
როგორც წესი, მთელი ცხოვრების მანძილზე დროს ვატარებ ან საკუთარი თავით უკმაყოფილებაში, ან სიამაყეში, სინდისის ქენჯნაში, ან რაღაც მიზნებისთვის ბრძოლაში ან დინებას მივყვები
არის მომენტები, როცა ენერგიით და მოტივაციით სავსე ათას საქმეს ვასწრებ და ბოლოს საკუთარი თავით ვამაყობ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და მიხარია
არის მომენტები, როცა უბრალოდ სკამიდან ადგომაც კი მეზარება, არაფერი არ მადარდებს და ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული და ენთუზიაზმის ნატამალიც კი არ გამაჩნია.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი რომელიც დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს ჩემი მოქმედების შედეგიანობაზე, რომლებიც მიმაღლებენ მოტივაციას, სასიცოცხლო ტონუსს ან საერთოდ მიკარგავენ რაიმეს გაკეთების ხალისს
ჩვეულებრივ დიდი ნებისყოფით არ გამოვირჩევი, ასე, რომ წარმატების და კარგი შედეგის მისაღწევად სხვა გზები მაქვს აღმოჩენილი
ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ დადებითად:თავის დაღწევის სურვილი - როცა ჩემი მდგომარეობა და სიტუაცია არ მომწონს და მინდა გავექცე. ყველაზე მეტად ეს შეგრძნება მქონდა მაშინ, როცა ელიავაზე ვმუშაობდი, ყოველდღე ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვრჩებოდი, სამაგიეროდ სავსე ვიყავი შეგრძნებით, რომ თუ მინდოდა, რომ აღარასდროს მემუშავა მსგავს ადგილას და სამომავლოდ მქონოდა შესაბამისად უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობა, უნდა მემოქმედა და თავი დამეღწია იქიდან - შესაბამისად თავს ძალას ვატანდი და თავდადებულად დავრბოდი გერმანიაში გასაგზავნი საბუთების შესაგროვებლად, რაც წარმატებით შევასრულე.
ამ პერიოდშივე იყო "სპილო ოთახში", რომელის მოსაგებად ენთუზიაზმი სხვა ფაქტორებთან ერთად საიდანღაც თავის დაღწევის სურვილმა განაპირობა
დამოუკიდებლობა - უნდა შევიქმნა მდგომარეობა, რომ ყოველთვის მქონდეს წასვლის შესაძლებლობა და არ ვიყო რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული, მატერიალურად ან ემოციურად. ყოველთვის უნდა შემეძლოს წასვლა, ერთერთი მიზანი ამისთვის არის საკუთარი სახელოსნო, რომელიც იქნება ჩემი საკუთარი სამყარო, სადაც ასე ვთქვათ ნებისმიერ დროს შევაფარებ თავს და ვიქნები ჩემი საკუთარი მე.
თავმოყვარეობის შელახვა - როცა ჩემი სიზარმაცის გამო სხვებზე უკან აღმოვჩნდები ხომლმე, ყველაზე მეტად მახსოვს ნიკოლაძეში, ერთ სემესტრში ინტერნეტი ჩავრთე ჩემს მობილურში და ძალიან ჩამითრია ჩატმა, რის გამოც სემესტრული კლაუზურები მივაფუჩეჩე და მივიღე შესაბამისად დაბალი ნიშნებიც. ამან საშინლად გამაბრაზა ჩემ თავზე, იმიტომ რომ ჩემი სიზარმაცის გამო ნიჭი დაიჩაგრა და აღარ ვიყავი საუკეთესოთა რიგებში. შესაბამისად შემდეგი სემესტრისთვის თავს უფლება აღარ მივეცი იგივე განმეორებულიყო.
სტრესი და შიში შანსის გამოუყენებლობის - ეს მამოძრავებს გვარიანად : ) იმის წარმოდგენა, რომ არასწორი მოქმედების გამო დავკარგავ რაღაციდან თავის დაღწევის და სიახლის შანსს, ასევე შემელახება თავმოყვარეობა და საკუთარ თავზე გაბრაზების გარდა არაფერი შემრჩება ხელში, ჩემი სხეული თავისდაუნებურად მოქმედებს ამის თავიდან ასარიდებლად
კონკრეტული კონკურენცია და გამოწვევები - როცა შეჯიბრში ვარ ჩართული, როცა ვხედავ, რომ ჩემს გვერდით ჩემნაირი შესაძლებლობების ადამიანი იგივე რაღაცას აკეთებს, ვერაფრით ვერ ვთმობ მოგებას და ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ კონკრეტულ პიროვნებას გადავასწრო და გავიმარჯვო
დედლაინები - ცაიტ-ნოტი - ეს ჩემი მოწოდებაა, როცა ჩემი ტვინი ასჯერ უფრო სწრაფად აზროვნებს და ასჯერ უფრო მაღალპროდუქტიულია, როცა მთელი ჩემი სხეული მომართულია რაღაცის მოსწრებაზე, ადრენალინი სისხლში, საკვირველად სწრაფი რეაქცია და მოქმედება და სულ ბოლოს შედეგით კაიფი.
წარუმატებლობა - განსაკუთრებით ეს ეხება პირად წარუმატებლობებს, აი მაგალითად მომწონს ტიპი, რომელთან შეხვედრის მერე მიჩნდება იმედები, რასაც თავს ეგრევე აუარება კონტრარგუმენტს დავატეხ, რომლებიც ყველაფერს არამარტო გვარიანად აბათილებენ და ნაშთადაც კი რჩებიან, ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის და მიჩნდება წარუმატებლობის შეგრძნება. ეგეთ დროს მესმის ქალების, კარიერაში წარმატებებს რომ აღწევენ, ამ დროს ვიმუხტები ათასნაირი გრძნობით რომელიც წინსვლისკენ მიბიძგებს. ასე, რომ მოშლილი ნერვების მიუხედავად თუ ყველაფერი კარგად იქნა, მადლობის ნიშნად აუცილებლად დავპატიჟებ იმ ტიპს გერმანიაში ლუდზე : )
ადამიანები - ნებისმიერი, რომლებიც ჩემზე უკეთესები არიან და მინდა მეც ისეთი ვიყო და ისინი, რომლებიც ჩემზე უარესები არიან და არ მინდა მათნაირი გავხდე.

ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ უარყოფითად:
ემოციები - რომლებიც რეალობას მწყვეტს, ოცნებებს წამომიშლის და დროს მაკარგვინებს
სოციალური ქსელები - განსაკუთრებით ფბ, რომელიც დროს მაკარგვინებს
შექება - როცა რაღაცის კეთების პროცესში ვინმე მეუბნება, რომ კარგი ნამუშევარი გამომდის - მომენტალურად ვიბლოკები და ვეღარ ვანვითარებ და ვრჩები იმ მომენტზე, როცა დადებითი აზრი გამოთქვეს.
რაიმეს ხელმეორედ გაკეთება - საშინლად მეზარება ერთხელ გავლილი გზის მეორედ გავლა და მითუმეტეს შეწყვეტილი საქმის მერე გაგრძელება, მე მიყვარს ყველაფრის ერთი ამოსუნთქვით გაკეთება და სპონტანურობა, იმპროვიზაცია, დროში გაწელილი საქმეები ჩემთვის არ არიან დაბადებულები
სიტუაციით კმაყოფილება - როცა რაღაც მომენტში თავს კარგად ვგრძნობ, რამის შეცვლა მეზარება და ვფიქობ, რომ დიდი ამბავი თუ არაფერი გავაკეთე, ესე ცხოვრებასაც არაუჭირს-თქო
და ბოლოს ვთვლი რომ ენერგია და ფული არასოდეს არ უნდა დაზოგო ჯანმრთელობის, განათლებისა და კარგი მოგონებებისთვის. ეს ის სამი რამეა, რაც აბსოლუტურად ყოველთვის და ყველგან თან შეგიძლია წაიღო და არასოდეს არ დაგამძიმებს.
3 comments:
კარგი პოსტია! :)
აღარასდროს გეტყვი, რომ ჭკვიანმი, კარგი და ლამაზი ხარ! ცუდო და უშნო შენ! :D
ისე, რაც უფრო კარგია მოგონება, მითუფრო მძიმეა.. არაკომფორტულია კარგ მოგონებებთან გამკლავება. სულ სხვა საქმეა ემოციურად ნეიტრალური, მაგრამ კარგი დასასრულის მქონე ცუდი მოგონებები.. შეიძლება კარგი დასასრული სულაც არ ჰქონდეს, მაგრამ დასრულებული იყოს და გ უკვე კარგია ხოლმე. ეს ისე... ჩემი აზრი გაგიზიარე.
Post a Comment