Sunday, September 16, 2012

Ein Kölsch, bitte!..



კიოლნი არის ქალაქი, სადაც ჩამოსვლისთანავე შიგ ქალაქის გულში ხვდები და ყველაფერი ერთდროულად გატყდება თავს, იმ თაღებიან ხიდს გადადიხარ, მთავარი ვაგზლიდან გამოდიხარ იმ მოედანზე და შენს წინ უზარმაზარი ტაძარია ცამდე აწვდენილი და ცოტა ხანში ხვდები, რომ დამდგარხარ და მონუსხული შესჩერებიხარ. რამდენიც არ უნდა უარო გარშემო, მაინც არ მოგბეზრდება ცქერა. ქალაქის რა ნაწილშიც არ უნდა იყო, ყველგან ჩანს და როცა საიდანმე ბრუნდები, შორიდანვე ხედავ იმ მაღალ სამრეკლოებს და დაბრუნება გიხარია.

ტაძრის გარშემო დუღს ცხოვრება, მთელი ძველი ქალაქი გამოტენილია კაფეებით,  ლუდის რესტორნებით, საფუნთუშეებით, სანაყინეებით და უამრავი ხალხით. ტაძრის გვერდზეა უზარმაზარი საფეხმავლო სავაჭრო ქუჩა, ტაძრის წინაა უზარმაზარი მოედანი და კიბეები, რომელზეც მთელი დღე შეგიძლია იჯდე და ხალხის მიმოსვლას უყურო, როგორც მთელი დუჟინი ბომჟები აკეთებენ : ) და ეს ყველაფერი სავსეა ქუჩის მუსიკოსებით, დადიხარ ქუჩებში და ყოველი მოსახვევის მერე შენი ცხოვრების ახალი საუნდტრეკი გხვდება.


ზუსტად ორი კვირაღა დაგვრჩა კიოლნში ყოფნის და ყველას ძალიან გვწყდება გული, იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ძალიან კარგი და გულთბილი, და ჩვენც მართლა ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და თავს მართლა კარგად ვგრძნობთ.

ვხვდები, რომ დაძინება არ მინდა, აქ რაღაცნაირად ისეთი საინტერესოა ყოფნა არ მინდა ძილში გავიდეს დრო
ღამე გვიანობამდე არ მეძინება და მიხარია, რომ მეორე დღეს უნდა გავიღვიძო და ახალი დღე დავიწყო, ჰოდა ვცდილობ, რაც შეიძლება ადრე ავდგე დილაობით, თუმცა ეგ ხან გამომდის - ხან არა : )

უკვე იმ ფაზაში ვარ, რომ შინაურდება გარემო და ნელ-ნელა რომ მისი ნაწილი ხდები.

ვგრძნობ, რომ ჩემს ადგილას ვარ, ჩემს საკუთარ თავს ნელ-ნელა ვემთხვევი, ჩემს წრეში ვზივარ თუ როგორც არის და ჩემი კომფორტის ზონას ვგრძნობ. შეცვლას რაც შეეხება - ვიცი რომ შევიცვალე, ეს ჯერ კიდევ წამოსვლამდე დავიწყე, ზოგადად ამ უკანასკნელ 12 თვეში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული  გარდატეხა მოხდა და ძალიან ბევრი გამოცდილება დამიგროვა.
იცით რა არის ყველაზე კარგი - როცა ერთ ადგილას ხარ და სულ ერთ სიტუაციაში ტრიალებ, რეალური ინდივიდი გარემოს გავლენის ქვეშ ექცევა. ჰოდა როცა შორდები ამ გარემოს, ხვდები რეალურად რა გინდა, სხვა თვალით უყურებ საკუთარ თავს და უფიქრდები სინამდვილეში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რა გინდა აკეთო.

Rudolfplatz
ენას რაც შეეხება - რა გასაკვირია და მართლა საგრძნობლად გაუმჯობესდა ჩემი გერმანული, მთელი ჩემი სიტყვების მარაგი წინა პლანზე გადმოლაგდა და ძალიან სწრაფად ვაწყობ საჭირო წინადადებებს, ქუჩაში ხალხის ლაპარაკის თემა უკვე მესმის და აქაურებთანაც თავისუფლად ვლაპარაკობ.

ჰოდა, თქვენ არ იცით რამაგარია, როცა ბევრი ენა იცი და ფაქტიურად ყველასთან შეგიძლია ლაპარაკი, ჰოდა მინიმუმ ინგლისური ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს კარგად უცხო გარემოში ადვილად ინტეგრაციისთვის.

აქ საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ასე, რომ დავხეტიალობ ქალაქში და ათას საინტერესო რამეს ვაწყდები.
გუშინ მაგალითად ჯერ კარგა ხანი ვიხეტიალე ქუჩებში, მერე ერთი ძალიან სასაცილო კაცის წარმოდგენაზე ამოვყავი თავი რაინის სანაპიროზე, გზადაგზა ნაცნობებს გადავაწყდი, ლუდი დავლიეთ, ხიდებზე ვიბოდიალეთ, მერე შემთხვევით ჩინურ ფესტივალს დავესწარი მთელი რიგი შთამბეჭდავი საკონცერტო ნომრებით და ბოლოს ახლადმიწყნარებული სავაჭრო ქუჩის გავლით ჩემს ავტობუსამდე მივაღწიე.

Neumarkt
კაცმა არ იცის კიდევ როდის მომიწევს აქ დაბრუნება, მაგრამ ვნახოთ, მანამდე კი ვატყობ ძალიან, ძალიან ბევრი საინტერესო რამე მელოდება წინ
ახალი ქალაქი, ახალი ჯგუფელებით და ახალი თავგადასავლებით

კიოლნი კი არის ის ქალაქი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი

No comments: