გარეთ ეს დღეებია სულ თოვს, ტემპერატურა უკეთეს შემთხვევაში დღისით ერთ გრადუსამდე იწევს, ღამით კი -10 -მდეც ჩამოდის, შესაბამისად დღისით ჭყაპია, ღამ-ღამობით კი ხრაშუნა ყინულად გადაიქცევა ხოლმე.
მე ვატარებ ჩემ დღეებს მშვიდად და სასიამოვნოდ, ჩემი ოთახი ძალიან თბილი და მყუდრო აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი გარემოა მე რომ მიყვარს, შიგნით ყვითელი შუქი და ფანჯრებში ლურჯი პეიზაჟი. ჩართული მაქვს მუსიკა, გვერდზე მოდგმული მაქვს რამე ცხელი სასმელი და ვმუშაობ ჩემს პროექტზე, რომელიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება რაც უფრო წინ მივიწევ.
ვგიჟდები ჩემს სამუშაო კუთხეზე, შუაში ლეპტოპი ფოტოშოპით, გვერდებზე ქაღალდების და ბლოკნოტების გროვა იდეებით, მონახაზებით და შენიშვნებით სავსე. რამდენიმე ცარიელი ჭიქა და ფერადი კალმები. ტვინი დაქოქილია და ამიტომ საღამოობით დაძინება მიჭირს.
![]() |
| ჩემი დაბადების დღის გლინტვეინი |
ამ რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა, მაგრამ მე ხომ ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ კვირებში გავხდი 24 წლის
ორ კვირაზე ერთი დღით ნაკლები დარჩა ჩემს ბერლინში ჩასვლამდე. ვერ წარმოიდგენთ როგორ ველოდები ამ არდადეგებს. უბრალოდ ვცდილობ არ ვიფიქრო ჯერ მაგაზე, იმიტომ, რომ ჯერ აქ ვარ და ჩათვლები მაქვს ჩასაბარებელი. თან არც მიმჩნია, რომ წინასწარ ფიქრი საჭიროა, ჩავალ და როგორიც დამხვდება ისეთით ვიქნები ბედნიერი.
ახალი სასიამოვნო დეტალები მაქვს - ცხელი კაკაოს ჭიქაჩაბღუჯულს თოვლი რომ გეყრება სახეში : )
აღმოვაჩინე, რომ ზამთარშიც შეიძლება იყო ბედნიერი, იმდენადაც კი, რომ უცებ ნაძვის ხის ქვეშ სურვილის ჩასაფიქრებლად დამდგარს თავში არაფერი მოგივიდეს აზრად.
ჰმ... ახალი სურვილების მოფიქრების დროა...
ამ დღეების ამოჩემება - ინტერნეტრადიოს female არხი და ეს სიმღერა


No comments:
Post a Comment