| ჩვენი მთავარი ქუჩა ვაიმარში |
აქ იყვნენ ის ამოუცნობი რუსული ნოსტალგიები, ბავშვობაში წაკითხული წიგნების განწყობები, მზიანი ტყის ფერდობები, აქამდე გავლილი ქუჩები, საღამოს ბინდის მსუბუქი მელანქოლიები, ჭიშკრიანი სახლები, ბებიების ოქროსფერფოთლებიანი კაბების ლანდები, ახლადგამომცხვარი თონის პურის სუნი, გვერდზე ჩავლილი წყნარი ლაპარაკები, გვერდით ოთახში ანთებული სინათლეები და კიდევ ათასი აბსტრაქტული შეგრძნებები.
კარგა ხანი ვიბოდიალე მაღაზიებს და ნოსტალგიებს შორის და შეღამებულზე სახლისკენ გამოვბრუნდი. აქ ჩამოსულს ვაიმარი კიდევ უფრო მეპატარავა და ის-ის იყო მოწყენას ვაპირებდი, ფბ-ზე ჩემმა ჯგუფელებმა ივენთი დადეს : ) ერთ-ერთთან ვიკრიბებოდით. ჰოდა მეც წამოვავლე პირველ შემხვედრ ლუდს სუპერმარკეტში ხელი და გავწიე მათკენ : )
და კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის ძალიან მაგარი. წიგნების საცავზე და კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ აქ არის პატარა ოთახები, რომლებიც შეგიძლია დაჯავშნო და წყნარად და აბსოლუტურად კონცენტრირებულმა შენი პროექტის თეორიულ ნაწილს თავი უბრახუნო, თან ხმის საკმაოდ კარგი იზოლაციის წყალობით გვერდით კაბინეტებში მსხდომებიც არ შეაწუხო.
ჰოდა მოკლედ პაწაწინაა ეს ქალაქი, მაგრამ ვატყობ კიდევ უამრავ საინტერესო რაღაცას შემომთავაზებს.
ჰოდა ვნახოთ!.. : )
ჰო, ადრეც ვთქვი - "მებრძოლთა კლუბი" ვიყიდე გერმანულად, და როგორც კი დროს ვიხელთებ უნდა წავიკითხო, ისეთი კარგი შრიფტით წერია და ისეთი კარგი სუნი აქვს : )

No comments:
Post a Comment