Friday, November 23, 2012

მედია-არქიტექტურის ჯგუფი ჩვენს რეალობაში

ჩემს ჯგუფელებზე დავწერ : )
უკვე ორი თვე გავიდა თითქმის რაც ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ერთ პოსტს ნამდვილად იმსახურებენ


  როგორც წესი კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც ვხვდებით ერთმანეთს, ვაკეთებთ პრეზენტაციებს, ვსვამთ ყავას მ18-ში და ვიღებთ საინფორმაციო მეილებს ჩვენი ლექტორისგან. ძირითად ჯგუფში ვართ 19, თუმცა სხვადასხვა საგნებზე ვიყოფით და სხვა ფაკულტეტის ჯგუფებს ვუერთდებით. ვლაპარაკობთ ყველა ხელთმოხვედრილ ენაზე, ვისაც რა გაუხარდება. ძირითადად ინგლისურად, თუმცა დამოკიდებულია კონკრეტულ მოლაპარაკე ჯგუფზე.
  მოკლედ - აი ისინიც!
  ალა - აქტიური, ყველაფრის საქმის კურსში მყოფი მოსკოველი გოგო, რომელთან ერთადაც სიამოვნებით ვწუწუნებ დიდი ქალაქის მერე ამ ორქუჩიანი დასახლების სივიწროვეზე. უყვარს ლექციებზე წინ ჯდომა და ყველაფერი, რაც ახალ ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება.
  იანი - ბერლინელი ტიპია და ჩემი აზრით, ადრე ქუჩის ჩხუბებშიც ხშირად გარეულა, უშუალო მოსაუბრეა და კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მისი პრეზენტაციები ყოველთვის ცოცხალი და ხალისიანია.
  იოზეფინა - გერმანელი გოგოა, რომელსაც ძალიან სუფთა და კეთილი თვალები აქვს, ყურადღებით უსმენს ლექციებს, უყვარს კომენტარების გაკეთება და სიცილი.
  ფელიქსი - არის გამხდარი რუმინელი ბიჭი და აქვს ძალიან გრაციოზული ჟესტიკულაცია. რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ თეთრი ფუშფუშა საყელო ზედგამოჭრილი იქნებოდა მისთვის. ცოტათი შელდონსაც წააგავს დიდი აფეთქების თეორიიდან.
  მარიამი - ქართველი გოგოა, ყველაზე უმცროსი ჯგუფში, აქვს კარგი ტანი და დიდი ყავისფერი თვალები, რომლებიც  ლაპარაკისას სულ უცინის. უყვარს ლექციის დროს გვერდზე მჯდომებთან გადალაპარაკება.
   რეინალდო - ვენესუელელი ბიჭი, რომელიც ცდილობს დავალებები რაც შეიძლება მარტივი გზით მოიშოროს თავიდან. აქვს ვენესუელური ესპანური აქცენტი და ლაპარაკის დროს ზოგჯერ ხელმეორედ ვამეორებინებთ სიტყვებს.
  მატეო - იტალიიდან, დინჯი და დარბაისლური მიხვრა-მოხრა და რეპლიკები აქვს და წუხს გემრიელი ყავის დეფიციტზე ვაიმარში, ჭამს ძალიან ლამაზად და დახვეწილად.
  ვინსენტი - ყველაზე არაორდინალური ჯგუფელია ჩამი აზრით. დაბადებულია ზიმბაბვეში, თუმცა მასზე ფითქინა გერმანელს ვერავის ნახავთ ფაკულტეტზე. მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია და ადვილად ვაწყობთ ხუმრობებს.
  დანიელი და მორიტცი - ყველაზე უხეცესები ჯგუფში, უყვართ ფილოსოფოსობა და ბევრი ლაპარაკი, დანიელს წვერზე ხელის მოკიდებით და მორიტცს ღიპზე ხელების დაწყობით. სამწუხაროდ იანვრიდან ეს უკანასკნელი ოთხი ამერიკაში მიდის გაცვლითი სემესტრით და გული მწყდება, მათთან ერთად მხიარულად ვატარებ დროს.
  იცუმი - სულმომღიმარი იაპონელი გოგონა, რომელიც პრეზენტაციების დროს ძალიან ნელა და იაპონური აქცენტით ლაპარაკობს და საბოლოოდ ვერავინ ვიგებთ რას ამბობს.
  ჰსინიუ - ტაივანელი ცოტათი დაბნეული გოგონა, რომელიც მთლად იცუმივით არა, მაგრამ მაინც გაუგებრად ლაპარაკობს, თავისებური იუმორის შეგრძნება აქვს და ზოგჯერ ჩემი აზრით არაადეკვატურადაც იცინის : )
  იონასი და აიდასი - ლიტველი ბიჭები, რომლებსაც მხოლოდ ლექციებზე ვხვდები, ან მენზაში, რომლებიც თავიანთ საქმეებზე დადიან და დიდად არ ადარდებთ ჯგუფის ამბები. ჩანს, რომ ლიტვის არქიტექტურის ფაკულტეტი არაფრით ჩამოუვარდება ჩვენს ტექნიკურს : )
  ფრანცისკა - ქერა და ფერმკრთალი გერმანელი გოგოა, რომელსაც ძალიან ლამაზი ლურჯი თვალები აქვს. შრომისმოყვარეა და დავალებებს ნაბიჯ-ნაბიჯ და ლოგიკურად ასრულებს.
  ჩენი და გუანლინი - ძალიან გემოვნებიანი ჩინელი წყვილია, წყნარები და ბეჯითები, როგორც წესი ძალიან კარგ პრეზენტაციებს ამზადებენ, უბრალოდ ჩინური აქცენტი მაინც თავს იჩენს.
   უილიამ ცე - ასევე ჩინეთიდან, იმდენად წყნარია, მის ყოფნა-არყოფნას ვერც კი შეამჩნევ, უყვარს უკანა რიგებში ჯდომა და მოკრძალებული საპროექტო შემოთავაზებების წამოყენება.
  ჯინა - ბერძენი გოგოა, რომელსაც სახლში თბილად მოკალათება ურჩევნია სადმე გასართობად გასვლას, არის ნებიერა და დილის ძილის სიყვარულის გამო ლექციებზე აგვიანებს.

  აი ესაა ჩემი ძირითადი სანაცნობო წრე, ამათ გარდა არის კიდევ უამრავი სტუდენტი გვერდზე კურსებიდან, ჩემი თანამაცხოვრებლები, ქართველები, იმათი მეგობრები, ჰოსტელში გაცნობილები და უბრალოდ ყოველდღე შემხვედრი ნაცნობი სახეები. და ჩვენ ყველანი ერთად ერთ მთლიანობას ვქმნით : )))
  ხვალ ვორქშოპი გვაქვს დილის 9 საათზე, სამშაბათს ალას დაბადების დღეა, სამ დეკემბერს დანადგარებზე მუშაობის სასწავლად დილის 7 საათზე სახელოსნოში უნდა ვიყოთ, მერე მორიგი პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი და მოკლედ დღეები მირბის ვით კამათელი... თუ როგორც არის : )

Tuesday, November 13, 2012

როცა დასაწერი არაფერია

პოსტის დასაწერი განწყობა ყველგან და ყოველთვის არ ყრია
  ახალი განსაკუთრებული არაფერი ხდება, როგორც ყველა აქ მყოფმა, მეც ჩემი რუტინა ჩამოვიყალიბე უკვე და მივდევ. ვერ ვიტყვი რომ საინტერესო არაფერი ხდება, მაქვს დავალებები, რომლების გაკეთებაც ყოველ ჯერზე თავისებურად საინტერესოა - უბრალოდ ისე ჩემთვის, ბლოგზე რომ ვერ დაწერ. ჩემ პიროვნულ ცვლილებებზე აღარ მინდა უკვე ლაპარაკი, როცა გნახავთ თვითონაც ადვილად შეამჩნევთ.


  კვირაში ოთხი დღე მაქვს ლექციები, ოთხშაბათს და შაბათ-კვირას ვისვენებ. ვამზადებ პრეზენტაციებს და ვაყალიბებ კონცეფციებს, დავდივარ ბიბლიოთეკაში, ვსადილობ მენზაში, დროდადრო ხელში მოხვედრილ ადამიანებთან ერთად მივდივარ ფალკეში და ვსვამ ლუდს და ვსუნთქავ თამბაქოსგან გაჟღენთილ ოდნავ მომჟავო ჰაერს. თუმცა ლუდი უკვე აღარაა ისეთი სასიამოვნო, როგორც ზაფხულში სახურავზე დალეული.
  აქ შობა უკვე მოახლოვდა, ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გამოფინეს საშობაო შოკოლადები და ბრჭყვიალები. ველოდები როდის დაიწყება საშობაო ბაზრობები, რომ გლინტვეინი ვსვა თითებ და ცხვირგაყინულმა.
  ჩემს საყვარელ საცხობში რატომღაც აღარ იყიდება ის ბელგიური ვაფლები და გულდაწყვეტილი ვარ.
  არაფერი და არავინ არ მენატრება, აქ საერთოდ სხვა რეალობაა, მარტოობის შეგრძნებაც კი არ მქონია. უბრალოდ არის მომენტები, როცა აი ბაც! და რაღაც მოგონებები ამოყიჟინდებიან საიდანღაც და ჩემს ფიქრს გაიტაცებენ. ან ღამე მესიზმრება რაღაც ფრაგმენტები და დეტალები. უბრალოდ მთავარია თვალები კარგად გავახილო, უახლოესი ფანჯრიდან გარეთ გადავიხედო და რეალობას ვუბრუნდები. რატომღაც ყველაზე ხშირად მაგონდება საჭმელი და ძალიან ძველი დრო, ნიკოლაძის პერიოდი. შეიძლება ძალიან ბევრი რამე ემთხვევა ერთმანეთს, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, სტუდენტური პერიოდი და სულ სხვა სამყაროს შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ ამ ყველაფერს ათწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება ემატება.
  რეალურად რას ვაკეთებ? ვცდილობ ვიპოვო შანსები, რომ გამოვიყენო. ჩემს ასაკში უკეთესს ვერაფერს გააკეთებ.
  ჩემი ყულაბა უკვე გაივსო : ) ჩემი დაბადების დღე ახლოვდება, რომელიც როგორც ყოველთვის დიდად არ მადარდებს, სამაგიეროდ მგონი ცხოვრებაში პირველად მიხარია ახალი წლის მოსვლა
  ვნახოთ რა იქნება, ფაქტია, რომ დროებით რუტინაც საჭიროა ფულის და ძალების დასაზოგად მომავალი თავგადასავლებისთვის, რაც არ უნდა იყოს თავგადასავლები მაინც ზაფხულისაა : )

ამ პერიოდის ამოჩემებული მუსიკა

Crystal Castles

take my hand


Wednesday, November 7, 2012

Groove days

  არის ზოგჯერ მომენტები, როცა მუსიკა და განწყობა ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ  თავს ვეღარ აღწევ და მთელი დანარჩენი სამყარო იდღაბნება და სადღაც თავისთვის ბრუნავს.
  გვიანი შემოდგომის ფოთლებჩამოყრილ ხეებს შორის მუქი ნაცრისფერი ცის მარტოსულობა, სახლებში ანთებული ყვითელი შუქის სიმყუდროვე, კარს მომდგარი დეკემბრის მისტიურობა და ეს სიმღერა ისე გაჯადოვებს, რომ საათობით შეიძლება ვერ მოწყდე. ჰოდა მეც ვზივარ გაუნძრევლად და ვუსმენ და ვუსმენ, ნაცრისფერ დღეებს კიდევ რა გამოლევს : )


დეკემბერი ყველაზე მყუდრო თვეა - აი ამაშია საქმე!