Tuesday, April 26, 2011

მე ჩემს აღდგომაზე დავწერ

ჩვენი სახლი
  მთელი ხუთშაბათი უბრალოდ ვიჯექი ჩემს ოთახში და არაფერი მაინტერესებდა ამქვეყნად. საზიზღარი ამინდი იყო, ყოველგვარ  მზემოკლებული, დაბალი განათებით, ისეთი უაზრო, რომ ცოტაც და ქსოვას დავიწყებდი (ჩემი ნერვიულობის ან დაძაბულობის გამოხატულება, როცა ერთი წვეთიც და ავფეთქდები, ამის თავიდან ასარიდებლად ვქსოვ), უბრალოდ ვიჯექი და ჩემთვის სულერთი იყო ყველაფერი. 

  საღამოს ოჯახურ დინებას მივყევი და ჩავჯექი მანქანაში და წავედით. მგზავრობა ნებისმიერ ამინდში – ჩემი ანტიდეპრესანტია, გრძელი სწორი ტრასები, თეთრად დახაზული გამყოფი ზოლები, გზისპირას ლამპიონების რიტმი, სტაბილური სისწრაფე, გზად შემხვედრი მანქანები, სინათლის ანარეკლი მინებზე – ეს ყველაფერი საშინლად მიყვარს, ვნეტარებ, დაუსრულებლად შემიძლია ვიარო. ამჯერად მხოლოდ ორმოცი წუთი მომიწია ეს ნეტარება, მერე გადავუხვიეთ ტყვიავისკენ, სადაც ლამპიონების ნაცვლად ძალიან მაღალი ჭადრების ხეივნებია გზისპირას, მიდიხარ ღამე და გგონია უსასრულო გვირაბია. მამამ სულ ერთი წამით მანქანის ფარებიც ჩააქრო და სრულ უკუნეთში გავიარეთ რამდენიმე მეტრი.
  სახლში მისულებმა ავანთეთ სინათლეები სახლში, ღუმელი ავაგიზგიზეთ, მე მამაჩემის უზარმაზარი, თბილი ჯემპრი გადავიცვი და ჩემი საყვარელი ენციკლოპედიის მეცხრე ტომი გადმოვიღე კარადიდან და მსოფლიოს დროშებს და ღერბებს გადავხედე. მერე ლეპტოპი ჩავრთე და რამდენიმე ფილმს გადავავლე თვალი. ანუკიმ რამდენიმე ძველი წიგნი აღმოაჩინა და მეორე დღეს ვკითხულობდით. ხუთშაბათს ნაყიდი პასკები თითქმის აღარ დაგვრჩა – რა გასაკვირია, მთელი წელი პასკას დანატრებული, ვიჯექი მყუდროდ სამზარეულოში და მივირთმევდი. კიდევ უფრო მოგვიანებით ჩემს საოცრად აშლილ პიანინოზეც დავუკარი.

ჩვენი ყვავილები
  მზე საერთოდ არ გამოსულა, ვზივარ ნაცრისფერ ამინდებში და ვუყურებ ტელევიზორს, დროდადრო მონაწილეობას ვიღებ სააღდგომო სამზადისში, ვფიქრობ ცხოვრებაზე იმაზე მეტს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში თბილისში ყოფნისას, არ მეშლება ნერვები, ვკითხულობ წიგნებს, ვსვამ თავკვერს, არ ვფიქრობ სამომავლო გეგმებზე, ვუსმენ წვიმის ხმაურს სახურავზე, ვნახულობ ნათესავებს და ერთად ვაცხობთ პასკებს, ვერ გავდივარ ბაღში, იმიტომ რომ სველა, ვუკრავ აშლილ პიანინოზე, ვიხსენებ ბებოს და პაპას და მეტირება, მერე ვბრაზდები რომ მეტირება, ვპოულობ მათში ჩემს მსგავსებებს, არ ვათვალიერებ ძველ ფოტოებს, იმიტომ რომ მერე ნამდვილად ვიცი, რომ ვიტირებ, მერე დავასკვენი, რომ ადამიანი მაინც მარტოხელა არსებაა და არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის გარდა, მერე რატომღაც ვფიქრობ ბათუმზე და ამიერკავკასიის ჩემპიონატზე, რომელზეც თუ არ ჩაიშალა წასვლას ვაპირებ და ვიმედოვნებ მზეს.
  და ცუდია, როცა საკუთარი მიწა არ გაგაჩნია, რომელიც ძალას გაძლევს და არ მინდა, რომ პოლიტიკური იდიოტობების გამო ჩემი მიწა დავკარგო. მთავარი სიცოცხლეა, მერე ჯანმრთელობა, მერე მიწა.
P.S.ლუკიმ მაგარი ფოტოები გადაიღო

2 comments:

Natalia said...

როგორი თბილი პოსტი იყო, ტყვიავი მომენატრა უცებ, სამზარეულო და ყველაფერი საერთოდ :)

maito said...

ჩემი ბავშობის სახლი გამახსენდა :( მიყვარს წარსულში დაბრუნება, მაგრამ თან მასევდიანებს :)

კარგი პოსტია :)

ასეთ მოჟამულ ამინდებს ვერც მე ვიტან :(