Saturday, April 20, 2013

რაღაც კარგი

როცა გრძელი ღამის და სამსაათიანი ძილის მერე, საიდანაც ორ საათს გაღვიძებას  ანდომებ, როცა ჯერ კიდევ გუშინდელი სასმელისგან თავბრუ გეხვევა, როცა იცი, რომ საჭმელი საერთოდ არაფერი გაქვს და ჯერ კიდევ გუშინ საღამოდან მოყოლებული გშია, როცა იცი, რომ ყავაც აღარ გაქვს და სტიპენდიის ჩარიცხვას ელოდები, რომ გენერალური საყიდლებზე გასვლა მოაწყო, როცა მიდიხარ გოეთეპლატცზე, ყავის დასალევად და ტანზე ხელთმოხვედრილ პირველივე ტანსაცმელს იცმევ, როცა გარეთ გასული ამჩნევ, რომ ჯერ კიდევ ცივა მიუხედავად მზისა და ამჩნევ, რომ გაღიმება გეზარება, როცა ცხელი რძიანი ყავით ხელში თეატრის წინ ერთერთ მზიან სკამზე ზიხარ, პენსიონერი ტურისტების ჯგუფებს თვალს ადევნებ, გუშინდელ ამბებს იხსენებ და თავში გიტივტივებს აზრი "another wrong guy", და კიდევ უფრო რომ კარგავ გაღიმების ხალისს, როცა ანაზდეულად იაზრებ, თუ როგორი პატარა შეიძლება აღმოჩნდეს ეს ქალაქი და შენი მყუდროება დაირღვეს. და ამ დროს შორიახლოს ქუჩის პაწაწინა კლასიკური ორკესტრი შტრაუსის რომელიღაც ვალსის ნაწყვეტს უკრავს და ხვდები, რომ სულ რომ მიწასთან გასწორდეს ყველაფერი, მაინც დარჩება რაღაც კარგი ამქვეყნად.


დილის ინერციული განწყობის თანმდევი მუსიკა 

1 comment:

Dissolved Girl said...

იცი, მაგ ნათელ წერტილამდე მისვლა რომ "another wrong guy" იყო, უკვე არის ბედნიერების საფუძველი. ზოგადადაც, რაც მალე გავიგებთ გაის ვრონგობას, მით უკეთესი : ))