Tuesday, July 2, 2013

Sehr geehrte Frau Giguaschwili...

  მთელი ვაიმარი საგამოცდო ციებ-ცხელებას ჰყავს შეპყრობილი. ის პერიოდია, როცა სიტყვა "summary" უფრო და უფრო ახლოდან ისმის. უნივერსიტეტში ყველა სტუდია სავსეა სტუდენტებით და გვიან ღამემდე შუქი გამოდის ფანჯრებიდან. პლოტერები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, მთელი უნივერსიტეტი ფუტკრის სკას ჰგავს, რომელიც 11 ივლისს მთელ თავის ნამუშევრებს გამოჰფენს, დათვრება და ამის შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში მთელი ქალაქი დაცარიელდება.
  ბილეთები ვიყიდე საქართველოსკენ და უკან და ერთი სული მაქვს უკვე როდის ჩავალ. ღმერთო! როგორ ველოდები! გერმანიაში წამოსვლაზე არანაკლებ, ამდენი ხნით არასოდეს არსად არ ვყოფილვარ წასული და საშინლად მაინტერესებს, იქ ჩასული როგორ აღვიქვამ ყველაფერს, მთელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მოლოდინებით და იმედგაცრუებებით, სიხარულებით და დათრგუნვებით.
აქ ზაფხულს როგორც იქნა მგონი დაადგა საშველი, თუმცა სამი დღის წინ ღამით ისევ 9 გრადუსამდე ჩამოვიდა ტემპერატურა, თუმცა გათბობა პრინციპის გულისთვის აღარ ჩამირთავს.


რაც შეეხება ჩემს ველოსიპედს, დღეს ალექსმა დამიბერა ბორბალი და პირველი გასვლა მოვაწყე ქალაქში. მივქროდი ქუჩაში და ვფიქრობდი: "რა იცის ახლა ამ ხალხმა ეს-ესაა რა ბედნიერმა ადამიანმა ჩაუარა გვერდით-თქო, იმათთვის ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი რიგითი ველოსიპედისტი ვარ, არადა არ იციან, რომ ეს ჩემი პირველი საკუთარი ველოსიპედია და დიდი ხნის ოცნების ასრულების მომენტში ვიმყოფები."
თუმცა მაინც მოვახერხე გოეთეპლატცზე ტროტუარზე არასწორად ასვლა, ველოსიპედი მომიხოხდა და ფეხიც ვიტკინე.

ჰო, და კიდევ: "Sehr geehrte Frau Giguaschwili, Ihr Stipendium wurde verlängert!.."

No comments: