Sunday, December 1, 2013

თუკი ჩემს ფანჯარაში შემოიხედავთ...

ჩემი ოთახი სიმყუდროვის განსახიერებაა!..
გარეთ ლურჯი საღამოა, ფანჯარაზე გუშინ ნაყიდი საშობაო ნათურები კიდია, შიგნით თბილა და მთელ სახლში ვანილიანი შაქარლამების სურნელი ტრიალებს.

როცა გუშინ ჩემი საშობაო პლეილისტი ჩავრთე, სკამზე შევდექი და  ნათურების დამაგრება დავიწყე, ვიგრძენი რატომ უხარიათ ადამიანებს ნაძვის ხის მორთვა : )

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ მთელი შეგნებული დღის ნახევარი საშობაო ბაზრობაზე ხეტიალში გავატარე, ერთი მესამედი შაქარლამების ცხობაში, დანარჩენი დრო კი მათ ჭამაში, ციმციმა ნათურების ცქერაში და გლუვაინით ტკბობაში.

მოგვიანებით კი უბრალოდ ვიწექი საწოლზე, ეს სიმღერა მქონდა ჩართული და თბილი ყვითელი შუქით განათებულ ჭერს ვუყურებდი.

დღეს ჩვენი საშობაო კალენდრიდან პირველი შოკოლადიანი კარიც გამოვაცარიელეთ, საღამოს კი ალბათ ერთად ვივახშმებთ და ერთ სანთელსაც ავანთებთ საშობაო გვირგვინზე.
მხოლოდ თოვლიღა გვაკლია


მე კი ზუსტად ერთ კვირაში 25 წლის ვხდები, უჩვეულოა არა?!

1 comment:

Anonymous said...

მეც მთელი დღეა ასეთი განწყობა მაქვს )) და ზუსტად 20 დღეში ვხდები 22 წლის ))

ჯადოსნურ დეკემბერს გისურვებ :)