Tuesday, August 12, 2014

Off I Go - თავიდან

როცა სამარის შაბათ-კვირამ გადაიარა და გავაცნობიერე, რომ ტყუილად არ მიშრომია და ჩემი პროექტი გამომივიდა, მივხვდი, რომ აი ზუსტად ზურგჩანთის ჩალაგების და ვაიმარიდან სადმე ძალიან შორს წასვლის დრო იყო. რადგანაც უამრავი ადგილის ნახვა მინდოდა, ტურის დაგეგმვა დიდად ტვინის საჭყლეტი ამოცანა აღმოჩნდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ საღამოს მაიკოს მივწერე თუ ყველანი ისევ მანდ ხართ, ჟენევაში ჩამოგივლით-თქო. მაიკომ კი-ო და ავდექი და მაშინვე უბრალოდ ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი ლაიფციგი-ჟენევა და მივხვდი, რომ მორჩა ეგ არის, დაიწყო, უკან დასახევი გზა აღარაა და მივყევი. არანაირი კონკრეტული მიმართულება არ მქონია, უბრალოდ გახსნილი მქონდა ყველანაირი ტრანსპორტის საიტები და ვეძებდი ყველაზე იაფ და დროის მხრივ ხელსაყრელ მიმართულებებს და ქალაქებს. ჟენევიდან ყველაზე მომხიბვლელად ბარსელონასკენ მიმავალი ავტობუსი გამოიყურებოდა, ჰოდა ეგეც მივაყოლე. ბარსელონადან ბევრი ვიფიქრე გრანადამდე მადრიდის გავლით ჩავსულიყავი თუ არა, მაგრამ ბოლოს სამხრეთ სანაპირო ვარჩიე. გრანადიდან ლისაბონამდე ავტობუსი ვიპოვე და ეგეც მივამატე ჩემი ელექტრონული ბილეთების შეკვრას დესკტოპზე. და ბოლოს ლისაბონიდან უკან ფრანკფურტამდე და იქიდან ვაიმარამდე. იტალია ვეღარ გავქაჩე. დაახლოებით ორი დღე მოვანდომე ცალმხრივი ბილეთებით წრიული ტურის შედგენას. მორჩა, გზა გარკვეულია! ღამის გასათევები დარჩა. მივაკითხე ქაუჩსერფინგს, დავგზავნე თხოვნები, ზოგმა უარი მომწერა, ზოგმა საერთოდ არ მიპასუხა, ზოგი მე არ მომეწონა და გადავედი ჰოსტელების ძებნაზე. ეგ ადვილია. დაახლოებით კიდევ ერთი დღე მოვანდომე ღამის გასათევების შოვნას და მორჩა! 28 ივლისს გავდივარ ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა-ბარსელონა-გრანადა-ლისაბონი-ფრანკფურტი-ვაიმარი. აქედან სამ ღამეს ავტობუსებში და მატარებელში ვათევ და განთიადზე ჩავდივარ ქალაქებში. ნაის!
ახლა ჩანთა, რა მიმაქვს, რას ვტოვებ. თავიდან ზურჩანთის ყიდვა მინდოდა, მოზრდილი სამგზავროსი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ჩასაბარებელი ბარგი არ მინდოდა მქონოდა აეროპორტში, ასევე სატარებლად მსუბუქი და კომპაქტური რომ ყოფილიყო, ავიღე ჩემი ფერადი ძველი პატარა ზურგჩანთა და ვეცადე მთელი ათი დღის სამყოფი საჭირო ნივთები ჩამეტია შიგნით + საძილე ტომარა მივამაგრე, რომელიც მოგვიანებით ძალიან გამომადგა.

დავიწყე ნივთების გადალაგება და ხელში ჩემი პასპორტი რომ მომხვდა აი მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან მაგარი რამის გაკეთებას ვაპირებდი და მაშინ ამიკაწკაწდა სული პირველად.

ვაიმარი-ლაიფციგი-ჟენევა
ყველგან დროულად გადავჯექი და პირველი ბილეთების კონტროლი წარმატებით გავიარე

ჟენევაში კოკისპირულად წვიმს, უაზროდ ძვირია და ბომჟი ახალგაზრდების ადგილი იქ არ არის, შესაბამისად მოსაწყენია იქაურობა.
დიდი ხნის შემდეგ ოჯახის წევრების ნახვა და მითუმეტეს არაჩვეულ ადგილას უცნაური გრძნობაა. რაღაცნაირად არამარტო ოჯახის წევრებად, არამედ ადამიანებადაც აღიქვამ, რომლებსაც თავიანთი ცხოვრება აქვთ : ) ფაქტია, რომ მთელი იმ დროის მანძილზე მეძინა გაცილებით ტკბილად, ვჭამდი გაცილებით გემრიელად და ვლაპარაკობდი ბევრს ჩემი აქცენტაღებული ქართულით
ოცდათერთმეტში შუადღით გავუყევი ბარსელონისკენ გზას. ვიჯექი ავტობუსში ფანჯარასთან მოკალათებული, პირი ჯერ კიდევ მამიდაჩემის გამოტანებული კატლეტებით მქონდა გამოტენილი და  ვცდილობდი გამერკვია გზადშემხვედრი ქალაქების სახელწოდებები.
აჰ! გრენობლი... ქუჩაში ბევრი ხალხია, ლამაზი, ფრანგულაივნებიანი სახლები დგას.
ავინიონის ცენტრალური სადგური...
პროვანსაში ვართ.
ღამდება და მეძინება. დროდადრო ავტობანიდან გადახვევისას პატარა ქალაქების მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ავტობუსის სიარულისას მეღვიძება.
დილის ხუთი საათია, ბარსელონა ნორტე.
კიდევ ნახევარი საათი, ბარსელონა სანტს... ჩავდივარ...

No comments: