Wednesday, November 24, 2010

მე, გორი და პრიანიკები

23ში გიორგობისა და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი თარიღების ერთად თავმოყრის გამო, ორშაბათს მე და ანუკიმ ტყვიავისკენ გავწიეთ. გორში მამა დაგვხვდა, რომელსაც რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი და ქალაქში მოგვიწია გავლა. 

 

ამინდი ძალიან ნოემბრული იყო, ფოთლები ჯერ კიდევ არ ჩამოცვენილიყვნენ, მაგრამ მოყავისფროდ იყვნენ შეფერილნი. საერთოდ გორი საყვარელი ქალაქია, თავისი ძველი უბნებით და პატარა აგურის სახლებით, საკმაოდ აქტიური ცხოვრების ტემპით. მაგრამ სასაცილოა, ყველაზე უშნო კოლოფა კორპუსები, ცენტრალური გამზირის პირასაა ჩამწკრივებული. მთავარი მოედანი ძეგლითაც და უძეგლოდაც უკვე ნანახი მქონდა. ვემხრობი იდეას, რომ არაა საჭირო ყველა მოედანზე რაიმე იდგას, დატოვონ ისე ცარიელი, როგორიც ახლაა, იყოს ეს დიდი სივრცე. სვეტს და ჩანჩქერს ნამდვილად ჯობია.


საკალმახე ვნახე, ვუყურე, როგორ დაიჭირეს კალმახები, აწონეს, დენით დახოცეს და გამოკუჭეს.

გიორგობას გორიჯვარზე ვიყავი ასული და იქიდან გადმოვხედე ქართლის ველებს :) ძალიან, ძალიან ლამაზი იყო, ოდნავ დაბურული, მზიანი, ბილიკებით დახაზული მოყვითალო-მოყავისფრო ფერდობები, ძალიან ლურჯი ცა, მორუხო-ცისფერი მდინარე, რომელიც ცას ირეკლავდა, პაწაწინა წითელი ასკილები, ძალიან შორს ვერცხლისფრამდე თეთრი მწვერვალები და ამ ყველაფერში ჩამჯდარი ჩვენი ძველი ქალაქი, ლიანდაგები და ხიდი. მე მიყვარს უკვე ბუნების ნაწილად ქცეული ცივილიზაცია – გზები, ანძები, ლიანდაგები, ხიდები, ჯებირები. 
 ნოემბერი უხდება გორს.


და კიდევ – პრიანიკები – შემახსენეთ და მოგიყვებით.

No comments: