Monday, January 2, 2012

სულ სხვა რაჭა

29 ში ღამე ქეთი მირეკავს და მეუბნება, რომ ხვალ დილით შვიდზე მივდივართ რაჭაში და მე შვიდის ნახევარზე უკვე მზად უნდა ვიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ გეგმები შეიცვალა რაც მე ესოდენ მიყვარს : )
ჯერ კიდევ შუაღამესავით სიბნელე იყო თბილისიდან რომ გავედით. ვგიჟდები ღამით მგზავრობაზე, თუმცა დილის სიბნელე უცნაურია, ნელ-ნელა ნათდება და ეს არაადეკვატურად გეჩვენება.
მივდიოდით ავტობანზე, ლამპიონების წყვეტილი შუქები ჩვენზე გადარბოდნენ, ჩვენ ვჭამდით ძეხვიან ბუტერბროდებს და მშვიდი მუსიკის ფონზე მივდიოდით და მივდიოდით.
გასაგიჟებლად კარგი იყო ცარიელი გზები, მუქი მოლურჯო ცა, ლამპიონები, სტაბილური სვლა 
სადღაც გორის გავლის მერე, როცა ჯერ კიდევ დილის ბინდი იყო ჩამეძინა. დიდ გვირაბამდე გამეღვიძა, თვალებში მზე მიჭყიტინებდა და მათბობდა. გავძვერით დასავლეთში და რა თქმა უნდა თოვლი დაგვხვდა, ძველი, ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც თოვლი. 




ამ ბოლო დროის უფრო და უფრო ვცდილობ ერთიდაიგივე მოვლენებში, რაღაც ახალი ჩავურთო. ეს "ბაბუაწვერას ღვინოს" დამსახურებაა ყველაზე მეტად. აი მაგალითად, არც კი მახსოვს ტყიბულში რამდენჯერ გამივლია, მაგრამ არასოდეს არ მიჭამის იქაური ნამცხვარი "შუ", რომელმაც ჩემს მოლოდინს გვარიანად გადააჭარბა და გემრიელად გამაკვირვა. ტყიბულში კიდევ ვაპირებ სახლის ყიდვას და თან რაც შეიძლება მალე.




შევუყევით ნაქერალას, ერთი სული მქონდა შაორი მენახა, იმედი მქონდა, რომ დათოვლილი დამხვდებოდა, მინდოდა, რომ დიდი მუქი მომწვანო-მოლურჯო სივრცის ნაცვლად, ქათქათა თოვლიანი ველი დამხვედროდა. და შაორი დამხვდა სასწაულებრივი.




ჩვენ უბანში შესვლამდე ის მისტიური ხის სახლი გავიარეთ გუბურასთან.




მივედით სახლში, ბებიას ძალიან გაუხარდა, ბაბუასაც მაგრამ როგორც წესი არ გამოუხატავს : ) თითქოს სიცივეში შეიკუმშაო, ყველაფერი ძალიან პატარა მომეჩვენა ზამთარში, ის ვენახის გრძელი ბილიკი ორ ნაბიჯად ჩავიარე, ოთახებში ორი კაცი უკვე ვეღარ ეტეოდა, ბებიას ჩასახუტებლად ერთი ხელი მეყო. და მე და ქეთი შევთანმხდით, რომ რაჭაში მხოლოდ ზაფხული უნდა იყოს. შემოვიარეთ სახლი და ეზო, მოვიკითხეთ ერთმანეთი და უცებ მივხვდი, რომ საქმე აბსოლუტურად არაფერი არ მქონდა. არც საქმე, არც ხალხი, არც ინტერნეტი და თავში დამიტრიალდა ერთადერთი კითხვა - Now what?


ჩვენი გუბურა
დავიძინე, გავიღვიძე ახლა მითუმეტეს - Now what?
წელიწადში ერთხელ ვუყურებ ტელევიზორს და ეს ახალი წელია. არადა რა გინდა საინტერესო ნახო ახალ წელს ან საერთოდ თუნდაც სხვა დროს ტელევიზორში?!
ღამე ვიწექი და როგორც კარლსონი იტყოდა შამფურივით ვტრიალებდი, ვეღარც დავიძინე. როგორც იქნა გამთენიისას ჩამთვლიმა, ვცდილობდი რაც შეიძლებოდა დიდ ხანს გამეგრძელებინა მონატრებული ძილი, მაგრამ 11 ზე მეტი ვეღარ შევძელი. რა გაეწყობოდა, ავდექი და გადავწყვიტე გავსულიყავი გარეთ და შემომევლო საყვარელი ადგილები. ეს უდავოდ ყველაზე სწორი და ღირებული გადაწყვეტილება იყო. 




გავუყევი გზას სათიბისკენ, ჩავედი ავტოდრომზე, ვახრაშუნე თოვლი. ჩრდილებში თოვლი გაყინული იყო და ფეხის გაკვრისას აქეთ-იქით ათასობით კრისტალად ცვიოდა და წკრიალებდა.



ცოტაზე ჩვენი პირდაკაწრული ძაღლიც გამომყვა, მაგრამ მერე მდინარისკენ გადავუხვიე და თავი დამანება. წყალი იყო საოცარი, მუქ ქვებზე მოლურჯო კამკამა ტალღები მოედინებოდნენ და იმდენად მომხიბლეს, რომ ჩემს გონებას არ დაუყოვნებია და მაშინვე შემომთავაზა შიგ გატოპვის იდეა. რა თქმა უნდა ეს იდეა არაჩვეულებრივად მივიჩნიე და განხორციელებაც არ დავაყოვნე - ჩავედი ჩვენ საბანაომდე კლდეებთან, ბათინკები გავიძვრე და შევედი გამდნარ ყინულში. მომენტალურად ამომიტივტივდა ფრაზა გონებაში - "გაყინულ წყალში თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რაა მამული..."




საშინლად მომინდა მთლიანად ჩავმხტარიყავი წყალში, მაგრამ ეგ უკვე ვეღარ გავბედე. სამაგიეროდ, მთელი დღე ფეხზე აღარ შემცივნია : )




იქიდან წამოსული დიდხანს ვაკვირდებოდი მწვანედ ახასხასებულ გუბურას, რომელშიც აბსოლუტურად უმოძრაო და უწმინდესი წყალი იდგა და ლიფსიტები დაცურავდნენ. 




მერე იმ პატარა ხიდით გადავედი მდინარის მეორე მხარეს, ავუყევი მზით გაფიცხებულ მდელოებს, მწვანე ფიჭვებამდე, მოვინახულე პატარა ღელე, რომელიც გაზაფხულზე დიდ ნაკადულად იქცევა. გზადაგზა ასკილს ვაგემოვნებდი. გადმოვხედე ზევიდან ჩვენს მდინარეებს და უბანს, ფილტვების ყველა უჯრედით შევისუნთქე სუფთა ჰაერი და დავეშვი ქვევით.




გამოვუყევი ისევ ავტოდრომისკენ გზას, კიდევ ვახრაშუნე თოვლი (ძველი იყო და არ ღრაჭუნებდა), სპეციალურად მთელი ძალით ვადგამდი ნაბიჯებს, ამოვედი გზაზე და ჩრდილებგადმოწოლილ მოყინულ ასფალტზე ისევ ვაწკრიალე კრისტალები.
დავბრუნდი სახლში და ისევ არ მომეშვა ის კითხვა - "Now what?"


ახალ წლამდე კიდევ რვა საათი მაინც იქნებოდა დარჩენილი. როგორღაც ხან წიგნის კითხვით, ხან ტელევიზორის ყურებით, ხან ძილით მივაღწიეთ თორმეტ საათამდე. ქეთი წასვლისას უკვე ავად იყო, გრიპი ჰქონდა, მერე სიცხემაც აუწია, და მთელი დღე იწვა, ამიტომ გავატარე ყველაზე მარტოსული ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში. 
თორმეტ სააათზე მაინც ადგა, გავედით გარეთ და ვისროლეთ ჩვენი წილი მაშხალები.




დავიძინეთ და პირველში უკვე წამოვედით თბილისისკენ. გზაში კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი შაორით, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე ტყიბულში ბინის ყიდვა, კიდევ ერთხელ ჩამეძინა მზით სავსე ავტობანზე და კიდევ ერთხელ საშინლად გამიხარდა თბილისის დანახვა.




დაბოლოს, ჯობია წახვიდე საახალწლო კონცერტზე ღია ცის ქვეშ და უამრავ ადამიანთან ერთად იყო, ვიდრე მარტომ გაატარო, თუნდაც შენს ყველაზე საყვარელ ადგილებში ეს იდიოტური ახალი წელი.


ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაჭაში სულ ზაფხული უნდა იყოს.

2 comments:

Anonymous said...

rachashi moutovia, dges..

Dissolved Girl said...

მაინც კარგია, რომ ცადე. ბევრნი უნდა წავსულიყავით, მთელი უბნის ბავშვები და იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი ყოფილიყო :))