Friday, December 3, 2010

შიმშილობა, 2008 წლის ზაფხული და თავკვერი

2008 წლის გაზაფხულზე დავიწყე შიმშილობა
შეპყრობილი ვიყავი პოლ ბრეგის შიმშილობის თეორიით
აპრილის ბოლოს დავიწყე დაახლოებით და სექტემბრის ბოლომდე ყოველ ოთხშაბათს 24 ან 36 საათის განმავლობაში არაფერს ვჭამდი, ვსვამდი მხოლოდ ადუღებულ წყალს ზოგჯერ ცოტა თაფლით
ივლისის ბოლოს რაჭაში წავედი - რა თქმა უნდა ბებია ეგრევე ანერვიულდა, როგორც კი არა ჩვეულებრივი ჭამის შესახებ გაიგო.
მერე ჩამოვიდა ქეთიც და შემომიერთდა, ბებია თავიდან ყველანაირად ცდილობდა გადაეთქმევინებინა, მერე აგვისტოში ომიც დაიწყო და ჩვენთვის აღარ ეცალა. ღამე გიორგის დაურეკეს და როგორც რეზერვისტი გამოიძახეს.  მეორე დღეს გზა ჩაიკეტა და არ წასულა. მე რამდენიმე დღე საშინლად დაძაბული ვიყავი - თბილისში ვრეკავდი, საიდანაც მამა მეუბნებოდა, რომ სავარაუდოდ ტყვიავი გადამწვარია და მე თვალწინ ნახშირის გროვები წარმომიდგებოდა და მენანებოდა ჩემი მოგონებები, ნივთები, მიწა. რაჭაში ტყვიავის თავკვერი მქონდა წაღებული, რომელიც რამდენიმე ყლუპიღა მქონდა დარჩენილი და ვფიქრობდი, რომ ეს უკანასკნელი თავკვერია ჩემი ალბათ უკვე დამწვარი ვაზებისა.
და მაინც ყოველ ოთხშაბათს ვშიმშილობდი.
საბედნიეროდ იყო ძალიან მზიანი ამინდები და დღის დიდ ნაწილს მდინარეზე ვატარებდით - ცივი წყალი, მზე, ძალიან ლურჯი ცა და ცხელი ქვები ყოველგვარ დაძაბულობას ხსნიდა. და ყველაზე მეტად შემეშინდა მაშინ, როცა ერთ საღამოს გავრცელდა ხმა - ამაღამ თბილისი უნდა დაიბომბოსო. ბავშვებმა ღამის გათევა გადაწყვიტეს, ყველა აფორიაქებული იყო. მე დასაძინებლად წავედი - აივანზე ვიწექი და გაურკვევლად მეშინოდა. და უცებ ქვევიდან მომესმა ბიცოლას ხმა - ონისე დაბრუნდა! ღმერთო, რა ბედნიერებაა! ქვევით ჩავრბინე ტირილით, ბიცოლასაც ცრემლიანი თვალები ჰქონდა. ესე იგი გიორგი აღარ მიდიოდა.
და მეორე დღეს თითქოს მზე ახლა გაბრწყინდა და ახლა გამოანათა - ყველას გულიდან ლოდი მოგვეხსნა. გიორგი დარჩა. მთელი დღე ყელში მოწოლილი ტირილით დავდიოდი და მიხაროდა.
19 სექტემბრამდე - ზუსტად ორი თვის განმავლობაში რაჭაში ვიყავი, ძალიან ბევრი ვიბანავე მდინარეში, გავირუჯე, ბევრი ვინერვიულე, ვიტირე, ვიშიმშილე, დავიკელი 7 კილო, მივეჩვიე ბუნებას და ხმამაღლა გადაძახილებს - რაც თბილისის სახლში ვეღარ ეტეოდა, და ეს იყო ყველაზე ემოციური ზაფხული, რომელიც მაგრად მახსენდება თავისი თავგადასავლებით, სიხარულით და ცრემლებით. მე ვტკბებოდი ცხოვრებით, წუთებით და დღეებით, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს დღე შეიძლება ბოლო მზიანი დღე აღმოჩნდეს სულ ცოტა უახლოეს ზაფხულამდე-თქო.

P.S. ტყვიავში სახლი ცოცხალი დაგვხვდა, ოღონდ საშინლად არეული, რაღაც ნივთები იყო მხოლოდ წაღებული და მარნიდან თავკვერი, მაგრამ ვაზები არ გადაუწვავთ. 

P.P.S. სექტემბრის ბოლოს, თბილისში ვიშიმშილე გადაბმულად 65 საათის განმავლობაში და მერე შევწყვიტე.

1 comment:

Kohinor said...

აუ,რაღაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა, ჯერ ერთი გულწრფელობის გამოც და მეორეც რაღაც ისე გამოვიდა: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ანუ ომია, მაგრამ ადამიანებს მაინც ახსოვთ თავიანთი პატარა პრობლემები, დიეტები, შიმშილები... და ის, რომ 200 კმ.ში რაღაცას ბომბავენ, ჩვენს პატარა ცხოვრებებში მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ცვლის, დანარჩენი კი ისევ ისე გრძელდება.

მომეწონა! მე უეჭველად შევალამაზებდი ყველაფერს, უფრო სწორად გამოვტოვებდი შიმშილის ამბავს, როცა ვახსენებდი ომს, რაღაც მომერიდებოდა :) ოღონდ იმიტომ, რომ მე მე ვარ. ჰოდა, კარგი იყო :)