Sunday, November 17, 2013

ვაიმარის მხარეთმცოდნეობა

 ერთის მხრივ ვაიმარი ძალიან პატარაა და არ მყოფნის და მომწყინდა
აქ რომ ვარ ძირითადად თითქოს ვეჩვევი და ვეღარ ვამჩნევ, მაგრამ საკმარისია სადმე სხვა ქალაქში მომიწიოს წასვლა, რომ ეგრევე ვგრძნობ, რომ ძალიან ძალიან პატარაა, არც არანაირი გამოწვევები, კონკურენცია და ამბიციები არ გააჩნია. აქ არასოდეს ხდება რამე გრანდიოზული და მასშტაბური. ზოგჯერ გავიწყდება კიდეც, რომ გარეთ სხვა სამყარო არსებობს.

მაგრამ მეორეს მხრივ ზუსტად საჩემოდ შექმნილი ესეთი პოხუისტური უნივერსიტეტი, საგნის მიმართულება და ქალაქი მეორე არ არსებობს მსოფლიოში. მახსოვს, დაადში საბუთების შეტანისას რატომღაც ათვალწუნებული ბაუჰაუსი უკანასკნელი ეწერა ჩემი პრიორიტეტების სიაში. საბოლოოდ კი ისე განვითარდა მოვლენები და ჩემმა ბედმა იმდენი იჩალიჩა, რომ მაინც აქ ამოვყავი თავი : )

მესამეს მხრივ თავს უკვე ძალიან შინაურულად ვგრძნობ. ფაქტიურად ყველა ერთმანეთის ნაცნობია და თუ პირადად არა, სახეზე მაინც ცნობ ხალხს. თავიდან ვფიქრობდი, რომ დისკომფორტი იქნებოდა ესეთ პატარა ქალაქში ცხოვრება, სადაც შეუძლებელია დარჩე ანონიმური, მერე და მერე კი მივხვდი, რომ პირიქით, ყველაფერი ისეთი შინაურულია, ერთი უზარმაზი ოჯახის მაგვარი კომუნაა. ოჯახში კი სულაც არ გჭირდება ანონიმურობა, ყველას ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ.

მეოთხე მხარეს რაც შეეხება - იაფია და ფულის დაზოგვა უფრო ადვილია. სამაგიეროდ შოვნა ჭირს. პატარა სტუდენტურ ქალაქებში სამუშაოები მაინცდამაინც არ ყრია. ვიცი, რომ ახლა რაც ყველაზე მეტად მინდა მოგზაურობაა. შესაბამისად ჩემი ყულაბა ისევ ძალაშია : )

მეხუთეს მხრივ 10 წუთი ის საშუალო დროა, რაც ქალაქის ყველა საჭირო ობიექტამდე ფეხით მისასვლელად გჭირდება. შესაბამისად როგორც წესი აქ არავის არსად არ ეჩქარება და არ აგვიანდება. ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე დაახლოებით 7 წუთი მჭირდება, სუპერმარკეტამდე 5, უახლოეს ბარამდე 3, საცხობამდე 1, ყველაზე მეტი დრო 15-20 წუთი ბანჰოფამდე მჭირდება. სამაგიეროდ სეირნობისას იმპროვიზაციაა და მარშუტის სპონტანურად შეცვლა არც ისე ადვილია. ერთ-ორ ქუჩაზე გაუხვევ და ქალაქი მთავრდება უკვე : )

მეექვსე მხარე ამინდებს ეხება. ჩემი ცხოვრება გერმანიის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. ვიცი, რომ დროდადრო მაინც ჩამოვალ ხოლმე აქ და ქუჩებში გერმანული წარწერების დანახვაზე რაღაც თბილი ჩამეღვრება გულში. ისიც ვიცი, რომ ნაცრისფერ ცაზე და სუპერმარკეტებზე ნოსტალგიაც შემომაწვება. თუმცა სულ აქ დარჩენა ვერ წარმომიდგენია.საკმარისია სადმე მზიან ქვეყანაში წავიდე და ეგრევე უჟმურ ამინდებში დროის უაზროდ კარგვის შეგრძნება მეუფლება.

მეშვიდეს მხრივ კი პატარა ქალაქი ძალიან კარგია უცხო კულტურაში ინტეგრაციისთვის, სწავლისთვის, საკუთარ თავზე მუშაობასა და ურთიერთობებისთვის. ყურადღება არ გეფანტება, კონცენტრაცია არ გიჭირს და არ ხარ დაძაბული. თუმცა დროდადრო სტრესი აუცილებელია რომ წინ წახვიდე. ჰოდა მეც კი ვწუწუნებ, მაგრამ ვცდილობ ეს დადებითი მხარეები გამოვიყენო.

სხვა მხრივ კი რას ვერჩი : )

1 comment:

Anonymous said...

მეც ზუსტად ასეთ პატარა ქალაქში ვცხოვრობ ახლა, ოღონდ რუმინეთში - ყველაფერი ძალიან ახლოსაა და ხალხს, რომელიც ჩემთან ერთად მგზავრობს ხოლმე, უკვე სახეზე ვცნობ... მაგრამ ნამდვილად აქვს ამას რაღაც თავისი ხიბლი, თუმცა, ალბათ, მაშინ როცა იცი რომ დროებითია