პოსტის დასაწერი განწყობა ყველგან და ყოველთვის არ ყრია
ახალი განსაკუთრებული არაფერი ხდება, როგორც ყველა აქ მყოფმა, მეც ჩემი რუტინა ჩამოვიყალიბე უკვე და მივდევ. ვერ ვიტყვი რომ საინტერესო არაფერი ხდება, მაქვს დავალებები, რომლების გაკეთებაც ყოველ ჯერზე თავისებურად საინტერესოა - უბრალოდ ისე ჩემთვის, ბლოგზე რომ ვერ დაწერ. ჩემ პიროვნულ ცვლილებებზე აღარ მინდა უკვე ლაპარაკი, როცა გნახავთ თვითონაც ადვილად შეამჩნევთ.
კვირაში ოთხი დღე მაქვს ლექციები, ოთხშაბათს და შაბათ-კვირას ვისვენებ. ვამზადებ პრეზენტაციებს და ვაყალიბებ კონცეფციებს, დავდივარ ბიბლიოთეკაში, ვსადილობ მენზაში, დროდადრო ხელში მოხვედრილ ადამიანებთან ერთად მივდივარ ფალკეში და ვსვამ ლუდს და ვსუნთქავ თამბაქოსგან გაჟღენთილ ოდნავ მომჟავო ჰაერს. თუმცა ლუდი უკვე აღარაა ისეთი სასიამოვნო, როგორც ზაფხულში სახურავზე დალეული.
აქ შობა უკვე მოახლოვდა, ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გამოფინეს საშობაო შოკოლადები და ბრჭყვიალები. ველოდები როდის დაიწყება საშობაო ბაზრობები, რომ გლინტვეინი ვსვა თითებ და ცხვირგაყინულმა.
ჩემს საყვარელ საცხობში რატომღაც აღარ იყიდება ის ბელგიური ვაფლები და გულდაწყვეტილი ვარ.
არაფერი და არავინ არ მენატრება, აქ საერთოდ სხვა რეალობაა, მარტოობის შეგრძნებაც კი არ მქონია. უბრალოდ არის მომენტები, როცა აი ბაც! და რაღაც მოგონებები ამოყიჟინდებიან საიდანღაც და ჩემს ფიქრს გაიტაცებენ. ან ღამე მესიზმრება რაღაც ფრაგმენტები და დეტალები. უბრალოდ მთავარია თვალები კარგად გავახილო, უახლოესი ფანჯრიდან გარეთ გადავიხედო და რეალობას ვუბრუნდები. რატომღაც ყველაზე ხშირად მაგონდება საჭმელი და ძალიან ძველი დრო, ნიკოლაძის პერიოდი. შეიძლება ძალიან ბევრი რამე ემთხვევა ერთმანეთს, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, სტუდენტური პერიოდი და სულ სხვა სამყაროს შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ ამ ყველაფერს ათწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება ემატება.
რეალურად რას ვაკეთებ? ვცდილობ ვიპოვო შანსები, რომ გამოვიყენო. ჩემს ასაკში უკეთესს ვერაფერს გააკეთებ.
ჩემი ყულაბა უკვე გაივსო : ) ჩემი დაბადების დღე ახლოვდება, რომელიც როგორც ყოველთვის დიდად არ მადარდებს, სამაგიეროდ მგონი ცხოვრებაში პირველად მიხარია ახალი წლის მოსვლა
ვნახოთ რა იქნება, ფაქტია, რომ დროებით რუტინაც საჭიროა ფულის და ძალების დასაზოგად მომავალი თავგადასავლებისთვის, რაც არ უნდა იყოს თავგადასავლები მაინც ზაფხულისაა : )
ამ პერიოდის ამოჩემებული მუსიკა
Crystal Castles
take my hand
1 comment:
რუტინისგანაც კი შეიძლება ცხოვრებისეული სიამოვნების მიღება. ოღონდ ამასაც ნიჭი უნდა. და ეს ნიჭი შენ გაქვს : )
Post a Comment