Tuesday, January 8, 2013

მაინც და მაინ იდარ-ობერშტაინი

  ახალი წლის თავდაყირა ღამის მერე, დილით შემთხვევით და საბედნიეროდ ბილეთს დავხედე და აღმოვაჩინე, რომ მატარებელი ნახევარი საათით ადრე გადიოდა, ვიდრე აქამდე გვეგონა, თავპირისმტვრევით ჩავყარეთ ნივთები ჩანთებში, ჩეკ-აუთი გავაკეთეთ ჰოსტელიდან და მეტროსკენ გავიქეცით. სასწაულებრივად ყველა ხაზზე სწორად გადავსხედით და მატარებლის გასვლას სულ რამდენიმე წუთით მივუსწარით. რადგანაც ადგილები არ გვქონდა დარეზერვებული, სამჯერ მოგვიწია გადაჯდომა სანამ ბოლოს ორ სავარაუდოდ იაპონელ გოგოსთან არ ამოვყავით თავი, რომლებიც მობილურით ეროვნულ ესტრადას უსმენდნენ და თან თვითონაც მღეროდნენ.


  როგორც იყო ჩავაღწიეთ ფრანკფურტამდე. რა თქმა უნდა თავისუფალი დრო გამოვიყენეთ და წავედით სახეტიალოდ.
ფრანკფურტი მკვეთრად საქმიანი ქალაქია, რომელშიც აშენებენ და აშენებენ ახალ სავაჭრო ცენტრებს და ცათამბრჯენებს. რადგანაც დრო მაინც ბევრი არ გვქონდა, შორს არ წავსულვართ, სულ რამდენიმე ქუჩით და ფუქსასის მართლაც შთამბეჭდავი სავაჭრო ცენტრით შემოვისაზღვრეთ და გამოვბრუნდით უკან ბანჰოფისკენ.


ბარემ იქ ვიყავით და გადავწყვიტეთ წითელი ფარნების ქუჩით გაგვევლო, ჰოდა როგორც წესი, სადღაც ერთ ქუჩაზე არასწორად შევუხვიეთ და მთელი ორი საათით დაგვიგრძელდა გზა ვაგზლამდე. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ მარი მაინცში კი არა, მაინციდან კიდევ ერთი საათით მოშორებულ პატარა ქალაქში ცხოვრობს. რას ვიზამდით ვიყიდეთ ბილეთები და გავუყევით მატარებლით იდარ-ობერშტაინისკენ.
  საღამოს რეგიონალ-ბანით მგზავრობა ყველაზე სასიამოვნოა, სითბო და სიმყუდროვეა და შეგიძლია მშვიდად იჯდე და ისაუბრო.
ბაქანზე მარი და კრისტიანი დაგვხვდნენ. სახლში მისულებს სურპრიზად ხაჭაპური და ლობიანი დამხვდა, ჰოდა ვჭამე და ვჭამე : ) და იმ ღამეს მეძინა ყველაზე ტკბილად და გემრიელად ბოლო სამი თვის მანძილზე.
  იდარ-ობერშტაინი არის პაწაწინა ქალაქი-სოფელი, მთაში და ხეებში ჩაფლული, კლასიკური სანატორიუმის გარემოთი, ძვირფასი ქვების მაღაროებით. ზევიდან რომ გადმოვხედეთ ზღაპრების წიგნების ილუსტრაციებს ჰგავდა.


საღამოს წავედით მაინცში, რომელიც ჩვეულებრივი საშუალო ზომის გერმანული ქალაქია თავისი მოედნით, რატუშით, ეკლესიით და ტრამვაის ხაზებით. ოღონდ დამატებით აქ ჩამოედინება მდორე და დიდებული რაინი.  
  კრისტიანმა თქვა, რომ მაინციდან კიოლნამდე რაინის სანაპიროზე ველოსიპედით დაახლოებით ხუთი დღე შეიძლება დასჭირდეს და მეც ეგრევე გადავწყვიტე ველოსიპედის ყიდვა და ველოტურის მოწყობა.


  მერე ვნახე ემილი და მივხვდი, რომ ჩემი ინგლისურის დონე საგრძნობლადაა გაუმჯობესბული. ღამე მახსოვს, რომ მე და ელენემ ძალიან ბევრი ვიცინეთ, თუმცა აღარ მახსოვს რაზე, სამაგიეროდ მახსოვს როგორ ვასწავლე ელენეს რამდენიმე გერმანული სიტყვა და რა სასაცილოდ იმეორებდა : )
  დილით შვიდის ნახევარზე გამოვედით, ბილეთი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მქონდა ნაყიდი მაინციდან მიუნჰენამდე ცხრის ნახევარზე. მაინცამდე კრისტიანმა ჩამოგვიყვანა. ჯერ კიდევ დილის სიბნელე და სუსხი იყო, ცხელი შოკოლადი ვიყიდეთ და in the cold light of morning გავუყევით მიუნჰენის გზას.

No comments: