ძილობა მჭირს, სულ ძილი მინდა, ამ შაბათ-კვირის განმავლობაში უკვე მეექვსედ ვიძინებ, მე კი ვიცი, რომ ეს ზამთრისგან და გამოცდებისგან თავის დაღწევის მცდელობის სიმპტომებია, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ, სხეულს ღვიძავს, ტვინი კი სულ გამათბობელთან მითბუნებულ მატრასზე ფიქრობს.
ეს ბოლო დღეებია მონატრებებიც დამემატა, ადამიანების და ადგილების. საქართველო მენატრება და ვხვდები, რომ აქედან, ნახევარი წლის უნახავზე კიდევ უფრო მიყვარს. მერე მეშინია, რომ როცა ჩავალ თვალწინ არ დამემსხვრეს ეს მოლოდინი და დიდი იმედგაცრუება არ დამხვდეს-თქო, თბილისი მართლა უდაბნოში დანახულ მირაჟს არ ჰგავდეს, რომელსაც ერთხელ ერთმა მეგობარმა შეადარა. მერე ვფიქრობ იმ უჩვეულო გრძნობაზე სამშობლო და მისი მონატრება რომ ჰქვია და ვერაფრით გამიგია როგორ და რისთვის გამოიგონეს საერთოდ. მერე მიხარია, რომ სადღაც ამ ქვეყნად არსებობს ჩემი საკუთარი მიწის ნაგლეჯი, სადაც ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავიდე და ბაღის ბოლოში ვაშლის ხეების შრიალში მზეს მივეფიცხო და სადაც თავს მართლა საკუთარ სახლში ვგრძნობ. და მერე მეშინია, რომ ერთერთი მორიგი პოლიტიკური სვლის შედეგადეგ ჩემი მიწის ნაგლეჯი ჩემი აღარ იქნება და სიბერეში ძვლების გათბობა სადმე სტუმრად მომიწევს. მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი მოგონებები და სევდიანი სითბოებია ადგილებს რომ აძვირფასებს. საინტერესოა უცებ მთელი გონება რომ გამომერეცხოს და ყველაფერი დამავიწყდეს, ის ადგილები რამე ემოციას თუ გამოიწვევენ ჩემში.
და კიდევ კიოლნი მენატრება, მესიზმრება კიდეც, რუდოლფპლატცი ტრამვაითი და ნაყინებით.
მე კი ვგრძნობ, რომ ძალა მეცლება უკვე და უფრო სენტიმენტალური ვხდები, ღიმილი მეზარება და თუ ზამთარი მალე არ დამთავრდა, ცოტაც და კირსტენ დანსტს დავემსგავსები მელანქოლიიდან.
ახლა კი ჩემი ახლადდაბანილი თმის სურნელსა და პარასკევს ნაყიდ უფერადეს, უჯრულა ადიელაში გახვეული ვცდილობ ხუთშაბათს ჩასაბარებელი დავალება დავწერო, თუმცა თავისდაუნებურად პოსტი შემომეწერა ამასობაში.
თებერვალი და მარტი ყველაზე ძნელი გადასატანია, უკანასკნელი ძალებით რომ ცდილობ აღდგომამდე მიღწევას.
და კიდევ ვხვდები, რომ ის მეგობრული გულითადი საუბრები მომენატრა ფეხებმოკეცილი რომ ზიხართ და ემოციებს რომ უზიარებთ ერთმანეთს და ის რაღაც ოდნავ მისტიურობით გაჟღენთილი გარემო. სკაიპით არ გამოდის : |
მალე მოდი ზაფხულო, მალე მოდი ზაფხულო...

No comments:
Post a Comment