Thursday, October 11, 2012

შემოდგომა ვაიმარში

  მე თუ მკითხავთ მზიანი შემოდგომა ყველაზე ლამაზი სეზონია სადაც არ უნდა იყო, და შეიძლება განსაკუთრებით ევროპის პატარა ქალაქებში, მითუმეტეს თუ ცენტრალური ვაგზლიდან ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებს დაუყვები და გზადაგზა ფეხებით ოქროსფერ ფოთლებს ააფრიალებ.
  ვაიმარი პატარა ქალაქია, აი ბებიასთან რომ უნდა ჩახვიდე ზაფხულის არდადეგებზე და მთელი დღე ველოსიპედით სეირნობასა და სანაყინეებით გამოტენილ ქუჩებში გაატარო


  ვატყობ აქაურობა მოხუცი ხალხის რეჟიმით ცხოვრობს, აქ საფუნთუშეები დილის ექვს საათზე იღება და რვაზე უკვე ყველაფერი დაკეტილია.
  აქ შეგიძლია რომელიმე საფუნთუშე ამოიჩემო და ყოველ დილით ბელგიური ვაფლებით და ყავით ისაუზმო.
  ბედნიერი ვარ, უბრალოდ აი ასე!
  ჩემი საყვარელი ყვითელი ოთახი უნივერსიტეტიდან 5 წუთის სავალზეა ფეხით, ზუსტად ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს საცხობია, რომელშიც შეგიძლია ძალიან გემრიელი ფუნთუშები იყიდო და უნივერსიტეტში წაიყოლო საუზმედ. როგორც იქნა შევიგრძენი რა ბედნიერებაა, როცა სახლი ძალიან ახლოსაა უნივერსიტეტთან და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია უცებ აირბინო.
  საჭმელს რაც შეეხება - როგორც იქნა მეშველა. აქ გვაქვს ძალიან კარგი სასადილო, სადაც მთელი უნივერსიტეტი ერთად ჭამს. 2-3 ევროდ შეგიძლია მთელი დღის სამყოფი ჭამო და თან საკმაოდ გემრიელად.
  ჩემს ოთახს რაც შეეხება არის ზუსტად იმხელა რამხელაც მჭირდება, აქვს პაწაწინა აივანი და ხის ოდნავ ჭრაჭუნა იატაკი : ) ასე, რომ გვიან თუ მოხვედი სახლში ფეხაკრეფით უნდა იარო. ავეჯი აბსოლუტურად არაფერი არ გამაჩნია ერთი ცალი მატრასის გარდა, რომელიც შუაგულ ოთახში მიგდია და ნებისმიერ დროს შემიძლია გემრიელად გავიშხლართო ზედ. ასევე მაქვს წინა მცხოვრებლის მიერ დატოვებული თავისით შეჭედილი პატარა კუთხის მაგიდა, ფანჯრის რაფა და ქურთუკის საკიდები : ) და პირდაპირ ბედნიერი ვარ ამ ჩემს მთელ ავლადიდებას რომ ვუყურებ : )
  აქ მე რეალურ შარში ვარ, ერთი იმ მხრივ, რომ ყოველი მეორე გერმანელი ბიჭი არის სიმპატიური, და ამათგან ყოველი მეორე ძალიან სიმპატიური ჰოდა მთელი ვაი-მარი გამოტენილია ამ სიმპატიური ბიჭებით.  და მეორე ის, რომ აქ არის რაღაც სასწაულებრივი საკანცელარიო მაღაზია, ბიჭებს შეიძლება რამე მოვუხერხო, მაგრამ ვინც ჩემი საკანცელარიოების მიმართ დამოკიდებულება იცის, მიხვდება რა  მართლაც რომ სერიოზულ შარში მაქვს თავი გაყოფილი, ფაქტიურად ჩემი სტიპენდიის კარგა გვარიანი ნაწილი მაგას შეეწირება და საბედნიეროდ მგზავრობა უფასოა, თორემ ფეხით მომიწევდა სახლში წაჩანჩალება. ეს ისე მხატვრულად რომ ვთქვათ, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ეს მაღაზია ზუსტად ჩემი სახლის და უნივერსიტეტის შუაშია და ყოველდღე დიდი საფრთხის წინაშე და ბეწვის ხიდზე მომიწევს სიარული.
  უნივერსიტეტს რაც შეეხება არის იმაზე უკეთესი ვიდრე ველოდი და წარმომედგინა და გულს მიხარებს. აქ არის დიდი სამუშაო ოთახები, სადაც გვიან ღამემდე შეგიძლია თავისუფლად ახალო თავი პროექტს : ) ასევე არის კომპიუტერული ცენტრი და გვერდზე შენობაში არის სახელოსნოები მაკეტებისთვის, სადაც პირდაპირ დიდებული დანადგარებია განთავსებული შენი ნებისმიერი პროექტის ასასრულებლად. სტუდენტებისთვის ამობეჭდვა ღირს იაფი და მოკლედ რაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა სტუ-ს არქიტექტურულ ფაკულტეტზე კარგ სასწავლო  პირობებზე ოცნებას შევალიე ახლა მიხდება ყველაფერი.

პირველი პროექტი : ))
  ეს სამი დღე გვქონდა ასე ვთქვათ გაცნობითი ვორკშოპი და ჩემი პირველი პროექტი, გვიან ღამემდე მუშაობა და პირველი დედლაინიც წარმატებით შედგა.
ჩემთან ერთად მოხვდა ერთი გერმანელი ბიჭი, რომელმაც დიდად დამავალა და ჩემი მთელი "ავეჯი" და ნივთები მანქანით გადამატანინა ჩემს სახლში.
  ხვალ ბონში მივდივარ, მთელი 5 საათი მატარებელში უნდა გავატარო, მარტო ერთხელ მიწევს ფრანკფურტში გადაჯდომა და ჩემი პირველი გერმანული დილა თუ ღამე ისევ თვალწინ ჩამირბენს. უკვე მოვიმარაგე ყურსასმენები და ვაფლები, რომ გზაში არ მოვიწყინო - მთავარია დილით არ დამაგვიანდეს, დილის შვიდ საათზე უკვე მატარებელში უნდა ვიჯდე.
  აბა რა გითხრათ კიდევ, ისევ ბალანსს ვინარჩუნებ, ძალიან ცუდი პერიოდის მერე ისევ ძალიან კარგი დრო დგება, ასე, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ხომ ვამბობდი, რომ 2012 კარგი წელი იქნება-თქო, ჰოდა არის!

No comments: