Thursday, February 19, 2015

არ გინდა წავიდეთ?

ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე დამთრგუნველი გამოგონება დედამიწაზე არის "მუდმივი სამსახური". მე არ მინდა ოდესმე დარწმუნებით შემეძლოს იმის თქმა, რომ მომავალ ორშაბათს დღის სამ საათზე იგივე ადგილას ვიქნები, სადაც იმის, კიდევ იმის და კიდევ კიდევ იმის მომავალ ორშაბათს.

ზოგადად მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთნები, რომლებისთვისაც შეკითხვა: "არ გინდა წავიდეთ?" ყველაზე მაცდუნებლად ჟღერს ამქვეყნად. ხომ არსებობენ ამქვეყნად ათასნაირი ბედნიერებები, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელია - ზურგჩანთის მოკიდების ბედნიერება. ჰოდა, როცა თინამ წინის წინა პარასკევს დამირეკა და მითხრა - არ გინდა ჩვენთან ერთად ბათუმში წამოხვიდე, აჭარის სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აღწერას ვაკეთებთო, იმ წუთასვე ვიცოდი რომ წავიდოდი. უბრალოდ ცხოვრებაში ვისწავლე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თუ საშუალება გაქვს ერთხელ მაინც უნდა დაიძინო და გაიღვიძო რომ იმპულსურად არ იმოქმედო. ჰოდა მეც დავიძინე, გავიღვიძე და სამშაბათს წავედი ბათუმში : )

ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდი ჩემ ხუთ თანამშრომელთან ერთად ბათუმში, რომელთა საშუალო ასაკიც დაახლოებით 27-ია, დილით ვიღვიძებდით ყველანი რვისთვის, ათისთვის გავდიოდით აჭარის სოფლებში, ველაპარაკებოდი უამრავ ადგილობრივ მოსახლეს, ვსვამდი გაჭყეპამდე შემოთავაზებულ კოფეს და კომპოტს, ერთხელ შუადღისას სოფლის სადღეგრძელებლად ტყემლის არყის დალევაც მომიწია იქაურ ბაბუებთან ერთად  ყანების თავზე : ) ვტკბებოდი ჭოროხის ხეობის უძალიანლმაზესი ხედებით, ვცდილობდი მომეხერხებინა ოღრო-ჩოღრო გზებზე მანქანიდან სურათების გადაღება, დაღამებისას ვბრუნდებოდით ბათუმში ძალიან დაღლილები და მშივრები, ერთად ვამზადებდით საჭმელს და ვსადილობდით, ვუყურებდით ტელევიზორს, ვიცინოდით, ვსვამდით ლუდს და ღვინოს ნება-ნება, მეორე დღის გეგმებს ვაწყობდით და ძლივს ვაღწევდი თორმეტ საათამდე და მეორე დილის რვამდე გათიშულს მეძინა.
აპრილის ბოლოსკენ კი კიდევ შეიძლება მომიწიოს სადმე წასვლა. მერე კი ზაფხულიც მოვა : )
ჰოდა მერე ისევ მკითხეთ - "არ გინდა წავიდეთ?"

მე კი მინდა ცოტა ხნით ბათუმში გადავიდე საცხოვრებლად და ვხატო და ვხატო ფერადი სახლები და თოკებზე გაკიდული სარეცხი : )


ეს სიმღერა კიდევ სულაც არაა ჩემთვის სევდიანი

2 comments:

Anonymous said...

ჩემთვისაც დიდი ბედნიერებაა ზურგჩანთის მოკიდება და წასვლა.
რომ შემეძლოს, ალბათ არც არასოდეს მოვიხსნიდი ))

Dissolved Girl said...

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მუდმივი სამსახური სტაბილურობის და ბედნიერების სიმბოლოა, მაინც გიერთდები ზურგჩანთების წამოკიდებაში.
ზაფხულში ბევრი ვიაროთ <3