Thursday, August 14, 2014

Barcelona - nothing personal only business

ბარსელონა. განთიადი. ძალიან წითელი ცა.

ჟენევიდან დაახლოებით ჩვიდმეტი საათი მოუნდა ავტობუსით ბარსელონამდე გზას, დილით დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო რომ ჩავედით და ჰოსტელში როგორც წესი ორ საათამდე ოთახის აღება არ ხდება. მარტო ბარგი დავტოვე და გავედი ისევ გარეთ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ისე მეძინებოდა, სიარულისას წამების მეასედებით მთვლემდა და ფეხები მეკეცებოდა. რამდენიმე საათში შემოვიარე ის ვიწრო ქუჩები, ვიყავი სანაპიროზე, ვნახე კათედრალი და ბოლოს ძალიან მომბეზრდა და ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი ამ ქალაქიდან. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ქალაქი თავისთვის იყო, მე ჩემთვის და ორივეს გვეკიდა ერთმანეთი.

ჰოსტელი ძალიან არ მომეწონა. ფერანის ქუჩაზე, ზუსტად შუაგულ გოთიკურ კვარტალში იყო და აუტანლად ბევრი ტურისტი ირეოდა ქუჩაზე, თან აი ნამდვილი ტურისტები, ჯგუფებად რომ დაბოდიალობენ და ფოტოების გადაღებას რომ ვერ აუდიან. ოთახი იყო პაწაწინა, ბნელი, უსუფთაო და ხალხით და ძირითადად ყაყანა თინეიჯერებით გამოტენილი. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, სამწუხაროდ როგორც მთელი ბარსელონა, ეს ჰოსტელიც იყო "nothing personal only business".

როგორც იქნა შემიშვეს ოთახში, ვახსენე სიესტა და რამდენიმე საათი გაუნძრევლად მეძინა.

საღამოს ქალაქი კიდევ უფრო გადატენილი იყო. ფაქტია ეს არ არის სოლო-მოგზაურებისთვის განკუთვნილი ქალაქი. შენ ნებაზე ვერ სეირნობ. მთელი გზა ჩანთაზე და ჯიბეებზე მქონდა ყურადღება გადატანილი, რამდენჯერაც სადმე დაჯდომა ვცადე, რამდენიმე წუთში ეგრევე გამოჩნდებოდნენ ვიღაც ტიპები და ათასი რაღაცის ყიდვას მთავაზობდნენ. მოკლედ ძალიან გავწამდი : )

ბოლოს საბედნიეროდ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა გადავწყვიტე და პარკ გუელისკენ ავიღე მარშრუტი. მივუყვებოდი ავტობუსით ლამაზ, ფერადსახლებიან აღმართებს და უცებ ერთ-ერთ მოსახვევში თვალი მოვკარი შენობებს შორის ვიწრო კიბეებით ჩამავალ ქუჩებს და ბოლოს მთელი ქალაქის ხედს. და ვიდექი აღმართის თავზე, ვუყურებდი საღამოს ქალაქს და ვფიქრობდი, რომ არაა, მთლად ესე ცუდადაც არაა ყველაფერი : ) აი ეს მომენტი ამ ფილმიდან ყველაზე მეტად ბარსელონაა ჩემთვის. გვიანი საღამოს ქალაქი, ცა რომ ჯერ კიდევ ნათელია, მაგრამ ლამპიონები რომ უკვე ანთია, ეს ხედი, მოტოციკლეტისტები და სკეიტერები ბულვარზე.


საგრადა ფამილიასთან ვიდექი და ვფიქრობდი -"No, you are definitely great, but Kölner Dom is my one and only"

კარგი ნაწილი იყო ზღვა, ძალიან ნათელი დღეები, მზის ამოსვლა-ჩასვლისას ძალიან ლამაზი ცა და ქალაქი, პატარა ბაზარი გვერდით ქუჩაზე გემრიელი ახალთახალი პროდუქტით. 


მოკლედ პოსტის დაწერაც კი მეზარება ბარსელონაზე : )

ზურგჩანთის მოკიდების ბედნიერება!

უცხოენოვან ქვეყნებში ყოველი სწორად ნაპოვნი ბაქანი და წარმატებით გავლილი ბილეთის კონტროლი განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას და სიამაყეს გგვრის.
მატარებელი. საძილე ტომარაში გემრიელად ძილი. გრანადის სადგურზე ბოლო წამებში გადმომხტარი. დილა მშვიდობისა გრანადა!..

No comments: