მარის ბლოგზე გადავაწყდი კიდევ ერთ ახალ თაგაობას - წერილის მიწერა საყვარელი მწერლისადმი
და რა თქმა უნდა ეგრევე ასტრიდი ამომიტივტივდა გონებაში, დანარჩენები უკვე ცოტათი რომ დავფიქრდი მერე გამახსენდნენ.
რა თქმა უნდა ჩემი ადრესატი ასტრიდ ლინდგრენია, ყველაზე მზიანი, თბილი, სიცოცხლის და პატარა სასიამოვნო დეტალების მთელ თავგადასავლად გადაქცევის მოყვარული მწერალი.
ჩემო უსაყვარლესო და უტკბესო ასტრიდ, როგორ მიხარია, რომ არსებობ და შენი წიგნები დაწერე ჩემს დაბადებამდე ძალიან ადრე, რომ მანამდე გადათარგმნაც მოესწროთ, საყვარლად აკინძვა და ილუსტრირება და მეც ზუსტად თავის დროზე წამეკითხა.
ჩემი ლაპარაკისთვის რომ მოგესმინა, თვითონ გაოცდებოდი, რა ხშირად ვიყენებ საუბრისას შენს ციტატებს. ჩემი ცხოვრებისეული დევიზებიც ძირითადად შენს გავლენას განიცდიან.
რა უნიკალური ხარ
ერთადერთი გული მწყდებოდა საშინლად კითხვის დამთავრებისას, იმიტომ რომ წიგნის გმირები ისევ გააგრძელებდნენ თავიანთ მხიარულ ცხოვრებას, ხვალ ახალი თავგადასავლები გადახდებოდათ თავს და მე მათთან ვეღარ ვიქნებოდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერი ცხოვრება საინტერესოა და თავგადასავლებით სავსე, მთავარია დაინახო და იგრძნო.
შენი დამსახურებაა, რომ პატარა ყოველდღიურ დეტალებში უამრავ საინტერესოს და სასიამოვნოს აღმოვაჩენ ხოლმე, არასდროს ვწუწუნებ დასასვენებლად წასული მორყეულ ფანჯრებზე და უსწორმასწორო გზებზე, თაკარა მზეზე, იმიტომ რომ ვიცი მორყეული ფანჯრები ძალიან მყუდროდ ჭრიალებენ, უსწორმასწორი გზებზე ყველაზე კარგი გუბეები დგება საჭყაპუნოდ, და ყველაზე სასიამოვნო მცხუნვარე მზეზე სიარულის მერე სურნელოვანი ცაცხვების ჩრდილში გრილ ბალახზე გაშხლართვაა ან ცივ მდინარეში ჩაყვინთვა.
მე მაგრად ვარ, დავრბივარ, მზეც ანათებს.
რადგანაც თვითნებურად დავითაგე თავი, ამ პოსტში მეც არავის დავთაგავ და ვისაც მოუნდება ყველამ თავისით დაწეროს წერილი, ოღონდ კომენტარებში მომწერეთ, რომ ვნახო

2 comments:
მარ <3 რა კარგი წერილია, სხვა ვის მიწერდი შენ :)) ჩემ ცხოვრებაშიც ბევრი რამე განსაზღვრა ასტრიდმა და მეც იმდენ ფრაზას ვიყენებ მაგის წიგნებიდან, უფფ :)) და კიდევ ის მენიშნა,გული მწყდებოდა, რომ გმირები გააგრძელებდნენ მხიარულ ცხოვრებასო. ბიულერბიუელი ბავშვები რომ მთავრდება ასე, ხვალ კარტოფილის ამოსაღებად მივდივართო,მეც გული მწყდებოდა ხოლმე, რომ ვეღარ ვკითხულობდი, რა მოხდა კარტოფილის ამოღების დროს :))
ძალიან კარგი წერილია მართლაც :) ვის შეიძლება, რომ არ უყვარდეს ასტრიდი... ყოველდღიურ დეტალებში სასიამოვნოს აღმოჩენაზე მეც იგივეს ვიტყოდი :)
Post a Comment