს ვუყურე, ერთადერთხელ გავედი სახლიდან სუპერმარკეტში ზუსტად იმ დროს, როცა უკიდეგანო ბარდნა დაიწყო და სახლში თოვლის კაცივით დავბრუნდი.


  დღეს კი ისეთი მზე გამოვიდა, მთელი ჩემი ოთახი სავსე იყო სხივებით, ცა იყო ულურჯესი და ჩრდილები თოვლზე იასამნისფერი.
  დღეს საცურაოდ ვიყავით - მთელი აუზის კედლები მინისაა და ცურვისას ხედავ როგორ ლივლივებს წყალი მზეზე და გარეთ ყველაფერი დათოვლილია.

  ეს სიმღერა ამ დღეებში აღმოვაჩინე ერთ ფილმში და განუწყვეტლივ ვუსმენ
და რატომღაც ფრანგი შუახნის წყვილების სევდასთან მიასოცირდება
 ცხოვრება კი ისევ მშვენიერი ხდება, იმიტომ რომ ვიცი, რომ ზაფხული ახლოვდება და ვიცი, რომ ეს ერთერთი ყველაზე ბედნიერი ზაფხული იქნება რაც აქამდე მქონია.

Sunday, February 3, 2013

სანამ ჩემს მეზობლებს სძინავთ და კარი ვიღაცას ღია დარჩენია

  ძილობა მჭირს, სულ ძილი მინდა, ამ შაბათ-კვირის განმავლობაში უკვე მეექვსედ ვიძინებ, მე კი ვიცი, რომ ეს ზამთრისგან და გამოცდებისგან თავის დაღწევის მცდელობის სიმპტომებია, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ, სხეულს ღვიძავს, ტვინი კი სულ გამათბობელთან მითბუნებულ მატრასზე ფიქრობს.


  ეს ბოლო დღეებია მონატრებებიც დამემატა, ადამიანების და ადგილების. საქართველო მენატრება და ვხვდები, რომ აქედან, ნახევარი წლის უნახავზე კიდევ უფრო მიყვარს. მერე მეშინია, რომ როცა ჩავალ თვალწინ არ დამემსხვრეს ეს მოლოდინი და დიდი იმედგაცრუება არ დამხვდეს-თქო, თბილისი მართლა უდაბნოში დანახულ მირაჟს არ ჰგავდეს, რომელსაც ერთხელ ერთმა მეგობარმა შეადარა. მერე ვფიქრობ იმ უჩვეულო გრძნობაზე სამშობლო და მისი მონატრება რომ ჰქვია და ვერაფრით გამიგია როგორ და რისთვის გამოიგონეს საერთოდ. მერე მიხარია, რომ სადღაც ამ ქვეყნად არსებობს ჩემი საკუთარი მიწის ნაგლეჯი, სადაც ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავიდე და ბაღის ბოლოში ვაშლის ხეების შრიალში მზეს მივეფიცხო და სადაც თავს მართლა საკუთარ სახლში ვგრძნობ. და მერე მეშინია, რომ ერთერთი მორიგი პოლიტიკური სვლის შედეგადეგ ჩემი მიწის ნაგლეჯი ჩემი აღარ იქნება და სიბერეში ძვლების გათბობა სადმე სტუმრად მომიწევს. მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი მოგონებები და სევდიანი სითბოებია ადგილებს რომ აძვირფასებს. საინტერესოა უცებ მთელი გონება რომ გამომერეცხოს და ყველაფერი დამავიწყდეს, ის ადგილები რამე ემოციას თუ გამოიწვევენ ჩემში.
  და კიდევ კიოლნი მენატრება, მესიზმრება კიდეც, რუდოლფპლატცი ტრამვაითი და ნაყინებით.
  მე კი ვგრძნობ, რომ ძალა მეცლება უკვე და უფრო სენტიმენტალური ვხდები, ღიმილი მეზარება და თუ ზამთარი მალე არ დამთავრდა, ცოტაც და კირსტენ დანსტს დავემსგავსები მელანქოლიიდან.
  ახლა კი ჩემი ახლადდაბანილი თმის სურნელსა და პარასკევს ნაყიდ უფერადეს, უჯრულა ადიელაში გახვეული ვცდილობ ხუთშაბათს ჩასაბარებელი დავალება დავწერო, თუმცა თავისდაუნებურად პოსტი შემომეწერა ამასობაში.
  თებერვალი და მარტი ყველაზე ძნელი გადასატანია, უკანასკნელი ძალებით რომ ცდილობ აღდგომამდე მიღწევას.
  და კიდევ ვხვდები, რომ ის მეგობრული გულითადი საუბრები მომენატრა ფეხებმოკეცილი რომ ზიხართ და ემოციებს რომ უზიარებთ ერთმანეთს და ის რაღაც ოდნავ მისტიურობით გაჟღენთილი გარემო. სკაიპით არ გამოდის : |
  მალე მოდი ზაფხულო, მალე მოდი ზაფხულო...