Wednesday, September 3, 2014

when Mari met el Mar

ლისაბონი.
ეს ქალაქი ჩემს ცხოვრებაში ჯერ კიდევ მაშინ შემოიჭრა პეპიდან, როცა დანამდვილებით ქვეყნების და დედაქალაქების ზუსტი მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.

ლისაბონი - ჩემი თეთრქვეფენილებიანი კეთილი ქალაქი. სადაც პირველად შევხვდი ოკეანეს.

ლისაბონი ჯერჯერობით ყველაზე შორეული ადგილია, სადაც ჩემი საწყისი წერტილიდან მოვხვედრილვარ. რაც უფრო სამხრეთით მივდიოდი, ხალხი უფრო და უფრო მეგობრული და უშუალო ხდებოდა. ხალხი უბრალოდ გელაპარაკება ქუჩაში, იმიტომ რომ უბრალოდ ლაპარაკი უნდათ. აქ ყველამ იცის ინგლისური მეტ-ნაკლებად. ლისაბონის გარდა ჯერ არავის გავუჩერებივარ ქუჩაში იმის თხოვნით, რომ რესტორნის ლოგოიანი დროშა ჩამერჭო კედლის სამაგრში, რადგან მეპატრონე პატარა ღიპიანი კაცი თვითონ ვერ წვდებოდა : ) რესტორნებში სპორტად არის ქცეული ხალხის გამოჭერა და ყველაფერს აკეთებენ როგორმე თავიანთ მაგიდასთან რომ მიგიზიდონ და დამჯდარი არ ხარ, რომ უკვე ერთი სული აქვთ როდის შეჭამ შენს კუთვნილ ულუფას და გაათავისუფლებ ადგილს მორიგი მსხვერპლისთვის : ) 
ზოგადად ლისაბონი ცოტა ვერ არის სრულ ჭკუაზე : ) მშვიდად შეშლილი ქალაქია. თბილი კლიმატი და ღვინო ხომ თავისას შვრება მაინც. რაღაცნაირი უდარდელობაა გამეფებული, მოშვებული და მზეს მიფიცხებულია. ქუჩებში შებრაწული სარდინების სუნი ტრიალებს და ყველგან მუსიკა ისმის, ტკბილი ბრაზილიური განწყობით და თან ამას ემატება დროდადრო ტრამვაის ხმა, გამვლელების ლაპარაკი, პორტუგალიური ენის მშვიდი და მელოდიური ჟღერადობა.


ლისაბონი - ყველაზე ჰიპსტერი და ვინტაჟური ქალაქია ევროპაში და ძველი ორნამენტებიანი კერამიკებით მოპირკეთებული სახლებით, თეთრი ქვის საფეხმავლო ქუჩებით, ძალიან ფირუზისფერი წყლით და გულღია მზით, ყველაზე ფოტოგენური ამქვეყნად. ქალაქი მთლიანად ხელით ნახატ ანიმაციას ჰგავს.

Lisbon
ჰო, პირველი პორტუგალიის ყავა დილაადრიან პირველივე შემხვედრ პასტელარიაში დავლიე, ავტობუსში გაცნობილ მხიარულ სევილიელ ელბასთან ერთად.
ჰოსტელში რენატა და ლუკა გავიცანი, რომლებთან ერთადაც საღამოობით ბეირო ალტოს ბარებში ადგილობრივ ღვინოს და კოქტეილებს ვსვამდით და მერე ლისაბონის აღმართ-დაღმართებს მივუყვებოდით და ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდით.


დილით უთენია მე და რენატა ერთად წავედით აეროპორტში, სიმართლე გითხრათ მიხაროდა, რომ იტალიაში წასვლა გადავიფიქრე და გერმანიაში ვბრუნდებოდი, უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი და კიდევ ახალ ქალაქებს და ენას ძნელად გადავიტანდი.
ფრანკფურტში რომ ჩამოვფრინდი, მივხვდი, რომ ყოველი მოგზაურობის მერე გერმანიაში ჩასვლისას უფრო და უფრო მეტად მაქვს სახლში დაბრუნების შეგრძნება. მთელი ის ქვეცნობიერი თვითმფრინავზე და ავტობუსებზე დაგვიანების შიში გამიქრა, უკვე გერმანიის ტერიტორიაზე ვიყავი და აქედან ყველაფერი გაცილებით მარტივია.

ყველაზე მთავარი კი რა არის აქ - თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს ათდღიანი გადარბენითი ტური თავისი ჯანჯღარში გატარებული ძილღვიძილა ღამეებით, დაქანცული და ტურტლიანი ფეხებით, ზურგჩანთისგან ჩაწყვეტილი მხრებით, გამთენიის ქალაქებით და ყავით, სრულიად უცხო ენებით, შემთხვევითი ნაცნობებით, სიცხით, უცნაური საჭმელებით, კილომეტრობით სიარულით და კიდევ ათასი იმ მომენტით, რომელიც მხოლოდ მოგზაურობისას ხდება, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გამიკეთებია.
სინამდვილეში ჩემი კომფორტ-ზონა სწორედ მანდ ვიპოვე და არა დივანზე ჩათბუნული ცხელი ჩაით ფილმების ყურებაში.

2 comments:

Kiwi said...

მმ რამაგარია :3 მომეწონა შენი ბლოგი ^^

mylpi said...

: ) მადლობა