Sunday, October 14, 2012

ამაო გარჯა ხახვისა

 კვირა ის დღეა მთელს გერმანიაში, როცა თუ წინა დღით არ იზრუნე საჭმელზე, დილით მშიერი რომ გალასლასდები სამზარეულოში, ერთ თავ დამპალ ხახვსაც კი ვერ იპოვი. გუშინ თორმეტი ხდებოდა უკვე ბონიდან რომ დავბრუნდი სახლში და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სულ სამი-ოთხი დღეა რაც აქ გადმოვედი, და იმასაც, რომ კვირის რა დღეც არ უნდა იყოს და წელიწადის რა სეზონიც, ჩემ სახლში ხახვს მაინც ვერ იპოვით, შესაბამისად ნამდვილად ამაო იქნებოდა გარჯა.
გეგონოს!..
 შეიძლება სამზარეულოში ვერ იპოვო, მაგრამ სამაგიეროდ გარეთ ხახვს მიაქვს ქალაქი : ) წარმოდგენა არ მაქვს ვის მოუვიდა თავში პირველად აზრად ხახვის ფესტივალის დაარსება, მაგრამ ფაქტია არსებობს : ) ჯერ კიდევ გუშინ, ვაგზლიდან სახლამდე გზაში ასობით ადამიანი შემხვდა მეზობელი ქალაქებიდან ჩამოსულები უკან რომ ბრუნდებოდნენ. თითო ავტობუსის გაჩერებაზე დაახლოებით 50 ადამიანი მაინც იდგა და თვითონ მოედნებზე ტევა არ იყო. ჰოდა მოვაპობდი ამ ჩემი ჩანთით ხელში ხალხის ნაკადს და გზადაგზა ყოველ კუთხეში დადგმული სცენიდან მომავალი მუსიკა მომაცილებდა.

ხახვის გოგონები
 დღეს დილით კი, ზემოთ აღწერილი ჩემი მდგომარეობის გამო, ყავის დასალევად და საჭმელად გავედი. ცხოვრებაში ამდენი ხახვი არ მინახავს ერთდროულად, პირდაპირ წალეკილი იყო ქუჩები, ყოველ ნაბიჯზე პატარა ფარდულები იყო ჩამწკრივებული, სადაც ხახვიან ნამცხვრებს გთავაზობდნენ, ხახვის და ნივრის ასხმულები ხომ მთავარი სამშვენისი იყო და ამ ყველაფერთან ერთად მთელი ჰაერი გაჟღენთილი იყო ხახვის სუნით. ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ მე თუ ჯოჯოხეთში მოვხვდები იქ ხახვის სუნი იდგება. 
 რადგანაც შევატყე, რომ ხალხი აშკარად აღტაცებული და დიდი ენთუზიაზმით იდგა რიგებში და მიირთმევდა ამ ნამცხვრებს, გადავწყვიტე ბრბოს ფსიქოლოგიას ავყოლოდი და ეს ესოდენ მნიშვნელოვანი ხახვის ნამცხვარი გამესინჯა. 
  თუ ჯოჯოხეთში მოვხვდი და რამის ჭამის ნება დამრთეს, ეს ხახვის ნამცხვარი იქნება. გადახდილი ორი ევროს ხათრით და საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად, რომ მე ეს შემეძლო მთელი ნაჭერი შევჭამე და კინაღამ გული ამერია, უკვე მხოლოდ ცხვირით კი არა, ყველა უჯრედით ვგრძნობდი ხახვის სუნს და გემოს. ძლივს მივაღწიე ჩემს საყვარელ საცხობამდე და სასწრაფოდ ყავა და ბელგიური ვაფლი ჩავიტენე პირში, რომ თავი დამეღწია ამ ამაზრზენი შეგრძნებისგან.
  ვაყალიბებ ახალ მიმდინერეობას და დღეიდან ვარ ხახვიარიანელი (ვეგეტარიანელობის ერთ-ერთი მიმდინარეობაა)
  კიდევ კარგი ეს ორი დღე ბონში ვიყავი და მარტო ერთი დღით მომიწია ამ აურზაურში ყოფნა. თუმცა ვატყობ, რომ საშობაო ბაზრობა მართლაც რომ ძალიან ლამაზი და საზეიმო იქნება.
 და ყველაზე სასაცილო ისაა სატირალი რომ არ იყოს, რომ საღამოს მეორედ გასვლისას აღმოვაჩინე, რომ სუპერმარკეტებს ამ განსაკუთრებული მოვლენის გამო მთელი დღე უმუშავიათ. რაღა უნდა მექნა, ვიყიდე ერთი ცალი ვაშლი და ჭამა-ჭამით გამოვუყევი წვიმიან ქუჩებს სახლისკენ.

No comments: