როგორც წესი გამთენიისას რომელიღაც უცხო ქალაქის სადგურზე ჩამოსულს, პირველი საზრუნავი რაც მიჩნდება ყავის დალევაა. ჟენევაში ჩასვლამდე პირველი ყავა ჯერ კიდევ ლაიფციგის ბანჰოფზე დავლიე. ბარსელონაში სადღაც მეტროს სადგურში ორმოცდაათევროიანის დასახურდავებლად ნაყიდი ყავა შემხვდა, გრანადაში კი მივუყვებოდი ქუჩას ცენტრისკენ და ვეძებდი კაფეს, სადაც კარგად მოვკალათდებოდი, მატარებელში ნანჯღრევ ძვლებს დავასვენებდი და ტელეფონს დავტენიდი.
ორი-სამი კილომეტრის გავლის მერე ერთ-ერთი შენობის კუთხეში წავაწყდი იდეალურ კაფეს ხალისიანი მომსახურე პერსონალით. ჩემი რჩევაა - თუ სადმე უცხოენოვან ქვეყანაში წახვალთ, მითუმეტეს თუ ამ ქვეყნის პროვინციული ქალაქების ნახვასაც აპირებთ, აუცილებლად ისწავლეთ ერთი-ორი სიტყვა იქაურ ენაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემი ათსიტყვიანი ესპანურის მარაგი როგორ გამომადგა.
ვიყავი უზარმაზარ სავარძელში ჩაფლული და ნება-ნება შევექცეოდი უზარმაზარ კრუასანს.
ყავა დალეულია, ჰოსტელამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მოვიკიდე ზურგჩანთა და გავუყევი ქუჩებს. მზე ისე ანათებს და ცა ისეთი მოკრიალებულია, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ სადღაც გერმანიაც არსებობს ამქვეყნად თავისი რუხი ღრუბლებით. გრანადა ძალიან კომფორტული ზომის ქალაქია, ეგრევე რომ უღებ ალღოს და თავს შინაურულად გრძნობ. მივუყვებოდი მარმარილოთი მოპირკეთებულ ტროტუარებს და ვფქირობდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების რაღაც ნაწილს და ვხატავდი და ვხატავდი.

შუადღისას, დაახლოებით პირველიდან ხუთამდე სიესტაა, ყველაფერი დაკეტილია, თითოოროლა ლუდის ბარია ღია და ქუჩაში ორიოდე გადღაბნილი ლანდი მოძრაობს. მე კიდევ ვზივარ ამ დროს ღია ბარში, ვსვამ ადგილობრივ წითელ ღვინოს და ვგრძნობ როგორ უთანაბრდება ჩემი სხეულის და ჰაერის ტემპერატურა ერთმანეთს და ნელ-ნელა როგორ გარდაიქმნება ყველაფერი და მეც მათ შორის ერთ მთლიან მასად და სიზმრისეულ მდგომარეობაში გადადიხარ.
მშია!..
ყველაზე სახალისო ნაწილი მოგზაურობისას ჭამაა. როცა მენიუში ნახევარზე მეტი არ გესმის რა წერია, პერსონალი შენ ესპანურზე უარესი ინგლისურით ლაპარაკობს და ბოლოსდაბოლოს შეკვეთას როგორღაც აძლევ და ზიხარ და მოუთმენლად ელოდები რა ამოგივა. ვიტყოდი, რომ - "ordering a food in a foreign countries is like a box of chocolates you never know what you're gonna get"
ესპანეთში მიმტანები ისე გემსახურებიან, თითქოს შენს გარდა ათასი საქმე აქვთ კიდევ გასაკეთებელი, თუმცა შენ იმდენად განსაკუთრებულად მიგიჩნიეს, რომ რამდენიმე წუთით ყველაფერი გვერდზე გადადეს და ახლა შენ წინ დგანან სრულ მზადყოფნაში თავიანთი სამხრეთული ღიმილით.
საღამოს მეორე დღე იწყება. მე მივუყვები ვიწრო თეთრკედლებიან საოცრად მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, რომელბიც არასოდეს მთავრდება და აუცილებლად სადმე გაგიყვანს. აქ ძალიან სწრაფად ღამდება. მზის ჩასვლიდან ნახევარ საათში უკვე სიბნელეა. არაბულ ქუჩაზე ვხვდები, მთელ ჩაყოლებაზე პატარა ფერად-ფერადი ნივთებით და ლამპებით სავსე მაღაზიებია. კუთხეებში გიტარაზე უკრავენ. აქაც ყველაფერი სიზმარივითაა.
ოცდაოთხ საათს ატარებ ამ ქალაქში და ხვდები, მარკესმა რისი მიხედვით დაწერა "მარტოობის ასი წელი", თუმცა გრანადას არაფერი აქვს საერთო მაკონდოსთან გარდა სიზმრისეულობისა და სიესტისა. გრანადა ბედნიერია და არაფერი ესაქმება მარტოობასთან და მელანქოლიასთან.
მახსოვს მთელი იქ ყოფნის პერიოდში თავისდაუნებურად წელში გამართული დავდიოდი და სულ მეღიმებოდა, შინაგანად იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
ანდალუსია არის დედამიწის ნაწილი, სადაც დაუნანებლად ანათებს მზე და მზის ჩასვლისას ყველაზე ლამაზი ფერთა გადასვლას ხედავ რაც კი ოდესმე გინახავს, იისფრიდან ყვითლამდე. ცა არის ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი ფერადი ძილბურნების ფერი, თვალმოუწყვეტლად უყურებ და თვალების დახამხამებაც კი გენანება.
Ah Granada! my love...
No comments:
Post a Comment