Tuesday, April 26, 2011

მე ჩემს აღდგომაზე დავწერ

ჩვენი სახლი
  მთელი ხუთშაბათი უბრალოდ ვიჯექი ჩემს ოთახში და არაფერი მაინტერესებდა ამქვეყნად. საზიზღარი ამინდი იყო, ყოველგვარ  მზემოკლებული, დაბალი განათებით, ისეთი უაზრო, რომ ცოტაც და ქსოვას დავიწყებდი (ჩემი ნერვიულობის ან დაძაბულობის გამოხატულება, როცა ერთი წვეთიც და ავფეთქდები, ამის თავიდან ასარიდებლად ვქსოვ), უბრალოდ ვიჯექი და ჩემთვის სულერთი იყო ყველაფერი. 

  საღამოს ოჯახურ დინებას მივყევი და ჩავჯექი მანქანაში და წავედით. მგზავრობა ნებისმიერ ამინდში – ჩემი ანტიდეპრესანტია, გრძელი სწორი ტრასები, თეთრად დახაზული გამყოფი ზოლები, გზისპირას ლამპიონების რიტმი, სტაბილური სისწრაფე, გზად შემხვედრი მანქანები, სინათლის ანარეკლი მინებზე – ეს ყველაფერი საშინლად მიყვარს, ვნეტარებ, დაუსრულებლად შემიძლია ვიარო. ამჯერად მხოლოდ ორმოცი წუთი მომიწია ეს ნეტარება, მერე გადავუხვიეთ ტყვიავისკენ, სადაც ლამპიონების ნაცვლად ძალიან მაღალი ჭადრების ხეივნებია გზისპირას, მიდიხარ ღამე და გგონია უსასრულო გვირაბია. მამამ სულ ერთი წამით მანქანის ფარებიც ჩააქრო და სრულ უკუნეთში გავიარეთ რამდენიმე მეტრი.
  სახლში მისულებმა ავანთეთ სინათლეები სახლში, ღუმელი ავაგიზგიზეთ, მე მამაჩემის უზარმაზარი, თბილი ჯემპრი გადავიცვი და ჩემი საყვარელი ენციკლოპედიის მეცხრე ტომი გადმოვიღე კარადიდან და მსოფლიოს დროშებს და ღერბებს გადავხედე. მერე ლეპტოპი ჩავრთე და რამდენიმე ფილმს გადავავლე თვალი. ანუკიმ რამდენიმე ძველი წიგნი აღმოაჩინა და მეორე დღეს ვკითხულობდით. ხუთშაბათს ნაყიდი პასკები თითქმის აღარ დაგვრჩა – რა გასაკვირია, მთელი წელი პასკას დანატრებული, ვიჯექი მყუდროდ სამზარეულოში და მივირთმევდი. კიდევ უფრო მოგვიანებით ჩემს საოცრად აშლილ პიანინოზეც დავუკარი.

ჩვენი ყვავილები
  მზე საერთოდ არ გამოსულა, ვზივარ ნაცრისფერ ამინდებში და ვუყურებ ტელევიზორს, დროდადრო მონაწილეობას ვიღებ სააღდგომო სამზადისში, ვფიქრობ ცხოვრებაზე იმაზე მეტს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში თბილისში ყოფნისას, არ მეშლება ნერვები, ვკითხულობ წიგნებს, ვსვამ თავკვერს, არ ვფიქრობ სამომავლო გეგმებზე, ვუსმენ წვიმის ხმაურს სახურავზე, ვნახულობ ნათესავებს და ერთად ვაცხობთ პასკებს, ვერ გავდივარ ბაღში, იმიტომ რომ სველა, ვუკრავ აშლილ პიანინოზე, ვიხსენებ ბებოს და პაპას და მეტირება, მერე ვბრაზდები რომ მეტირება, ვპოულობ მათში ჩემს მსგავსებებს, არ ვათვალიერებ ძველ ფოტოებს, იმიტომ რომ მერე ნამდვილად ვიცი, რომ ვიტირებ, მერე დავასკვენი, რომ ადამიანი მაინც მარტოხელა არსებაა და არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის გარდა, მერე რატომღაც ვფიქრობ ბათუმზე და ამიერკავკასიის ჩემპიონატზე, რომელზეც თუ არ ჩაიშალა წასვლას ვაპირებ და ვიმედოვნებ მზეს.
  და ცუდია, როცა საკუთარი მიწა არ გაგაჩნია, რომელიც ძალას გაძლევს და არ მინდა, რომ პოლიტიკური იდიოტობების გამო ჩემი მიწა დავკარგო. მთავარი სიცოცხლეა, მერე ჯანმრთელობა, მერე მიწა.
P.S.ლუკიმ მაგარი ფოტოები გადაიღო

Tuesday, April 19, 2011

ბუ - რთულები

ზოგჯერ ბედნიერებაზე ადვილი არაფერია : ))
და როგორ გიყვარს შენი ნაშრომი და ხელთქმნილი : ))
ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებს ამ ორი ბურთულის ყურება, რომლებიც დღეს ნასწავლი უმარტივესი 3D ანიმაციის შედეგია
ჩემი ბუსკუნები : )))



შემოქმედებითი ბედნიერება


შაბათს ტყვიავში მივდივარ, ჩემი მშობლიური მიწით და ნათესავური სისხლით უნდა გავძლიერდე

Tuesday, April 12, 2011

Handmade Flowers

Handmade Flowers
რა უნდა ვქნათ, როცა არა და აღარ მოდის გაზაფხული???
მძინავს თუ მღვიძავს?
მღვიძავს, მაგრამ ვერაფრით ვფხიზლდები
ვმოქმედებ, მაგრამ აშკარად უმოძრაობით ვარ სავსე.
ვუსმენ და ვერაფერი გამიგია
ვუყურებ და ვერაფერს ვამჩნევ
ვმეტყველებ, მაგრამ არაფერს ვამბობ
ვჭამ, მაგრამ ვერ ვაგემოვნებ
დგომისას ვერტიკალურად ვწევარ
დრო გადის, მაგრამ ყოველდღე ისევ და ისევ იგივე საათები დგება 10, 12, 16, 21, 04
არც წვიმს, არც თოვს, არც დარია...

მოკლედ - დიაგნოზი: დღე-ღამეში 24 საათია, აქედან როგორც წესი, 15 საათს ვატარებ კომპიუტერთან, 6-7 საათი მძინავს, ერთი საათი მგზავრობაში იხარჯება, და სხვა დანარჩენისთვის მთელი მორჩენილი დრო რჩება. + ამას თეორიული გაზაფხული. ასეთ დროს თავისუფლად შემიძლია ჩემს საყვარელ ფრაზაში ცოტაოდენი ცვლილება შევიტანო და მივიღებ რეალობას - "არსებობა მშვენიერია?!"

სულ რამდენიმე სხივი მზე მჭირდება.

P.S. იცით რა მიყვარს ძალიან?! :D - დილით როცა ძალიან მეჩქარება და ყოველი წუთი ძვირფასია დაგვიანების თავიდან ასაცილებლად, არადა საშინლად ზოზინა მარშუტკა, რომ მხვდება - და ამ დროს საკუთარი ავტომობილიანი რიგითი მოქალაქე მძღოლური დაგემოვნებით რომ გადაუსწრებს ჩვენს მარშუტკას და გინებასაც მოაყოლებს, ჩვენი მძღოლი რომ გამწარდება და გაზს მიაჭერს და თითქმის ათ წუთში ჩავა ვაკე-საბურთალოს გადასახვევიდან პეკინამდე. და მეც აღარ ვაგვიანებ. 

ეს ყვავილები 3D ში ავაწყე :)