თუკი ვინმე მკითხავს ამსტერდამზე აზრს, დაუფიქრებლად მივანიჭებ შეშლილი ქალაქის სტატუსს, აბსოლუტურად ყველაფრით და ვერც ვერავინ შემეკამათება. ამსტერდამში მართლა ყველაფერი შეშლილია, შენობები, ხალხი, ფასები, ამინდი, განსაკუთრებით ამინდი და ყველაფერი ერთად ერთ დიდ არეულ-დარეულობას ქმნის.
ჩასვლისთანავე უზარმაზარ ხალხის მასაში ჩავყვინთეთ, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით, გზა გაგვეგნო და დღის გეგმა დაგვესახა, მოკლედ ტიპური ტურისტები ვიყავით რუკებით, ფოტოაპარატებით და დაბნეული სახეებით.
ამინდი იყო საოცარი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ამქვეყნად ეგეთი უთავბოლო და არანორმალური წვიმა თუ იარსებებდა. აქაოდა ამსტერდამელი წვიმა ვარო და ყოველ ათ წუთში ერთხელ კოკისპირულად უშვებდა, ორ წუთს გაგრძელდებოდა და მერე ისევ მზე გამოანათებდა. კიდევ გასაკვირია ქალაქი ამდენ ხანს რომ არ ჩაიძირა. პირველ დღეს შორტები მეცვა, რომლის გამოცვლაც ვერაფრით ვერ მოვახერხე და რომ არა ცხელი ყავა და მოგვიანებით ლუდი (პირადი აზრით ამსტელი ჯობია ჰაინეკენს), გაცივება არ ამცდებოდა.
პირველ პუნქტად დასახელდა რაღაც ბაზრობა, რომელიც რაღაც პერიოდში ერთხელ იმართება და ერთ-ერთს ძალიან უნდოდა იქ მოხვედრა. აი სწორედ მანდ ვეზიარეთ პირველ ამსტერდამული წვიმის მადლს. ქუჩის გადაჭრისას, სანამ ერთი მწვანე შუქი გავიარეთ და მეორეს მოლოდინში კნძულზე შევჩერდით, მაშინ დაუშვა შხაპივით წვიმამ და ვიდექით კუნძულზე ქოლგებით შემოჯავშნულები და წითელი შუქის ჩაქრობამდე წასასვლელი აღარსაით გვქონდა. სანამ ქუჩა ბოლომდე გადავკვეთეთ და ფარდულებს თავი შევაფარეთ მზემაც გამოანათა. ფარდულებში დიდად საინტერესოს ვერაფერს წავაწყდით გარდა მწვანე ჩუპა-ჩუპსებისა.
მოკლედ, როგორც იქნა ვჭამეთ შედარებით იაფ თურქულ კაფეში და დავიშალეთ ინტერესებისდა მიხედვით.
პირველი ჩემი მუზეუმი აღმოჩნდა ანა ფრანკის სახლი. გინდ ასე, გინდ ისე აუცილებლად ჩავთვალე მენახა ის ადგილი რეალურად, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩემებურად წარმოსახული არსებობდა და მთელი წიგნის კითხვისას და მერეც ამ წარმოსახულ სივრცეში მიმდინარეობდა მოვლენები. ნეტა ყველა წიგნის ახდენა ეგრე შეიძლებოდეს, ისიც მეყოფა სალტკროკას და ვილა ყიყლიყოს რომ ვერასოდეს ვეღირსები : )
შემდეგ იყო ნავით ტური ამსტერდამის არხებში. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ღირდა. ამასობაში არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ ათ, უკეთეს შემთხვევაში თხუთმეტ წუთში ერთხელ ბუნებრივ ცივ შხაპს ვიღებდით.
ბოლოს უკვე თავიდან ფეხებამდე სველები და გაყინულები, ვისხედით ერთ-ერთ კაფეში ფანჯარასთან, ცხელ ყავას ვსვამდით და ვგრძნობდით როგორ თბებოდნენ ერთმანეთის მიყოლებით ძარღვები.
და ამის შემდეგ, უკვე შეღამებულზე გავწიეთ ყველაზე დიდ მაგნიტად წოდებულ, ქაოსისა და სიბინძურის ბუდისკენ, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს. სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგა "კოფი-შოფების" სანაპიროდან იმ ვიწრო შესახვევში და თავს ამოყოფ ათასნაირი ადამიანით შეზავებულ უწყვეტ ნაკადში, ნახევრად განათებულ, პლანის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილ ქვაფენილიან ვიწრო ქუჩებში, კუთხეებში მდგარი ნარკოტიკების გამსაღებლებით და ფანჯრებში გამოფენილი ქალებით.
მოკლედ, ყველაფერს რომ მივედ-მოვედეთ და მივხვდით, რომ ფეხზე ძლივსღა ვიდექით, წავლასლასდით ჰოსტელისკენ. საბედნიეროდ დაგვხვდა ძალიან სუფთა და კარგი ნომრები, ოღონდ ჭრიალა საწოლებით. მე მაშინვე ფანჯარასთან მდგარი საწოლის მეორე სართულზე მოვთავსდი. ვიჯექი ფეხებშეკეცილი, ლუდს ვსვამდი და ვიყურებოდი ქუჩაში.
დილით პირველი ადამიანის ადგომისთანავე საწოლის ჭრიალზე გაეღვიძა ყველას : ) ჩავედით სასაუზმოდ, სადაც მთელი დღის სამყოფი ბუტერბროდები ვჭამეთ, ჩეკ-აუთ სასტუმროდან და გაუდგა ყველა საკუთარ გზას. მე რადგანაც ვერავინ ვიპოვე მუზეუმებით დაინტერესბული, გადავწყვიტე - დიდი ამბავი, თუ ბოლო რამდენიმე საათს მარტო გავატარებდი ქალაქში. არაფრით არ მინდოდა ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების გარეშე დარჩენა.
თავიდან გავწიე ერმიტაჟისკენ, სადაც შესვლისთანავე რენუარის ქალი შემომეგება, გვერდზე მონეს ბაღში გადავუხვიე, როდენის მოალერსე წყვილებს ვუთვალთვალე, გოგენის გოგონებს ღიმილი გავუცვალე და სეზანის "მწეველს" ცოტა ხანი ჩამოვუჯექი.
და ბოლო ტკბილ ლუკმად ყვავილების ფარდულების და "I am sterdam" -ის გავლის შემდეგ, ჩემს წინ ვან გოგის მუზეუმი აღიმართა.
ჰმ... აბა რა გითხრათ, ვან გოგის ნახატები ვნახე ორიგინალში
პირველად ძველი, ჩაბნელებული დროის ნახატები ვნახე, კარტოფილიჭამიების და გამურული ხალხის პერიოდი, შემდეგ გზად რამდენიმე მოგვიანებით დახატული ტილო და უცებ აღმოვჩნდი დარბაზში, რომელსაც ეწერა "არლი 1888-1889" და იქაურობა ნარინჯისფერი მზით, თავთავებით, ვარდისფერი ატმებით და მზესუმზირებით იყო გამოტენილი. ტანში გამცრა და თვალები ამიწყლიანდა, ყველაფერი იქ იყო, მისი ყველაზე ბედნიერი ნახატები. გვერდზე დარბაზში უფრო გვიანდელი, ნერვიული ნახატები იყო, დიდი საღებავის მონასმებით, ჩამუქებული ცით და ყვავებით სავსე. დავდიოდი და გულში ვიმეორებდი "ჩემი შეშლილი, ჩემი შეშლილი". და ბოლოს, სულ ზევით გზად სურპრიზად დახვედრილი ტულუზ-ლოტრეკის, გოგენის და პარიზელი შავი კატის გავლის შემდეგ, მოვხვდი იმ ნაწილში, სადაც ჩემი საყვარელი მწვანედარაბებიანი "Yellow House"-ა.
აბა მართლა რა გითხრათ, I'm impressed.
ჰო, იმას გეტყვით, რომ რიგმა არ შეგაშინოთ, 30-40 წუთით ლოდინი, ხან მზეში და ხან ქარიან წვიმაში ნამდვილად ღირს.
ხუთ საათზე უკვე უნდა შევხვედროდი ბავშვებს, ერთ-ერთ მაღაზიაში ყველი უნდა დაგვეგემოვნებინა და წამოვსულიყავით გერმანიაში.
ამსტერდამში პირდაღებული ტურისტი არავის უკვირს, ასე, რომ თავისუფლად ვისარგებლე ტრამვაითი და დაგვიანება თავიდან ავიცილე. რა თქმა უნდა გავსინჯეთ უგემრიელესი, გემრიელზე გემრიელი ყველი, ამსტერდამული ჰაერის და წვიმის ბოლო ყლუპები გადავყლაპეთ და ავტობუსში მოვკალათდით.
და აქვე რამდენიმე რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ უახლოეს მომავალში აპირებთ მანდეთ წასვლას:
- აუცილებლად გადახედეთ ამინდის პროგნოზს და აუცილებლად აიცილეთ თავიდან წვიმიანი ამინდები.
- აუცილებლად წადით ვან გოგის მუზეუმში
- აუცილებლად გაიარეთ ღამე წითელი ფარნების უბანში
- მცენარეებთან ფრთხილად იყავით
- იქირავეთ ველოსიპედი (რაც ჩვენ შესაფერისი ამინდის გამო ვერ გავაკეთეთ)
- წაიღეთ ბევრი ფული
- აუცილებლად იპოვეთ მაღაზია, სადაც ყველის დაგემოვნება შეიგიძლიათ
- შეარჩიეთ ჰოსტელი, სადაც საუზმეც შედის ფასში
- კიდევ ერთხელ ეცადეთ, რომ არ დაგემთხვეთ შეშლილი წვიმიანი ამინდები
- ასევე გირჩევთ, რომ თუ დიდ ჯგუფთან ერთად ხართ და თქვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ადექით და გაუდექით გზას მარტო და თქვენ ნებაზე შეიგრძენით ქალაქი (დაღამებამდე)
და არა, არ არის ამსტერდამი ჩემი ქალაქი
უკან დაბრუნებისას გერმანიის საზღვარზე რომ გადმოვედით და გერმანული წარწერები დაიწყო ბილბორდებზე, შინ დაბრუნების გრძნობა დამეუფლა
და უკვე კიოლნში, გაჩერებაზე ვისხედით და ვლაპარაკობდით რა კარგია კიოლნი, მშვიდი, სუფთა, მოწესრიგებული და დღეში ერთხელ წვიმაც ჰყოფნის : )
და სუუულ ბოლოს, სახლში მოსულმა ჯიბეებში ჩარჩენილი ამსტერდამი ამოვალაგე, ჰერკულესის ფაფა გავიკეთე (ერთადერთი საჭმელი, რაც კვირას საღამოსთვის დამრჩა), ცხელი კარამელის ჩაი მოვიდგი გვერდით და ეს პოსტი დავწერე მანამ, სანამ მთელი ემოციები ჯერ კიდევ ძილს არ გაჰყოლია : )
(Kölner) Dom,მილიი Dom
ამსტერდამში დაკარგვა არც ისე ადვილია


2 comments:
რა მაგარია! ორი დღე იყავით, ხო? რა დაჯდა ეს ყველაფერი? და ანა ფრანკის მუზეუმზე ცოტა დაწვრილებით დაწერე რა :( თავშესაფარი სადაც იყო იქ არის გახსნილი? ვაიმე, როგორ მინდა!
კი ორი დღე, სულ ალბათ სადღაც 120 -130 ევრო დამიჯდა და ესეც იმიტომ, რომ ბევრი არ მიჭამია და არაფერი მიყიდია
ანა ფრანკს რაც შეეხება, კი სადაც იყო რეალურად ანა, ის სახლია, ის წიგნების თაროც იქაა და ციცაბო კიბეებიც და ის კინოვარსკვლავების ფოტოებიც გაკრულია ისევ : )
ავეჯი არ დგას, მარტო სამზარეულოს კარადა და ონკანი და ტუალეტი, მაგრამ მაკეტია გაკეთებული ზუსტი ავეჯის განლაგებით
თვითონ სახლი ძალიან პატარა არაა, უბრალოდ ყველა ფანჯარა შავი ფარდებით იყო დალუქული და ფაქტიურად სარდაფივითაა ჩაბნელებული და ნათურითაა მარტო განათებული
სხვენზე ასვლა არ შეიძლებოდა,სხვენი და პეტერის ოთახი ერთადერთი ადგილია სადაც დღის შუქი აღწევდა
ცოტაოდენი რეკვიზიტებიც აწყვია, ფურცლები და ანას დღიურები : )
მოკლედ მართლაც რომ საინტერესო იყო
Post a Comment